"მესამეჯერ მიმართა პოლიციას, ბავშვის გამო ჰქონდათ კონფლიქტი, ნორმალური ადამიანი მაგას შვილს მისცემდა?" - რას ჰყვებიან ოზურგეთში მოკლული ქალის ახლობლები - კვირის პალიტრა

"მესამეჯერ მიმართა პოლიციას, ბავშვის გამო ჰქონდათ კონფლიქტი, ნორმალური ადამიანი მაგას შვილს მისცემდა?" - რას ჰყვებიან ოზურგეთში მოკლული ქალის ახლობლები

ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს ამ დრომდე სამართალდამცავები არკვევენ. უმძიმესი დანაშაული დღეს, დილით მოხდა. ყოფილმა ქმარმა სამი შვილის დედა, 38 წლის შუშანა (ნინო) ზარდიაშვილი სადისტურად მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ი.ტ. უკვე დაკავებულია. ოფიციალური ინფორმაცია ბრალდებულის დაკავებაზე შინგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ შ.ზ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ი.ტ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.

298764154-459614729447664-4105247001264829345-n-1660304041.jpg

რა ჩვენება მისცა გამოძიებას ბრალდებულმა, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონფლიქტი მათ შორის ბავშვის გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ ე.წ შტირით აბაზანაში მოკლა. როგორც ამბობენ, გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ბრალდებულს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია, ის ძალოვნებმა დააკავეს. ამჟამად იგი პოლიციის განყოფილებაშია და ბრალის წარდგენას ელოდება. როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარს შორის არსებულ კონფლიქტებზე ინფორმაცია ძალოვნებს ადრეც ჰქონდათ. ქალმა არა ერთხელ მიმართა დახმარებისთვის სამართალდამცავებს. მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი, უფრო მეტიც, ის ციხეშიც გამოკეტეს და სასჯელსაც იხდიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერც ამან შეაჩერა მოძალადე და ციხიდან გამოსვლის შემდეგაც გააგრძელა მასზე მუქარა და ძალადობა. ირკვევა ისიც, რომ მკვლელობის დროს სახლში მათი 4 წლის შვილიც იმყოფებოდა. მოკლული ქალის ძმა ადასტურებს, რომ ყოფილი მეუღლე მის დაზე სისტემატურად ძალადობდა. მისი თქმით, განშორების მიუხედავად ქმარს ცოლთან შერიგება უნდოდა, მისი და კატეგორიული წინააღმდეგი იყო. როგორც ირკვევა, რადგან ცოლმა შერიგებაზე უარი თქვა, მამას შვილის გაზრდა თავად სურდა, ყოფილი ცოლი კი ამის წინააღმდეგი იყო და, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი.

როგორც მოკლული ქალის ძმა აცხადებს, მისი ყოფილი სიძე სამჯერ ნასამართლევია. მისივე ინფორმაციით, ნასამართლეობის გარდა, მის მიმართ რამდენჯერმე იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, საიდანაც პოლიციის მხრიდან ბოლო შემაკავებელი ორდერი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა.

298998753-736103930804787-7291159114806718781-n-1660304041.jpg

"მესამეჯერ მიმართა პოლიციას, ბავშვის გამო ჰქონდათ კონფლიქტი, ნორმალური ადამიანი მაგას შვილს მისცემდა? შერიგება უნდოდა მას და ამიტომ მოხდა", - ამბობს მოკლული ქალის ძმა. ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები. კერძო სახლში, სადაც დანაშაული მოხდა, ახალგაზრდა ქალს ოთახი რამდენიმე თვის ნაქირავები ჰქონდა, სწორედ იქ მიაგნო მას ყოფილმა ქმარმა. "ახალი გადმოსულია ეს გოგო, ამიტომ მე არ ვიცნობდი. ჩემი მეზობლის სახლში იყო ქირით. პირველ სართულზე ჰქონდა ოთახი ნაქირავები. იქ, აბაზანის ოთახში უნახავთ მოკლული. დღეს დილით გავიგე, რომ ქმარს სადისტურად მოუკლავს. პოლიციისთვისაც მიმართული ჰქონია ადრეც ამ გოგოს, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ვერავინ დაიცვა საწყალი ქალი. გაშორებულები იყვნენ, მაგრამ მამაკაცი მაინც არ ასვენებდა ამ გოგოს და ხშირად აკითხავდა სახლში. ამ დრომდე იქ პოლიცია მუშაობს და მეზობელსაც ვერაფერს ვეკითხებით, რომ მეტი დეტალი გავიგოთ", ალბათ, სახლში იყო ბინის პატრონი, არ ვიცი გაიგო თუ არა ყვირილის ხმა. მე ცოტა მოშორებით ვცხოვრობ და ხმაური არ გამიგია,"- ამბობს ადგილობრივი.

"როგორც ყოველთვის, არ ასვენებენ დაშორების მიუხედავად ყოფილ ცოლებს ყოფილი ქმრები. სამწუხაროდ, ეს ამბავიც ასეთი ტრაგედიით დასრულდა. უკვე მერამდენე ქალი მოკლეს. ამბობენ, ადრეც ხშირად ყოფილა მათ შორის კონფლიქტებიო. ალბათ, პოლიციაც იქნებოდა ამაზე ინფორმირებული. წარმოუდგენელია ამდენი ახალგაზრდა ქალის მკლელობა, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ მოძალადეები, რომ მეორეს არ გაუჩნდეს მსგავსი ქმედების ჩადენის სურვილი", - ამბობს ჩვენთან საუბარში კიდევ ერთი იქაური მაცხოვრებელი. ახალგაზრდა ქალი სოციალურად დაუცველი იყო. მას სახელმწიფო უხდიდა ბინის ქირას. ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით ასკანაში მერის წარმომადგენელს, საიდანაც არის წარმოშობით მოკლული ქალი.

"ეს გოგო ჩვენი სოფლის მაცხოვრებელია. ვიცნობდი პირადად, მაგრამ ოჯახურ კონფლიქტებზე ინფორმაცია არ მქონია. აპრილში დავინიშნე ამ თანამდებობაზე და ამ დროისთვის ნინო თავის შვილებთან ერთად ოზურგეთში, ნაქირავებში ცხოვრობდა. ოჯახური პრობლემები რომ იყო, ეს გავიგე, მაგრამ რა მოხდა იქ, არ ვიცი. დილას მედიით გავიგე ეს ამბავი. ნინო ერქვა მოკლულს, ასკანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მზიანში ცხოვრობს მისი ოჯახი. თვითონ ოზურგეთში იყო. როგორც ვიცი, სახელმწიფო ეხმარებოდა და უხდიდა ბინის ქირას, სამი შვილის დედაა. დამნაშავესთან არანაირი შეხება არ მქონია, ფიზიკურადაც არც ვიცნობ მას. მათ ოჯახურ პრობლემებში მე ვინ ჩამახედებდა", - ამბობს ასკანაში მერის წარმომადგენელი ბატონი ირაკლი.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ე.წ შტირით მოხდა, სავარაუდოდ, დამნაშავემ დანაც გამოიყენა. როგორც თავდაპირველად ითქვა, ქალს ყელის არეში აქვს დაზიანებები. ექსპერტიზა ცხედარს ჩაუტარდება, გამოძიება დაწყებულია 109-ე მუხლით. რატომ ვერ დაიცვა სახელმწიფომ კიდევ ერთი მსხვერპლი ქალი მოძალადისგან? - ეს და სხვა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

(სპეციალურად საიტისთვის)