როგორ ცდილობს პუტინი შავ ზღვაზე გაბატონებას - კვირის პალიტრა

როგორ ცდილობს პუტინი შავ ზღვაზე გაბატონებას

რუსეთმა დაამტკიცა საზღვაო დოქტრინა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო მთავარ საფრთხეებად არიან მიჩნეული, რუსეთის ინტერესებად კი დასახელებულია: "დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობა, რომელიც ვრცელდება შიდა ზღვებზე, ტერიტორიულ ზღვაზე, მის ფსკერსა და საჰაერო სივრცეზე მის თავზე"; "რუსეთის ფედერაციისთვის დიადი საზღვაო სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება, რომლის საქმიანობაც მიმართულია მსოფლიო ოკეანეში სტრატეგიული სტაბილურობის მხარდაჭერისკენ, ეროვნული ზეგავლენების გაძლიერებისა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისკენ საზღვაო საქმიანობის სფეროში, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების პირობებში"; "რუსეთის ფედერაციისთვის გლობალურ სატრანსპორტო კომუნიკაციებზე გარანტირებული წვდომის უზრუნველყოფა"; "რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ უმაღლეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტს"; "საკუთარი ეროვნული ინტერესების გარანტირებული უზრუნველყოფისა და დაცვისთვის თავად განსაზღვრავს მსოფლიო ოკეანის პრიორიტეტულ ზონებს"."ჩვენ ღიად დავაწესეთ რუსეთის ეროვნული ინტერესების საზღვრები და ზონები და ასევე, ეკონომიკური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესებისთვის... პირველ რიგში, ეს არის არქტიკული აკვატორიები, შავი ზღვის, ოხოტისა და ბერინგის ზღვების წყლები... მათ დაცვას უზრუნველვყოფთ მტკიცედ და ყველა საშუალებით" - რუსული მედიის თანახმად, ეს განცხადება პუტინმა 31 ივლისს სამხედრო-საზღვაო აღლუმზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სანქტ-პეტერბურგის ისტორიული მუზეუმის შენობაში ახალ საზღვაო დოქტრინას მოაწერა ხელი.პუტინის თქმით, ამ პროცესების საკვანძო ფაქტორი "სამხედრო-საზღვაო ფლოტის­ შესაძლებლობებზეა დამყარებული" და "მას შეუძლია ელვისებურად უპასუხოს ყველას, ვინც ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას". დოქტრინაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციას აქვს "უდავო უფლება, ოკეანეებსა და ზღვებში წარმოდგენილი იყოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალებით და გამოიყენოს ისინი".

რას ნიშნავს საერთაშორისო სამართლისთვის რუსეთის ეს დოქტრინა, ემუქრება­ თუ არ საფრთხე შავი ზღვის და მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებას იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ნატოს წევრი არა ვართ, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" რონდელის ფონდის უფროს მეცნიერ თანამშრომელს, საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს გიორგი ბადრიძეს ესაუბრა.

- ახალი დოქტრინის შექმნა ასახავს ხოლმე შეცვლილ რეალობას, შეცვლილ ძალთა ბალანსს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო თვლის შესაძლებლად პირობები ან პრეტენზიები წამოაყენოს თავისი გავლენის სფეროებზე ან ერთგვარი გზავნილი გაუგზავნოს სხვა ქვეყნებს იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცევა სხვადასხვა ვითარებაში. ყველა შემთხვევაში ასეთი გზავნილი ეფუძნება ხოლმე ამ ქვეყნის შესაძლებლობებსა და ძალას. რუსეთის ამგვარი განაცხადი, ჩემი აზრით, მისი ფანტაზიისა და უფრო მეტად კი შიდააუდიტორიისთვის განკუთვნილი პროპაგანდისტული ხრიკის ნაზავია, რადგან რუსეთს არ გააჩნია იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ ხორცი შეასხას იმ ამბიციებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ახალ საზღვაო დოქტრინაში.

- არის თუ არა საშუალება, რომ კრემლის ამ განაცხადზე საერთაშორისო სამართლის­ პრინციპებით მოხდეს რეაგირება?

- სამწუხაროდ, საერთაშორისო სამართლის მიმართ რუსეთის სრული უპატივცემულობა დიდი ხნის ჩამოყალიბებული ტრადიციაა. როდესაც რუსეთი ამ დოქტრინას აცხადებდა, პარალელურად სრულიად უკანონო ომი აქვს მეზობელ ქვეყანაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი საკუთარ ტერიტორიას სამხედრო ძალის გამოყენებით ზრდის. ამიტომ საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებზე მე დიდ იმედს არ დავამყარებდი. უფრო საყურადღებო ის არის, რომ რუსეთს იმის მიახლოებითი ძალაც არ გააჩნია შეიარაღებით, საზღვაო ძალების მოცულობით, რომელიც იქნებოდა მისი პრეტენზიების ოდნავ მაინც ადეკვატური. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე რუსეთის ამ განაცხადს დიდ ყურადღებას არც მივაქცევდი, გარდა იმისა, რომ ეს არის პირდაპირი გაგრძელება მისი მოდელისა, რომელიც ძალიან ჰგავს "ცივი ომის" დროინდელ საბჭოურ ქცევას და შეიძლება ითქვას, უფრო აგრესიულიც არის. თუკი ვინმეს რუსეთთან დაკავშირებული რაიმე ილუზია კიდევ ჰქონდა, 2014 წელს უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად უნდა გამქრალიყო. მეტიც, ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა ყოფილიყო ყველანაირი ილუზია დასრულებული. ამის მიუხედავად, დასავლეთის წამყვანი ქვეყნები რუსეთს განიხილავდნენ პოტენციურ პარტნიორ ქვეყნად მაშინ, როცა რუსეთმა ნათლად აჩვენა, რომ ის დასავლეთს განიხილავს მთავარ მოწინააღმდეგედ. ეს ილუზია ეფუძნებოდა იმ რაციონალურ აზროვნებას, რომ ყველა ობიექტური კრიტერიუმით არსებობდა საფუძველი, რათა დასავლეთი და რუსეთი მოკავშირეები თუ არა, პარტნიორები გამხდარიყვნენ.

წესით, რუსეთს მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა ჩინეთთან, რადგან თუკი რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხე რეალურად არსებობს, ეს ნამდვილად არ მოდის დასავლეთიდან, რომელიც არის დემოკრატიული, მშვიდობიანი და განვითარებული, არამედ მოდის იმ ქვეყნიდან, რომელიც ძალზე დინამიკურად ვითარდება ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჰყავს მსოფლიოში ყველაზე დიდი მოსახლეობა, აქვს შეზღუდული ბუნებრივი რესურსები და ესაზღვრება რუსეთს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც პრაქტიკულად დაუსახლებელია, მაგრამ სავსეა ბუნებრივი რესურსებით. ის, რომ რუსეთმა დასავლეთი აირჩია მოწინააღმდეგედ, მეტყველებს, თუ შიდაპოლიტიკური სისტემა როგორ არის მოწყობილი და როგორ წარმოუდგენია პუტინის რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები. დასავლეთთან მტრობის გამოცხადება და დემოკრატიის მთავარ ბოროტებად წარმოსახვა მოსახლეობისთვის მისთვის ძალაუფლების უსასრულოდ შენარჩუნების მექანიზმია, ხოლო დასავლეთთან დაპირისპირება მისი უნიათო მმართველობისა და უკიდეგანო კორუფციის გადაფარვის საშუალება. ამიტომ საზღვაო დოქტრინა სიახლეს არ წარმოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს უკვე აქვს გაცხადებული თავისი მტრული დამოკიდებულება დასავლეთისთვის, გამოცხადებული აქვს თავისი იმპერიული მისწრაფებების განახლება. ის ცდილობს საკუთარი თავის პოზიციონირებას, როგორც დიდი ძალის ცენტრისა, რისი ძალა სინამდვილეში არ შესწევს და ეს უკვე გამოჩნდა უკრაინაშიც და ჩანდა მანამდეც.

- რამდენად არის მოსალოდნელი, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რომ ჩინეთმა სამხედრო იერიში მიიტანოს რუსეთზე თუნდაც მისი რესურსების დასაუფლებლად?

- ამის შანსი არ არსებობს. განსაკუთრებით დასავლეთთან რუსეთის აშკარა დაპირისპირების გამო ჩინეთს ეძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ რუსეთი სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე აქციოს თავისი ნედლეულის დანამატად. ჩინეთი უკვე ძალიან ღრმად არის შესული რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიაზე თავისი მრავალრიცხოვანი მოქალაქეებით, რომლებიც იქ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, გააქვთ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული რესურსები. ასე რომ, წესით, ჩინეთი კმაყოფილი უნდა იყოს. ერთად­ერთი, რაც ჩინეთის ინტერესებში არ შედიოდა, იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრა სწორედ ტაივანის საკითხის კონტექსტში. ის ცდილობს გამოიყენოს საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც ამტკიცებს, რომ ტაივანი მისი განუყოფელი ტერიტორიაა, რუსეთი კი ამ პრინციპს უხეშად არღვევს უკრაინასა და საქართველოში. ამ მხრივ ჩინეთი არ უნდა იყოს მაინცდამაინც კმაყოფილი, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას შედეგად მოაქვს რუსეთის დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება ჩინეთზე. შესაბამისად, მას მომავალში ნაკლები რესურსი ექნება ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ჩინეთს ეკონომიკური ექსპანსიისთვის ძალის გამოყენების საჭიროება კარგა ხანს არ ექნება რუსეთის აღმოსავლეთში.

- რუსეთის ამ დოქტრინაში აქცენტია გაკეთებული შავ ზღვაზე, რუსეთისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ნატოს ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთი თავისი ინტერესების გატარებას შეძლებს?

- რუსეთი დიდი ხანია ცდილობს აქციოს შავი ზღვა დაკეტილ სივრცედ და ამას, რამდენადაც დასანანი უნდა იყოს, ზოგჯერ ემთხვევა ნატოს წევრი თურქეთის ინტერესები. მაგრამ როდესაც საქმე მიდგა ძალიან მწვავე დაპირისპირებაზე რუსეთსა და ნატოს შორის, წესით, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს თურქეთთან უპირობო თანამშრომლობის იმედი. თუმცა, ვიმეორებ, ყოფილა ეპიზოდები, როდესაც რუსეთისა და თურქეთის ინტერესები შავ ზღვაში მსგავსი ყოფილა. ეს გულისხმობდა ნატოს წევრი სხვა ქვეყნებისა და განსაკუთრებით შტატების ფლოტის არდაშვებას, ან შეზღუდვით შემოშვებას შავ ზღვაში. ასე რომ, ეს არის რუსეთის ისტორიული მიდგომა, დაწყებული პეტრეს დროიდან. ეს იყო მისწრაფება შავ ზღვაზე წვდომისა. როდესაც ამას მიაღწიეს, ამბიციები გაიზარდა და მთელი XIX საუკუნის განმავლობაში და პირველი მსოფლიო ომის ჩათვლით რუსეთი ცდილობდა ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას, მაგრამ 1917 წელს და მოგვიანებით, 1990-იანი წლების დამდეგს, როდესაც სსრკ დაიშალა, ამ ამბიციას წერტილი დაესვა - რუსეთი შიგნიდან ჩამოიშალა. ასე რომ, რუსეთის გამძაფრებულ გეოპოლიტიკურ ამბიციებს, რაც არის კიდეც გამოხატული დოქტრინაში, უკვე ორჯერ მოჰყვა რუსეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა XX საუკუნეში,­ როდესაც აღმოჩნდა, რომ მისი პოლიტიკური სისტემა­ სუსტი იყო ამგვარი ამბიციებისთვის, როდესაც ის იქცევა როგორც დიადი სახელმწიფო, მაგრამ მისი ეკონომიკა და შესაძლებლობები ბევრად მცირე მასშტაბისაა...

- ალბათ, საფრთხე იზრდება საქართველოსთვისაც?

- საფრთხე იმაშია, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს ილუზია, რუსეთთან ტონის დატკბობით ან დასავლეთთან თანამშრომლობის შემცირებით შესაძლებელია რუსეთის გულის მოგება და ფიზიკური საფრთხის თავიდან აცილებაო. ამას დღეს რეგულარულად ვისმენთ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და რომლებიც შეხვედრებზე ზოგიერთებს აძახებინებენ, მადლობა მშვიდობისთვისო... მშვიდობა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რუსეთს აქვს სრულიად ჩამოყალიბებული და მისი საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მიღებული მიდგომა, რომ ყოფილი საბჭოთა­ რესპუბლიკები და კიდევ­ უფრო დიდი ტერიტორია, სადაც საქართველო უეჭველად შედის, მათთვის არ არიან დამოუკიდებელი­ სახელმწიფოები და შესაძლებლობისთანავე მიიღებენ ზომებს, რომ აღიდგინონ მათზე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დასავლეთში უმყარდებათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის გადაცვალოს დასავლეთთან თანამშრომლობა ძალაუფლების სანაცვლოდ, რაც რუსეთის პირისპირ დაგვტოვებს.

რუსა მაჩაიძე