რუსული თვითმფრინავების განადგურებას სამხედროზე მეტად პოლიტიკური წონა დაედო - კვირის პალიტრა

რუსული თვითმფრინავების განადგურებას სამხედროზე მეტად პოლიტიკური წონა დაედო

ომებში ხშირად მცირე ტაქტიკურ მინი-გამარჯევებებს მეტი ფასი აქვს, თუკი ისინი პროპაგანდით გაძლიერებული და საჭირო კონტექსტით არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში.

რუსეთის ხელისუფლება თავისი პროპაგანდის ტყვეობაში აღმოჩნდა და დღეს ის კრემლის მესვეურთა სამხედრო-პოლიტიკურ იმიჯზე აშკარად უარყოფითად მოქმედებს. რუსულმა პროპაგანდამ მთელ მსოფლიოს მოსდო, რომ 2014 წლიდან ჯერ ოკუპირებული და შემდეგ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული "ჩაუძირავ ავიამზიდად" გადააქცია და იქ მყოფთ უკრაინელი სამხედროებისგან საფრთხე არ ელოდათ, რადგან რუსი მეზენიტეები - ცას, ხოლო მეზღვაურები ზღვას საიმედოდ იცავდნენ, მაგრამ 31 ივლისს რუს მეზღვაურებს ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღის პომპეზურად აღნიშვნა ჩაუშალეს - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი შტაბის წინ დრონი-კამიკაძე აფეთქდა და ექვსი რუსი სამხედრო დაჭრა.

მაშინ ითქვა, რომ ეს დრონი სევასტოპოლიდანვე გაუშვეს უკრაინელმა დივერსანტებმა, ამიტომაც "სახელგანთქმული" რუსული საჰაერო თავდაცვა მას ვერ აღმოაჩენდა და მით უფრო - ვერ ჩამოაგდებდაო.

9 აგვისტოს, დღისით, მზისით, ყირიმის სანაპიროს პლაჟზე წამოწოლილი ათასობით დამსვენებელი მოულოდნელი აფეთქების ხმამ წამოაგდო, ხოლო ცისკენ აღმართული შავი ფერის, აფეთქების "სოკოები" რომ დალანდეს, ერთმანეთს ასწრებდნენ, რადგან უკვე მათ სიახლოვეს, საკის სამხედრო აეროდრომზე, ცეცხლი მძვინვარებდა.

საკის აეროდრომი ისტორიაში იმითაც შევიდა, რომ 1945 წლის თებერვალში იქ აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილის თვითმფრინავები დაეშვა და რუზველტი და ჩერჩილი სტალინთან შესახვედრად იალტისკენ გაემართნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის წინ საკის სამხედრო აეროდრომი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა და მის კომპლექს "ნიტკაზე", სწავლობდნენ საგემბანო ავიაციის პილოტები, მათ შორის - საავიაციო პოლკის მეთაური პოლკოვნიკი თემურ აფაქიძე, რომელმაც სამხედრო პილოტებს შორის პირველმა დასვა Су-27К ტიპის საგემბანო გამანადგურებელი ავიამზიდ "თბილისზე", რომელსაც მალე სახელი შეუცვალეს და "ადმირალ კუზნეცოვად" აქციეს.

საკის სამხედრო აეროდრომი შემთხვევითი სამიზნე არ არის, რადგან 24 თებერვლიდან მოყოლებული, ამ აეროდრომიდან ყოველდღიურად აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ და რაკეტებს უშვებენ უკრაინის სამხრეთ ნაწილში, არა მარტო უკრაინის არმიის პოზიციებისკენ, არამედ მშვიდობიანი ქალაქების მიმართულებითაც.

საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებამდე ორიოდე დღით ადრე გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოზე კარგად ჩანს იქ განთავსებული თვითმფრინავები, მათ შორის - 14 ერთეული მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30СМ, 16 ერთეული საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, ექვსი ცალი Ми-8МТ ტიპის შვეულმფრენი და Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. დიდი ალბათობით, 9 აგვისტოსაც, როდესაც საკის აეროდრომზე თითქმის ერთდროულად მოხდა რამდენიმე აფეთქება, იქ რუსული სამხედრო ავიაციის თითქმის იგივე შემადგენლობა იდგა.

რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბური აფეთქებები ოკუპირებული ყირიმის ამ სამხედრო აეროდრომზე, რომელიც, წესით, რუს სამხედროებს ჰაერიდან, ზღვიდან თუ ხმელეთიდან ყველაზე დაცული უნდა ჰქონდეთ? თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ სამხედრო აეროდრომზე აფეთქება შემთხვევითმა ხანძარმა გამოიწვია, რაც საბრძოლო საჭურვლის აფეთქებას მოჰყვა, მაგრამ ამას არც მსხვერპლი მოჰყოლია და არც აეროდრომზე მდგარი თვითმფრინავები დაზიანებულაო, მაგრამ დადგა მეორე დღე, 10 აგვისტო, და ინტერნეტით გავრცელდა საკის აეროდრომზე აფეთქებული და დამწვარი არანაკლებ ცხრა რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ძალიან მკაფიო თანამგზავრული ფოტოები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ამხილა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ცხადია, შოიგუს უწყებას არაფრის დიდებით არ უნდა აღიაროს, რომ საკის აეროდრომს უკრაინელებმა ზიანი მიაყენეს, რადგან ეს რუსული საჰაერო თავდაცვის ან უსაფრთხოების სამსახურის სისუსტეზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, საკის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა თუ უკრაინულმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა იყოჩაღა, ამიტომ მოსკოვს ურჩევნია, ყველაფერი ხანძარს დააბრალოს (როგორც სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვისას) და პრესტიჟის შენარჩუნება სცადოს.

თავის მხრივ, არც უკრაინული მხარე იღებს საკუთარ თავზე საკის აეროდრომზე თავდასხმას და რუს სამხედროებს ირონიულად ურჩევს, ხელი აიღონ ბომბების ახლოს სიგარეტის მოწევაზე.

ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირი ამტკიცებს, რომ ამ დარტყმის შედეგად საკის აეროდრომზე 60 რუსი პილოტი და 100 ტექნიკოსი დაიღუპა. ეს ციფრები ძალზე გაბერილი ჩანს, თუმცა სამუშაო საათებში აეროდრომის ამ მონაკვეთში თვითმფრინავების მომსახურების პროცესში მართლაც უნდა ყოფილიყო ჩაბმული რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო.

კვლავ ბუნდოვანია, რომელი სარაკეტო შეიარაღებით შეეძლოთ უკრაინელებს თავიანთი კონტროლირებადი ტერიტორიიდან 200 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ საკის აეროდრომზე დარტყმების განხორციელება. ყველაზე რეალური მაინც 280 კმ-მდე მფრენი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი "ნეპტუნების" ან "ჰარპუნების" გამოყენება ჩანს, მაგრამ აქაც არის ერთი ნიუანსი: ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, ბგერამდელი სიჩქარით და მათი თვალით და მით უმეტეს - ვიდეოკამერით დაფიქსირება სავსებით შესაძლებელია; ამასთან, ფრენისას გამოსცემენ რეაქტიული ძრავისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ხმას, რომლის ვერშემჩნევა შეუძლებელია, არადა, იმ ასობით დამსვენებელს, რომლებიც პლაჟიდან უყურებდნენ საკის აეროდრომზე აფეთქებებს, არც ფრთოსანი რაკეტები დაუნახავთ და არც მათი ხმა გაუგონიათ, ამიტომ ჩნდება ვერსია, რომ მომხდარი "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტების "სინდისზეა", მაგრამ "ჰაიმარსის" იმ ტიპის რაკეტები, რომლებიც დღეს უკრაინელი არტილერისტების არსენალშია, მხოლოდ 84 კმ-მდე მიფრინავს, ხოლო 300 კმ სიშორის ბალისტიკური რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე პრეზიდენტი ბაიდენი დღემდე თავს იკავებს. მაშ, როგორ უნდა მისწვდომოდა "ჰაიმარსი" 200 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ რუსების მიერ ოკუპირებულ საკის სამხედრო აეროდრომს?

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომ პენტაგონს უკრაინელებისთვის არ გადაუცია იმ სახის შეიარაღება, რომლის გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა საკის აეროდრომისთვის ასეთი დარტყმის მიყენება. როგორც ჩანს, ამერიკელებმა თავი დაიზღვიეს. არსებობის უფლება აქვს ვერსიას უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის ფილიგრანული მოქმედების თაობაზე, მაგრამ "სარაკეტო ვერსია" რეალობასთან უფრო ახლოს ჩანს.გასაგებია, რატომ არ სურთ რუსებს სიმართლის თქმა, მაგრამ არც უკრაინელების დუმილის მიზეზი უნდა იყოს ძნელი მისახვედრი: მათ ანექსირებულ ყირიმში კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რუსული სამიზნე ელოდებათ, უპირველესად - სევასტოპოლის მთავარი რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის სახით და არ სურთ, თავიანთი წარმატებული მოქმედებების ტაქტიკა გაახმაურონ.