სურსათის რა მარაგი აქვს საქართველოს და რამდენ თვეზეა გათვლილი - კვირის პალიტრა

სურსათის რა მარაგი აქვს საქართველოს და რამდენ თვეზეა გათვლილი

ბავშვობის პერიოდიდან საკუჭნაოში შენახული შაქრის დიდი ქვაბი მახსოვს და კიდევ, საპნის მარაგები, რომლებსაც ბებია მუდმივად აახლებდა, თუ საპონს ან ჭიქა შაქარს დახარჯავდა, მაღაზიაში მიდიოდა მარაგის შესავსებად. ეს სავსებით ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ - შაქრის ქვაბი მუდმივად სავსე უნდა ყოფილიყო. როცა ჩემი მეგობრების სახლების სარდაფებშიც აღმოვაჩინეთ შაქრის ასეთივე მარაგები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ისინი­ ისეთივე აუცილებელი რამ იყო, როგორიც, ვთქვათ, მაგიდა და მაცივარი სამზარეულოში. მერე ამ ქვაბებიდან შაქარი, ყუთებიდან საპონი და, ალბათ, სხვა პროდუქტიც ნელ-ნელა გაქრა, ბებიების აღარყოლის­ თუ იმ ცუდი დროის გამო, როდესაც არც იშოვებოდა რამე და არც საყიდელი ფული ჰქონდა ხალხს. ბებიაჩემის შაქრის ქვაბი მაშინ გამახსენდა, როცა კოვიდპანდემიას მსოფლიოს მოსახლეობა მაღაზიების რიგებში შეხვდა და ანგარიშმიუცემლად ყიდულობდა ყველაფერს. გლობალურმა საფრთხემ ადამიანებს ინსტინქტურად უბიძგა­ მარაგების შექმნისკენ. ცხადია, პირველი პანიკის გავლის შემდეგ მარაგებზე აღარ უფიქრიათ, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებას საქართველოში რატომღაც შაქრისა და მარილის მომარაგებით უპასუხეს, არადა, პირველ რიგში, მარცვლეული და ზეთი უნდა გაგვხსენებოდა. თუმცა ეს კიდევ სხვა საკითხია, არსებითი ის არის, რომ კრიზისების დროს ადამიანები მარაგების შექმნის აუცილებლობის წინაშე დგებიან. მაშინ, როცა მიმდინარე ომის გამო ეკონომისტები მსოფლიო შიმშილის საფრთხეზე საუბრობენ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა ვითარებაა თუნდაც მინიმალური მარაგების შექმნის მხრივ საქართველოში? "კვირის პალიტრა" ამ თემით დაინტერესდა­ და დღეს ჩვენი სტუმარია ეკონომიკის პროფესორი სოსო არჩვაძე.

- სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, იმისთვის იქმნება, რომ განსაზღვრულ ტერიტორიაზე თავისი მოქალაქეების არსებობის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები შექმნას. ასეა როგორც მშვიდობიანობის, ისე საფრთხეების წარმოქმნისა­ და მით უფრო, სამხედრო მოქმედებების დროს. იმის მიხედვით, როგორ არის ინსტიტუციურად სახელმწიფო აწყობილი, მას შეიძლება ჰქონდეს რეზერვების მობილიზების ცალკე სამსახური ან განსაკუთრებულ ვითარებაში სხვადასხვა ძალის მობილიზების იურიდიული უფლება... რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, ეს გულისხმობს არა მარტო სამხედრო თავდასხმებისგან თავდაცვის, არამედ სხვა პირობების უზრუნველყოფასაც. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის შემთხვევისთვის პოლონეთის მთავრობამ მოლდოვას გადასცა იოდის მილიონამდე დოზა რადიაციის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს რეზერვები სხვადასხვა გამოწვევისთვის, იქნება ეს ქიმიური, ბიოლოგიური თუ ასე შემდეგ... შეგვიძლია გავიხსენოთ კოვიდპანდემიასთან ბრძოლა და სახელმწიფოთა ძალისხმევა მოქალაქეებისთვის უფასო მკურნალობის, ვაქცინაციის თუ შემდგომი რეაბილიტაციისთვის. მხოლოდ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით­ (შარშანდელი მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა), ევროკავშირმა 6%-ით გაზარდა საბიუჯეტო ხარჯების თანაფარდობა მშპ-სთან - სწორედ კოვიდპანდემიის გამო ცენტრალიზებული ხარჯების ზრდის აუცილებლობიდან გამომდინარე. ამიტომ ამას კომპლექსურად უნდა შევხედოთ. სახელმწიფომ შესაბამის ზომებს უნდა მიმართოს ექსტრემალურ ვითარებაში სახსრების მობილიზებისთვის.

- რის გაკეთება შეუძლია მთავრობას?

- მთავრობას შეუძლია საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში სახსრები გადაანაწილოს საბიუჯეტო მუხლების მიხედვით. ამას საპარლამენტო მხარდაჭერა დასჭირდება. ჩვენ ისედაც გაზრდილი გვაქვს საბიუჯეტო ხარჯები სოციალური მიმართულებით. ბოლო წლებში საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების მატების ყოველი 1 ლარიდან, სულ ცოტა, 70 თეთრამდე სწორედ სოციალური დანიშნულებით მიემართება. რაც შეეხება ცალკეულ გამოწვევებზე საპასუხო ქმედებებს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია გამოწვევის მასშტაბებსა და ხანგრძლივობაზე. ერთ შემთხვევაში შესაძლოა ეს იყოს მოკლევადიანი ეფექტის მომტანი, სხვა შემთხვევაში კი უფრო გრძელვადიან პერიოდზე იყოს გათვლილი. მაგალითად, შტატებს­ აქვს ნავთობის უზარმაზარი სტრატეგიული მარაგი, რომელსაც ცალკეულ შემთხვევებში­ იყენებდა შიდა ბაზრის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად - მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურის გაუარესებით მიყენებული ზარალის ამორტიზებისთვის. მეტ-ნაკლებად ყველა სახელმწიფო მიმართავს ამგვარ ზომებს და მათი მასშტაბები დამოკიდებულია სახელმწიფოს შესაძლებლობებზე. ქართული ანდაზაა, ჭამა ქონებაზე კიდიაო, ამ შემთხვევაში კარგად გამოდგება. თუმცა გაზრდილი რისკების, არასტაბილურობის გამო სახელმწიფოს მოუწევს მეტი სახსრების გათვალისწინება ასეთი შემთხვევებისთვის. პირობითად, შესაძლოა ნაკლები დაფინანსება წავიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მეტი სახსრები იყოს გათვალისწინებული იმ საჭიროებისთვის, რაც მოსახლეობის დაცულობის ხარისხს გაზრდის, ყველანაირი თვალსაზრისით.

- საქართველოს აქვს რამის მარაგი?

- პირველ რიგში ლაპარაკია მარცვ­ლეულისა და ფქვილის მარაგებზე. რა თქმა უნდა, კერძო შემომტანებსა და იმპორტიორებზე ვართ დამოკიდებული და იმისთვის, რომ ბაზარმა რყევა არ იგრძნოს, ეს მარაგები 1,5-2 თვეზეა გათვლილი. განვლილმა­ 2-3-მა წელიწადმა მსოფლიო დაარწმუნა, რომ თვითუზრუნველყოფის ხარისხი და დონე უნდა გაიზარდოს. კაცობრიობას არ უთქვამს უარი გლობალიზაციაზე და ვერც იტყვის, მაგრამ აუცილებელია იმ შიდა რესურსებისა და რეზერვების მაქსიმალურად გამოყენება, რაც ქვეყანას აქვს. ჩვენ ვერ დავიწყებთ "მერსედესის"­ ტიპის წარმოებას, მაგრამ ხომ შეგვიძლია ადგილზე ვაწარმოოთ პროდუქცია და არ ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული? იმპორტმა უნდა შეიძინოს უფრო ეგზოტიკური, ვიდრე ყოველდღიური სამომხმარებლო დატვირთვა.

- წლევანდელ ვითარებას რომ გადავ­ხედოთ, გლეხები ვერ ყიდიან პროდუქციას, რადგან, როგორც ამბობენ, ფასი თვითღირებულებაზე დაბალია. სხვა პრობლემაა, რომ ეს საცალო ფასებს არ ეხება, მაგრამ ჯამში გამოდის, რომ ადგილზე წარმოებას აზრი არა აქვს და მაინც იმპორტზე ვართ დამოკიდებული? თუ ეს არის შანსი მარაგების შესავსებად და როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

- მხოლოდ მოყვანა საკმარისი არ არის, მისი გადამუშავებაა აუცილებელი. ბაზარზე უნდა გავიდეთ არა მარტო პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, არამედ მისი გადამუშავების, სამრეწველო-ტექნოლოგიური პროცესების გავლის შემდეგ მიღებული პროდუქციით, რომლის ღირებულება პირველად პროდუქციაზე გაცილებით­ მეტი იქნება. ცხადია, ეს მეტ სამუშაო ადგილსაც შექმნის და მეტ შემოსავალსაც მოუტანს როგორც მწარმოებელს, ასევე ბიუჯეტსა და ქვეყანას.

- რა პროდუქციის მარაგები კეთდება?

- პირველ რიგში უნდა იყოს პირველადი მოხმარების საქონელი: მარცვლეული, ფქვილი. გაგახსენებთ, წინა ხელისუფლების დროს ერთ პერიოდში მარილის დეფიციტი გაჩნდა, 5-ჯერ გაიზარდა ფასი, მაშინ შსს-მ თავისი რეზერვებიდან დიდი რაოდენობით მარილი გაუშვა მიმოქცევაში და ამით ჩააცხრეს აჟიოტაჟური მოთხოვნა. თუმცა საბაზრო ეკონომიკაში ასეთი მანევრის შესაძლებლობა შედარებით ნაკლებია, რადგან სახელმწიფო, როგორც წესი, კონცენტრირებული უნდა იყოს საზოგადოებრივი საქონლის წარმოებაზე - ანუ სახელმწიფომ შეიძლება შექმნას პირობები, რომ იყოს პირველადი მოხმარების საგნების საცავები, ლოგისტიკა, მაგრამ მისი შევსების ლომის წილი სწორედ კერძო სექტორმა და საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე. სახელმწიფოს ფუნქცია ცოტა სხვა არის.

- გვაქვს კი საცავები?

- საცავები, პრინციპში, არის, მაგრამ ამაზე საუბარი მართებულად არ მიმაჩნია, რადგან ეს სტრატეგიული საკითხია. საერთოდ, ნებისმიერი მარაგი, დაწყებული სურსათით და სხვა პროდუქციით დასრულებული, უფრო ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ზედმეტი დეტალიზაცია საქმეს კი არ წაადგება, არამედ ავნებს. შესაბამისად, უნდა ვისაუბროთ ზოგად პრინციპებზე და არა იმაზე, თუ სად, როგორ, რამდენი და რა ვითარებაშია დასაწყობებული.

- პერიოდულად აქტიურდებოდა გაზის საცავის შექმნის საკითხი, რასაც ბოლო დროს აღარც ახსენებენ. ამ მიმართულებით რა ხდება?

- გაზის საცავის შექმნა, რომ იტყვიან, სურამის ციხესავით არის, ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე ავიღეთ 500 მილიონი დოლარი სესხად, მერე წამოგვეწია რუსეთ-საქართველოს ომი. ეს ვალი 2013 წელს უნდა გადაგვეხადა, 2011 წელს მოხდა მისი რესტრუქტურიზაცია და 2021 წლისთვის გადაიტანეს. მერე კიდევ გადასწიეს და ჯამში გვიწევს 1,1 მილიარდი დოლარის გადახდა, თან ისე, რომ გაზსაცავი არ აშენებულა. იმავე კონტექსტში შეიძლება ვახსენოთ სამიოდე წლის წინ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, მაშინ 140 მილიონი ევროს სესხის გამოყოფა გადაწყდა სწორედ გაზსაცავის მშენებლობისთვის. თუმცა ეს მცდელობაც ჯერჯერობით წარუმატებელია. ვნახოთ, იქნებ ახლა თუ გაჩნდება შანსი, ის უფრო წარმატებული იყოს, რადგან აზერბაიჯანს აქვს ორი გაზსაცავი, აქვს სომხეთსაც, ჩვენ კი - არა. ეს ძალიან დამოკიდებულს გვხდის და სტრატეგიული რეზერვების შექმნის შესაძლებლობა არა გვაქვს.

- მარაგების შექმნის საკითხი როდის წამოიჭრება ხოლმე და პატარა ქვეყნებს თუ აქვთ რესურსი მათ შესაქმნელად?

- ადამიანის სიცოცხლე თანაბრად ფასეულია პატარა და დიდ ქვეყანაში. ამიტომ ეს პრობლემა მუდმივად აქტუალური უნდა იყოს. შეგახსენებთ თბილისის მეტროს მშენებლობის პერიპეტიებს, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თბილისში მილიონი კაცი არ ცხოვრობდა, აგება მაინც დაიწყო იმ მიზნით, რომ თავდასხმის შემთხვევაში მოსახლეობას თავშესაფარი ჰქონოდა. ასეთი დამოკიდებულება უნდა იყოს მარაგებთან დაკავშირებითაც, თუმცა იმის მიხედვით, სიტუაცია როგორ განვითარდება, ამას შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს.

- მინიმალურ დონეზე მარაგების გაკეთებას დაახლოებით რა დრო სჭირდება?

- თუ სახელმწიფო იქნება ბაზრის ერთ-ერთი სუბიექტი, მან შეიძლება ბაზარზე ისეთივე როლი შეასრულოს, როგორიც ნებისმიერმა მყიდველმა. პარტია, სახელმწიფო შესყიდვით იქნება თუ სხვა ფორმით, იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე რომელიმე კერძო ფირმისა. მაგალითად, როცა რესტორანი რამე პროდუქტს ყიდულობს, მას გათვლილი აქვს საშუალო წარმადობა და კლიენტთა საშუალო რაოდენობა დღე-ღამის, კვირის ან თვის განმავლობაში. ამის მიხედვით ყიდულობს და სახელმწიფოც ამ პრინციპით იმოქმედებს, ოღონდ მასშტაბები გაცილებით დიდი იქნება. საბაზრო ეკონომიკის უპირატესობა ის არის, რომ მისთვის უცხოა დეფიციტის პრობლემა - როდესაც დამატებითი მოთხოვნა ჩნდება, ის რეგულირდება ორი გზით - ან ფასის აწევით, ან მყისიერად მიეწოდება დამატებითი საქონელი. შესაბამისად, აქ დროის ფაქტორი მინიმუმამდეა დასული და მას მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების ლოგისტიკური პერიოდი განსაზღვრავს. მთავარია, სახელმწიფოს რა მიზანი და რა მასშტაბები აქვს კონკრეტულ რეზერვთან დაკავშირებით. მთავარია, არსებობდეს ადგილი, სადაც ის განთავსდება შესაბამისი პირობებითა და უსაფრთხოების რეჟიმით.

- პროდუქტებს, ადრე თუ გვიან, განახლება დასჭირდება და არსებულ მარაგებს რა უნდა უქნან, თუკი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შექმნის მარაგებს?

- გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად­ იციან, რომ პირველ რიგში იმ პროდუქციას მოიხმარენ, რომელსაც ვადა გასდის. ასე რომ, მარაგები იქნება ორმხრივ მოძრა­ობაში - რეზერვების ახალი ნაკადი შევა, ხოლო ის, რომელსაც ვადა გასდის, გამოვა და გამოიყენება საზოგადოებრივი ინსტიტუტების საჭიროებისთვის, სადაც მრავალრიცხოვანი მომხმარებელია, მაგალითად, ჯარი, უსაფრთხოების სამსახური და სხვ. რეზერვების უდანაკარგოდ გამოყენება და განახლება სავსებით შესაძლებელია.­ ეს მუდმივი რეჟიმი უნდა იყოს. არ შეიძლება, დღეს შევავსოთ და მერე მხოლოდ ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ გაგვახსენდეს.

რუსა მაჩაიძე