"რუსეთი ხდება ჩინეთის უმცროსი "ძმა“ და ვასალი - კვირის პალიტრა

"რუსეთი ხდება ჩინეთის უმცროსი "ძმა“ და ვასალი

ჩინეთი ამერიკას ემუქრება და ტაივანის, ასევე იაპონიის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებს იწყებს, ნატო ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში მთავარ საფრთხედ ჩინეთ-რუსეთის შესაძლო ალიანსს განიხილავს და აცხადებს, რომ ერთიანად და პასუხისმგებლობით მოეკიდება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა თუ მტრულ ქმედებებს. რუსეთი უკრაინას ისევ ბომბავს და უარს ამბობს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზებაზე, ევროპა თურქეთს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს და ანკარისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. სომხეთსა და აზერბაიჯანში კონფლიქტი ისევ მწვავდება... - ყველა ეს პროცესი პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყნაზე და ახალ-ახალი საფრთხეების წინაშე გვაყენებს. როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიოს გეოპოლიტიკური წესრიგი და რა როლში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა­ ლაგაზიძე­ გვესაუბრება:

- საქართველოს ბედ-იღბალი­ პირდაპირ არის გადაჯაჭვული მსოფლ­იოში მიმდინარე პროცესებთან. რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები­ გამოკვეთა. დღეს მთავარ მოთამაშეებს შორის არ არის რუსეთი, ამ ბიპოლარულ მსოფლიოში ერთმანეთს ამერიკა და ჩინეთი უპირისპირდება. რატომ ჩინეთი, როდესაც რუსეთია ომის დამწყები? რომ არა ჩინეთი, რუსეთის იმპერიული ძალის გატეხა გაცილებით ადვილი იქნებოდა. დღეს რუსეთი­ დიდწილად ჩინეთის იმედად დგას. რუსეთ-უკრაინის ომმა დააჩქარა პროცესი - რუსეთი ხდება ჩინეთის უმცროსი "ძმა" და ვასალი და სულ უფრო მეტად დამოკიდებული მასზე ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად. რუსეთს ჩინეთი სჭირდება ერთი მხრივ ენერგორესურსების გასაღების ბაზრად და მეორე მხრივ, იმ ტექნოლოგიე­ბის მისაღებად, რომელთაც ბოლო დრომდე დასავლეთიდან იღებდა. გარდა იმისა, რომ რუსეთისთვის ჩინეთის, როგორც მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია, ამასთან, ამას ჯაჭვური რეაქციით მოჰყვება სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც. პეკინი მხარს უჭერს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილს, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ შიშობს, მეორადი სანქციების ქვეშ არ მოჰყვნენ მისი კერძო­ და სახელმწიფო კომპანიები. ამ ქვეყანამ ბოლო 7 თვის განმავლობაში მოკლევადიანი კონტრაქტების საშუალებით 48-დან 61 მილიარდამდე აიყვანა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა და მნიშვნელოვანი ალტერნატივა გახდა რუსული გაზისა და ნავთობისთვის. შეიძლება ითქვას, რუსეთმა, რომელიც უკრაინის დაპყრობით იმპერიის აღდგენას ცდილობდა, ხვალ შესაძლოა სუვერენიტეტი დაკარგოს ჩინეთთან ურთიერთობით, რაც გამოიხატება დემოგრაფიული პრობლემის შექმნაში, რუსული ეკონომიკის ჩინურზე ჩამოკიდებასა და ტერიტორიების დაკარგვაში.

- რუსეთ-ჩინეთის ალიანსი არა მარტო რუსეთისთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც საფრთხეს წარმოადგენს, რაც ნატოს ახალ კონცეფციაშიც აისახა. რა რესურსი აქვს ნატოს რუსეთ-ჩინეთის ალიანსის წინააღმდეგ?

- ამერიკამ უკვე სცადა ამ ალიანსის დაშლა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან­ თვე-ნახევარში ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ამ რამდენიმე ხნის წინ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ზოგიერთმა დამკვირვებელმა ისე წარმოაჩინა, თითქოს ამერიკამ ჭკუა ასწავლა ჩინეთს. სინამდვილეში ჩინეთი ძალიან შორსმჭვრეტელი და ჭკვიანი მოთამაშეა - ამ ქვეყნის ხელისუფლების დევიზია "იჩქარე ნელა". ცნობილი ჩინური იგავის არ იყოს, ჩინელებს ჰყოფნით მოთმინება, მდინარესთან დასხდნენ და ელოდონ, როდის ჩამოატარებს წყალი მათი მტრის გვამებს - ანუ მოთმინებით შეამზადონ ნიადაგი მათთვის სასურველი სიტუაციისთვის. პეკინისთვის ტაივანი ჩახურული ფურცელი არ არის. როგორც ჩინეთის სპეციალისტები ამბობენ, ჩინეთი ამ საკითხის სამხედრო გზით მოგვარებას არ გამორიცხავს, მაგრამ მაგალითად იყენებს რუსეთის შეცდომებს, ობიექტურად აფასებს დასავლეთის რეაგირებას, ითვალისწინებს დასავლური სანქციების სიმძიმეს, სამხედრო უპირატესობას და მოცდას არჩევს. ელოდება, იმ დროს, როდესაც მისი სამხედრო პოტენციალი მიუახლოვდება ამერიკისას.

- ეს ნიშნავს, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყება უკვე რეალური საფრთხეა?

- უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში რამდენიმეათწლეულიანი მშვიდობის ფაზა დასრულდა. ნატოს და ზოგადად დასავლური სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები რუსეთ-უკრაინის ომით არ ამოიწურება. რისი იმედი აქვს ნატოს? ამ გლობალურ დაპირისპირებაში დასავლური სამყაროს მთავარი ამოცანა საფრთხის ობიექტურად გაანალიზება და ერთიანობის შენარჩუნებაა. მოწინააღმდეგე ძლიერია! თანამედროვე ომი 5 სივრცეში მიმდინარეობს: ეს არის ზღვა, მიწა, ჰაერი, კიბერსივრცე და კოსმოსი. წარმატების მიღწევა შეუძლია იმ სახელმწიფოს, რომელიც ხუთივე კომპონენტში თანაზომიერად­ ძლიერია. დღევანდელ ომში ძალიან მნიშვნელო­ვა­ნია ამა თუ იმ საზოგა­დოების პოლიტიკური­ სიმწიფე და ფსიქოლოგიური მდგრადობა საინფორმაციო დივერსიული ოპერაციების მიმართ. საინფორმაციო დივერსიით შესაძლებელია წინასწარ გაანეიტრალო სამიზნე­ - იქნება ეს შეიარაღებული ძალები, მმართველი ელიტები თუ საზოგადოება. საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროს მკვლევრებმა თანამედროვე ეპოქას პოსტსიმართლის ეპოქა შეარქვეს. ეს არის მოცემულობა, როდესაც მნიშვნელობა აღარ აქვს, ვის მხარეს არის სიმართლე, რადგან უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში ადამიანები ვეღარ ახერხებენ არგუმენტების მოძიებას სიმართლის დასამტკიცებლად. ესე იგი, მთავარია, საინფორმაციო კლანჭებში მოიქციო ადამიანი და სწრაფად მიაწოდო იმდენად დიდი ინფორმაცია, რომ ალტერნატიული წყაროების მოძიება ვერც შეძლოს და აღარც მოუნდეს. სამწუხაროდ,­ საქართველო უკვე იქცა საინფორმაციო დივერსიული ოპერაციების გამოცდის პოლიგონად. ჩვენი მტრის მიზანია პირველ რიგში­ ერის დემორალიზება, ღირსებისა და წინააღმდეგობის უნარის დაკარგვა, შემდეგ კი მათი სხვადასხვა ჯგუფად დაყოფა და დაპირისპირება. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანია იმ სისუსტეებისა და შიშების­ ზედაპირზე ამოტანა, რაც ერს ამა თუ იმ ისტორიულ მონაკვეთში ობიექტურად აქვს. "აბა, ომი გინდათ?!"­ სწორედ ამ პროპაგანდის ნაწილია. ასეთ მიდგომებს­ მხოლოდ საქართვ­ელოში არ იყენებენ, რუსეთმა თავისი საინფორმაციო დივერსიული ოპერაციები წარმატებით დატესტა ამერიკაშიც 2016 წლისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში­. მესამე მსოფლიო უკვე მიმდინარეობს, უბრა­ლოდ, ეს ჯერ საინფორმაციო ველზეა.­ დღეს მსოფლიოს ნაწილი უკრაინის გავრცელებულ ინფორმაციას ენდობა, ნაწილი - რუსულს. ჩინეთი რუსული საინფორმაციო ველის ნაწილია.

- თქვენი ხედვით, ამ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ადგილი სად არის?

- საქართველო ძალიან მოუმზადებელია­ საინფორმაციო ომისთვის და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ. ან გადავრჩებით როგორც დამოუკიდებელი­ სახელმწიფო, ან გაქრება ჩვენი სუვერენიტეტი...ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა საქართველოზე გადის. აქამდე ეს გზა ნაკლებად პოპულარული­ იყო გარკვეული რისკების გამო. დღეს დასავლეთისთვის საქართველოზე გამა­ვალი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ნაკადები მნიშვნელოვანწილად რუსე­თის ალტერნატივა გახდა. შესაბამისად, საქართველომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთს რამდენიმე გზა აქვს: პირველი - საქართველოში უნდა ჰყავდეს სრულად კონტროლირებადი ხელისუფლება, რათა გააკონტროლოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მეორე - ქვეყანაში შექმნას იმგვარი ქაოსი, რომ საქართველოს გავლით გადაზიდვებს საფრთხე დაემუქროს, მესამე - პირდაპირი სამხედრო გზით დაიპყროს საქართველო და ჩაიგდოს ხელში გაზსადენებზე, ნავთობსადენებსა და სატრანსპორტო არტერიებზე კონტროლი. მთელ ამ ამბავში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ საქართველოზე გამავალი საკომუნიკაციო არხებზე წვდომა ჩინეთის ინტერესებშიც შედის. პეკინს შეუძლია ეს ალტერნატიული­ გზები რუსული მადის და ამბიციების მოსაქაჩად გამოიყენოს. ასე რომ, ერთი მხრივ, ურთულესი, მეორე მხრივ კი, უნიკალური შესაძლებლობის წინაშე ვდგავართ. სხვათა შორის, პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტები ივლისში შუა აზიის ქვეყნებში საქართველოს ზემოაღნიშნული ფუნქციების გაძლიერებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო. საკითხი ეხებოდა სწორედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას.

- როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი ისე, რომ ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, რომელსაც ნატო, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, საერთაშორისო წესრიგის დამრღვევად მიიჩნევს და კიდევ უფრო არ გავართულოთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა?

- ძალიან კარგია, ეს რომ მკითხეთ, იმიტომ, რომ ამერიკისთვის ეს საკითხი ნამდვილად გამოწვევაა. ალბათ,­ გახსოვთ, ჩინეთი მსოფლიოს თავისი "ჰუავეის" ბაზაზე წარმოებულ 5G-სისტემებს ამერი­კელებს გაცილებით იაფად სთავაზობდა. ვაშინგტონს ცოტა მოგვიანებით მოუწია ამ საკითხში ჩარევამ და ბრიტანეთში უკვე დამონტაჟებული ჩინური 5G-სისტემების დემონტაჟი დაიწყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩინეთმაც და ამერიკამაც იციან, მომავლის მსოფლიოში ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია და ამ ორ ქვეყანას შორის ორად გაყოფილი სამყაროც სწორედ ინფორმაციულ კონტროლს დაეფუძნება. საქართველო ამ თვალსაზრისით ამერიკის კალათშია.­ მართალია, ჩინეთთან ურთიერთობაზე უარის თქმა წარმოუდგენელი ახლომხედველობა იქნება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუვერენიტეტის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ დასავლეთი ჩვენ მიმართ ინტერესს არ დაკარგავს.­ მარტივი ამოცანის წინაშე ნამდვილად არ ვდგავართ. ჩინეთი ელოდება, როდის გადაიღლება დასავლეთი რუსეთ-უკრაინის ომით, რომ უკრაინა იძულებული გახდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და რუსეთთან ომი არცთუ ისე სასურველი შედეგით დაასრულოს. დასავლეთში უკვე ორად იყოფა აზრი: ნაწილი ომის მალე დასრულებას ითხოვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის იქნება მზად მოლაპარაკებისთვის, მანამდე კი დასავლეთი უკრაინას ყოველმხრივ უნდა დაეხმაროს. ჩინეთს იმედი აქვს, რომ დასავლეთში პირველი აზრი გაიმარჯვებს, თუმცა აცნობიერებს, რომ არჩევანი ისეთი მარტივია, როგორიც არასდროს: ან რუსული ჩექმა, ან რუსული გაზი. იმედია, დასავლეთში ეს განწყობა უკრაინის ომის დასრულებამდე გასტანს.

- ჩინეთს რატომ აწყობს ომის დასრულება­ უკრაინისთვის არასასურველი შედეგით?

- ჩინეთი დღეს ყველაზე მომგებიან თამაშს თამაშობს. რუსეთი ფაქტობრივად უკვე დაიქვემდებარა - ისეთ დაბალ ფასად ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს,­ თანაც ისე შეუზღუდავად, რომ ომის დაწყებამდე ეს წარმოუდგენელი იყო. ასევე, რუსეთის ბაზრის კარი ღიაა მისი სამომხმარებლო პროდუქციისა და ტექნოლოგიებისთვის. მართალია, ჩინეთს გაძლიერებული რუსეთი არ სჭირდება, მაგრამ არც ტრიუმფატორი დასავლეთი ეხატება გულზე, იმიტომ, რომ წინ ტაივანის საკითხი აქვს გადასაწყვეტი. ასე რომ, შემოდგომამდე, ანუ მანამდე, სანამ ჩინეთში კომუნისტური პარტიის მორიგი ყრილობა არ იქნება, სადაც პრეზიდენტს აირჩევენ, ჩინეთი­ თავის პოზიციას არ შეცვლის. ჩვენთვის ახლა სასიცოცხლო ამოცანაა, არ აღმოვჩნდეთ დასავლური სივრცის მიღმა. დღის წესრიგში დადგა ყაზახური ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც დიდ შესაძლებლობებთან ერთად დიდი რისკია, საქართველოს ხელისუფლება ზეაქტიურ მოლაპარაკებებს უნდა აწარმოებდეს დასავლეთსა და ჩინეთთან, ვინაიდან დღის წესრიგში ყაზახეთის უსაფრთხოებაც დგას, საქართველოზე გამავალი ენერგომარშრუტების, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ხათუნა ბახტურიძე