დოჰიო, "ჩონმაგე“, ზედმეტი წონა - კვირის პალიტრა

დოჰიო, "ჩონმაგე“, ზედმეტი წონა

დანპაცუ-შიკი: პატარა სიტყვათწყობა დიდი შინაარსით. დღე, რომელიც ყველაზე­ სევდიანია სუმოისტის ცხოვრებაში - ცერემონიალი, რომლის დროსაც მოჭიდავეს თმას სჭრიან და ამ სიმბოლური ქმედებით ოფიციალურად ასრულებენ მის კარიერას. დანპაცუ-შიკის შემდეგ, სპეციალურ ვარცხნილობასთან (ჩონმაგე) ერთად, სუმოისტი დოჰიოსაც სამუდამოდ ემშვიდობება. რამდენიმე დღის წინ თმა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი) შეიჭრა. ქრონიკული ტრავმის გამო ინტაის, ანუ კარიერის დასრულების შესახებ მძიმეწონოსანმა ქართველმა ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს გამოაცხადა. თუმცა პანდემიის გამო გაცილების ცერემონიალი თითქმის ორი წლით გადაიდო. ჩონმაგესთან ერთად, თვალცრემლიანი გაგა სუმოს უძველეს და ურთულეს სამყაროსაც დაემშვიდობა, ოღონდ ამბობს, რომ კარიერის დასრულებით არაფერი დამთავრებულა, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყებაო! ელიტური დივიზიონის ლამის ყველაზე მძიმეწონოსანი სუმოისტი გაგამარუ, რომელმაც 90(!) კილოგრამი დაიკლო, "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- პანდემიის გამო უკვე იმდენჯერ გადაიდო ჩემი გაცილების ცერემონიალი, კინაღამ გადავიფიქრე. როცა თარიღი დავასახელეთ, მას შემდეგ თითქოს ჩემს ჯინაზე მოიმატა კორონავირუსის შემთხვევ­ებმა, მსოფლიოში ყველაზე მეტი დღიური­ შემთხვევა იაპონიაში ფიქსირდებოდა და იყო საშიშროება, დანპაცუ-შიკი კიდევ გაუქმებულიყო.

- დანპაცუ-შიკი - ამ ერთ სიტყვაში­ სუმოისტის მთელი კარიერაა ჩატეული... რას გრძნობს სეკიტორი, რომლის ჩონმაგესაც უკანასკნელად ეხება მაკრატელი?

- ეს არის წამები, რომლის დროსაც მთელი კარიერა შენ თვალწინ გაირბენს... ამ დროს აცნობიერებ, რომ შენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი ეტაპი, საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში მიუძღვენი­ მთელი დრო. ძალიან ემოციური იყო, მაგრამ ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში გავმართეთ თმის შეჭრის ცერემონიალი, ლამის ერთადერთ საფიქრალად გაცილების მშვიდობიანად ჩამთავრება იქცა და ემოციებისთვის დრო აღარ დამრჩა. ტრადიციის თანახმად, დანპაცუ-შიკი კარიერის დასრულებიდან მალევე იმართება, მე კი იმდენჯერ მომიწია გადადებამ, უკვე აღარც მეგონა, ოდესმე თუ მომიწევდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

- დანპაცუ-შიკის ცერემონიალს სუმოისტის­ კლუბი მასპინძლობს?

- უმეტესწილად, "რიოგოკუში" ("რიოგოკუ კოკუგიკანი" - სუმოს სახელგანთქმული სასახლე ტოკიოში. - რ.შ.) იმართება­ ხოლმე, მაგრამ პანდემიის გამო იმდენი მსურველი შეგროვდა, რიგი 2024 წლის ბოლომდე არ მომიწევდა. ამიტომ სხვა ადგილი უნდა მომეძებნა და საბოლოოდ შევარჩიე ამერიკელების სასტუმროს ტიპის დარბაზი, სადაც ძალიან კარგი გარემოა. ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, ჩემს გაცილებას ტოჩინოშინი რომ ვერ დაესწრო - ლევანის კლუბის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სტუმრებს შორის იყვნენ ჰაკუჰო და კიდევ რამდენიმე სუმოისტი,­ რომლებთანაც მთელი კარიერის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. დანპაცუ-შიკის დაესწრნენ იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ბატონი გია ბაღაშვილი და სხვები. ყველა მათგანს დიდი მადლობა დაფასებისთვის!

- თითქმის ორი წელიწადია­, დოჰიოზე აღარ გასულხარ. გაცილების ცერემონიალმა გაგიახლა სუმოს მონატრება?

- შეიძლება ითქვას, სუმოდან წასვლა უფრო მტკივნეული იყო ჩემთვის, ვიდრე გაცილების ცერემონიალი. არ მქონია შეგრძნება, რომ "თმის შეჭრით" რაღაც დამთავრდა. სინამდვილეში, არაფერი დასრულებულა - პირიქით, ახალი ცხოვრება იწყება!

sport2-1660485545.jpg

- მოგვიანებით, როცა ახალი "ვარცხნილობით" გნახა, ლევანმა რა გითხრა?

- გიხდებაო (იცინის)! არადა, თმას ცერემონიალზე დამსწრენი გჭრიან - ზოგმა მოკლედ შემჭრა, ზოგმა გრძლად, ჰაკუჰომაც შემაჭრა თმის პატარა ნაწილი. რამდენიმე დღის შემდეგ მე და ლევანმა ცალკე აღვნიშნეთ ჩემი დანპაცუ-შიკი, მაგრამ კიდევ ვამბობ - ძალიან დამწყდა გული, ტოჩი გაცილების ცერემონიალს რომ ვერ დაესწრო.

- ჩოხაში დანპაცუ-შიკის დასრულების შემდეგ გამოეწყვე?

- შინდისფერი ჩოხა იაპონიაში საქართველოს ელჩმა, ბატონმა თეიმურაზ ლეჟავამ მაჩუქა და თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას. მთელი ცხოვრება იაპონური კიმონო ვატარე და ბედნიერი ვარ, რომ ახლა მაინც მხვდა წილად ეროვნული სამოსის მორგების ბედნიერება! ეს ისეთი სიხარული და სიამაყე იყო, რომ ერთი შავი ჩოხა კიდევ შევუკვეთე. ამიერიდან შარვალი და პიჯაკი აღარ მიხსენოთ, თუ სადმე მოვხვდები, ყველგან ქართული ჩოხით უნდა ვიარო!

- წონაში იმდენი დაგიკლია, შენგან ქართული ცეკვის ილეთებიც არ გაგვაკვირვებდა!

- ჯერ ჩოხას ბოლომდე ვერ ვიკრავ, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს და მეამაყება. ჩემი მაქსიმალური წონა 220 კგ იყო, 150 კილოგრამამდე მე თვითონ "ჩამოვედი", ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე, კვების სპეციალური რეჟიმითა და სიარულით. ძალიან რთული იყო, მაგრამ ისეთ დისკომფორტს მიქმნიდა ჭარბი წონა, ერთადერთი სურვილი მქონდა, მისგან გავთავისუფლებულიყავი. მუდმივად დიეტაზე ყოფნა ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია. როცა 150 კილოგრამამდე დავიკელი, კუჭის სლივგასტრექტომიის ოპერაცია გავიკეთე დავით აბულაძესთან და ამჟამად 130 კილოგრამს ვიწონი.

sport3-1660485545.jpg

- კარიერის დასრულებაც სწორედ ქრონიკული ტრავმების გამო გახდა აუცილებელი - 2022 წლის ბოლოს მითხარი, მუდმივი დაწოლის გამო ხრტილები არც ერთ მუხლზე აღარ შემრჩა, გაუჩერებელი ტკივილი დაძინების საშუალებას არ მაძლევდაო. მუხლები ახლა რა მდგომარეობაში გაქვს?

- როცა ცუდი ამინდია, მუხლების გაშლაც კი მიჭირს, სხვა დროს ტკივილი აღარ მაწუხებს. როცა 40 წელს გადავაბიჯებ, დიდი ალბათობით, ქირურგიული­ ჩარევა გახდება აუცილებელი, მაგრამ სუმოდან წამოსვლის შემდეგ, მეტ-ნაკლებად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც მოვიშორე და გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. მთელი ცხოვრება სუმოს კანონებს ვემორჩილებოდი, ახლა კი ამ ყველაფრისგან თავისუფალი ვარ და მინდა­ გითხრათ თავისუფლება კარგი ყოფილა (იცინის)!

- თმის ნაწილი ლეგენდარულმა ჰაკუჰომაც შეგაჭრა. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ, რას საქმიანობს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სუმოისტი?

- აქამდე დამხმარე მწვრთნელი იყო, ცოტა ხნის წინ კი თავისი კლუბის მიაგინო-ბეიას "ოიაკატა", ანუ მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი გახდა.

- შენს კარიერას დავუბრუნდეთ: გზა პატარა სვირიდან დიდ სუმომდე ნამდვილად არ იყო მარტივი... იაპონიაში პირველად ჩასულს ყველაზე მეტად რასთან შეგუება გაგიჭირდა?

- წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში­ აღმოჩნდებოდა 17 წლის ბიჭი, რომელმაც არაფერი იცოდა იაპონიის, ადგილობრივი­ ტრადიციების, სამზარეულოსა და მით უმეტეს, სუმოს შესახებ. ყველა ლაპარაკობს ენაზე, რომლისაც არაფერი გაგეგება, თანაც აცნობიერებ, რომ ამიერიდან შენს ცხოვრებაში პური აღარ იარსებებს! სანამ გავიგებდი, რომ პურის ნაცვლად იაპონელები ბრინჯს მიირთმევენ, ლამის მთელი ტოკიო შემოვიარე პურის ძებნაში და საბოლოოდ მხოლოდ ბრინჯის ფუნთუშას მივაგენი.

- კარიერის საწყის წლებში ბევრჯერ გაგჩენია ყველაფრის მიტოვების სურვილი?

- ასეთი რამ არ მახსენდება, მაგრამ­ ოთხი წელიწადი დამჭირდა სუმოს ელიტურ­ დივიზიონში გადასასვლელად და ბოლო წელს ჩემს თავს ვუთხარი, ამჯერადაც თუ ვერ დავწინაურდი ჯურიოში, მივდივარ-მეთქი! რაც შეეხება სუმოს კანონებს, მათი შესრულება არასდროს მიუკადრისებია. ჩემი კლუბის პრეზიდენტის პირველივე სიტყვებიც ეს იყო: სუმოს სამყარო ასეთია - ჩვენ შენ ვერ მოგერგებით და არც თხოვნას დაგიწყებთ, თუ სუმოისტობა გინდა, შენ უნდა მოერგო და დაემორჩილო სუმოს წესებსო! მოვერგე და ბევრი რამის გახსენებაც შემიძლია: უდიდესი სიხარული იყო ჯურიოში (სუმოს რანგით მეორე დივიზიონი. - რ.შ.) დაწინაურება, "კინბოშის" ანუ "ოქროს ვარსკვლავის" მიღება, რასაც დიდი ჩემპიონის, "იოკოძუნას" დამარცხებით იმსახურებ და სხვ.

- რას გრძნობს "ბალიშების წვიმაში" მოყოლილი სუმოისტი?

- რაც მეტი ბალიში მოფრინავს, მით უკეთესი (სკამის ბალიშებს ტრიბუნებიდან დოჰიოზე მაშინ ისვრიან, როცა "იოკოძუნა"­ მარცხდება. - რ.შ.)! ახლა ეს შედარებით ხშირია, იმ წლებში კი, როცა ჰარუმაფუჯი­ დავამარცხე, "იოკოძუნები" თითქმის არასდროს აგებდნენ და გამოხმაურებაც შესაბამისი იყო!

- სუმოს ოფიციალურად დაემშვიდობე­ და გაგამარუს ნაცვლად ისევ თეიმურაზ (გაგა) ჯუღელი ხარ. ამიერიდან სად გნახავთ?..

- ამდენწლიანი კარიერის შემდეგ ახალი საქმიანობის დაწყება იოლი არ არის. არ მინდა ვიჩქარო, ჯერ გავარკვევ, რა გამომდის კარგად. რაღაცებს ვისწავლი, ვიმოგზაურებ და ამასობაში გამოჩნდება კიდეც ახალი საქმე. შემოთავაზებები იაპონელებისგანაც მაქვს და ვნახოთ.

- საუბრის ბოლოს, რას ეტყვის აწ უკვე ყოფილი სუმოისტი გაგამარუ ქართველ გულშემატკივარს, რომელმაც კოკაის, ტოჩინოშინის, გაგამარუს წყალობით ძალიან შეიყვარა სუმო და რომელიც შენსავით თვალცრემლიანი უყუ­რებდა დანპაცუ-შიკის კადრებს.

- არ არსებობს სპორტსმენი წარმატების, მარცხის, ტკივილის გარეშე, მაგრამ ყველაზე დიდ ენერგიას გულშემატკივარი გაძლევს, სპორტსმენისთვის ის უმთავრესი დოპინგია! დიდი მადლობა იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდით. თუ მიცნობენ და გამომელაპარაკებიან, ძალიან გამიხარდება და პირადადაც ვეტყვი მადლობას.