"მოსკოვში ნაციონალისტად ვიყავი გამოცხადებული... ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და ისეთი, როგორსაც ვხედავთ!.." - კვირის პალიტრა

"მოსკოვში ნაციონალისტად ვიყავი გამოცხადებული... ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და ისეთი, როგორსაც ვხედავთ!.."

"ქაშვეთის წინ, გაჩერებასთან, დიდი დეკორატიული ქვებია და ახლა რომ მოვსინჯე, ვერაფრით დავძარი, 9 აპრილს კი მინდოდა ეს ქვები ამეღო, რომ რუსული ტანკებისთვის მესროლა და გამწარებულმა გვარიანად წამოვწიე... ახლაც სულ ვფიქრობ, ისევ არ მოგვადგნენ... მარიუპოლი­ მონაგონი იქნება... ქვეყანა არანორმალურის ხელშია და ატომური იარაღი თუ გამოიყენა, მსოფლიოს გაანადგურებს", - ამბობს­ ცნობილი კინომცოდნე გოგი დოლიძე.

- სახლში, ერთ ოთახში, ფაქტიობ­რივად, ჩემი სამსახური მაქვს მოწყობილი... უმნიშვნელოვანეს პროექტზე - პირველ ქართულ თეატრალურ ენციკლოპედიაზე ვმუშაობ უკვე რვა წელია. ძალიან კარგი პირობები შემიქმნეს, თუმცა მუშაობა­ მიჭირს და ძილის რეჟიმიც დამერღვა, რადგან არ შემიძლია უკრაინის შესახებ ყველა ცნობას არ გავეცნო... უკრაინა ჩემთვის ერთი რიგითი საბჭოთა რესპუბლიკა არ არის, რადგან სამეცნიერო ხარისხი იქ დავიცავი. კინომცოდნეობაში ხარისხის დაცვა მოსკოვის გარდა არსად შეიძლებოდა, მოსკოვი­ კი ჩემი წინააღმდეგი იყო, რადგან ნაციონალისტად ვიყავი გამოცხადებული...

- რატომ?

- მოსკოვთან სულ უთანხმოება მქონდა. ახლაც მედავებიან, რომ ნაციონალისტი ვარ... ერთმა რუსმა კოლეგამ დაწერა­ მონოგრაფია "ქართული კინოს ისტორია". მაშინ გამომცემლობა "ხელოვნების" თეატრისა და კინოს განყოფილების გამგე ვიყავი და ეს წიგნი დავიწუნე. საქმეში­ აკაკი­ ბაქრაძეც ჩაერია და გამოცემაზე უარი ვუთხარით. აკაკი ბაქრაძის უარყოფითი რეცენზია 1991 წელს მოსკოვში, საკავშირო თათბირზე სიტყვით გამოსვლისას გამოვიყენე და ვთქვი, თავი დაგვანებეთ, ჩვენ თვითონ გავერკვევით და ქართული კინოს შესახებ ისტორიას თავადვე დავწერთ-მეთქი. მერე "ლიტერატურულ საქართველოშიც" დავწერე, ვინ წერს ქართული კინოს ისტორიას-მეთქი! მახსოვს, გურამ ფანჯიკიძემ მითხრა, აქ მოსული აღარ გნახო, შენი სტატიები სულ ასეთი სადავოაო... რუსი ავტორი ჩივილით გვემუქრებოდა, მაგრამ რეზო ჩხეიძემ დაგვიცვა. რეზო რომ არ დაგვხმარებოდა და მას "ჯარისკაცის მამა" გადაღებული არ ჰქონოდა, ციმბირში გამიშვებდნენ... დოკუმენტები ახლაც შენახული მაქვს. ისეთი რამეები წერია, გაოცებისგან თმა ყალყზე დაგიდგებათ...

ერთხელ მოსკოვიდან მინისტრის დონის კაცი ჩამოვიდა და მთავრობის სახლში განაცხადა, გოგი დოლიძემ არაქართული წარმოშობის შემოქმედება ქართული კინოს­ ისტორიიდან ამოყარაო. ჩემმა კოლ­ეგამ, ნათია ამირეჯიბმა, ვე\რ მოითმინა და თქვა, ეს ცილისწამებააო... ხშირად მირეკავდა რეზო ჩხეიძე, ფაქტობრივ შეცდომებს "მიაწექი", თორემ გადაგასახლებენო...­ ფაქტობრივი შეცდომები იყო სახელებში,­ გვარებში, თარიღებში... რეზომ შესანიშნავი წერილი დაწერა ვასილ ამაშუკელზე. მოგეხსენებათ, ვასილ ამაშუკელმა 1912 წელს გადაიღო ფილმი­ "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", რომელიც მსოფლიოში პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია. რუსი კინომცოდნეები ამაში არ მეთანხმებოდნენ - პირველები ჩვენ ვართო, ამტკიცებდნენ. ქართველმა, რუსულად ამეტყველებულმა კინომცოდნემ თქვა, ოქტომბრის რევოლუციამ ქართული კინო მოგვიტანაო და ამას როგორ ვაპატიებდით?!.

არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და ისეთი, როგორსაც ვხედავთ!.. ბოლო დროს ბავშვები კიდევ უფრო შემიყვარდა. საჯარო ბიბლიოთეკაში­ რომ მივდივარ, ჯიბით ნახევარი კილო კანფეტი მიმაქვს და გზაში ყველა შემხვედრ­ ბავშვს ვჩუქნი - ქართველია, უკრაინელი, რუსი თუ სხვა ეროვნების... როგორ შეიძლებოდა რუსეთს უკრაინაში ამ დღეში ჩაეყარა ბავშვები, უმწეო ქალები?! სამამულო ომი რომ დაიწყო, 7 წლის ვიყავი და ყველაფერი მახსოვს... მაშინ არ იყო ასეთი ჯოჯოხეთი, როგორიც ახლა, მგონი, ადამიანი უფრო სასტიკი გახდა... ჩანაწერი მოვისმინე, რუსი ჯარისკაცი თავის ახლობელს რომ ეუბნებოდა, დიდი და პატარა, ყველა უნდა ამოვხოცოთო. არ ვიცი, ეს ომი როგორ დამთავრდება, მაგრამ ვფიქრობ, მართლაც ხომ არ მოდის კაცობრიობის აღსასრული...

- აფხაზეთის ომში არნაკლები სისასტიკე იყო...

- დიახ, იქ ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. აფხაზეთთან ბევრი­ რამ მაკავშირებს. სოხუმში ჩემი და ცხოვრობდა, ცაგუ დოლიძე, რომელიც ქიმიკოსია, აკადემიკოსი. მასთან ძალიან ხშირად ჩავდიოდი. 1986 წელს აღვადგინე ფილმი, რომელიც 1929 წელს "ქართულმა­ ფილმმა" გადაიღო აფხაზეთზე. რეჟისორი დავით რონდელი იყო, სცენარისტი - გიორგი მდივანი. ამ ფილმის აღდგენის შემდეგ სულ მეპატიჟებოდნენ. ერთხელაც ჩავედი და კარგად მოვილხინეთ... შეგახსენებთ, მსოფლიოში აღიარებული თამადა ვარ - "ვაშინგტონ პოსტმა" 12-კაციანი ჯგუფი გამოგზავნა, ჩემი თამადობა გადაიღეს და ათგვერდიანი სტატია დაწერეს. ვისაც სტუმართმოყვარეობის შესახებ რამე აინტერესებდა, ურჩევდნენ, საქართველოში ჩადითო... აფხაზეთის წვეულებაზე სამმა დამ, მარღანიებმა, ყანწი მაჩუქეს, რომელსაც სათუთად ვინახავ. წარწერაც აქვს... მათი მამაა­ ფილმში გადაღებული და ყანწზე დამიწერეს, დიდი მადლობა, მამა რომ გაგვიცოცხლეო... სატელევიზიო გადაცემა რომ მქონდა, რამდენჯერმე ვთქვი, სანამ ამ ყანწის გამოცლა შემიძლია, საერთო სუფრა გავშალოთ-მეთქი. აფხაზეთიდან მანქანაც გამომიგზავნეს, მაგრამ არ წავედი. მათ სურდათ, ისე ჩავსულიყავი, მაგრამ ვუპასუხე, საქართველოს კულტურის სამინისტროს სთხოვეთ და მერე ჩამოვალ-მეთქი. აფხაზ ძმებთან ერთად ამ ყანწით კიდევ ერთხელ უნდა დავლიო სადღეგრძელო!

- რუსეთში ხშირად გიწევდათ ყოფნა?

- რაც ქართული კინოსკოლა ასოცია­ციის წევრი გახდა, მას შემდეგ ძალიან ხშირად... ახლა რუს ხალხს რომ ვუსმენ, გაოგნებული ვარ! ეტყობა, მათი ხელისუფლების პროპაგანდა კარგად მუშაობს. რუსები ფაშისტებზე უარ­ესები არიან! ფილმებშიც კი არ მინახავს, რაც ახლა უკრაინაში გადაღებულ კადრებში ვნახე! ერთი რამ მახსენდება 9 აპრილის ტრაგედიიდან: ქაშვეთის წინ, გაჩერებასთან, დიდი დეკორატიული ქვებია და ახლა რომ მოვსინჯე, ვერაფრით დავძარი, 9 აპრილს კი მინდოდა ეს ქვები ამეღო, რომ რუსული­ ტანკებისთვის მესროლა და გამწარებულმა გვარიანად წამოვწიე... ერთ პოლონურ ფილმშია ასეთი კადრი: ტანკები მოდიან და პოლონელი კაზაკები მათ ხმლებით მისცვივდებიან... ასეთ უმწეო მდგომარეობაში ვიყავით და მეც რომ ტანკისთვის იმ დიდი ქვის სროლა მინდოდა, სრულ ჭკუაზე აღარ ვიყავი. ახლაც სულ ვფიქრობ, ისევ არ მოგვადგნენ... მარიუპოლი მონაგონი იქნება...