მარისა ბერენსონი - დაუვიწყარი სახე კინოსა და სამოდელო ინდუსტრიაში - კვირის პალიტრა

მარისა ბერენსონი - დაუვიწყარი სახე კინოსა და სამოდელო ინდუსტრიაში

მარისა ბერენსონი - მოდელი და მსახიობი, ქალი, რომლის სილამაზეს დრომ ვერაფერი დააკლო. მისით აღფრთოვანებული იყვნენ მსოფლიოში სახელგანთქმული ფოტოგრაფები რიჩარდ ავედონი, დევიდ ბეილი, სტივენ მეისელი, ჰელმუტ ნიუტონი, ირვინგ პენი. მარისა იყო ლუკინო ვისკონტის რჩეული მსახიობი, რომელმაც პირველი კინოროლი ანდო თავის ფილმში­ და სამსახიობო კარიერის­ გზა დაულოცა. ვისკონტის ფილმს მოჰყვა მისი როლი ცნობილ ფილმში "კაბარე" და სტენლი კუბრიკის ფილმში "ბარი "ლონდონი". მარისა ბერენსონმა შექმნა დაუვიწყარი­ სახე სამოდელო ინდუსტრიაში. ლეგენდარული ელზა სკიაპარელის შვილიშვილი ამჟამად მარაკეშში ცხოვრობს. ესწრება მოდის კვირეულებს და დღემდე მონაწილეობს კინოგადაღებებში. მარისა ბერენსონი ის ადამიანია, ვისი აზრიც თანამედროვე მოდის სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია და ვისი შეფასებაც უნდა დაიმსახურო.­ მარისა­ ბერენსონი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უამბობს­ თავის ცხოვრებაზე, სამსახიობო კარიერასა და ლუკინო ვისკონტიზე.

- ყველაზე ხშირად ბავშვობიდან რა გახსენდებათ?

- როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვიყავით, როცა მამა იყო ცოცხალი, შობა შვეიცარიაში, ოჯახურ გარემოში - ეს ყველაზე ძვირფასი მოგონებებია ჩემთვის.

- დღეს როგორია მარისა ბერენსონის ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ჩემი დღე დამოკიდებულია იმაზე, რა გეგმა მაქვს, ვმუშაობ თუ სახლში ვარ, მარაკეშში, სამოგზაუროდ ვარ თუ ჩემს ქალიშვილთან. ჩემი ცხოვრება მუდმივად იცვლება. ის არასდროს ყოფილა რუტინული­ და პროგნოზირებადი, რადგან დროდადრო რაღაცები იცვლება და მე ნამდვილად არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ასე რომ, წლების განმავლობაში ვისწავლე, ვისიამოვნო იმით, რაც მომეცა, იქნება ეს სამსახური თუ მშვიდ გარემოში ყოფნა ჩემს ქალიშვილსა­ და შვილიშვილთან ერთად. ვისწავლე, ვიყო მადლიერი, რადგან ყველაფერი ცვალებადია და გარანტიაც არაფრის არსებობს.

nino3-1660481646.jpg

- დილით ფინჯან ყავაზე რას იტყვით?

- დილით ყავას არ ვსვამ. ზოგჯერ ჩაის ვსვამ, ზოგჯერ - ჯინჯერს ლიმონით ან პროტეინების წვენს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას ვაკეთებ, რას ვგრძნობ. ყოველთვის ვენდობი ჩემს ინტუიციას.

- ანუ წესებს არ მისდევთ?

- კი, წესები მაქვს, რომლებიც, ძირითადად, ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება.­ ვინარჩუნებ სხეულს, გონებას და შინაგან სამყაროს. ჩემთვის ეს არის ყოფიერების არსი და საფუძველი.

- "ინდოეთმა შეცვალა ჩემი ცხოვრება" - თქვით ერთხელ. თქვენ ინდოეთში ტრანს­ცენდენტული მედიტაციის შესწავლა დაიწყეთ. რა შეიცვალა ამის შემდეგ?

- ეს არის ჩემი ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ეს იყო ძიების დასაწყისი და თუ შენ ამ ბილიკს დაადექი, ის მიდის, მიდის, არასდროს მთავრდება. ინდოეთში უამრავი შეკითხვა გამიჩნდა. მაგალითად: რას ვაკეთებ ამ პლანეტაზე? სად არის ღმერთი?

- იპოვეთ პასუხები?

ინდოეთი პირველი კარი იყო, რომელიც ჩემთვის გაიღო. შემდეგ ბევრი კარი გაიღო ამ ბილიკზე, რომელსაც შევუდექი, მაგრამ წინ კიდევ ბევრი კარი და ბევრი ბილიკია. ეს არის უსასრულო თავგადასავალი. არასდროს გექნება პასუხი, რადგან პასუხი იდუმალია. რაც უფრო კარგად იცნობ საკუთარ თავს, უფრო მეტად უკავშირდები ძალას, რომელიც შენ მიღმაა, მაგრამ შენია. ვისაც ყველაფერზე აქვს პასუხი, მან სინამდვილეში არაფერი იცის.

nino2-1660481646.jpg

- ინდოეთში "ბითლზის" წევრებიც იყვნენ. მათაც ჰქონდათ ასეთი კითხვები?

- ჩვენ, ყველა, იქ ერთსა და იმავეს ვეძებდით. ყველანი ვიდექით ბილიკზე და ვიყავით ძალიან გულწრფელები, მეგობრულები, მშვიდები... იქ არავინ ფიქრობდა სამუშაოზე, საქმეზე, იმ ცხოვრებაზე, რომელიც ინდოეთის გარეთ გვქონდა. ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გვეპოვა საკუთარი თავი. ძიების პროცესმა გაგვაერთიანა.

- მოდას დავუბრუნდეთ... რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში?

- ყველაფერი. 1960-70 წლები დიდი სიახლეებისა და თავისუფლების ხანა იყო. მოდა შეიცვალა საზოგადოების ცვლილებასთან ერთად. ასეთ დროს ხელოვანებს ეძლევათ თვითგამოხატვის საშუალება მოდაში, კინემატოგრაფიაში, ლიტერატურაში, მეცნიერებაში. ახლა მსოფლიოში ქარიშხლის პერიოდია და ჩვენ არ ვიცი, ეს სადამდე მიგვიყვანს, მაგრამ ცვლილებები ყოველთვის საჭიროა. ზოგიერთი ცვლილება, ცოტა არ იყოს, შემაძრწუნებელიც კია, ზოგი კი - კრეატიული. იმედს ახალი თაობა მაძლევს. ისინი სამყაროს სხვანაირად ხედავენ...

- პოლიტიკა ახდენს მოდაზე გავლენას?

- დიახ, პირდაპირ გავლენას ახდენს.­ რაც საზოგადოებაში ხდება, ის აირეკ­ლება მოდაზეც, კინოზეც, ცხოვრების წესზეც, თუმცა ქარიშხლის შემდეგ ყოველთვის გამოიდარებს.

- სილამაზეს აქვს კრიტერიუმები?

- დიახ, თუმცა - სხვადასხვაგვარი. სილამაზის გამოხატულება სხვადასხვაგვარია, რადგან განსხვავებულია აღქმა. ზოგჯერ მე რაღაც არ მესმის, მაგრამ ვერაფერს გააწყობ - რაც არის, ეს არის! სამყარო იცვლება, მასთან ერთად კი - ყველაფერი და ეს მუდმივი პროცესია.

- მაგრამ ხომ არის რაღაც, რამაც დროს გაუძლო?

- და რამ გაუძლო დროს?

- მაგალითად, ირვინგ პენის შემოქმედებამ.

- აბსოლუტურად გეთანხმებით, დიახ, იმ ფოტოგრაფებსა და მათ ნამუშევრებს დრომ ვერაფერი დააკლო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამ თაობამ იცის, ვინ არის ირვინგ პენი? და ხელოვნება ისევ ისეთია, როგორიც წლების წინ იყო? ან ფოტოგრაფები? მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეა....

- მე მგონია, ვინც იცნობს პენის შემოქმედებას, იცის, რომ დიდი ინსპირაციის წყაროა.

- მაგრამ თქვენი თაობა იცნობს მას? რამდენიმე დღის წინ სოციალურ მედიას ვათვალიერებდი, ძლივს იციან, ვინ ვინ იყო წარსულში და მხოლოდ მოდას არ ვგულისხმობ - კინოსა და ხელოვნების სხვა დარგებზეც იმავეს თქმა შეიძლება. მათ სხვა ინსპირაციები აქვთ... არ ვარ მართალი?

- მართალი ხართ... სამწუხაროდ...

- დღევანდელ თაობას წარმოდგენა­ არა აქვს დიდი ხელოვანების შესახებ, არადა, სწორედ მათგან შეიძლება რაღაცის სწავლა. შეზღუდულია მათი ცნობიერება. მითხარით, რამდენ ახალგაზრდას უნახავს ვისკონტის ფილმები? ან კუბრიკის?­ იციან, ვინ არის ანტონიონი? მე ამას სირცხვილად­ მივიჩნევ და ვდარდობ, თანაც მაინტერესებს, როგორი იქნება იმ ახალგაზრდების მომავალი, რომელთაც მხოლოდ ვიდეოთა­მაშები აინტერესებთ. ინტერნეტი ინფორმაციის უსაზღვრო წყაროა, მაგრამ ამავე­ დროს - ბევრი პრობლემის საწყისიც.

- ვისკონტი ახსენეთ და ხელიდან ვერ გავუშვებ შანსს, მასზე გკითხოთ. შეგიძლიათ, მასთან პირველი შეხვედრა გაიხსენოთ?

- ეს იყო ნამდვილი სასწაული და მე ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები! ის ჩემს გულშია და სამუდამოდ დარჩება ჩემს ცხოვრებაში. პირველი კინოროლი მასთან ვითამაშე. ერთმანეთს კუნძულ ისკიაზე შევხვდით. მაშინ ჰელმუტ ბერგერთან ვმეგობრობდი და მას დედაჩემის ვილის მეზობლად ჰქონდა სახლი. იმ ზაფხულს დედასთან წავედი ზაფხულის გასატარებლად, ლანჩზე კი... ვისკონტის გვერდით მოვხვდი! უცებ მომიტრიალდა და მითხრა: "იცი, ვფიქრობ, იდეალური გარეგნობა გაქვს ჩემს მომდევნო ფილმში მონაწილეობისთვის, მაგრამ არც კი ვიცი, გინდა თუ არა ფილმებში მონაწილეობა, არც ის ვიცი, თავს გაართმევ თუ არა. მე ემოციური, მგრძნობიარე მსახიობი მჭირდება".

დაუჯერებელი იყო, მაგრამ ვისკონტიმ სინჯების გარეშე მათამაშა თავის ფილმში "Death in Venice". მან ისეთი თავდაჯერება მაგრძნობინა და საკუთარი თავის ისეთი რწმენა შემმატა, რომ ჩემი დებიუტი შესანიშნავი გამოვიდა. პირველი გადაღების შემდეგ მოვიდა და მითხრა: "მარისა, შენ მოხვედი კინო სამყაროში, როგორც სარა ბერნარი და თუ გაგრძელება გინდა, ჩემი კურთხევა გაქვს..." ვისკონტი ჩემთვის სათაყვანებელი ადამიანი იყო...

- რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?

- სულიერი სიმშვიდე, მადლიერების გრძნობა... თუმცა ზუსტად არც ვიცი... ძნელია დარწმუნებით თქმა... ჩვენი ცხოვრება სავსეა სევდიანი და ბედნიერი მომენტებით და, მგონი, არავის შეუძლია, აბსოლუტურად ბედნიერი იყოს, რადგან ადამიანს ცხოვრების გზაზე ბევრი ტკივილი ხვდება, თუმცა სულიერი სიმშვიდე და მადლიერება ბედნიერების აუცილებელი პირობებია.