ერდოღანი ერთ ხელს პუტინს ართმევს, მეორით კი - ზელენსკის 200 ჯავშანმანქანას უგზავნის... - კვირის პალიტრა

ერდოღანი ერთ ხელს პუტინს ართმევს, მეორით კი - ზელენსკის 200 ჯავშანმანქანას უგზავნის...

რუსი სამხედროებისთვის, წესით, არასასურველ სიურპრიზად უნდა იქცეს ფრონტის ხაზზე უკრაინელების განკარგულებაში იმ ქვეყნის ჯავშანმანქანების გამოჩენა, რომლის პრეზიდენტი ორიოდე დღის წინ პუტინს ხელს ართმევდა და მეგობრულად ემუსაიფებოდა...

უკრაინის საზღვაო ქვეითების დანაყოფს უკვე გადაეცა 50 ერთეული ჯავშანმანქანა Kirpi, რომელიც თურქეთში იწარმოება და თავად თურქეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაშია ათასამდე ერთეულის სახით, კიდევ 200 - თურქეთის ჟანდარმერიის განკარგულებაშია.

„კირპი“ ოთხბორბლიანი, 16 ტონის მასის MRAP-ის კლასის ჯავშანმანქანაა ანუ გაძლიერებული ნაღმსაწინააღმდეგო და ჩასაფრებების მიმართ მდგრადი დაცვით. მის სამკაციან ეკიპაჟს 10 მედესანტე გადაჰყავს, შეიარაღებულია დისტანციურად მართვადი, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით ან ავტომატური ყუმბარსატყორცნით. ჯავშანმანქანას 370 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის დიზელის ძრავა უყენია და ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალურ, 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს. მას საწვავის ერთი გაწყობით 800 კმ-ის გავლა შეუძლია.

2-kirpi-1660302408.png
თურქების ნაჩუქარი 50 „კირპი“ უკვე უკრაინაშია...

თურქული „კირპი“, რა თქმა უნდა, საბრძოლო მანქანა არ არის, მისი მთავარი დანიშნულება ბრძოლის ველამდე დესანტის უსაფრთხო მიყვანაა, რასაც ნატოს STANAG 4569 -ის სტანდარტის მე-3ა დონის დაცვა უზრუნველყოფს.

ამ სტანდარტის 3ა დონის დაცვა კი ნიშნავს, რომ „კირპის“ ჯავშანკორპუსმა უნდა გაუძლოს 7,62X51 მმ ნატოს კალიბრის ვაზნის ვოლფრამკარბიდიანი გულის მქონე ჯავშანგამტანი ტყვიის მოხვედრას 930 მ/წმ. სიჩქარით, მინიმუმ 30 მ-ის დისტანციიდან.

გარდა ამისა, ჯავშანმანქანაში მჯდომ ეკიპაჟსა და დესანტს არაფერი უნდა დაემუქროს, თუკი არანაკლებ 60 მ-ის რადიუსში 155 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ჭურვი აფეთქდა.

დაცვის ეს დონე, ასევე, ითვალისწინებს ჯავშანმანქანაში მსხდომთა გადარჩენას, თუკი მან ბორბლით 8 კგ-მდე ტროტილის შემცველ ფუგასური მოქმედების ნაღმს გადაუარა.

რა თქმა უნდა, არსებობს უფრო მაღალი დონის დაცვის მქონე ჯავშანმანქანებიც, მაგრამ თურქული „კირპი“ იმედია, უკრაინის არა ერთ დამცველს გადაარჩენს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც თურქეთი უკრაინის არმიას დანარჩენ 150 „კირპისაც“ მიაწვდის...

უპილოტო „ბაირაქტარების“ შემდეგ შეჯავშნული „კირპებითაც“ დახმარება თურქეთს უკრაინელთა თვალში ამაღლებს, მაგრამ ამის პარალელურად ერდოღან-პუტინის თითქმის მეგობრული ხშირი შეხვდრები და მოლაპაკებები, ცოტა უცნაურ განწყობას აჩენს.

გასაგებია, რომ ერდოღანს თავისი სტრატეგიული ინტერესები ამოძრავებს ქურთების, სირიისა თუ ყარაბაღის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით და არ სურს, ამ მიმართულებებზე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დაიპირისპიროს, მაგრამ თავად ანკარასაც ხომ მოუწევს რაღაც-რაღაცების დათმობა მოსკოვისთვის?

პუტინის სტრატეგიულ ინტერესებშია, რომ ევროპაში ნატოს წევრებს შორის ყველაზე დიდი არმიის მქონე თურქეთი დაიახლოვოს და ამით რღვევა შეიტანოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მით უმეტეს, რომ თურქეთი გადამწყვეტ როლს თამაშობს შავი ზღვის რეგიონში, რადგან ბოსფორის სრუტეს აკონტროლებს.

ალბათ, ამიტომაცაა, რომ რუსეთის მოწინააღმდეგე უკრაინისთვის 200 თანამედროვე ჯავშანმანქანის მიწოდებისთვის კრემლი ერთ პროტესტსაც კი არ უგზავნის თურქეთს - პუტინი ერდოღანთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას უფრო მაღლა აყენებს...