"დედამთილმა მითხრა, გააჩინე მეხუთეც და მიეცი იმ საწყლებს, დღე და ღამე შვილზე რომ ოცნებობენ, ხომ იცი, არაფერი მოაკლდება შენს პატარასო" - კვირის პალიტრა

"დედამთილმა მითხრა, გააჩინე მეხუთეც და მიეცი იმ საწყლებს, დღე და ღამე შვილზე რომ ოცნებობენ, ხომ იცი, არაფერი მოაკლდება შენს პატარასო"

რამდენიმე წლის წინ წერილი გამოვაქვეყნე გასხვისებულ-გაყიდულ ჩვილებზე. 70-80-იან წლებში სამშობიაროებიდან ჩვილები მასობრივად იყიდებოდა. გაჩნდებოდა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, მეორე დღეს კი ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ მათი პატარა მოულოდნელად გარდაიცვალა... მაშინ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვინ აღარ მწერდა, ვინ აღარ მოდიოდა და თავის ტრაგიკულ ამბავს მიამბობდა. არასოდეს დამავიწყდება ერთი ცნობილი ახალგაზრდა მწერლის დედა, მისი სევდიანი და ცრემლჩამდგარი თვალები. მან დაწვრილებით გაიხსენა პირველი­ შვილის დაბადება და ის ტრაგიკული დღე. ამბავი სწორედ იმ ავად სახსენებელ 70-იან წლებში მოხდა. ქალბატონი ნანი (სახელი პირობითია): "ნაძალადევის პირველ სამშობიაროში­ ვიმშობიარე. არც მშობიარობა მქონია რთული და ბავშვიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ისეთი ბუთქუნა და საყვარელი პატარა გაჩნდა, ხელიდან ხელში გადადიოდა და პედიატრმა უმაღლესი ქულაც დაუწერა.

ბავშვის ეტალონიაო, თქვეს ჩემს ბიჭზე და ამ ეტალონ ბავშვს ერთ ღამეში ისეთი რა დაემართა, რომ მეორე დღეს მითხრეს, გარდაიცვალაო?! ღრიალით გავრბოდი ბავშვთა განყოფილებისკენ, მინდოდა ჩემი შვილის ნახვა, მაგრამ ვინ მიმიშვებდა? გამიკეთეს დასამშვიდებელი და 16 საათი მეძინა, ჩემს მეუღლეს კი უთხრეს, თირკმლის უკმარისობა განუვითარდა, გარდაცვლილ ჩვილს კი დიდხანს არ ვაჩერებთ, მალევე ვმარხავთო. სიხარულის ნაცვლად იმ დღიდან დარდის ლოდი წამოვიკიდეთ. ეს დარდი მხოლოდ მაშინ შეგვიმსუბუქდა, როცა რამდენიმე წელიწადში ჯერ - გოგონა, მერე კი ბიჭი გაგვიჩნდა. კარგად მახსოვს 1975 წელს "კომუნისტში" გამოქვეყნებული წერილი სათაურით "თეთრ ხალათში გამოწყობილი მგლები", სადაც მოთხრობილი იყო კრიმინალი ექიმების ამ საშინელი "ბიზნესის" შესახებ. მსგავსი ამბავი მთელ საქართველოში ხდებოდა. ჩვილების გაყიდვაში ყველა დამნაშავე დაიჭირეს. ერთმა ისიც კი აღიარა, ამას მარტო ფულის გულისთვის როდი ვაკეთებდით, უშვილო ოჯახებს ვაბედნიერებდით, ვიცოდით, რომ ჩვილის ბიოლოგიური მშობლები ერთზე არ გაჩერდებოდნენო. რაღა დამამშვიდებდა? მაშინვე გავემართე პირველ სამშობიაროში და მოვიკითხე მეანიც, ბებიაქალიც და პედიატრიც.

პედიატრი გარდაცვლილი დამხვდა, ის ორი კი - დაჭერილი. მოსვენება დავკარგე. რომ წარმოვიდგენდი, ბიჭი სხვა ოჯახში იყო, სხვას ეძახდა დედას და სხვა გვარი ჰქონდა, სისხლი მეყინებოდა. კრიმინალს სჩადიოდნენ და კანონი არ აფრთხობდათ, მაგრამ ნუთუ ღმერთის მაინც არ ეშინოდათ? არქივს მივაკითხე, სად აღარ ვიარე, მაგრამ კვალს ვერ მივაგენი. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ვერა და ვერ განელდა ის დარდი და ეჭვი, რაც დღემდე სულსა და გულს მიღრღნის. გოგონაც და ბიჭიც დაოჯახებული არიან, მე კი ის პირველი, "ბავშვის ეტალონი" რომ დაარქვეს, სულ თვალწინ მიდგას. გამომიქვეყნეთ ეს ამბავი, იქნებ ვინმეს ეცნოს და რამე ხელჩასაჭიდი გამაგებინოს..."მართლაც, დავწერე მისი ამბავი და გამოქვეყნების შემდეგ ისევ მისნაირი დედები გამომეხმაურნენ. ყველას თავისი სადარდებელი ჰქონდა და სურდათ, გული გადაეშალათ. იმედი, რომ ვინმემ იცოდა ნანის ჩვილის გაყიდვის ამბავი, მალევე გაქრა.

გავიდა წლები. რუსეთში ყოფნისას ბევრი ჩემი მკითხველი აღმოვაჩინე. გულნაზ დ. აჭარის ერთი ლამაზი სოფლიდან იყო. მან სწორედ იმ წერილების სერია გაიხსენა,­ რომელიც გასხვისებულ ბავშვებს ეხებოდა. ვატყობდი, მსგავსი რამ მასაც აწუხებდა, მაგრამ არაფერი მიკითხავს. ვიცოდი, ადრე თუ გვიან, თვითონ მომიყვებოდა. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ მთხოვა, სამუშაო საათებში შეუძლებელია ჩვენი საუბარი, ისეთ თემას მინდა შევეხო, ჯობს, მშვიდ გარემოში დაგელაპარაკოო. ერთ პატარა კაფეში შევხვდით და აი, რა მიამბო:

- მე ჩემი შვილი არ გამიყიდია, მაგრამ მაზლის ოჯახს გადავულოცე. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, რასაც უფროსები მეტყოდნენ, უსიტყვოდ ვასრულებდი. ჩემმა შვილმა, სანამ მოსკოვში წამოვიდოდი, ორი წლით ადრე გაიგო,­ რომ მისი ბიცოლა კი არა, დედა ვიყავი და ძალიან განიცადა. 16 წლის გოგომ ძალიან მძიმედ გადაიტანა სიმართლე, თუმცა, თავიდან დავიწყებ...

აჭარაში ბევრი მრავალშვილიანი ოჯა­ხია.­ რაც უფრო მეტი შვილი ჰყავს ცოლ-ქმარს, მით უფრო პატივს სცემს მთელი სოფელი. მე და ჩემს ქმარს სკოლიდან გვიყვარდა ერთმანეთი. სკოლა რომ დაამთავრა, მითხრა, გავიგე, შენს მშობლებს უნდათ, ვიღაც მდიდარს მიგათხოვონ, ამას ვერ ავიტან, ამიტომ ჯობს, სანამ სკოლას დაამთავრებ, გამომყვეო. მეც ბევრი აღარ მიფიქრია, რადგან ნოდარის გარეშე ვერ წარმომედგინა ცხოვრება და გავიპარეთ. ცოტა ხანს ივიშვიშეს დედამ, ბებიამ და ნათესავებმა, მამამ კი თქვა, ვინც უყვარდა, იმას გაჰყვა და ღმერთმა ბედნიერი ამყოფოსო. ოჯახში მე მეექვსე, ნაბოლარა შვილი ვიყავი, მამის ნებიერა, ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, რომ მამა მალევე შეგვირიგდა და დიდი ქორწილიც გადაგვიხადა­. ნოდარის ოჯახიც მრავალშვილიანი იყო - უფროსი ძმა და სამი და ჰყავდა, ყველა დაოჯახებული. უფროს ძმასაც სიყვარულით ჰყავდა ცოლი მოყვანილი, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდათ და ეს იყო ჩვენი დიდი ოჯახის სადარდებელი. სამაგიეროდ, მე მივაყოლე და ოთხი გავაჩინე, მეტს კი აღარც ვაპირებდი. მართალია, დედამთილი მეხმარებოდა, მაგრამ 22 წლის გოგოს მაინც მიჭირდა ამდენი ბავშვის მოვლა-პატრონობა... როცა ბავშვები წამოიზარდნენ­ და უმცროსი ხუთის გახდა, დედამთილმა თავისთან მიხმო, შენთან სერიოზული საქმე მაქვსო. ისეთი დრო შეარჩია, როცა სახლში არავინ იყო, მერე კი, გაბზარული ხმით, თავისი ტკივილი და ჩანაფიქრი გამანდო: კი იცი შენ, რომ ჯემალიკო და ციალა 12 წელია ერთად არიან და ბავშვი არ უჩნდებათ. ისე უყვართ ერთმანეთი, ვინ გოუბედავს ჩემს შვილს, სხვა ქალი მეიყვანეო. ციალა გვეგონა უშვილო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯემალი ყოფილა. ბავშვის აყვანა უნდათ, მაგრამ სხვისი გენის და სისხლის რეიზა აიყვანონ, როცა შეიძლება, ჩვენი იშვილონ და გაზარდონ? მოდი, გააჩინე მეხუთეც და მიეცი იმ საწყლებს, დღე და ღამე შვილზე რომ ოცნებობენ, ხომ იცი, არაფერი მოაკლდება შენს პატარას, გააბედნიერებ ახლობელ ადამიანებს და თან შენ თვალწინ გაიზრდებაო...

ძალიან დავიბენი, მაგრამ მაზლიც და რძალიც ისე მიყვარდა, დავთანხმდი... სხვების თვალის ასახვევად, მაზლი და რძალი­ ვითომ სამკურნალოდ ცოტა ხნით თბილისში გადავიდნენ, მე კი ბოლო ოთხი თვე ბათუმში ვიყავი. ბავშვი რომ გავაჩინე, ისევ დედამთილის რჩევით, ძუძუც კი არ მოვაწოვე, რომ უფრო მეტად არ გამჭირვებოდა განშორება, მაგრამ სოფელს რას მოატყუებ? ხმამაღლა არაფერს ამბობდნენ, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ჩემი და მათი გაუჩინარება ახალდაბადებულ თეაკოს უკავშირდებოდა, რომელიც ძვირფასი ძღვენივით მივართვი მაზლსა და რძალს. გაგიკვირდებათ და, ერთი პერიოდი კმაყოფილიც კი ვიყავი, ასე რომ გავაბედნიერე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, მაგრამ, იცით, როდიდან გამიჭირდა? როცა თეაკო ატიტინდა და ბიცოლა-ბიძას დედიკო და მამიკო დაუძახა. იზრდებოდა ჩემი გოგო და იზრდებოდა ჩემი დარდიც. უკვე ვიცოდი, რომ ვერასოდეს ვაპატიებდი­ ჩემს თავს ასეთ ნაბიჯს. მას მართლაც ყველაფერი ჰქონდა. საქართველოში უკვე მძიმე დრო იდგა, თეაკოს კი არც ჩაცმა-დახურვა აკლდა, არც სწავლა-განათლება. ცეკვაზეც დაჰყავდათ, ინგლისურშიც ამზადებდნენ და თუ რამე შემოვიდოდა საქართველოში, პირველს მას ეცვა. თან მსიამოვნებდა, რომ დალხენილად იყო ჩემი შვილი, მაგრამ თან ვბრაზობდი... ზოგჯერ საკუთარი თავი მეზიზღებოდა.

ერთ დღესაც მოხდა ის, რაც ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი. თეაკოს ვიღაცამ "გაანდო" ჩვენი ოჯახის დიდი საიდუმლო: შენ რომ ბიცოს ეძახი, ის შენი დედაა, ბიძა კი - მამა, შენ ვინც ბიძაშვილებად მიგაჩნია, შენი და-ძმა არიანო. გაგიჟდა გოგო, ძალიან განიცადა. არავის დანახვა აღარ უნდოდა, არც "მშობლების", არც "ბიძა-ბიცოლის". მეგობართან იყო ერთი კვირა. მერე, როგორც იქნა, მოუბრუნდა გული გამზრდელ მშობლებზე, ბებიასაც აპატია, ბიოლოგიურ მამასაც... პატარაობიდანვე გიჟდებოდა "ბიძაშვილებზე" და ამ საიდუმლოს მერე უფრო მიეკედლა უფროს და-ძმას. მხოლოდ მე ვერ მაპატია. ერთადერთხელ დამიჯდა სალაპარაკოდ და მითხრა: "არ ვიცი, რისთვის გააკეთე ეს. თუ იმისთვის, რომ მათთვის გესიამოვნებინა, რა დავაშავე, რომ ტყუილში მაცხოვრე; თუ იმისთვის, რომ ჩემი გამზრდელები უფრო მდიდრულად ცხოვრობდნენ და არაფერს მომაკლებდნენ, ეგებ იმაზეც დაფიქრებულიყავი, მე რა მერჩივნა? როგორც ჩემს და-ძმას უჭირდა, ისე გამჭირვებოდა მეც მათთან ერთად. რატომ იფიქრეთ, რომ დალხენილ ცხოვრებას ვამჯობინებდი დედმამიშვილებთან ყოფნას? მართალია, თქვენს სიახლოვეს ვიზრდებოდი, მაგრამ მაინც ხომ ცალკე ვიყავი..."

ამ სიტყვებით მომკლა და დამასამარა ჩემმა შვილმა. ამის მერე ისეთ დეპრესიაში ჩავვარდი, თავის მოკვლაც კი ვცადე, ვენები გადავისერე, მაგრამ გადამარჩინეს. ახლობლები წუთით აღარ მტოვებდნენ მარტოს, თან დაიწყეს ჩემი დამშვიდება: ხუთი შვილის დედა ხარ, რა უფლება გაქვს, რომ ასეთ ცოდვას სჩადიხარ, მთავარია, ყველა შენს სიახლოვეს გყავს და არც ერთს სითბო და მზრუნველობა არ აკლიაო.

გავიდა წლები და სიდუხჭირის გამო იძულებული გავხდი, რუსეთში წამოვსულიყავი. რასაც ვშოულობ, ხუთივეს ვუნა­წილებ. დარწმუნებული ვარ, რა დროც უნდა გავიდეს, თეაკო ვერასოდეს მაპატიებს­ ჩემს ვითომც "მადლიან საქმეს". ვიცი, ეს დარდი მძიმე ჯვარივით სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვზიდო. სულ მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც თანხის სანაცვლოდ საკუთარ პირმშოს ყიდიან, ხოლო ვინც მოატყუეს და ისე გაუყიდეს ჩვილი, იმხელა­ ცოდვა აქვთ აკიდებული, მათი შთამომავლობა ცხრა თაობითაც ვერ გამოისყიდის.