"რამდენჯერმე შევესწარი, გიდი არასწორ ინფორმაციას რომ აწვდიდა ტურისტს, ჩვენს ისტორიას აყალბებდა“ - კვირის პალიტრა

"რამდენჯერმე შევესწარი, გიდი არასწორ ინფორმაციას რომ აწვდიდა ტურისტს, ჩვენს ისტორიას აყალბებდა“

"სტუმარმასპინძლობით განთქმულია საქართველო, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ უნდა გახდეს უცხოელი სტუმრებისთვის მხოლოდ ხაჭაპურის, ხინკლის, მწვადისა და ღვინის სამშობლო... ტურიზმში დასაქმებულებს დიდი მისია აკისრიათ და მათ ეს ტვირთი ღირსეულად უნდა ზიდონ!", - გვითხრა ყოფილმა გიდმა თამაზ ბეჟიაშვილმა. ჩვენმა რესპონდენტმა გაიხსენა, კომუნისტების პერიოდში ვინ სტუმრობდა კახეთს, რას ნახულობდნენ და როგორი ემოციებით­ ბრუნდებოდნენ სამშობლოში.

- კომუნისტების დროს კახეთის სანახავად ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა. ამიტომ გასული საუკუნის 80-იან წლებში სიღნაღში ააშენეს ტურბაზა და 5-სართულიანი უზარმაზარი შენობა მუდმი­ვად სავსე­ იყო ტურისტებით. მრავალი­ წელი ვიმუშავე ტურბაზის გიდად. 90-იან წლებში ტურბაზა დაიკეტა და შენობიდან ბოლო ტურისტი მე გავაცილე. ერთხანს შენობა ფუნქციადაკარგული იყო, შემდეგ კახეთის გუბერნატორმა გია არსენიშვილმა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილიალი გაახსნევინა, რომელმაც დიდხანს ვერ იარსება. ახლა იქ კერძო პირს აქვს სასტუმრო...

იყო წლები, როცა კახეთში 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი ისვენებდა. ხშირად ვმასპინძლობდით სამთავრობო­ დელეგაციებს. ტურბაზაში იმართებიდა კონფერენციები, სიმპოზიუმები. ყველა ტური­სტმა­ წინასწარ იცოდა, კახეთში რა უნდა ენახა. ბევრი ცნობილი ადამიანი იხიბლებო­და­­ კახეთით. ერთხელ სიღნაღში ჩამოვიდა ინგლისში­ მოღვაწე ქართველი პროფესორი თამარ დრაგაძე და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ნახა წნორელი კერამიკოსის, იმ პერიოდში უკვე გარდაცვლილი ვაჟა მოსულიშვილის ნამუშევრები. ყველაზე მეტად აღაფრთოვანა ჭადრაკის უზარმაზარმა დაფამ, რომლის ფიგურებად თიხის ზღაპრის პერსონაჟები იყვნენ. ქალბატონმა­ თამარმა ტირილი­ დაიწყო, ასეთ საუკეთესო­ შემ­ოქმედთან სიკვდილს რა უნდოდაო.­ გვთხოვა, მიგვეცა უფლება, მოსულიშვილის ნამუშევრები მისალოც ბარათებზე გამოესახა.

ერთხელ სიღნაღს ესტუმრა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას შვილი, მწერალი და კომპოზიტორი რეჯებ ჟორდანია. იმ დროს მუზეუმის სამხატვრო გალერეაში გამოფენილი გვქონდა ნახატი ,,ბრძოლა ხორნაბუჯთან". ტილო ასახავდა მონღოლთა­ შემოსევის დროს გამართულ შეტაკებას და ხორნაბუჯის დაცემას. ჟორდანია გულმოდგინედ ათვალიერებდა ტილოს და ნახატის ავტორს ეძებდა. ამ დროს მოხდა კურიოზი, მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩაილაპარაკა, თუ იპოვი, უცებ არ წაიკითხოო. ეგონა, რეჯებ ჟორდანიამ ქართული არ იცოდა. ცხადია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შთამომავალმა გაიგო, რაც თქვა მასპინძელმა,­ ქალს გაუღიმა და ქართულად უპასუხა,­ სათვალე დამრჩა მანქანაში­ და ამიტომ ვერ ვკითხულობო. შემდეგ ჟორდანია მივიდა როიალთან და ცალი ხელით დაუკრა `სულ­იკო". მე მუსიკალური განათლებაც მაქვს და თანამშრომლებმა მთხოვეს, დაუკარი `სულიკო", გაუხარდებაო. ჟორდანიამ იმღერა, შემდეგ სხვა მელოდია დავუკარი და ერთად ვიმღერეთ. ქართული სიმღერებით მოხიბლული სტუმრები მუზეუმის იატაკზე დასხდნენ და დიდხანს ვმღეროდით.

- სიღნაღი ბევრი პოეტის, კომპოზიტორისა­ თუ მხატვრის მუზა გამხდარა. ამ ქალაქში განსაკუთრებით რა ხიბლავდათ უცხოელებს?­

- ყველას უნდოდა სიღნაღიდან დაენახა ალაზნის ველი, რომელიც ამ პატარა ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სხვადასხვანაირად ჩანს. ინტერესდებოდნენ სიღნაღის ციხე-გალავნით, ძველი ქუჩებით... ფოტოებს უღებდნენ, ზოგი იქვე აკეთებდა ნახატის მონახაზს, ლექსებს უძღვნიდნენ. თითქმის ყველა დიდ პოეტს აქვს მიძღვნილი ლექსი სიღნაღისადმი. ცივგომბორის კალთაზე შესკუპებული ქალაქი ძალიან მოსწონდა მხატვარ ელენე ახვლედიანსაც. ხშირად სტუმრობდა სიღნაღს, ქუჩებში დადიოდა და ხატავდა. ამბობდა, სიღნაღი პარიზს მაგონებსო. ახვლედიანს შესანიშნავად აქვს დახატული სიღნაღის ციხე-გალავანი...

სიღნაღი იმითაც არის საინტერესო, რომ მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტი ისტორიული ძეგლია. ციხე-გალავანს, რომელიც ქალაქს გარს ეკვრის, ერეკლე მეორის პერიოდს მიაწერენ, მაგრამ ლეგენდებს თუ ვერწმუნებით, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ყოფილა სიღნაღში გალავანი. ისტორიული წყაროები გვეუბნებიან, რომ ერეკლე მეფემ, საქართველოს სხვა ციხე-გალავნებთან­ ერთად, აღადგინა და სათოფურები დაუყენა. ერეკლეს დამსახურებაა ისიც, რომ სიღნაღი­ ქალაქთა სიაში შეიყვანა. პატარა კახს მოსწონდა ჯიუტი ქიზიყელები და თავის დაცვაში ამ კუთხის ვაჟკაცები ხშირად მიჰყავდა...

ჩვენს ტურისტულ მარ­­შრუტში იყო ლაგო­დეხის ნაკრძალიც, რომელიც მიეკუთვნება მსოფლიოში ცნობილ ნაკრძალთა რიცხვს. ის 1913 წელს პოლონელმა ლუდვიგ მალაკასევიჩმა ქართ­ველებთან ერთად დაა­არსა. სწორედ ამის შემდეგ შეიძინა ლაგოდეხმა ქალაქის სტატუსი, მანამდე კი პატარა დასახლება იყო, სადაც სამხედროები ცხოვრობდნენ. ლაგოდეხი, ანუ ,,ლაგერ ოტდიხა", მათ შეარქვეს და ნიშნავს დასასვენებელ ბანაკს. მუნიციპალიტეტში ქუჩები ისეა გაქსელილი, ყველა მათგანი ნაკრძალთან მიდის... ტყეში ფეხმავალი ტურისტებისა და ცხენების მოყვარულებისთვის მონიშნული იყო საცალფეხო ბილიკები. ვისაც ალპინიზმი უყვარდა, ინსტრუქტორთან ერთად მთის წვერზე ადიოდა. თავგადასავლების მოყვარულები ადიოდნენ კავკასიონის მთაზე მდებარე ტბაზეც, რომელსაც შავი მთის ტბა ჰქვია. ლაგოდეხელები ამბობდნენ, ეს ტბა რომ კალაპოტიდან გადმოვიდეს, ისეთი ღრმაა, ლაგოდეხს წალეკავსო.

ტურისტები მიგვყავდა წინანდალშიც, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში,­ რომელიც კახეთის ერთ-ერთი სავიზიტო­ ბარათია, ასევე ყვარლის ტბაზე, რომელიც ხელოვნურად დააგუბეს კომუნისტების­ დროს. მოგვიანებით ილიას ტბაც შეიქმნა. ყველას ძალიან მოსწონდა ყვარლის ტბის ხედები, საათობით ისხდნენ და ბუნებით ტკბებოდნენ. ყვარელში ტურისტი აუცილებლად შეგვყავდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და ვუყვებოდით ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის მოღვაწეობის ამბებს.

ტურისტებს აღაფრთოვანებდა გრემის ტაძარი, რომელიც შემაღლებულ ადგილზეა და იქიდან მთელი კახეთი მოჩანს.

მაშინ ისე პროფესიონალურად ვადგენდით მარშრუტებს, რომ სტუმარი­ ყველა­ ტაძარში ერთ დღეს არ მიგვეყვანა, რათა ისტორიები ერთმანეთში არ არეოდა. ტურისტები ქართული ღვინისის დასაჭაშნიკებლადაც მიგვყავდა. ზოგჯერ იმდენ ღვინოს ყიდულობდნენ, დატვირთული მანქანით ვბრუნდებოდით სასტუმროში. ღვინოს გამო ექსცესების შემსწრეც გავმხდარვარ. გორბაჩოვის დროს მშრალი კანონი კრძალავდა ალკოჰოლურ სასმელს და ტურისტები ვეღარ ყიდულობდნენ. ერთხელ ჩვენს სასტუმროსთან გაჩერდა ტაქსი, საიდანაც გადმოვიდა ბრგე უცხოელი მამაკაცი ხელში ქარხნული ღვინის რამდენიმე ბოთლით. სასტუმროს დაცვა წინ გადა­უდგა და შესვლის­ უფლება არ მისცა­. კაცი ამტკიცებდა, ღვინოს მაინც შევიტან და ჯობს გზიდან­ ჩამომეცალოთო. ადმინისტრაციამ მილიცია გამოიძახა, რამაც ისე გადარია სტუმარი, ღვინის ბოთლები­ ფრთხილად დააწყო და მოწინააღმდეგეებს მუშტით დაერია. ვისაც ხელი დაარტყა, ყველა იატაკზე დასცა. მილიციელებმა დამხმარე რაზმი გამოიძახეს. რამდენიმე წუთში რაიონის მილიციის უფროსიც მოვარდა და ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე ჰქონდათ სსრ კავშირის უშიშროების მაღალჩინოსანთან, რომელიც სპორტის დამსახურებული ოსტატიც ყოფილა და ამიტომაც იგერიებდა მარდად მილიციელებს. როგორც კი შეიტყვეს სტუმრის ვინაობა, მილიციის უფროსი ,,ჩესტით" დაუდგა სტუმარს, სასტუმროში ღვინოც შეატანინა და რესტორანშიც დაპატიჟა.

მახსოვს, ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები ისე დათვრნენ, ზოგიერთმა ტანსაცმელი გაიხადა და სასტუმროს ეზოში­ დედიშობილა დაიწყო ცეკვა. ადმინისტრაციამ მოუწოდა, შეეწყვიტათ, თუ არ გაჩერდებით, მილიციაში დავრეკავთო. იცით, რა უპასუხეს უცხოელებმა? ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ყველაფერი დაშვებულიაო.

ყოველთვის ვცდილობდით, ისე შეგვედგინა ტურები, ჩვენი სავიზიტო ბარათი მხოლოდ სმა-ჭამა და დათრობა არ ყოფილიყო. აქედან წასულებს მხოლოდ ხინკალზე, მწვადზე, ხაჭაპურსა და ღვინოზე არ ელაპარაკათ და ჩვენი უძველესი ისტორიითაც გაოცებული დარჩენილიყვნენ. სამწუხაროდ, დღეს ასეთი გულმოდგინებით აღარ იგეგმება ტურები. არის შემთხვევები, როცა ტურისტები შეურაცხყოფენ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.

- რა უნდა შეიცვალოს ტურიზმში, უცხოელებისთვის საქართველო რომ არ იყოს ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება?

- რადგან უცხოელი ფულს იხდის,­ ზოგ ქართველს ჰგონია, ყველაფრის უფლება უნდა მისცეს. ცხადია, უნდა გვესტუმრონ, დაისვენონ, დალიონ კიდეც, მაგრამ ქართველ ხალხს პატივი უნდა სცენ.

ერთხელ მუზეუმში გამოფენილი გვქონდა ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნახატი `ექიმი ვირზე". დასათვალიერებლად შემოვიდა უცხოელების ჯგუფი და ამ ნახატის დანახვაზე ახარხარდნენ. ისე გავბრაზდი, სასწრაფოდ დავატოვებინე მუზეუმი და ავუხსენი, რომ ფიროსმანი არ არის ვინმეს ხელწამოსაკრავი მხატვარი და მისი ნახატის წინ ასეთი ქმედება არა მარტო მხატვრის, ქართველი ერის შეურაცხყოფაც იყო.

დღეს ყველას შეუძლია გიდი იყოს და ტურისტებს ჩვენი ქვეყანა, კულტურა და ისტორია გააცნოს. არსებობენ მძღოლი-გიდები, მზარეული-გიდები... რამდენჯერმე შევესწარი, გიდი არასწორ ინფორმაციას რომ აწვდიდა ტურისტს, ჩვენს ისტორიას აყალბებდა. ეს გიდების მოუმზადებლობის ბრალია. ერთხელ გიდს ტურისტმა ფიროსმანის სახელი ჰკითხა. გიდი დაფიქრდა და უპასუხა, პასპორტის მიხედვით გიორგი ერქვა და ისე, ნიკოს ეძახდნენო. იყო ისეთი ფაქტიც, როცა მუზეუმში შემოიყვანეს ჯგუფი და გიდი ტურისტებს ეუბნებოდა, ეს გახლავთ ნიკო ფიროსმანის ავტოპორტრეტი შესრულებული პიკასოს მიერო. ვერ მოვითმინე და შენიშვნა საჯაროდ მივეცი: იცი, ავტოპორტრეტი რა არის? თუ ფიროსმანის­ ავტოპორტრეტია, პიკასო რა შუაშია და თუ პიკასომ დახატა, ავტოპორტრეტი როგორღა იქნება-მეთქი? გიდმა ჩვენი წარსული და საუკუნეების განმავლობაში ნაშრომ-ნაღვაწი ღირსეულად, დაუმახინჯებლად უნდა წარუდგინოს სხვა ქვეყნის შვილებს. ქვეყნის ინტერესები უნდა დავაყენოთ შემოსავალზე მაღლა.

ნელი ვარდიაშვილი