"აფხაზები მამაჩემს ეუბ­ნებოდნენ, რაც უნდა მოხდეს, ისე არასდროს იქნება, თქვენი სახლის კარის გაღების გვრცხვენოდესო“ - კვირის პალიტრა

"აფხაზები მამაჩემს ეუბ­ნებოდნენ, რაც უნდა მოხდეს, ისე არასდროს იქნება, თქვენი სახლის კარის გაღების გვრცხვენოდესო“

90-იან წლებში ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებიდან სამი ათეული წელი გავიდა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მეტი რამ ხდება ცნობილი. თითქმის ყველა ოჯახს პირადი ტრაგედია აქვს. ამიტომაც დღემდე გრძელდება კამათი იმაზე,­ იქ მომხდარი ეთნიკური წმენდა იყო თუ გენოციდი. იმავდროულად, არ წყდება­ მსჯელობა იმის შესახებ, რაც 13-თვიანი ომის დროს აფხაზებსა და ქართველებს შორის ხდებოდა - ისინი ერთმანეთის გადასარჩენად თავს არ ზოგავდნენ. აფხაზეთიდან დევნილ მერი შუკვანს ყოველი წლის 14 აგვისტოს ყველაფერი თავიდან ახსენდება:

- გაგრის რაიონის სოფელ იფნარში ვცხოვრობდით. ჩემი მეუღლე სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა და დღე-დღეზე­ გაგრაში ბინა უნდა მიგვეღო. სულადობის მიხედვით, სამოთახიანი გვეკუთვნოდა და 14 ათასი მანეთი გადარიცხული მქონდა, მაგრამ 14 აგვისტოს აფხაზეთში ტყვია გავარდა. სხვებივით ჩვენც გვეგონა, ყველაფე­რი მალე ჩაწყნარდებოდა, მაგრამ ომი დაიწყო. ის ბინები ახლაც დაუსრულებელია, ამას წინათ ახლობელმა გამომიგზავნა ვიდეო...

იმ 13 თვის განმავლობაში უამრავი სიკ­ვდილი, სისხლი, გატაცება და სიცოცხლის ფასად ერთმანეთის გადარჩენის ფაქტები ვნახეთ. ზურგით მოიყვანა აფხაზმა დაჭრ­ილი­ ქართველი მეგობარი­, შუაღამისას წამლებით მოაკითხა და გათენებამდე თავზე ადგა, ხომ გადარჩებაო. დილით კი დაჭრილი ქართველის სახლის კართან მიყუდებული იარაღი აიღო და თავისიანებს შეუერთდა ქართველების წინააღმდეგ ომში.

ჩემი უმცროსი ძმა ერთ-ერთი პირველი იყო აფხაზეთიდან, ვინც საქართველოს ეროვნულ გვარდიაში ჩაირიცხა. არც დაფიქრებულა, ისე წავიდა, ჩემს ქვეყანას უნდა ვემსახუროო... ჩვენთან ახლოს აფხაზი ძმები, გვა­რად სიჭინავები ცხოვრობდნენ.­ ორივე აფხაზურ დაჯგუფებას შეუერთდა, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. მამაჩემს ეუბ­ნებოდნენ, რაც უნდა მოხდეს, ისე არასდროს იქნება, თქვენი სახლის კარის გაღების გვრცხვენოდესო... ერთმანეთს ვესროდით, მაგრამ რაღაცნაირად მათი სიტყვის გვჯეროდა, მათაც... აფხაზეთისთვის საბრძოლველად ორივე მხარეს თავისი სიმართლე ჰქონდა, მაგრამ რომელი იყო მართალი, ამაზე ლაპარაკი არ სურდათ.

გაგრა 2 ოქტომბერს დაეცა. წლებია ძალიან ბევრს ლაპარაკობენ აფხაზების დანაშაულზე, მაგრამ ძალიან ცოტას სომხებსა და ჩეჩნებზე, რომლებიც სისხლზე დაგეშილი ცხოველებივით ნადირობდნენ ჩვენზე. გაგრა აფხაზების ხელში იყო, როდესაც სომხები მოგვადგნენ. სამი მცირეწლოვანი­ ბავშვი გვყავდა და სანამ წასასვლელად უსაფრთხო გზებს ვეძებდით, ქალაქი აფხაზებმა აიღეს. ჩემს ქმარს უთხრეს, იარაღი გამოიტანეო. მას სამსახურის პისტოლეტი­ ჰქონდა და უთხრა, ამის მეტი არაფერი­ მაქვსო. ეგ ვიცით, წასვლას რომ აპირებთ,­ იმისთვის გადადებული­ ფული და სამკაულები­ გამოიტანეო. ფული მივეცით, ოღონდ ბავშვები არ შემიშინოთ და რაც გინდათ, წაიღეთ, მაგრამ სამკაულების წაღება დაგასწრეს-მეთქი. მაშინ გაარკვიეს, ვინც დაასწრო. ორი კაცი ჩემი ქმრის მანქანაში­ ჩახტა­ და მათკენ წავიდა. დანარჩენები დარჩნენ. აქამდე რატომ არ წახვედითო, ჩემს ქმარს ჰკითხეს. არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვლებოდაო. დასცინეს, ქართველებს ჭკვიანებად კი მოგაქვთ თავი, მაგრამ ბევრი­ რამ არ გეგონათო... მერე ერთმა ჩემს უმცროს ძმაზე მკითხა და სხვებმა ყურები ცქვიტეს. ვუთხარი, ომის დაწყებიდან მასზე არაფერი­ ვიცი-მეთქი. დღემდე არ ვიცი, მართლა არ იცოდა, თუ დამინდო და არ მითხრა, რომ ცოცხალი აღარ იყო...

ღამდებოდა, ჩემი ქმარი რომ წაიყვანეს. დავრჩი მარტო სამი მცირეწლოვანის­ ამარა. არ ვიცოდი, მეორე­ დილა გაგვითენდებოდა თუ არა. მხოლოდ რამდენიმე დღის საჭმელი გვქონდა, ვითომ წასასვლელად რომ მოვიმარაგეთ. შუაღამეს კარზე ვიღაცამ დაგვიკაკუნა - მოძალადეს არ ჰგავდა, ისინი პირდაპირ შემოანგრევდნენ ხოლმე კარს. ორი პატარა ბიჭი იყო, ახლა ახსნა-განმარტების თავი არა გვაქვს, სასწრაფოდ ჩააცვი ბავშვებს, რაც შეიძლება­ ნაკლები ბარგი­ აიღე და მანქანაში ჩასხედით, გუდაუთაში უნდა წაგიყვანოთ, იქ კი ტყვეებში­ გაგცვლიანო. ენაჩავარდნილი ვეცი ჩანთებს, მხოლოდ ბავშვების თბილი ტანსაცმელი ჩავალაგე. იმ ბიჭებმა სახეზე ნიღბები აიფარეს, არ ვიცი, ალბათ, ყოველი შემთხვევისთვის და ფურგონის მსგავს­ მანქანაში ჩაგვსხეს. უკან დაჭრილი იწვა, რომელიც ქართულად ბოდავდა. თითქმის უწვერული ბიჭი იყო, დედას ეძახდა... რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ და შემხვედრი მანქანა გამოჩნდა. ამათ ფარების ციმ­ციმით ანიშნა,­ გააჩერეთო. სომხები აღმოჩნდნენ. ამათზე ბევრად უფროსები­, სამხედრო ფორმები ეცვათ და იარაღიც თან ჰქონდათ. ერთი ძალიან აქტიურობდა­. რა გაქვთ მანქანაში,­ უნდა ვნახოო. ერთი წინ გადაუდგა,­ ეს ჩვენი საქმეაო. სომეხი გაიქაჩა,­ ამ ომში ჩვენც სისხლს ვღვრით, თქვენ კი ჩვენს ზურგს უკან ქართველებთან მოლაპარაკებას აწარმოებთ, ამას არ გაპატიებთო და მისი გაწევა სცადა, მაგრამ ეს ბიჭი წამოენთო. ტანით მასზე მაღალი იყო და წინ წასვლის ნება არ მისცა. ამასობაში მეორემ შემოუარა­ მანქანას და ჩვენკენ წამოვიდა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. ორი ნაბიჯიც და, დაჭრილი­ ქართველის ხმას გაიგონებდნენ. მერე ვინანე,­ აფხაზური ხომ ვიცი და გადავსულიყავი და მეთქვა, რაშია,­ ხალხო, საქმე-მეთქი, ვითომ იმათიანი ვიყავი, მაგრამ შიშისგან ვერ მოვიფიქრე. უეცრად იმ ტანმაღალმა იარაღი ამოიღო და ჰაერში გაისროლა - შეგაკვდებით და მანქანასთან მიახლოების უფლებას არ მოგცემთ,­ აქ ბრძანებებს ჩვენ ვიძლევითო. სომეხმა თავისიანებს რაღაც გადაულაპარაკა და გაგვეცალნენ. იმის შიშით, რომ არ დაგვწეოდნენ, მძღოლი გაფრინდა. მეორემ უთხრა, სომხებს კი გადავურჩით და აქ სადმე ნუ გადაგვჩეხავო, მაგრამ არ შეუნელებია.

ბავშვების დარდი მქონდა, ტირილი არ დაეწყოთ და საქმე უფრო არ გაერთულებინათ. ყველაზე უმცროსი სამი წლის იყო. ომამდე ლაპარაკობდა ენამოჩლექით, მაგრამ მაინც... ომის შემდეგ შეწყვიტა და მხოლოდ 8 წლისამ ამოიდგა ენა. ახლა ოჯახი ჰყავს,­ მაგრამ რაღაც სიტყვებს დღემდე ვერ წარმოთქვამს სწორად... აფხაზი ბებიის, გვარად როყვას გაზრდილი ვარ და მათი ენა ცოტა მესმის, მაშინ საუბარიც შემეძლო. ბიჭებო, საით მიგყავართ, ჩემი თავი ჯანდაბას, ბავშვებზე ვდარდობ-მეთქი. ჩემი აფხაზური არ გაჰკვირვებიათ, გაეცინათ, როცა გინდათ ქართველები ხართ, როცა გინდათ მეგრელები, აფხაზები­ ან სვანებიო. ერთმა ირონიულად მიპასუხა, ნუ გეშინია, შენ რომც ვერ გადარჩე, ბავშვებს ჩვენ გაგიზრდითო, მეორემ თვალები გადაუბრიალა - ეგ შენი საქმე არ არის, რაც გითხრეს, გააკეთეო...

ჩემს უფროს ბავშვს ისე სციოდა­, კანკ­ა­ლებდა.­ მანქანის შუშა არ იკეტებოდა. იმ ტანმაღალმა ქუდი მო­იხადა და დაახ­ურა. ომია, მაგრამ ბავშვებს არაფერი დაუშავებიათო­. ყველა ემოცია ერთმანეთში მერეოდა­, ბრაზის, მადლიერების, კიდევ რაღაც­ის, რისი არსებობაც ომამდე არც ვიცოდი, მაგრამ ტირილს ვერ ვბედავდი. ცოცხალ-მკვდრები ჩავედით გუდაუთაში. მანქანიდან გადმოსულმა მხოლოდ ის მოვიფიქრე, რომ სასწაულით გადარჩენილი ჩემი ნათლობის ოქროს ჯვარი მოვიხსენი­ და იმ ბიჭს მუჭში ჩავუდე, არ ვიცი, რა გზა გაქვს, საით წახვალ, მაგრამ ამან დაგიცვას-მეთქი... გაოგნებისგან ვერაფერი მითხრა, თან გარშემო ხალხი იყო და დაბნეულმა ვერც იუარა. წლების შემდეგ იმ ჩვენი ახლობელი აფხაზი სიჭინავების დახმარებით უკან გამომიგზავნა იმ ბიჭის დამ, ამ ჯვარმა ჩემი ძმა ბევრჯერ გადაარჩინა, ახლა, ალბათ, თქვენ უფრო გჭირდებათო. არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ომის ჯოჯოხეთს გადაურჩა. ის შეიარაღებულ სომხებს, რომლებიც, სავარაუდოდ, "ბაგრამიანის" წევრები იყვნენ, ჩვენ გამო მკერდით გადაუდგა.

- დაჭრილ ბიჭს რა უქნეს?

- იქ ვიღაც დახვდა და იმან წაიყვანა, აფხაზ დაჭრილებზე ცვლიდნენ... იმ სახლში რამდენიმე ტყვე ქალი და ბავშვი იყო, მაგრამ ადამიანურად გვექცეოდნენ. ერთმა აფხაზმა მასპინძელი გააფრთხილა, ამან აფხაზური იცის და მისი თანდასწრებით ნუ ილაპარაკებო, მაგრამ მაინც გავიგე, რომ გაგრის ამბავი გადაწყვეტილი იყო...

მასპინძელმა მითხრა, ვინც აქ მოიყვანეს,­ ყველა გადარჩა, არ ვიცი, გზაში რა მოხდება, მაგრამ აქედან ცოცხლები გახვალთ, ჩემს სახლში ადამიანის სისხლი არ დაიღვრებაო. რაც ჰქონდათ, გვაჭმევდნენ, თბილი­ მოსაცმელიც მომცეს, მაგრამ დისტანციას მაინც იცავდნენ, არ გვემეგობრებოდნენ. ბავშვს სიცხე ჰქონდა და მოხუცმა ქალმა შეულოცა, ახალგაზრდა რძალმა კი ცხელი თხის რძე შემოგვიტანა, წამლებიც მოგვაწოდა.

- ქართველები ბევრი იყავით?

- მიჰყავდათ და მოჰყავდათ. ალბათ, ათამდე მაინც ვიქნებოდით. ისეთი დათრგუნვილები ვიყავით, ვერც ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ერთ გოგონას უთხრეს, რომ მისი და და სიძე დახვრიტეს. მახსოვს­ მისი გაქვავებული სახე, ტირილი უნდოდა­, მაგრამ ვერ ტიროდა, მტრის სახლში იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ორი ბიჭი მოვიდა, მოემზადეთ, წავედითო, მითხრეს. მანქანაში მე წინ დამსვეს, უმცროსი გოგონა კალთაში ჩამისვეს, დანარჩენი ორი უკან დასვეს და წავედით. გზაში გააჩერეს,­ სამძიმარზე უნდა შევიდეთ, მალე გამოვალთო. მაშინ მკითხა ჩემმა 11 წლის ბიჭმა, სად მივყავართ, უნდა დაგვხვრიტონო? არა, შვილო, ეგ რომ ნდომოდათ, ამხელა გზას არ გამოგვატარებდნენ-მეთქი. ამასობაში ისინი დაბრუნდნენ, გუდაუთის შტაბში უნდა წაგიყვანოთო, ტყვეებში გცვლიანო.­ თუ სწორად მახსოვს, შტაბი გუდაუთის სადგური ახლოს იყო. მათი მინისტრი აფხაზი კობახიძე იყო... მის კაბინეტში შემიყვანეს, აბრაზე ეწერა "მინისტრი", მაგრამ ისე ვნერვიულობდი, მუხლები შიშისგან მიკანკალებდა, მხოლოდ სიტყვა "მინისტრი" და მისი ქართული გვარი წავიკითხე. რაღაცას კითხულობდა, ჩვენს დანახვაზე თავი ასწია. "აი ეი?" - ჰკითხა ჩვენზე იმ ბიჭს აფხაზურად, ანუ ის არისო? - ამან თავი დაუქნია. ქართულად ვკითხე, ქართველი ხართ-მეთქი, ხელი აიქნია, გრუზინსკი ნე პონიმაიუო... სხვებიც შემოიყვანეს. ჩემი ბავშვობის ფოტოგრაფი ვიცანი, ამირან ჩალაძე­, ის უბედურიც ტყვედ იყო. შენ აქ გინდა, დროულად რატომ არ გახვედითო, გაგიჟდა... ის ცოლ-შვილით იყო, პატარა ბიჭები თან ჰყავდა, მათაც გაცვლისთვის ამზადებდა.­.. ვერტმფრენებისკენ წაგვიყვანეს. რუსი პილოტი გამოვიდა და ჩანთაზე მიმითითა, რა გიდევსო, ბავშვის ტანსაცმელია-მეთქი. საგულდაგულოდ შეამოწმა. საით მიდიხარო, სოხუმში-მეთქი, მანდ ნუ დარჩები, მალე ისიც ჩვენი გახდებაო.

- რუსმა პილოტმა გითხრათ?

- დიახ, თან რამდენჯერმე გამიმეორა... ვერტმფრენით სოხუმში ჩაგვიყვანეს. 3 მარტი იყო. წასასვლელი არსად მქონდა. კარგა ხანს ვიდექით აეროპორტთან, იქნებ ვინმე ნაცნობი ვნახო-მეთქი. ბიჭებმა ჩამიარეს და სვანურად რაღაც ჩაილაპარაკეს. გამოვეკიდე, საიდან ხართ-მეთქი. გაუკვირდათ, აქ რა გინდა, თანაც ბავშვებითო. ყველაფერი მოვუყევი. იმდენ ხანს მაგრად კი ვიდექი, მაგრამ ჩემიანების დანახვაზე ყველა ემოცია ერთად მომაწვა და ტირილი დავიწყე, ბავშვებმა ატირებული დედა რომ დაინახეს, ისინიც ატირდნენ. ახლა ვფიქრობ, რა საცოდავი სანახავი ვიყავით. თუ ვინმე გყავთ­ ახლომახლო, მიგიყვანთო. გამახსენდა, ბიძაშვილი ცხოვრობდა გულრიფშში, სტადიონის ახლოს, და მან შეგვიფარა.

- მეუღლე გადარჩა?

- დიახ, სამჯერ გაუყვანიათ დასახვ­რეტად და სამივეჯერ აფხაზებმა გადაარ­ჩინეს. ჩაკეტილ კართან დაცვა დააყენეს და ბოქლომი დაადეს, მაგრამ აფხაზებმა დაცვაც მოაშორეს, კარი შტურმით ჩამოიღეს და გამოგვიყვანესო. ქართველი ტყვეების გამო ერთმანეთშიც ჰქონდათ დაპირისპირება. ისევ სიჭინავების ჩარევით იპოვეს­ ის ოჯახი, სადაც ტყვეები ჰყავდათ, მათვე წამოუყვანიათ და ათი დღე შეიფარეს.­ ეცადნენ მათ სახლზე თავდასხმას,­ მაგრამ ვერ გაუბედეს, არ იყვნენ ხელწამოსაკრავი ბიჭები. მერე ჩვენებმა ორი აფხაზი მიუყვანეს, სადღაც ნეიტრალურ ადგილას დაელოდნენ და იქ მოიყვანეს ჩემი ქმარი. სომხები,­ ჩეჩნები, კაზაკები, რუსები და ჩრდილოკავკასიელები ყველა გზით ცდილობდნენ ქართველებსა და აფხაზებს შორის ტყვეების გაცვლა ჩაეშალათ... აფხაზეთიდან ვერტმფრენით გადმოაფრინეს სოხუმის აეროპორტში, ჩემი მეუღლე ვერ ვიცანი, საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულს ჰგავდა. ხმაც კი არ ჰქონდა თავისი. კარგა ხანს მეგონა, მის ნაცვლად სხვა კაცი ლაპარაკობდა. სასტიკად ნაცემი იყო. მარჯვენა ხელის­ თითებს ვერ გრძნობდა. ბევრ რამეზე­ ახლაც ვერ ლაპარაკობს... იმ დღის შემდეგ, კარანტინი გამოაცხადეს. თურმე ვიღაცები მიტოვებულ მანქანებს გასაყიდად სოჭში ეზიდებოდნენ. თითქმის ორი კვირის შემდეგ აფხაზეთი დავტოვეთ, ენგურის ხიდით გადმოვედით.

- სიჭინავებთან კავშირი არა გაქვთ?

- ხანდახან, დღესასწაულებს ვულოცავთ ერთმანეთს. შემოგვითვალეს, რა დროც უნდა გავიდეს, სანამ ცოცხლები ვართ, ამ სახლში სხვა ვერ იცხოვრებსო.