ეშერას ლაბორატორიასთან დახვეწილ ტაქტიკას რუსი გენერლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან იმეორებენ... - კვირის პალიტრა

ეშერას ლაბორატორიასთან დახვეწილ ტაქტიკას რუსი გენერლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან იმეორებენ...

დღეს 2022 წლის 14 აგვისტოა,აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა,მაგრამ ამ განვლილ სამ ათეულ წელში თითქოს არაფერი შეცვლილაო-რუსეთი ისევ აგრძელებს მეზობლების ტერიტორიების მიტაცებას,მაშინ საქართველოსი,ეხლა კი უკრაინის...

1992 წლისათვის, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, დაშლილი საბჭოთა კავშირიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მე-12 სამმართველოს, ბირთვულ იარაღთან ერთად მემკვიდრეობით დარჩა ორ ათეულამდე სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის რადიოსეისმოლოგიური სადგური, რომელთა მართვას ბირთვული აფეთქებების სპეციალური კონტროლის სამსახური ეწეოდა.

ამ სადგურებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კ,ი 24-ე სეისმოლოგიური სადგური სწორედ ეშერაში იყო განთავსებული.

მისი მთავარი მოვალეობა გახლდათ მონიტორინგი გაეწია ნატოს სამხრეთ ფლანგისთვის ევროპაში, ასევე აფრიკის ჩრდილოეთით და ახლო აღმოსავლეთით იმ შემთხვევისთვის, თუკი სადმე იქ საიდუმლო მიწისქვეშა ბირთვულ გამოცდას ჩაატარებდნენ.

ამის განსასაზღვრელად კი ზემგრძნობიარე სეისმოგრაფები და სხვა სპეციალური აპარატურა გამოიყენებოდა, რისთვისაც ეშერის ქვეშ, სავარაუდოდ, 40 მ-ის სიღრმის ვერტიკალური შახტა იყო გაჭრილი.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან მალევე,როგორც კი ფრონტის ხაზი მდინარე გუმისთაზე დაფიქსირდა, აფხაზმა სეპარატისტებმა,ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულებთან და რუს სამხედროებთან ერთად სოხუმის საცხოვრებელი უბნების სიტემატური დაბომბვა დაიწყეს,რისთვისაც 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნების გარდა,ჰაუბიცებს, „გრადებსა“ და თვით ტანკებსაც კი იყენებდნენ.

მათი ერთი-ერთი საყვარელი ტაქტიკური სვლა გახლდათ,ქვემო ეშერის რუსული სამხედრო სეისმოლოგიური სადგურის ღობის სიახლოვეს Т-55 ტიპის ტანკის გამოყვანა,რომელიც რამდენიმე გასროლას აკეთებდა სოხუმის მიმართულებით და შემდეგ უკანა სვლით გადიოდა და თვალს ეფარებოდა.

სოხუმის ახალი რაიონის ერთ-ერთ კორპუსში ქართველ არტილერისტებს სათვალთვალო პუნქტი ჰქონდათ მოწყობილი სპეციალური აპარატურით,რომელიც ლაზერის მანძილზომსაც შეიცავდა და ამ პუნქტიდან მეთვალთვალე რაციით ატყობინებდა 122 მმ-იანი ჰაუბიცების ბატარეას(რომელიც აგუძერაში,ზღვის პირას იყო გაშლილი) მოწინააღმდეგის იმ ტანკის კოორდინატებს,რომლიდანაც 100 მმ-იან ჭურვებს სოხუმის საცხოვრებელ კორპუსებს ესროდნენ.

საპასუხო ცეცხლი რამდენიმე ხნის შემდეგ იხსნებოდა,მაგრამ აფხაზების ამ ტანკს უკვე დატოვებული ჰქონდა საცეცხლე პოზიცია.

ქართველი არტილერისტების მიერ გასროლილი ჭურვები ხანდახან ამ რუსული სამხედრო სეისმოლოგიური ლაბორატორიის ღობის შიგნით ვარდებოდნენ და ფეთქდებოდნენ,რის შემდეგ მის დაცვაში მყოფი რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 345-ე ცალკეული საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მესამე საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონის მეთაურობა განგაშს ტეხდა და გუდაუთის შტაბში მყოფ თავის სარდლობას ახსენებდა-ქართველებმა დაგვბომბესო...

საპასუხოდ გუდაუთის სამხედრო აეროდრომიდან ჰაერში წევდნენ Су-25 მოიერიშე თვითმფრინავების წყვილს,რომელიც ქართველი არტილერისტების პოზიციას ბომბავდა ზღვის სანაპიროზე...

სამი ათეული წლის წინ აფხაზეთის ომში აპრობირებული ეს სქემა რუსი სამხედროების მიერ ასევე გამოიყენება უკრაინასთან ომში,კერძოდ კი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან.

რუსების მიერ დაპყრობილი ზაპოროჟიეს ატომური ელეტროსადგურის ექვსივე ატომურ ენერგობლოკს მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ასე უყურებენ უკრაინის დამცველები...
ეშერას ლაბორატორიასთან დახვეწილ ტაქტიკას რუსი გენერლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან იმეორებენ...

რუსმა ოკუპანტებმა ევროპაში უდიდესი ეს ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ 4 მარტს დაიპყრეს და მას შემდეგ აკონტროლებენ,რაც უკვე ყველა საერთაშორისო შეთანხმების უხეში დარღვევა გახლდათ,მაგრამ რუსი გენერლები უფრო შორს წავიდნენ და უშუალოდ ატომური რეაქტორების შენობების სიახლოვეს საარტილერიო დანადაგარებიც კი განათავსეს,რომლებიდანაც დროდადრო ჭურვებსა და რაკეტებს ესვრიან მდინარ დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებულ უკრაინის არმიის დანაყოფებსა და დასახლებულ პუნქტებს,მათ შორის ქალაქ მარგანეცს.

შესაბამისად უკრაინელები კონტრსაბატარეო ცეცხლით პასუხობენ,რის შემდეგაც ჭურვები და რაკეტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უზარმაზარ ტერიტორიაზეც ფეთქდება,რის შემდეგაც რუსი პროპაგანდისტები იწყებენ უკრაინელების დადანაშაულებას ატომური ელექტროსადური აფეთქების მცდელობაში...

გაეროს უშიშროების საბჭომ მოწინააღმდეგე მხარეებს მოუწოდა შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს და მის ტერიტორიაზე,ხოლო უშუალოდ რუსეთიგან მოითხოვა სამხედრო დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის გაყვანა ამ სახიფათო ადგილიდან,მაგრამ როგორც მოსალოდნელი გახლდათ მოსკოვმა სრული იგნორი გაუკეთა გაეროს ამ წინადადებას.

მაგრამ, ასეც გაგრძელება,აღარ შეიძლება,რადგან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსი ატომური რეაქტორიდან(რომლებიდანაც ამ მომენტში სამი აქტიურ რეჟიმში იმყოფება),რომელიმე სროლებისა და დაბომბვების შედეგად რომ დაზიანდეს და რეაქტორის სითბური აფეთქება მოხდეს,ისევე როგორც ჩერნობილში,სავალალო შედეგებს მილიონობით ადამიანი თავის თავზე იწვნევს და არა მარტო უკრაინაში...