ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ბრძოლების შესაძლო ტრაგიკულ შედეგს მთელი ევროპა იწვნევს... - კვირის პალიტრა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ბრძოლების შესაძლო ტრაგიკულ შედეგს მთელი ევროპა იწვნევს...

მართალია, რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო მოქმედებების არეალი უკრაინის ტერიტორიას არ გასცდენია, მაგრამ ამ ომთან დაკავშირებული ტრაგიკული მოვლენები უკრაინიდან ასობით და შეიძლება ათასობით კმ-ზეც კი გავრცელდეს, თუკი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აფეთქდება.

უკრაინაში შეჭრის მეცხრე დღეს, 4 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბრძოლით დაიკავეს, რაც უკვე დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. მას შემდეგ რუსი სამხედროები არა მარტო აკონტროლებენ ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს, არამედ მისი ტერიტორიიდან "გრადებისა" და ჰაუბიცების ცეცხლს ხსნიან უკრაინის არმიის პოზიციებისკენ და ატომურ ელექტროსადგურს ერთგვარ ფარად იყენებენ იმ იმედით, რომ უკრაინელი არტილერისტები კონტრსაბატარეო სროლას ვერ გაბედავენ, მაგრამ ბოლო დღეებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საარტილერიო ჭურვები რამდენჯერმე აფეთქდა უშუალოდ ატომური რეაქტორების სიახლოვეს, არადა, ამ უდიდეს ელექტროსადგურს ექვსი ასეთი ატომური რეაქტორი აქვს, ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივებული. კიევი რუს ოკუპანტებს ადანაშაულებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის სისტემატურ დაბომბვაში, თუმცა ეს ცოტა არალოგიკური ჩანს, რადგან თუკი ეს ტერიტორია, ხუთ თვეზე მეტია, რუს ოკუპანტებს აქვთ დაპყრობილი, ისინი საკუთარ თავს ხომ არ დაბომბავდნენ?

დიდი ალბათობით, როდესაც ამ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსული ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები და ჰაუბიცები უკრაინელების პოზიციებისკენ ისვრის, იქიდან პასუხსაც იღებენ, მაგალითად, 20 ივლისს უკრაინელებმა სამი პოლონური კამიკაძე-დრონით (რომელთა სერიულ წარმოებას საქართველოც აპირებს) ერთი-ერთი ატომურ რეაქტორის სიახლოვეს რუსებს "გრადი" აუფეთქეს, სამი რუსი სამხედრო მოკლეს, 12 კი დაჭრეს, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ძალზე სახიფათო საარტილერიო "პინგ-პონგი", რომლის სავალალო შედეგებმა შეიძლება თვით ჩერნობილის ატომური რეაქტორის ავარიაც კი დაჩრდილოს?

გაეროს უშიშროების საბჭომ მებრძოლ მხარეებს მოუწოდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დემილიტარიზებულ ზონად გამოეცხადებინათ და მის სიახლოვეს საბრძოლო აქტივობა შეეწყვიტათ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა და უარი განაცხადა, ეს ტერიტორია დაეტოვებინა. მეტიც - რუსმა სამხედროებმა პირველი ატომური რეაქტორის შენობაში ჯავშანტრანსპორტიორი და საბრძოლო მასალით დატვირთული სატვირთო მანქანა შეიყვანეს, რაც აშკარად საღ აზროვნებას მოკლებული ქმედებაა. ათასი მეგავატი სიმძლავრის გააქტიურებულ ატომურ რეაქტორთან, რომელშიც რამდენიმე ტონა ბირთვული საწვავია ჩატვირთული, ტროტილის შემცველი ასაფეთქებელი მოწყობილობების დალაგება მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება მეტყველებდეს - თუ მოსკოვიდან გვიბრძანებენ, უყოყმანოდ ავაფეთქებთო.

ეს უკვე ბირთვული შანტაჟის მკაფიო ნიშანია, რომელსაც კრემლი დასავლეთს უგზავნის და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, მედვედევის, განცხადებით აძლიერებს - ევროპაშიც ბევრი ატომური ელექტროსადგურია, რომლებსაც შეიძლება რაღაც მოუვიდესო.P.შ. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური საქართველოსთან ჩერნობილზე უფრო ახლოსაა და იქიდან შავი ზღვის ქართულ სანაპირომდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 625 კმ-ია, ხოლო თბილისამდე - 1 030 კმ.

ჩვენი დოსიე:

უკრაინაში, ჩერნობილის გარდა, კიდევ ოთხი ატომური ელექტროსადგურია: ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც 15 ატომური რეაქტორი მუშაობს. ეს რეაქტორები შეიძლება ადგილობრივ ატომურ ბომბებად იქცეს, თუკი მათ შემთხვევით ან განზრახ "სმერჩის" ან, მით უფრო - "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტა მოხვდება, ან სულაც ჩამოგდებული თვითმფრინავი ან შვეულმფრენი დაეცემა.მართალია, ატომური ენერგობლოკების შენობები ზეგამძლე რკინაბეტონის მასალით არის აგებული და დამატებით დაცვაც გათვალისწინებულია, რომ მშვიდობიანობის პერიოდში მასზე შემთხვევით დაცემულ საშუალო ზომის თვითმფრინავს გაუძლოს, მაგრამ განზრახ ზუსტად ნასროლი ბალისტიკური რაკეტის 480 კგ-იანი ქობინის ან 500 კგ-იანი საავიაციო ბომბის მოხვედრას, საეჭვოა, გადაურჩეს.