რუსეთს ისე გაუჭირდა, რომ უკრაინაში უკვე პატიმრებსა და საპენსიო ასაკს მიღწეულებს გზავნის?! - კვირის პალიტრა

რუსეთს ისე გაუჭირდა, რომ უკრაინაში უკვე პატიმრებსა და საპენსიო ასაკს მიღწეულებს გზავნის?!

მალე ნახევარი წელი შესრულდება რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან. ამ პერიოდში ორივე მხარემ ცოცხალი ძალის დიდი დანაკლისი განიცადა როგორც დაღუპულების, ისე დაჭრილებისა და დაშავებულ-დასახიჩრებულების სახით, ამიტომაც ბუნებრივია, მოწინააღმდეგეები ცდილობენ, ფრონტის ხაზზე მოქმედი შენაერთები ახალი, თუნდაც ნაკლებად მომზადებული, მებრძოლებით შეავსონ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა რუსეთზე გაცილებით მცირერიცხოვანია, მოსახლეობის პატრიოტული განწყობის გამო კიევს უკრაინის არმიისა და ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების დაკომპლექტება მაინცდამაინც არ უჭირს, ხოლო მათ, ვინც ომს ემალება, საზღვარგარეთ არ უშვებენ (ბევრმა ომის პირველივე დღეებში გაასწრო, მათ შორის - საქართველოშიც) და ქუჩებშიც გადასცემენ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადების უწყებებს.

რუსეთში კი საქმე სხვანაირადაა: პუტინი პრინციპულად არ აცხადებს საყოველთაო მობილიზაციას, რადგან თვლის, რომ უკრაინაში მხოლოდ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს, თუმცა ორი სახის ფარული მობილიზაცია მაინც დაწყებულია.

პირველი სახის მობილიზაციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის თითოეული სუბიექტი რამდენიმე ბატალიონს აყალიბებს კონტრაქტორი მსურველების ხარჯზე. ფაქტობრივად, ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებულ ასეთ ბატალიონებში, ძირითადად, ჭარბობენ ნახევარ საუკუნეს მიტანებული ან გადაცილებული მამაკაცები, რომელთა გარეგნობა ძნელად აღიქმება ჯავშანჟილეტსა და ჩაფხუტთან ერთად, რადგან აქამდე არყის ბოთლებთან უფრო ჰარმონიულად ცხოვრობდნენ. ცხადია, ამ კატეგორიის ადამიანებს მხოლოდ ფული თუ დააინტერესებთ (ადგილობრივი გუბერნატორები ერთი თვე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის 2-3 ათასი დოლარის ეკვივალენტ რუსულ რუბლს ჰპირდებიან, რაც ახალგამოჩეკილი მებრძოლებისთვის“ დაუჯერებელი თანხაა).

მეორე კატეგორიას კი... ციხეში მყოფი მსჯავრდადებულები შეადგენენ, რომლებსაც უკრაინაში საომრად წასვლის სანაცვლოდ მნიშვნელოვან თანხასა და სასჯელის გაუქმებას ჰპირდებიან.

გამოდგებიან კი საბრძოლველად პატიმრები და თითქმის საპენსიო ასაკის მამაკაცები? ალბათ, არა და მათი უდიდესი ნაწილი პირველივე ბრძოლაში საზარბაზნე ხორცად იქცევა, რადგან რუსეთ-უკრაინის ომი ნელ-ნელა პროფესიონალების ომად ყალიბდება, სადაც დილეტანტების ადგილი აღარ არის.

P.S. ბოლოს ციხიდან ფრონტის ხაზზე საბრძოლველად პატიმრები სტალინმა 1941-42 წლებში გამოუშვა, როდესაც საბჭოთა არმიას ძალიან გაუჭირდა გერმანელთა შეტევების მოგერიება. ნუთუ დღეს რუსეთის არმიასაც ისე უჭირს უკრაინასთან ბრძოლა, რომ 80 წლის შემდეგ პუტინი იძულებულია, სტალინს მიჰბაძოს?!