"საქართველო ისე შემიყვარდა, ვეფხისტყაოსანი რაინდის თარგმანიც კი წავიკითხე, ოჰ, ტარიელ!" - კვირის პალიტრა

"საქართველო ისე შემიყვარდა, ვეფხისტყაოსანი რაინდის თარგმანიც კი წავიკითხე, ოჰ, ტარიელ!"

"გამარჯობა ყველას. მე ვარ ამერიკელი ბიჭი ნიუ-იორკიდან და უნდა ვთქვა, რომ საქართველო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ოდესმე მიმოგზაურია... გასულ ზაფხულს ჩვენ გვქონდა უნიკალური გამოცდილება - თელავში პოლიფონიური სიმღერით გვიმასპინძლეს ტრადიციულ, ქართულ სუფრაზე. არ მავიწყდება ის ღამე. ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტე ვიდეოს გადაღება გამოცდილების შესახებ. იმედი მაქვს, თქვენც ისევე­ ისიამოვნებთ, როგორც მე, ტარიელივით, როცა თავის ქალს იპოვის!" - წერს სოცქსელში უილიამ გევერცი, რომლის სიტყვებსაც უამრავი ადამიანის მადლიერებით სავსე კომენტარები მოჰყვა.

უილიამ გევერცი ამჯერად უნგრეთშია. მან საქართველოს შესახებ ჩვენს კითხვებს სიხარულით უპასუხა.

- დავიბადე და გავიზარდე ნიუ-იორკის­ გარეუბანში. 6 წლის ვიყავი, ჩემმა ოჯახმა დიდი ტრაგედია რომ გადაიტანა - მამა გარდაიცვალა. ჩემი ძმა ჯასტინი­ მაშინ 4 წლის იყო, ენდრიუ კი - ჩვილი. დედაჩემმა შეძლო ბედნიერი ცხოვრება გვქონოდა და ამის გამო ის ჩემთვის გმირია. სკოლაში ჩემს მშობლიურ ქალაქში დავდიოდი. შემდეგ ჩავაბარე ვერმონტის­ ლიბერალური ხელოვნების კოლეჯში, რომელსაც მიდლბერი ერქვა. პირველად დამაინტერესა ევროპის, განსაკუთრებით - იუგოსლავიის ისტორიამ და იქ ვიმოგზაურე 2014 წელს. ამის შემდეგ ჩავაბარე ლონდონის ეკონომიკის სკოლაში და მივიღე მაგისტრის ხარისხი... ჩემი ცხოვრების მთავარი გატაცება ფეხბურთია - მთელი ცხოვრება­ ვთამაშობ. ჩემი საყვარელი გუნდი "ლივერპულია". ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ახალი ადგილების აღმოჩენა...

- როდის გაიგეთ საქართველოს შესახებ?

- საქართველოს შესახებ სკოლიდან მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს იყო ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო. 2018 წელს მეგობრებთან ერთად სადმე გამგზავრება მომინდა და ჩვენ ვნახეთ ამერიკელი შეფის, ენტონი ბურდეინის ვიდეო. მისი მოგზაურობა საქართველოში­ საოცარი ჩანდა და გადავწყვიტეთ, სწორედ­ აქ ჩამოვსულიყავით! ბუდაპეშტში ორი ქართველი გოგონაც გავიცანით. ორივეს ნინო ერქვა და გვითხრეს, რომ თბილისს გვაჩვენებდნენ...

2019 წლის მარტში სამ ამერიკელ მეგობართან ერთად ვიმოგზაურე. ვიყავით თბილისსა და გუდაურში და ყველას შეგვიყვარდა თქვენი ქვეყანა... ძალიან მომეწონა თბილისის აბანოები, ქალაქის ღამის­ ცხოვრება. ეს იყო საოცარი მოგზაურობა... ორი წლის შემდეგ დავბრუნდი მეგობრებთან ერთად. ამჯერად ვიყავით კახეთში,­ იმერეთში, თბილისში და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რატომ არის საქართველო ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი მსოფლიოში!

bebo2-1660485021.jpg

- ქართულის სწავლა არ გიცდიათ?

- მე ყოველთვის ვცდილობ ვისწავლო იქაური ენა, სადაც ვმოგზაურობ, რადგან რამდენიმე სიტყვასაც კი შეუძლია ბევრი კარის გახსნა. როცა საქართველოში ვიდეოებს ვიღებ, ვცდილობ, ქართულად მივესალმო გამვლელ უცნობებს და მადლიერი ვარ, როცა სასარგებლო ინფორმაციას მაწვდიან. ქართული ასოები ძალიან ლამაზი­ და უნიკალურია. განსაკუთრებით მომეწონა ამბები დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცნობილი პოეტის, რუსთაველის შესახებ. ვეფხისტყაოსანი რაინდის თარგმანიც კი წავიკითხე, როცა შარშან ვიმოგზაურე. ოჰ, ტარიელ!.. ახლა, როცა ჩემი, როგორც ბლოგერის კარიერა უფრო და უფრო ვითარდება, იმედი მაქვს, გავავრცელებ ჩემს ვიდეოებს და ბევრი გაიგებს, როგორია საქართველო! მინდა ჩამოვიდე თქვენს ქვეყანაში პროფესიონალი გადამღები ჯგუფით და შევქმნა რაღაც განსაკუთრებული, ასე რომ, თუ ვინმეს სურს დამეხმაროს იშვიათი ადგილების ნახვაში, როგორიც არის თუშეთი, სვანეთი და შავი ზღვის სანაპირო, გთხოვთ მომძებნოთ YouTube-ზე ან Instagram-ზე. მე მქვია @withwillie. გამომიგზავნეთ მესიჯი და ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ, როგორ შევქმნათ ერთად რაიმე შესანიშნავი, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რატომ არის საქართველო ქვეყანა, სადაც აუცილებლად უნდა იმოგზაურონ.

მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ამდენი სიყვარულითა და შთაგონებით­ ამავსო. თქვენ დიდი ხალხი ხართ, საამაყო ერი! თქვენი თავმდაბალი ნიუიორკელი...

უილიამ გევერცი სოციალურ ქსელში ქუთაისის შესახებაც წერდა: "2021 წლის ივლისის ცივი დღე ქუთაისის უძველეს ქუჩებში - ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო ხალხი და ამბები... და ძაღლები, საყვარელი ქართული ქუჩის ძაღლები... შეგვხვდა არტისტული და ხალისიანი სკოლის ბავშვების ჯგუფი. ჩვენ გაოგნებული ვიყავით ამ ქალაქის ისტორიით...

ქუთაისს ხშირად უწოდებენ მხოლოდ აეროპორტის ქალაქს. აეროპორტი ნამდვილად არის, მაგრამ ქუთაისი გაცილებით მეტია. ეს არის ქვეყნის გული, პულსი, ადგილი, სადაც ბაგრატიონთა დინასტია აყვავდა. ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო, რომ ვიდექი მრავალსაუკუნოვანი ლეგენდის ჩრდილში და რუსთაველის პოეტური იმპულსი ჩემს ძარღვებშიც ფეთქავდა..."