ევროპა კიდევ ერთი ბირთვული საფრთხის პირისპირ - კვირის პალიტრა

ევროპა კიდევ ერთი ბირთვული საფრთხის პირისპირ

"ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა თვითმკვლელობაა", - ასე აფასებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გამო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რაც მთელ ევროპას­ უქმნის საფრთხეს. რამდენიმე დღეა უკრაინა და რუსეთი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასა და მსოფლიოსთვის ბირთვული კატასტროფის რისკის შექმნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს მოუწოდებენ ელექტროსადგურიდან თავისი ძალები გაიყვანოს. გაერო აცხადებს, რომ კატასტროფის საფრთხე რეალურია.

უკრაინული სააგენტო "ენერგოატომი", რომლის თანამშრომლებიც რუსული ოკუპაციის მიუხედავად, მუშაობას განაგრძობენ, ამბობენ, რომ 11 აგვისტოს ელექტროსადგურზე, მათ შორის იმ ობიექტზე, სადაც რადიოაქტიური მასალები ინახება, რუსების­ არმიამ ხუთი ძლიერი იერიში მიიტანა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, 5-6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად გადამუშავებული ატომური საწვავის საცავის ზონაში რადიაციული კონტროლის სისტემის ნაწილი, ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები და გაყვანილობა დაზიანდა, რამაც შესაძლოა სამი სენსორის მუშაობა შეაფერხოს. ამასთან, დაიჭრა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვის თანამშრომელი. საბედნიეროდ, გადამუშავებული ბირთვული საწვავის კონტეინერებზე ან ობიექტის დამცავ პერიმეტრზე თვალსაჩინო დაზიანება არ გამოვლენილა. თავდასხმამ სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის მთლიანობა და დაცულობა დააზიანა, დაარღვია კვების შიდა წყაროები.

"11 აგვისტოს ჭურვი კომპლექსის მახლობლად ჩამოვარდა და წყლის მიმღები დაწესებულება დააზიანა. სამი ჭურვი სადგურის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და დაზიანდა რადიაციის მონიტორინგის სამი დეტექტორი, ასევე ნაგებობა, სადაც ინახებოდა გამოყენებული მაღალი რადიაციულობის ბირთვული საწვავის კონტეინერები. დაბომბვამ საწვრთნელ შენობაში ხანძარი გააჩინა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ორმხრივი სროლის გამო ვერ ახერხებდნენ", - აცხადებს უკრაინული მხარე.

რუსული მხარის განცხადებით, ატომურ ელექტროსადგურს უკრაინა უხსნის ცეცხლს, კიევში კი ირწმუნებიან, რომ სადგურს რუსულმა ძალებმა დაარტყეს.

უკრაინის სამხრეთ სარდლობის სპიკერ ნატალია ჰემენიუკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები არ აზიანებენ სადგურის ინფრასტრუქტურას. არ ისვრიან იქ, სადაც გლობალური მასშტაბის საფრთხეა მოსალოდნელი, რადგან აცნობიერებენ, რომ ოკუპანტები იქ აფარებენ თავს და დარტყმა შეუძლებელია.

ელექტროსადგურის დაბომბვის დღეს სასწრაფოდ გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ორივე მხარეს მოუწოდა შეწყვიტონ ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ბრძოლა. "ობიექტი არ უნდა გამოიყენონ როგორც სამხედრო ოპერაციის ნაწილი. ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა სასწრაფო შეთანხმება პერიმეტრის დემილიტარიზაციის შესახებ", - განაცხადა გუტიერეშმა.

atomuri2-1660471752.jpg

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას მარტიდან რუსეთის ძალები აკონტროლებენ. შესაბამისად, ზიანის შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვება ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჯერ კიდევ მუშაობენ უკრაინელი მეცნიერები და პერსონალი. ისინი გარე სამყაროსთან კონტაქტს ვერ ახერხებენ. რუსული მხარე სიტუაციის შესაფასებლად სადგურის ტერიტორიაზე არც საერთაშორისო ექსპერტებს უშვებს.

შესვლის უფლება არა აქვს გაეროს მისიასაც. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამბობს, რომ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ყველა პრინციპი დარღვეულია.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილისგან განსხვავებული და უფრო უსაფრთხოა. ავსტრალიის უნივერსიტეტის საპატიო ასოცირებული პროფესორ ტონი ირვინის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების, ბირთვული დნობის ან რადიოაქტიური ენერგიის გამოთავისუფლების შანსი მცირეა, რადგან მის რეაქტორებს დიდი ბეტონის დამაბინძურებლები და ჩაშენებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები აქვს. "ეს არის ორმაგი წრედის დიზაინის რეაქტორი. წყალი, რომელიც რეაქტორს აგრილებს, ცალკე წრეზეა, მეორეზე კი ის, რომელიც ენერგიას აწვდის ტურბინას. მათ აქვთ სარეზერვო გადაუდებელი გაგრილების პასიური სისტემა, მაღალი და დაბალი წნევის შეყვანის სისტემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გაუძლებს. დაცულობა არ ნიშნავს ასპროცენტიან გარანტიას, ნებისმიერ გასროლას ბირთვული საფრთხის შექმნა შეუძლია", - განაცხადა მან. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაზიანების შემთხვევაში ევროპისთვის მოსალოდნელ საფრთხეებსა და რუსეთის სახიფათო თამაშებზე გვესაუბრა.

- ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კარგად ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რომელიც ახლა მსოფლიოშია. რეალობა იცვლება, სრულიად სხვა მოთხოვნები დგება, თუ ქვეყანა ამ შანსს არ გამოიყენებს, შეიძლება ის დიდხანს არ მოგვეცეს. როდესაც ახალი ტიპის მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობთ, მისი შექმნის ან მონაწილე უნდა ვიყოთ, ან დავემორჩილოთ იმას, რაც შეიქმნა, იმის მიუხედავად, მისაღები იქნება თუ არა ჩვენთვის. ამიტომ ვიაქტიუროთ და თამამად, ოღონდ გონივრულად ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს რაც შეეხება ხელისუფლებას... ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების სისუსტის ფონზეც კი ვერ მოახერხა ვითარებისთვის ახალი იმპულსის მიცემა, იმიტომ, რომ დაქსაქსულია, შიდაკინკლაობით არის დაკავებული და პროგრესული დღის წესრიგის შემუშავებზე არც ფიქრობს. "ოცნება" სწორედ იმის ხარჯზე ინარჩუნებს ხელისუფლებას, რომ ოპოზიციაა უბადრუკი.

- იგეგმება ყაზახური ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად რუსეთის გვერდის ავლით­ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუ­ფსის მილსადენების გამოყენება. შესაძლოა ამას რუსეთის მხრიდან მილსადენზე იერიში მოჰყვეს?

- მილსადენის ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა დაცული, მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ არის. ვფიქრობ, მილსადენზე იერიშის მიტანა ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლოა რუსეთმა ზეწოლის ბერკეტი გამოიყენოს და იმ სახელმწიფოს შეუქმნას პრობლემები, რომლის ტერიტორიაზეც მილსადენი გადის. ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურასაც ექმნება საფრთხე - ანუ რისკი ძალიან დიდი და მრავალფეროვანია. რუსეთს პროვოკაციის მოსაწყობად მიზეზი არ სჭირდება და ეს არაერთხელ დაამტკიცა, კიბერთავდასხმა იქნება, დეზორიენტაცია, დეზინფორმაცია, მეხუთე კოლონის გააქტიურება თუ სხვა რამ, რასაც ის წლებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესარყევად აკეთებს. ჰიბრიდ­ული ომის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საზოგადოების დეზორიენტირება, მისი წინააღმდეგობის უნარის დასუსტება და უმწეობის განცდის შექმნა. წლებია ასე მუშაობს და, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ უშედეგოდ. დღეს ის უკრაინაზეა გადართული, მაგრამ არც ბორდერიზაცია და არც ჰიბრიდული თავდასხმები შემცირებულა. საფრთხეები გაიზარდა და ამის დასტურია გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული განახლებული საზღვაო დოქტრინა, რომელშიც განსაზღვრულია ქვეყნის სანაპირო საზღვრები, ნატო და აშშ კი მთავარ საფრთხეებად არიან მოხსენიებული. პუტინმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და დაუყოვნებლივ შედის ძალაში. დოქტრინის ავტორების მტკიცებით, შტატებს აქვს ზღვებზე დომინაციის სურვილი და რამდენიმე სახელმწიფოს პრეტენზია აქვს რუსეთის ტერიტორიაზე. დოქტრინა განსაკუთრებით სახიფათოა შავი ზღვის რეგიონის, კონკრეტულად, საქართველოსთვის. ამ დროს კი ხელისუფლება-ოპოზიციის კინკლაობა, ყაველაშვილის რაზმის აბსურდული განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიწროპოლიტიკური ინტერესების გარდა, არაფერი გვაინტერესებს, ეს კი საფრთხეს აათმაგებს... პარალელურად, იზრდება ეკონომიკური დამოკიდებულება, აქტიურდება მეხუთე კოლონა, ჩვენ ყველანაირ წინა პირობას ვქმნით, რომ კრემლმა მიზანს მიაღწიოს საქა­რთველოში. ყოველთვის არ არის აუცილებელი სამხედრო ოპერაცია, ჰიბრიდული ომის საფრთხე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგე არ ჩანს, მაგრამ ქვეყნის მშენებლობას საფრთხეს უქმნის. ამ დროს ქართული პოლიტიკური სპექტრი ან მიძინებულია, ან ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობენ. უკრაინაში ომი იმის გარანტია არ არის, რომ რუსეთი საქართველოზე აიღებს ხელს, პირიქით, უფრო აგრესიული ხდება და ამას არც მალავენ. მედვედევი იქნება, ლავროვი თუ თავად პუტინი ამაზე პირდაპირ ლაპარაკობენ. არც დოკუმენტებს მალავენ, რომლებშიც რუსეთის საგარეო პოლიტიკაა ასახული.

- ბოლო დღეებში უკრაინული და რუსული­ მხარე ერთმანეთს ადანაშაულებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის გახსნილი ცეცხლის გამო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა­ რაფაელ­ გროსმა ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევას "ბირთვული კატასტროფის რეალური რისკი" უწოდა. რუსეთი თავის­ კონტროლირებად ტერიტორიაზე საერთაშორისო სპეციალისტებს არ უშვებს. როგორ ფიქრობთ, საფრთხე რეალურია?

- როდესაც საქმე რუსეთს ეხება, საფრთხე ყოველთვის რეალურია. 34 წლის შემდეგ შესაძLლოა ევროპაში კიდევ ერთხელ­ დადგეს ბირთვული აფეთქების საფრთხე. ატომური ელექტროსადგურის კომპლექსს­ კრემლი ფარად იყენებს და მხოლოდ უკრაინას კი არა, ევროპასაც აშანტაჟებს.­ ვიცით, რომ რუსეთს არც თავისი და მით უფრო, სხვისი მოქალაქეების სიცოც­ხლე არაფრად უღირს, ამიტომ მსგავსი ფაქტები­ გაგრძელდება, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ცივილიზებული მსოფლიო ვერ მიაღწევს იმ ზონის დემილიტარიზაციას. ახლა იქ სიტუაციას ვერავინ აკონტროლებს და არავინ იცის, ბირთვული­ გაჟონვის საფრთხე რამდენად სახიფათოა. არა მგონია, საერთაშორისო სპეციალისტების შეშფოთება უსაფუძვლო იყოს. რუსეთი გააგრძელებს სახიფათო თამაშებს, სადამდე, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაძლიერდება მასზე პოლიტიკური წნეხი. თუ ეს არ მოხდა, რუსეთი, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი აქვს, ჩაყოლას ჩათრევას ამჯობინებს და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს კი არა, ყველა გზას გამოიყენებს მსოფლიოს დასაშანტაჟებლად. როგორც ვარაუდობენ, კრემლის მიზანია სადგური ყირიმის ქსელს შეუერთოს, რის გამოც უკვე დააზიანეს სამი ელექტროგადამცემი ხაზი და ახლა მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს, რაც სახიფათოა მისი გამართულად მუშაობისთვის. ღმერთმა ნუ ქნას, ბირთვული კატასტროფა მოხდეს, თორემ ჩერნობილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ზაპოროჟიეს სადგურის მწყობრიდან გამოსვლას შეიძლება მოჰყვეს. ეს უკვე ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც უკრაინის კი არა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებს, მაგრამ რუსეთი ხომ არავითარ დოქტრინას არ ცნობს. ასე რომ, საფრთხე რეალურია. სადგურის ტერიტორიას მარტიდან რუსული შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. თუ ჭკუა აქვთ, თავადვე უნდა ცდილობდნენ სამხედრო ოპერაციების აღკვეთას, რადგან ერთი მცირედი შეცდომა და რისკები მასშტაბურია, მაგრამ რუსეთი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მზად არის.

ამ მძიმე ვითარებაში გარდატეხის შეტანა მხოლოდ სპეციალური ღონისძიებით შეიძლება. უნდა გამკაცრდეს სანქციები, პარალელურად კი უკრაინის დახმარება. მიმდინარეობს კიდეც ამაზე მუშაობა ევროკავშირსა და შტატებში, რუსეთის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, ცალკეული კომპანიებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის შეზღუდვების დასაწესებლად. რაღაცების გათვალისწინებით გადაწყვეტილების შესრულება ჭიანურდება. სანამ ყველა გავლენიანი პირი და მათი ოჯახის წევრები არ იგრძნობენ ომისა და მისი თანმდევი პროცესების გამო პასუხისმგებლობას, სასურველი შედეგი არ დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ოლიგარქებში უკვე ძლიერდება ანტიპუტინისტური განწყობები,­ მაგრამ ეს კრემლის საგარეო პოლიტიკაზე არ აისახება. ახლა ექსპერტები ლაპარაკობენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, მხოლოდ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე კი არა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც, მაგრამ ეს ერთი კაცის გადასაწყვეტი არ არის, კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხია. ასეთ გადაწყვეტილებას, თუნდაც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიშის მიტანაზე, მხოლოდ პუტინი არ იღებს. მხოლოდ პუტინის გარემოცვასა და გენერალიტეტს არ ვგულისხმობ, არიან ქვეყნები, რომლებიც რუსეთის წნეხიდან ვერ გამოდიან, მაგალითად, უნგრეთი, ბელარუსი და სხვები, მაგრამ თუ რუსეთი კიდევ და კიდევ გადაკვეთს "წითელ ხაზებს", მას თანდათან შემოეცლება ლოიალურად განწყობილი ქვეყნები. შესაბამისად, მას შემდგომი სვლების საშუალება აღარ დარჩება, მაგრამ ახლა ამაზე არ ფიქრობს, განწირული ფართხალებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ჩაიყოლოს.

ბოლო ხანებში გააქტიურდნენ მიშუსტინი და სრულიად უავტორიტეტო მედვედევი, რაც ნიშნავს, რომ კრემლში სიტუაცია იცვლება და მორიგი უსახო პირი უნდა აღმოცენდეს, რომელსაც სისტემა ძველებურად ათამაშებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც პუტინის შეცვლის შემთხვევაში რუსეთი უკეთესი გახდება.