"შენც მზად ხარ, გახდე მისი ტოლი, ყველაფერი შეუსრულო... ეს ბედნიერი პერიოდია ცხოვრებაში!" - კვირის პალიტრა

"შენც მზად ხარ, გახდე მისი ტოლი, ყველაფერი შეუსრულო... ეს ბედნიერი პერიოდია ცხოვრებაში!"

არც კი ვიცი, რესპონდენტებთან ჩემს ამ გასაუბრებას ინტერვიუ უფრო შეეფერება თუ ემოციებად დაღვრა, ერთი რამ ზუსტად ვიცი: ბაბუებს შვილიშვილებზე­ ლაპარაკს არაფერი ურჩევნიათ, ამიტომ ყველა ცნობილი ბაბუა სიამოვნებით და თავპატიჟის გარეშე გვესაუბრება.

"ახლა ვარ შვილთაშვილების მეგობარი"

babua-1660481123.jpg

იმედა კახიანი, მსახიობი: - როგორია ბაბუობა და, რაც დრო გადის, მით უკეთესი ხდება... ჯერ შვილს ელოდები და ამაზე ძვირფასი თუ ვინმე შეიძლება­ გაჩნდეს, ვერ წარმოგიდგენია, მაგრამ მერე იზრდებიან და თავიანთ ჭკუაზე მიდიან, ძველებურად ვეღარც ეფერები და ოცნებობ, როდის გახდები ბაბუა. აი, ეს ოცნება­ რომ აგიხდება, ბედნიერი კაცი ხარ. სულ შენთან ერთად უნდა, რასაც მშობელს ვერ ეუბნება, შენ გიზიარებს, შენთან პოულობს საერთო ენას. შენც მზად ხარ, გახდე მისი ტოლი, ყველაფერი შეუსრულო... ეს ბედნიერი პერიოდია ცხოვრებაში! მაგრამ მთლად­ უკეთესი ყოფილა შვილთაშვილი. შვილიშვი­ლები რომ გაიზრდებიან, ისინიც დამოუკიდებლები ხდებიან, ვეღარც მათ მოეფერები, ჰოდა, ახლა ვარ ბედნიერ ასაკში და - შვილთაშვილების მეგობარი. ისინი ჯერ არ უკადრისობენ ჩემთან მეგობრობას, ჩვენი საიდუმლოებებიც გვაქვს...

- რამდენი შვილთაშვილი გყავთ?

- სამი. ელენე და ლადო 9 წლის არიან, უკვე დიდები და მთლად გულახდილებიც­ აღარ არიან ჩემთან, პატარა ირაკლი 3 წლის გახდა ახლა და ის არის ჩემი ძმა და მეგობარი. ერთად დავდივართ, ყველაფერს მეუბნება, ყველაფერს ვუსრულებ... არ უნდა თქვას ვინმემ, დავბერდიო. ბებერი კი არა, ბედნიერი კაცი ხარ, ამას თუ მოესწარი. პატარა ასაკის არ ვარ, მაგრამ მადლობელი ვარ უფლის, რომ დავბერდი და მოვესწარი ამ ბედნიერებას. ახლა მე და ჩემი მეუღლე მარტო დაგვტოვეს. ნაწილი­ ბაკურიანში წავიდა, ეკა და ნინი ბავშვებით­ ზღვაზე არიან. ნინი პირველი სიხარულია შვილიშვილებში, ეკა კი პირველი ქალიშვილი...

ნინის ამქვეყნად მოსვლა ჩვენთვის ასმაგი ბედნიერება იყო, იმიტომ, რომ ჩვენ შვილი დავკარგეთ, ლადო, ძალიან კარგი ბიჭი, ამის შემდეგ ცოტა ხანში ნინი გაჩნდა და ამან ბევრი რამ შეგვაძლებინა... თუ ასეთი ტკივილის შემსუბუქება შეიძლება, ეს ნინიმ მოახერხა. თუმცა ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია... ახლა შვილთაშვილი მყავს ლადო, უკვე დიდი ბიჭია - 10-ის ხდება,­ ჩემი ლადო კი 14 წლის გარდაიცვალა. ჯანმრთელი და მოუსვენარი ბავშვი იყო. წყნეთში ვისვენებდით და მოულოდნელად შეუძლოდ გახდა... უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და ვერაფერი ვუშველეთ - მაშინ განსაკუთრებული არაფერი იყო ლეიკემიის საწინააღმდეგოდ. დიაგნოზის დადგენიდან ორი წელი იცოცხლა და წავიდა...

- ესე იგი, ირაკლისთან მეგობრობთ?

- გულახდილია, ყველაფერს მიყვება, თუ რამეს უკრძალავენ, ჩემთან მოდის. კანფეტს, შოკოლადს რომ არ აძლევენ, მე უარი როგორ ვუთხრა?! ვეუბნები, არ თქვა არავისთან, მე და შენ ჩუმად გავიპაროთ მაღა­ზიაში და გიყიდი-მეთქი. ამიტომ ვართ მესაიდუმლეები. ხანდახან წამოსცდება, ან დამალული შოკოლადი გამოუჩნდება და დედამისი ორივეს გვეჩხუბება, მაგრამ რა ვქნათ... ძალიან უყვართ, როცა რაღაცას უკითხავ ან უყვები. იმდენი რამ იციან, ისეთ რაღაცებზე მსჯელობენ, ჩემს ბავშვობაში წარმოდგენა რომ არ გვქონდა. ვერც მოატყუებ, გულით რომ გინდოდეს...

ერთხელ ჩემს შვილთაშვილ ლადოს ბაღში მივაკითხე წამოსაყვანად. ერთი ქალი მოვიდა და მეუბნება, ბატონო, დიდი მადლობელი ვარ ლადოსი,­ ამის სათქმელად მოვედიო. ლადო ცოტა ცელქი იყო და, პირიქით, საყვედურს უფრო ველოდი, მაგრამ თურმე ამ ქალის შვილს დაუნის სინდრომი ჰქონია, ჰოდა, ბაღში რომ მიჰყავდა დედამისს, ეუბნებოდა, ლადო თუ არ მიდის ბაღში, არც მე წავალო. თურმე ლადო მთელი დღე ეჯდა, ეთამაშებოდა და მასზე ზრუნავდა... ზრდასრული ადამიანივით იქცევიან, არადა, ბავშვები არიან...

"ადრე - ბაბუ, ბაბუო, ახლა კაკაჩიას მეძახიან"

babua2-1660481123.jpg

დავით კვირცხალია, მსახიობი: - ბაბუა 50 წლის ასაკში გავხდი. გოგონები მყავს, ორი ქალიშვილის მამა ვარ, ჰოდა, ნანატრი ბიჭი დაიბადა, თან დავითი­ დაარქვეს და ძლიან ბედნიერი ვიყავი. ჩემი დათი იმედებს ამართლებს. უკვე 16 წლის გახდა და რომ მინდოდა, ზუსტად ისეთი შვილიშვილი მყავს. მარიამი დათიზე 10 წლით უმცროსია და მან თავისი დაბადებით ყველა ადრინდელი ვნება და გრძნობა წაშალა. უტკბილესია, პირველი პრინცესაა ჩვენს ოჯახში. ენები ეხერხება, თან ხატავს, მღერის არაჩვეულებრივად. ადრე - ბაბუ, ბაბუო, ახლა კაკაჩიას მეძახიან.

- მოსწონთ თქვენი როლები?

- როგორ გითხრათ... ეღიმებათ ხოლმე, როცა ტელევიზორში მნახავენ. ნათესავების ბავშვები უფრო მეფერებიან და მეჩვენება, რომ ამაყობენ ჩემით, ვიდრე ჩემები. მეხუმრებიან, ვინმე თუ დამირეკავს, შემოვლენ ხოლმე და, გრიშა ბაბუ, გეძახიან ტელეფონთანო... უხარიათ, როცა ეუბნებიან, გუშინ ბაბუათქვენი ვნახეთ ტელევიზორშიო.­ ერთხელ მარიამმა მკითხა, ბაბუ, კაკაჩია რა არისო? მას მერე ვამჩნევ, "იუთუბში" ჩუმად უყურებს ხოლმე. ახლა ისწავლეს: რამეს რომ ვეტყვი, კაკაჩიასავით მპასუხობენ და მეც მეტი რა მინდა - ვიცინი და ვტკბები...

საერთოდ, სახლის კაცი ვარ. მე და ჩემი მეუღლე ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს და ოჯახი ადრე შევქმენით. თითქოს დაუწერელი ერთგულების ფიცი გვქონდა დადებული. არავის გაჰკვირვებია, ცოლად რომ გამომყვა. ოჯახური სიმშვიდე ბავშვებზეც მოქმედებს. როცა სახლში მშვიდი გარემოა, ისინიც ლაღად იზრდებიან... კარგი შვილიშვილები მყავს, მაგრამ არა მარტო ჩემები, მთელი თაობა ძალიან კარგია: მხიარულებიც არიან, როცა საჭიროა - თავდაჭერილებიც, სიტყვა-პასუხიც არ ეშლებათ... მე მგონია, რომ სწორი ნაბიჯებით მიდიან და ვნახოთ, ცხოვრება დაგვანახებს. მოფერებას რაც შეეხება, მოსიყვარულე მართლაც ვარ, მაგრამ ზოგიერთივით წარამარა კოცნა არ მჩვევია. მე შორიდან უფრო ვეფერები. არ მინახავს, კარგა ხანია. მე სამტრედიაში ვარ, ისინი - თბილისში და ძალიან მენატრებიან. ვიცი, რომ ჩავალ, სიმაღლეშიც მომატებული მომეჩვენებიან, თუმცა ვიდეოთვალით ყოველდღე ვუყურებ და ვტკბები.

- თქვენთან იზრდებიან?

- დათი ჩემთან ცხოვრობს, გოგონა - დედ-მამასთან.

- მამობა და ბაბუობა რითი ჰგავს ერთმანეთს და რით განსხვავდება?

- პირველი შვილის დაბადებას არაფერი სჯობს, მაგრამ მერე შვილიშვილები მოდიან და სიყვარულიც გემატება... ახლა მარიამი უფრო საყვარელი მგონია, ვიდრე დათი, არადა ვოცნებობდი, ბიჭი მეყოლებოდეს და არაფერი მინდა-მეთქი, თუმცა ორივეზე ვგიჟდები. ბედნიერი კაცი ვარ. დამჯერი ქალიშვილები მყავდნენ და არაფერი წაუგიათ. შვილიშვილებშიც გამიმართლა და უბედნიერესი ბაბუა ვარ. ბაბუობა ორმაგი სიხარულია...

"46 წლის ასაკში ბაბუობა მეხამუშა, მაგრამ როცა ვიგრძენი, რამხელა სიხარული ყოფილა, გავგიჟდი"

ლაშა ღლონტი, მომღერალი: - ბაბუა ხუთი წლის წინ გავხდი, 46 წლის ასაკში. თავიდან მეხამუშა, ცოტა უხერხული იყო ჩემთვის, ასაკობრივ მომენტს უსვამდა ხაზს, მაგრამ როცა ვიგრძენი, რამხელა ბედნიერება და სიხარული ყოფილა, გავგიჟდი. ჯერ მამუჩიკო მაისურაძის ბაბუა გავხდი, მერე დაიბადა ანდრა მაისურაძე. ანდრა იტალიური სახელია, ჩემმა შვილმა და სიძემ შეურჩიეს. ერთადერთი გოგოა საქართველოში, ვისაც ანდრა ჰქვია.

babua3-1660481124.jpg

- კიდევ რით არის გამორჩეული?

- თავს არ აჩაგვრინებს არავის. ჯერ ერთი წლისაა, მაგრამ ძმას თავის ჭკუაზე ატარებს. მამუჩიკო უფრო დინჯი ბიჭია. ახლა რაჭაში არიან და მენატრებიან.

შვილი რომ შემეძინა, 22 წლის ვიყავი და, ალბათ, კარგად ვერ გავიაზრე ეს ბედნიერება. შვილიშვილი როცა ჩნდება, თავიდან მიდიხარ ბაღში, სკოლაში, თითქმის თავიდან იწყებ ცხოვრებას. ბაბუობა ძალიან დიდი ბედნიერებაა. უფალს მადლობა ასეთი ბედნიერებისთვის.

- როგორ მონაწილეობთ მათ აღზრდაში?

- ჩემი ძალიან დიდი ხათრი აქვს ორივეს, სხვანაირი მოწიწებით მექცევიან და ძალიან მიხარია. არ ვარ მკაცრი ბაბუა, მაგრამ მაინც რიდი აქვთ ჩემი. დედას, მამას და ბებიებს როცა არ უჯერებენ, მე მიჯერებენ. ჩემით კი არ აშინებენ, უბრალოდ ეუბნებიან, ლაშას ვეტყვითო და ამაზე ყაბულს არიან.

- ზღაპრებს უკითხავთ?

- მამუჩიკოს კი, ხანდახან კითხვასაც ვასწავლი. კითხვებს მისვამს ასტრონომიულ თემებზე, ჩხირკედელაობაც აინტერესებს და სიმღერა უყვარს ძალიან. ჩემი სიმღერები თითქმის ზეპირად იციან, "შენ რომ დიდი იქნები" და "აჭარული" უყვართ განსაკუთრებით.

კვლევის თანახმად...

გერმანიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბებიები და ბაბუები, რომლებიც შვილიშვილების აღზრდაში მონაწილეობენ და მათზე ზრუნავენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, არიან უფრო ჯანსაღი და მათი ნაადრევად გარდაცვალების რისკიც 37%-ით ნაკლებია. კვლევაში 60-დან 70 წლამდე ასაკის 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა 1990 წლიდან 2009 წლამდე მიმდინარეობდა და მკვლევრები მის მონაწილეებს შესაბამის ტესტს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უტარებდნენ. შედეგების მიხედვით, იმ ადამიანების 50%-ზე მეტი, ვინც შვილიშვილებზე ზრუნავდნენ, 10 წლის შემდეგ ჯანსაღად და ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ხოლო მათი 50%-ზე მეტი, ვინც არ მონაწილეობდა შვილიშვილების აღზრდაში, ხუთ წელიწადში გარდაიცვალა, ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა. "ეს კვლევა გვიჩვენებს პოზიტიურ კავშირს მზრუნველობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს შორის,“ - ამბობს პროფესორი დევიდ კოელი. იმის განცდა, რომ მომავალ თაობას ასწავლი ცხოვრებას, ან უბრალოდ ზრუნავ მათზე, ადამიანს აბედნიერებს, ბედნიერება კი დიდხანს სიცოცხლის წინა პირობაა.