სუპერსკანდალის მოლოდინში, ანუ დაიჭერენ თუ არა ტრამპს?! - კვირის პალიტრა

სუპერსკანდალის მოლოდინში, ანუ დაიჭერენ თუ არა ტრამპს?!

„იმაში, რაც აშშ-ში ხდება, ნამდვილად ჩანს სამართლებრივი კონტექსტი“

მცირე ტაიმ-აუტის შემდეგ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა კვლავ აქტიურად დაიწყეს თავდასხმა დასავლეთზე, კერძოდ, აშშ-სა და მის ელჩზე საქართველოში. ხელისუფლების წარმომადგენლები ვითომ ყოფილი კოლეგების გაუთავებელ განცხადებებს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, არათუ ემიჯნებიან, პირიქით, ფაქტებად მიიჩნევენ და აცხადებენ, ამაზე ვიმსჯელებთო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად ვაჭრობს, ოღონდ მოტივი და მიზანი ძალზე ბუნდოვანია. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

xuxaaa.jpg

- "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ შოკირებული არიან ამ ე.წ. წასული დეპუტატების წარმოდგენილი "ფაქტობრივი მასალით" და აპირებენ ამაზე გუნდში მსჯელობას. ისმის კითხვა, რეალურად ეს "ფაქტობრივი მასალა" რას წარმოადგენს? - იმავე "ოცნებამ" დაწერა გარკვეული შეთქმულების თეორია, ამას დაარქვა ფაქტები და ახლა ამაზე იმსჯელებენ კიდეც, არადა, რეალურად არანაირი ფაქტები არ ჩანს იმ ბოდვაში, რასაც ამ 4 დეპუტატისგან ვისმენთ. საბოლოოდ, ვიღებთ მოცემულობას, როდესაც "ოცნება", ფაქტობრივად, იღებს პასუხისმგებლობას ამ განცხადებებზე.

დღეს ხელისუფლების პოლიტიკა სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: პირველი­ - ვლანძღოთ და ყველა უბედურება დავაბრალოთ დასავლეთს; მეორე - რუსეთს უნდა ვეფეროთ, რადგან ერთი მხრივ ომი არ გვინდა და მეორე მხრივ, ჩვენი ეკონომიკური განვითარება რუსეთზეა დამოკიდებული; მესამე - ყველა მეთოდით დავიცვათ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები.

ეს არის ის მატრიცა, რაც შექმნა "ქართულმა ოცნებამ" და ამ პაკეტს მეთოდურად ავითარებს, რაც ძალზე აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და პირდაპირ იმის საფრთხეს აჩენს, რომ ამ ორპოლუსიანი სამყაროს ფორმირების პროცესში ჩვენ არა უბრალოდ არასწორი მხარე ავირჩიოთ, არამედ პირდაპირ ჩავერთოთ ბრძოლაში­ რუსეთის სასარგებლოდ... თითქოს ამბობენ, რომ ჩვენი არჩევანი დასავლეთია, მაგრამ რეალურად ომში რუსეთის მხარეს ვმონაწილეობთ. მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი ჯდება რუსული პროპაგანდის ტრანსლირებულ გზავნილებში. ერთადერთი, ამ ოთხეულს ლუგარის ლაბორატორიის თემა ჯერჯერობით გამორჩა, რის თაობაზეც შეთქმულების თეორიას აქტიურად ავითარებს რუსეთი და, ალბათ, ამ დღეებში ამასაც მოვისმენთ.

- თქვენი აზრით, რა მოტივი აქვს ხელისუფელბას?

- ჩემი აზრით, უნდა ვისაუბროთ ნაწილობრივ რაციონალურ და ნაწილობრივ ირაციონალურ მოტივზე. ამათ მოქმედებაში გარკვეულწილად აფექტური მდგომარეობა იგრძნობა. ბიძინა ივანიშვილი რატომღაც თავს კედელთან მიყენებულად გრძნობს. მან გამოკვეთა მთავარი მტერი, რომელიც უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის, შექმნა თეორია, თუ საიდან მოდის ყველა ეს უბედურება, რაც მას დაატყდა თავს და ცდილობს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით შეებრძოლოს ამას. გამომდინარე იქიდან, რომ მან მმართველობითი სისტემის ისეთი კონსტრუქცია ააგო, რაც გარკვეულწილად რელიგიურ ნარატივსა და მითოლოგიაზეა აგებული, მას სჭირდება ამ მითოლოგიის კვება, ამიტომ ამ პროპაგანდით ქმნის ერთგვარ ბიბლიურ ისტორიებს.

პირველი ასეთი ისტორია უკავშირდება მის ბოლო წერილს, როდესაც მან შეიძლება არაპირდაპირი ტექსტებით, მაგრამ, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რასაც ამ ოთხეულისგან ვისმენთ. მან შექმნა ერთგვარი მითოლოგია გოლიათთან მებრძოლი დავითის, რომელიც ქვეყანას ომში არ რთავს. იმავე საღამოს კიდევ მოაყოლეს ადვოკატების განცხადება იმ ცნობილ დავაში მისი გამარჯვების თაობაზე... მან სცადა შეექმნა ისტორია, თუ როგორ ებრძვის დავითი გოლიათს და ამარცხებს მას... ეს სჭირდება შიდაპარტიული სტაბილურობისთვის, რათა მისი უძლეველობის ლეგენდაში ბზარი არ გაჩნდეს. ეს არის მისი ინსტრუმენტი შემდგომ ბრძოლასა თუ ვაჭრობაში.

ახლა, რასაც ვუყურებთ ამ ოთხეულის შესრულებით, ესეც ბიბლიური ლეგენდის გაცოცხლების ცდაა. მოგეხსენებათ, მოსე თავისი ძმის, არონის პირით საუბრობდა... დღეს ხელისუფლება მოსეში გულისხმობს ივანიშვილს, რომელმაც თავისი ხალხი უნდა გაიყვანოს აღთქმულ მიწაზე, მაგრამ მისი სახელით ფარაონს, ანუ აშშ-ს ესაუბრება მისი ძმა არონი, ანუ ხუნდაძე... ასე ქმნის თავის მრევლში მითს, რომ შემდგომ ეტაპზე მან უნდა დაატეხოს ფარაონს 10 სასჯელი, რის შემდეგაც ის ქართველ ხალხს სამშვიდობოზე გაიყვანს ომის გარეშე და იბერიაც გაბრწყინდება... დარწმუნებული ვარ, "ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლებიც რაციონალურად ფიქრისას ხვდებიან, რომ ძალიან დიდ გაუგებრობაში არიან, მაგრამ ამ ფიქრებს უკუაგდებენ და იმედოვნებენ, რომ ბიძინა, როგორც ღმერთი, რაღაცას მოიფიქრებს და გადაარჩენს მათაც.

რაც შეეხება რაციონალურ ნაწილსა და პრაქტიკულ პოლიტიკას, ვფიქრობ, უკვე თვითონაც დარწმუნდა ამ შეთქმულების თეორიაში. მიაჩნია, რომ მისი პირადი პრობლემები დასავლეთიდან მომდინარეობს. ის ეუბნება დასავლეთს, რომ უალტერნატივოა და თუ სურთ მათ აქ საკუთარი ინტერესების გატარება, მხოლოდ მას უნდა ელაპარაკონ... დააკვირდით ამ ოთხეულის რიტორიკას, დასავლეთს მიმართავენ, დაასრულეთ თამაშები და პირდაპირ და მხოლოდ ხელისუფლებას ელაპარაკეთო... ივანიშვილმა ამ ვაჭრობაში სასწორის ერთ პინაზე ქვეყანა დადო, მეორეზე კი - თავისი წარმოდგენები, ინტერესები... ფაქტობრივად, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებით დაიწყო ვაჭრობა. ფიქრობს, რომ ამ დაპირისპირებაში რამდენიმე კოზირი აქვს და მათგან მთავარი ოპოზიციის სისუსტეა...ოპოზიციაც იმედს უმართლებს თავისი ძალიან უცნაური მოქმედებებით... ოპოზიციის ამოცანაა საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ თვითონ უკეთესია, ამისთვის კი საჭიროა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ის უნდა ცდილობდეს ნდობის დაბრუნებას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ მათ უკეთესად შეუძლიათ ხალხის პრობლემების გადაწყვეტა. ოპოზიცია ამას არ აკეთებს. ფაქტობრივად, სატელევიზიო პარტიებად იქცნენ. ხალხთან ხიდების გადებაზე არავინ ზრუნავს. თავის მხრივ, ისინი საზოგადოებაში ნიჰილიზმსა და სკეპტიციზმს ნერგავენ. ოპტიმისტური მუხტი თუ არ გაჩნდა, პოლიტიკური პროცესი ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ წავა, რომელიც ისედაც მშვენივრად მანიპულირებს შექმნილი ვითარებით.

დასავლეთიც დაბნეულია, გასაგებია საითაც მიჰყავს ამ ხელისუფლებას ქვეყანა, მაგრამ ცარიელ ადგილზე არაფერი ხდება, ალტერნატივა ხომ უნდა ჩანდეს? ეს ოთხეული კი, ეს პირობითი არონი, ავითარებს შეთქმულების თეორიას და ამტკიცებს, რომ დასავლეთი რაღაცას გეგმავს,­ მაგრამ დასავლეთი ხელმძღვანელობს ერთი უნივერსალური პრინციპით - ნებისმიერი პროცესი, რასაც შეიძლება მიეხმაროს, თვითონ ხალხის ინიცირებული უნდა იყოს. სწორ ადგილზე, თავისი სურვილით, არანაირ პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ. შეიძლება ჩაერთონ მაშინ, თუ ამისი რეალური საფუძველი იარსებებს. ბიძინა კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საფუძველი არ შეიქმნას და ოპოზიციაც ამაში ეხმარება.

- ნაწილი ისევ ქუჩის აქციებზე ლაპარაკობს, არადა, კარგად ჩანს, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არ არის ისეთი, რომ ამას იმგვარი მასშტაბის აქციები მოჰყვეს, რაც რეალურად შეცვლის ვითარებას. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ აიტაცა ეს და ისევ ჰიპოთეზური არეულობით აშინებს საზოგადოებას...

- აქციები პროტესტის ლეგიტიმური ფორმაა, მაგრამ ასე დაანონსება არ ხდება. დავუბრუნდები უკვე ნათქვამს, ხალხი უნდა დაარწმუნონ, რომ ცვლილებებია აუცილებელი. უნდა გადაფარონ "ომი გინდათ" რიტორიკა, რომლითაც ხელისუფლებამ ძალიან იხეირა. ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ პროპაგანდისტული სპეკულაციის გადაფარვას. ეს რომ გადაიფაროს, ხალხთან უნდა მივიდნენ. შორიდან კი არ უნდა ეძახონ, ქუჩაში გამოდითო... უნდა დისტანციურად მართონ პროცესი და ყველაფერი თავისთავად მოხდეს. მთელი პოლიტიკური პროცესის დეგრადაცია მოხდა. ამ ჩაკეტილი წრიდან ვერა და ვერ გამოვდივართ.

- ამ ოთხეულის განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია კელი დეგნანი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მალე ელჩის გაწვევასაც მოითხოვენ...

- ესეც რუსული მატრიცაა. რუსებიც ყველა უბედურებას ამერიკელებს აბრალებენ, მაგრამ იმათაც კი არ მოსვლიათ აზრად, რომ ჯოხი ელჩზე გადაეტეხათ. ყველას კარგად ესმის, რომ ელჩის მოქმედება, განცხადებები, შეთანხმებები არის შტატების ადმინისტრაციის მოქმედებები და არა დეგნანის პირადი ინიციატივა. ელჩი არის მხოლოდ ინსტრუმენტი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შტატები ატარებს ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს ესმით ხელისუფლებაშიც, ისეთი­ ბრიყვებიც კი არ არიან, მაგრამ პერსონალიზაციას ახდენენ, რათა მრევლისთვის გაამარტივონ სურათი, თან ასე ცდილობენ შენიღბონ ანტიამერიკული პროპაგანდისტული პოლიტიკა.

საზოგადოებას, რომელსაც არც კეთილდღეობა აქვს და არც თავისუფლება, სტაბილურობის განცდაღა შემორჩა და ხელისუფლება დღეს ამას ურტყამს. ქმნის დასავლეთისგან მტრის ხატს და საზოგადოებას აჩეჩებს გზავნილს, მე თუ არ ვიქნები ხელისუფლებაში, მაგ სტაბილურობასაც დაკარგავ და ომში ჩაერთვებიო. ადრე მტრის ხატად მიშას სახავდნენ, ახლა მიშა ვეღარ ვარგა და უკვე კელი დეგნანი და ამერიკა შეარჩიეს ამ როლზე. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, დღეს რომ გავაანალიზოთ ვითარება, ანტიდასავლური ანუ პრორუსული განწყობები აშკარად წამოიწია. დღეს კვლევა რომ ჩატარდეს, ვფიქრობ, ის სურათი, რაც რამდენიმე თვის წინ გვქონდა, არა დრამატულად, მაგრამ შეცვლილი იქნება. ჩემი აზრით, პრორუსული განწყობა სადღაც 10%-ით მაინც იქნება გაზრდილი, ანუ ადრე თუ იყო 80%/20%, დღეს იქნება 70%/30%. მთელი ეს რუსული რბილი ძალის ექსპანსია, რაც დღეს ხდება ეკონომიკაში, კულტურაში, ფინანსურ სისტემებში სავალალო შედეგს იძლევა...

არ მინდა დავიჯერო, რომ ის თავიდანვე ამ განწყობით მოვიდა ხელისუფლებაში. მე მაინც კითხვის ნიშანს დავსვამდი და ვივარაუდებდი, რომ დღეს სვლა რუსეთისკენ მას დასავლეთთან ვაჭრობისთვის სჭირდება... მისი გზავნილი დაახლოებით ასეთია: მე ვმართავ გემს, ვარ მეკობრე, კეთილინებეთ მიმიღეთ, როგორც მეკობრე, ჩემს შეცვლას ნუ ცდილობთ და მე ამ გემს, რომელიც რუსეთისკენ დავძარი, ისევ თქვენკენ შემოვაბრუნებო. დასავლეთი ასეთ შანტაჟს არ დაექვემდებარება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ პირადად მისთვისაც. არ ვიცი, შეიძლება იმის იმედი აქვს, რომ გლობალური პროცესები მის სასარგებლოდ წავა... ვეჭვობ, არასწორად წარმართულმა პროცესებმა მიიყვანა ივანიშვილი ამ მდგომარეობამდე.

- "ქართული ოცნების" პოლიტიკის პარალელურად, ვხედავთ რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოდის საქართველოში სრულიად უკონტროლოდ... ხელისუფლებას კი რაიმე შეზღუდვის დაწესების გაგონებაც არ სურს...

- ეს ძალიან სახიფათო პროცესია, ამ ხალხს მასობრივად შემოჰყვნენ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები, რადგან დაინახეს აქ ნოყიერი ნიადაგი მუშაობის გასააქტიურებლად. მათ სრული კომფორტი აქვთ შექმნილი... მეტიც, ქვეყანაში გაიშიფრა კრემლის პირდაპირი აგენტურა, ისინი უკვე ღიად ლაპარაკობენ და დამალვა აღარ სჭირდებათ... რისთვის დაიწყებს ომს რუსეთი საქართველოსთან, კრემლში ამაზე კარგ ხელისუფლებას ვერც ინატრებდნენ, ტანკებითაც რომ შემოვიდნენ, ღარიბაშვილზე კარგ პრემიერს ვერსად ნახავენ...

ეკონომიკაში რა ხდება? ფულადი გზავნილები გაათმაგებულია. ეს არის ფული, რომელიც, დიდი ალბათობით, სასანქციო პოლიტიკიდან გამომდინარე რუსეთის პრობლემების გადაწყვეტას ხმარდება.

ამდენი ხალხის შემოსვლა, რასაც ტურიზმს ეძახის ჩვენი ხელისუფლება, დიდწილად წარმოადგენს მიგრაციულ პროცესს. ხდება სრული ეკონომიკური ინტეგრაცია, ასიმილაციის ნიშნებიც კი ჩანს გარკვეულ რეგიონებში. არანაირი კონტროლი ამ პროცესს არა აქვს, მეტიც, ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, ქვეყნის ეკონომიკა და ხალხის კეთილდღეობა რუსეთზეა დამოკიდებული, ამიტომ კი არ უნდა შევზღუდოთ, უნდა გავაფართოოთო. სხვა კი არაფერია რბილი ძალით დაპყრობა. ეს არის ეკონომიკური, მიგრაციული, პოლიტიკური და კულტურული ექსპანსია. რუსული ბენდებიც გამოჩნდნენ თბილისის ქუჩებში, რომლებიც ჯერ შევჩუკის სიმღერებს მღერიან, მაგრამ მალე კირკოროვის სიმღერებსაც დაიწყებენ. თუ ქართველი ხალხის არჩევანი არის ცივილიზებული სამყარო, მაშინ ჩვენში უნდა გაჩნდეს პროტესტი იმისთვის, რომ დაბრუნდეს პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში, რადგან სწორედ კონსტიტუციით არის ჩვენი განვითარების ვექტორი გარანტირებული. დღეს ქვეყანაში გადატრიალებას ოპოზიცია კი არ აწყობს, რაზეც აპელირებს "ოცნება", გადატრიალებას აწყობს ხელისუფლება. სწორედ ეს არის გადატრიალება, როდესაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იწყებ მოქმედებას და გადიხარ იმ მანდატის ფარგლებიდან, რაც მოგცა ძალაუფლების წყარომ - ხალხმა. ხალხის ვალდებულებაა აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, დააბრუნოს ხელისუფლება მანდატის ფარგლებში...

- როგორც ცნობილია, ფლორიდაში, პალმ-ბიჩზე მდებარე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეზიდენციაში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკისას ოფიციალური­ დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს,­ მათ შორის რამდენიმე მარკირებული, როგორც "საიდუმლო". დაზუსტდა, რომ ჩხრეკისას ამოღებულია 20-მდე ყუთი ნივთებით, საქაღალდე ფოტოებითა და ხელნაწერებით. ასევე ნაპოვნია დოსიე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე. ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტმა თანამდებობის დატოვებამდე თავისი­ უფლებამოსილებით ისარგებლა და მასალებს გრიფი "საიდუმლო" მოხსნა. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით კი მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას...

- იმაში, რაც აშშ-ში ხდება, ნამდვილად ჩანს სამართლებრივი კონტექსტი.­ ტრამპი ექსტრავაგანტური ფიგურაა და სიმართლე გითხრათ, მის გარშემო სკანდალი გასაკვირი არ არის. მისი ცხოვრება სკანდალებით არის სავსე. ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, რთული სათქმელია, რადგან ვითარება ბუნდოვანია. ჩვენს შიდაპოლიტიკურ პრიზმაში თუ გადავხედავთ, ტრამპს გულშემატკივრობდა "ქართული ოცნება", პრინციპში, გარკვეულ ფსონსაც ჩამოდიოდნენ მასზე, როგორც კონსერვატიული მიმართულების ლიდერზე. "ქართული ოცნების" მხარდამჭერების გაგებით ხომ გლობალური ომი მიმდინარეობს კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის, თუმცა ერთიც და მეორეც მახი­ნჯად ესმით. ღრმად ამის განხილვას ვერ დავიწყებ. მეტი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს, რის შემდეგაც მეტის თქმა შეგვეძლება.