“ხორბალი ჩვენში ყველგან მოდის! ქართული ხორბლის დათესვა ყველას შეუძლია!“ - კვირის პალიტრა

“ხორბალი ჩვენში ყველგან მოდის! ქართული ხორბლის დათესვა ყველას შეუძლია!“

თუკი კარგად დავფიქრდებით, ჩვენი ქვეყნის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მოქალაქეების ხელჩაქნეულობაა, როცა საქმის წამოწყებაზე უარს უპერსპექტივობის, "არაფერი გამოვას" შიშით ვამბობთ. მაგალითად, სახლს იმიტომ არ ვაშენებთ, რომ მაინც ვერ ავაშენებთ, რადგან ბევრი ფული დასჭირდება, რომელიც არ გვაქვს და ვერც ვიშოვით; ახალ საქმეს იმიტომ არ ვეჭიდებით, რომ სულერთია, მაინც არ გაამართლებს, ამიტომაც უმეტესობა, ძირითადად, ერთ ადგილს ვტკეპნით, ანდა სულაც არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მაინც გამოჩნდებიან ისეთებიც, ვინც ზუსტად იცის, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ და წინ ვერაფერი დაგიდგება. ცხოვრებასაც სწორედ ასეთი ხალხი ცვლის...

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერს, ასირიოლოგსა და ოთხი შვილის დედას, მაია ღამბაშიძეს, ერთ მშვენიერ დღეს მიწასთან სიახლოვის სურვილი გაუჩნდა და მალევე აისრულა კიდეც. როგორ გაგრძელდა საქმე, თვითონვე მოგვითხრობს.

- ერთ მშვენიერ დღეს მეც ის დამემართა, რაც არაერთ ჩვენგანს - დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანს მიწასთან ყოფნა, მისთვის ხელის შეხება მომინდა. მით უფრო, რომ შვილები მყავს და მინდოდა, მათაც ჰქონოდათ მიწის სიახლოვის განცდა. მალე გამოჩნდა მიწის მესაკუთრეც, რომელსაც ნაკვეთის გაყიდვა ეჩქარებოდა თეთრიწყაროში, სოფელ საღრაშენში. ახლაც ვთვლი, რომ გამიმართლა - ამხელა ბედნიერებაში სიმბოლური ფასი გადავიხადე. ნაკვეთი იქ არის, სადაც ფარცხისის ბრძოლის ველია, ადგილი, სადაც საქართველოს მეფე გიორგი მეორემ სელჩუკთა ურდო მწარედ დაამარცხა. ფარცხისელებიც ისე აღვიქვი, როგორც იმ ქართველების შთამომავლები, რომლებმაც მტრის ჯარი გაანადგურეს და ახლაც ასე ვფიქრობ - ეს ხალხი თავისი შრომითა და თავდადებით სულ უფრო მეტად მაგონებს იმ გმირებს. ამ ადგილას ჩვენი წინაპრებიც, ალბათ, სულ ხორბალს თესავდნენ. ყოველ შემთხვევაში, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ჩვენ რომ გვშიოდა, 50 აქაურ ოჯახს წელიწადში 500 ტონა ხორბალი მოჰყავდა... მოკლედ, ნაკვეთს რომ გადავხედე და ვიფიქრე, ამას ვერ მოვრწყავ, წყლის გარეშე კი, აბა, რამ უნდა იხაროს-მეთქი, მაშინვე ჩვენი ხორბალი გამახსენდა, კლიმატის მიმართ უპრეტენზიო და ბარაქიანი. ფარცხისელები მეუბნებოდნენ, ადგილი ურწყავია, წყალი არ არის, იმდენი წელიწადია, აქ ხორბალი არ დათესილა, გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ კარგი მოსავალი მოვაო, მაგრამ 120 კილოგრამი ქართული ხორბალი ვიყიდე და ჩემი ნაკვეთის 5000 კვმ-ზე დავთესე. ჩემი შრომა კი იმით ამოიწურა, რომ ყანის დასახედავად მივდიოდი. შემდეგ აღება და გალეწვა დასჭირდა, მიღებულმა მოსავალმა კი გული გამიხარა.

- ხორბალი საქართველოში თითქმის ყველგან მოდის...

- მართლაც, ყველგან მოდის, მთაშიც კი, სადაც ზამთრობით ყინვა იცის. სწორედ ამიტომაც უნდა დათესო გაზაფხულზე ის ხორბალი, რომელიც ზამთრის ყინვას ვერ უძლებს. სხვათა შორის, მეც ასე მოვიქეცი. ყანა ისეთი კარგი იყო, რომ საგაზაფხულო ხორბალი აპრილში კიდევ დავთესე, ოღონდ - უძველესი ქართული ჯიშები, ძალზე ჯანმრთელი და გლუტენის შემცველობის ძალიან დაბალი დონით, რომელსაც ამ დღეებში ავიღებ...

- გლუტენმა, შესაძლოა, ალერგია და სხვა­დასხვა დაავადება გამოიწვის...

- დიახ, ქართულ ხორბალში კი ის ძალიან ცოტაა, ამიტომაც უამრავი ადამიანი, ვინც ეს იცის, მხოლოდ ქართული ხორბლისგან აცხობს პურს. ასეთი უცხოელებიც ვიცი...

- თქვენც თქვენივე მოყვანილი ხორბლის პურს აცხობთ?

- აქამდეც ვფქვავდი, მაგრამ ახლა გერმანული პატარა წისქვილი ვიყიდე და თავად ვფქვავ. გამოთვლილიც კი მაქვს, ოთხშვილიან ოჯახს რამდენი ხორბალი სჭირდება წელიწადში - 700 კგ-მდე. ასე აკეთებდნენ ჩვენი წინაპრებიც: მოჰყავდათ ხორბალი და თავისივე მოყვანილ პურს მიირთმევდნენ, გაცრის შემდეგ დარჩენილი ქატოთი კი პირუტყვს კვებავდნენ.

- წარმატებული მეცნიერი, მრავალშვილიანი დედა და მეურნე... თქვენისთანების არსებობა იძლევა იმედს, რომ ქვეყანა ფეხზე უსათუოდ დადგება...

- ალბათ, დამიჯერებთ, რომ როდესაც ხორბალს ვთესავდი, ქართული ხორბლის პოპულარიზაციაზეც ვფიქრობდი - რატომ უნდა გვჭირდებოდეს საიდანღაც შემოზიდული გაურკვეველი წარმოშობის ფქვილი, როდესაც თითოეულ გოჯ მიწაზე შეგვიძლია ხორბალი მოვიყვანოთ, თანაც - საშემოდგომო და საგაზაფხულო მოსავალი. როცა დავინახე, რომ ჩემი საშემოდგომო 120 კილოგრამი ხორბლით კარგი მოსავალი მომივიდოდა, მეზობლისგან დაუმუშავებელი 2000 კვმ ნაკვეთი "ვითხოვე" და მასზე საგაზაფხულო ხორბალი დავთესე - წითელი დოლი, თეთრი დიკა და შავფხა. უკვე ისეთი თავთავიანი ყანა მაქვს, რომლის მხოლოდ ფერებიც კი დაგატკბობთ.

- ფარცხისელმა მეზობლებმა რა თქვეს, თქვენი ყანის შემხედვარეებმა?

- ახლა თავადაც დათესავენ ხორბალს და ამით ძალიან გახარებული ვარ. ეგებ სხვამაც მოგვბაძოს და საკუთარი ქართული პური გვქონდეს, ჯანმრთელი და გემრიელი.

- თუ ისევ არ თქვეს, ვერ შევძლებთ, ამის ფული არ გვაქვსო...

- 1500 კილოგრამი ხორბლის მოსაწევად, რომლის 1 კილოგრამი, სულ ცოტა, 1,20 ლარი ღირს, მხოლოდ 450 ლარი დამჭირდა! ეს ის თანხაა, რაც დაქირავებულ ტექნიკას დახვნის, დათესვისა და აღებისთვის გადავუხადე.

ჩვენ ცოტა მეტი განათლება, მეტი გაბედულება და შრომა გვჭირდება, რომ ამ ქვეყანაში კარგად ვიცხოვროთ, თორემ იქ, სადაც ქართული ხორბალი დაიბადა, ცხოვრება რატომ უნდა გაგიჭირდეს!