"ის წმინდა ადგილად იყო მიჩნეული და სოფელი შიშმა მოიცვა" - ნაეკლესიარზე წამოჭიმული რესტორნის ადგილას ისევ ტაძარი აღიმართება - კვირის პალიტრა

"ის წმინდა ადგილად იყო მიჩნეული და სოფელი შიშმა მოიცვა" - ნაეკლესიარზე წამოჭიმული რესტორნის ადგილას ისევ ტაძარი აღიმართება

ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, რიონს გადახვალთ თუ არა, აღმოჩნდებით ულამაზეს სოფელ დაფნარში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. წლების განმავლობაში, კომუნისტური ხანიდან მოყოლებული, ამ გზაზე მგზავრებს თვალში ხვდებოდათ რესტორანი "დაფნარი". დაფნარის მკვიდრთ დღესაც ახსოვთ, ზოგმა კი წინაპრების გადმოცემით იცის, რომ ადრე აქ ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია მდგარა. თურმე რესტორნის კედლებში ჩაყოლებულ ეკლესიის თლილ ქვებსაც ადვილად ცნობდნენ მოქეიფენი... დიდი სურვილის, ძალისხმევის, კეთილი ადამიანების მონდომებისა და, რაღა თქმა უნდა, ღვთის ნებით, რესტორანი შეისყიდეს, დაშალეს და ახლა დაფნარელები ნაეკლესიარის ადგილზე ისევ ეკლესიის აგებაზე ფიქრობენ.

სოფელი დაფნარი

არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ ძვ.წ. V-II საუკუნეებში აქ, უძველესი სავაჭრო გზების გზაჯვარედინთან, ძლიერი კოლხური სოფელი ყოფილა. გასული საუკუნის 60-იან წლებში სოფლის ტერიტორიაზე წააწყდნენ ძველ კოლხურ ქვევრებს, დოქებს, ლარნაკებს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულებს, ძველ ფულს. შუა საუკუნეებში დაფნარი ვანის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო, სადაც მისდევდნენ მევენახეობას, მეღვინეობას და ჩართული იყვნენ სასაქონლო-ფულად ურთიერთობებშიც. ამას 1966-73 წლების არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს. მასობრივი დასახლება დაფნარში მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება. ამ პერიოდში სოფელს ჰქონდა სკოლა და ღვთისმშობლის შობის ეკლესია. 1913 წელს სოფლის ორკლასიან სკოლაში ასწავლიდა გალაკტიონის ძმა, პროკლე ტაბიძე. 2014 წლის მონაცემებით, დღეს სოფელში 541 ადამიანი ცხოვრობს.

resto2-1660479665.jpg

ღვთისმშობლის შობის ტაძარი

ღვთისმშობლის შობის ხის ეკლესია 1799 წელს აშენდა. 1852 წელს იქაურებს­ ეკლესია შეუკეთებიათ. 1910 წელს ქვის ეკლესიის მშენებლობა დაუწყიათ და სამ წელში დაუსრულებიათ. ტაძარი ნატიფად­ ყოფილა ნაშენი. ოსტატებს აივნებიც გაუკეთებიათ მგალობლებისთვის, ჭერზე კი 70-შანდლიანი ჭაღი ეკიდა. კომუნისტური მმართველობისას, კერძოდ, 1940-იან წლებში, დაფნარის ღვთისმშობლის შობის ეკლესია დაუნგრევიათ და მის ადგილას აუშენებიათ სასადილო ,,სირაჩხანა", შემდეგ კი - რესტორანი ,,დაფნარი". ეს ამბავი ყოველთვის აღელვებდა სოფლის მოსახლეობას და მხოლოდ წელს მოახერხეს, სოფლის ახალგაზრდების ძალისხმევითა და ქველმოქმედი ადამიანების ხელშეწყობით, რესტორნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შესყიდვა. ნაეკლესიარზე მაშინვე დააბრძანეს ღვთისმშობლის ხატი, დაკიდეს ზარი, ამის შემდეგ კი დაშალეს რესტორანი. ტერიტორიის გაწმენდაში მთელი სოფელი მონაწილეობდა.

"ნატაძრალზე ტაძარი უნდა აშენდეს!"

"ნატაძრალზე ტაძარი უნდა აშენდეს, სხვა არაფერი, ჰოდა, ღვთის ნებით, ნატაძრალზე ტაძარი აიგება!" - ამბობენ დაფნარელები. ამ მიზნით 500-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეგროვდა. არსებობს დიდი სურვილი და ეს სურვილი რომ რეალობად იქცეს,­ ამისთვის ბევრი დაბრკოლება უკვე გადალახეს დაფნარელებმა. ახლა სპეციალისტები პროექტის სრულყოფაზე მუშობენ. აქაურებს სჯერათ, რომ მოხერხდება და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლობას, დაფნარში, ღვთისმშობლის შობის ნატაძრალზე, კვლავ ტაძრის საძირკველი ჩაიყრება.

91 წლის ოთარ ტორონჯაძე ერთადე­რ­თი­ ადამიანია სოფელში, რომელსაც უნახავს დაფნარის ღვთისმშობლის ეკლესია და როგორც იხსენებს, ტაძარი მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.

- თლილი ქვით იყო ნაშენი, - გვიამბობს ის, - შიგნით დიდი დარბაზი და ხისმოაჯირებიანი იარუსები ჰქონდა. მოაჯირები ორნამენტებით იყო დამშვენებული. სწორედ რესტორნის ადგილას იყო. ეკლესიის მაღალი გუმბათიდან დაშვებული იყო უზარმაზარი მრავალსანთლიანი ჭაღი. ჩემი აზრით, დარბაზში 300-მდე კაცი დაეტეოდა. იარუსებზეც ბევრი ხალხი თავსდებოდა. ჩემი ბავშვობისას ეკლესია გაუქმებული იყო და შენობა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად იქცა. ძირითადად, ღონისძიებები და მშობელთა კრებები ტარდებოდა. ყოველი კრების შემდეგ ბავშვები კონცერტს ვმართავდით. მერე კომუნისტებმა ეკლესია დაანგრიეს. მახსოვს, სოფელმა როგორ განიცადა ეს ამბავი, მაგრამ ხალხი შიშისგან ხმას ვერ იღებდა. მართალია, ეკლესია არ ფუნქციონირებდა, მაგრამ ის წმინდა ადგილად იყო მიჩნეული და სოფელი შიშმა მოიცვა. ეკლესიის ქვებით ააშენეს ფერმა და ბეღელი. ეკლესიის საძირკველზე მისივე თლილი ქვებით აშენდა სასადილო. ხალხი მას ,,სირაჩხანას" ეძახდა. წლების შემდეგ ,,სირაჩხანა" დაანგრიეს და ამ ადგილას­ რესტორანი აშენდა, იმავე თლილი ქვებით. ახლა ძალიან მახარებს ეს ამბავი. რა უნდა რესტორანს სოფლის სალოცავზე?!

resto3-1660479665.jpg

მალხაზ ფულარიანი, დაფნარის მკვიდრი: - ბაბუაჩემი მიყვებოდა მეზობლად მცხოვრებ პროკლე ქორიძეზე, რომელიც დაფნარის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მედავითნე ყოფილა. როდესაც კომუნისტებმა ეკლესიის მსახურები გაყარეს და ტაძარში ღვთისმსახურება შეწყვიტეს, პროკლე მათ არ შეეპუა და ტაძარში სალოცავად დადიოდა. ადგილობრივ ხელისუფალთ ის ტაძრიდან გამოუთრევიათ და წვერი გაუპარსავთ. ამის შემდეგ ღვთის მსახურს საკუთარ ეზოში მოუწყვია სამლოცველო, ბზის ხეებით შემოუღობავს, შუაში, ქვაზე კი ეკლესიიდან წამოღებული ღვთისმშობლის ხატი დაუსვენებია. სანთელს უნთებდა და ლოცულობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი გაყიდეს. დღეს იქ თამაზ მეტრეველი ცხოვრობს. მისთვის წინაპრებს დაუბარებიათ, მოწიწებით მოპყრობოდა ბზით შემოღობილ ადგილს. ეს ადგილი დაცული იყო მანამ, სანამ არ გაჩნდა კოლხეთის ბზის ავადმყოფობა. მრავალ­წლიანი ბზის ხეები დახმა, მათ შორის მოქცეული ქვა კი ისევ უძრავად დევს.

რატი ამაღლობელი, პოეტი: - ჩემი ძირები დაფნართან არის დაკავშირებული. ბაბუაჩემი დავით ამაღლობელი 1909 წელს აქ დაიბადა და სტუდენტობისას წამოვიდა თბილისში. იყო უმცროსი მეგობარი გალაკტიონის, ცისფერყანწელების. დაფნარი მამაჩემს ძალიან უყვარდა. ხანში რომ შევიდა, პაპისეული სახლი განაახლა. სულ მესმოდა ბებიაჩემისგან, მამაჩემისგან, ბიძაჩემისგან, რომ დაფნარში იყო ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია, რომლის დანგრევის შემდეგაც მის საძირკველზე აშენდა რესტორანი. ეს იყო მეხსიერების წაშლის საბჭოთა მეთოდი - ანგრევდნენ ეკლესიებს, ან პირუტყვის დასაბინავებლად იყენებდნენ... ასეთი ისტორია ბევრი ვიცით და დაფნარიც არ ყოფილა გამონაკლისი. გიორგი ამაღლობლის მოთავეობით დაფნარელების ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ჩემთვის და ყველა ადამიანისთვის, ვინც დაკავშირებულია ამ სოფელთან. დაფნარს წლების განმავლობაში არ ჰქონდა ეკლესია. სხვათა შორის, უწინ აქ კარგი სკოლა იყო, რომელიც, ჩემი აზრით, ისტორიული ძეგლია... მნიშვნელოვანია, სოფელს ჰქონდა თავისი სკოლა და ეკლესია. ორივე აღსადგენია და ამისთვის უკვე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ამ საქმეში მთელი სოფელი ერთად დგას. ყველა მხარს ვუჭერთ, რომ აღდგეს ისტორიული მეხსიერება ღვთისმშობლის შობის ეკლესიის სახით სწორედ იქ, სადაც იყო. ჩემი და ყველა დაფნარელის მეორე ოცნებაა, აღდგეს ის სკოლაც, რომელშიც აკაკი შანიძე სწავლობდა და განათლების მნიშვნელოვანი კერა იყო. ძალიან კარგ გზას ადგანან დაფნარელები და ეს გზა უდავოდ მიიყვანს მათ ტაძართან...