ესტონეთი, ფინეთთან ერთად, რუსეთისთვის ბალტიის ზღვიდან გასასვლელის ჩაკეტვას აპირებს - კვირის პალიტრა

ესტონეთი, ფინეთთან ერთად, რუსეთისთვის ბალტიის ზღვიდან გასასვლელის ჩაკეტვას აპირებს

გერმანია-საბჭოეთის ომის დაწყებიდან მალევე, მას შემდეგ, რაც ჰიტლერის არმია შევიდა დღევანდელი ესტონეთის ტერიტორიაზე (რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირს ჰქონდა ოკუპირებული), საბჭოთა ბალტიის ზღვის ფლოტი ფინეთის ყურეში აღმოჩნდა ჩაკეტილი, რადგან ომში ფინეთიც გერმანიის მხარეს ჩაერთო.

ფინეთის ყურის მინიმალური სიგანე ფინეთსა და ესტონეთს შორის მხოლოდ 40-ოდე კმ-ია და თუკი 80 წლის წინ შეძლეს მისი სრული გადაკეტვა, დღეს, თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების ეპოქაში, ეს გაცილებით ადვილია.

ესტონეთი ყიდულობს ისრაელის წარმოების თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, ამავე კლასის, ოღონდ შვედეთის წარმოების რაკეტები კი ფინელებს უკვე აქვთ შეიარაღებაში.

ამ რაკეტების ფრენის სიშორე 100 კმ-ს აღემატება, ფინეთის ყურის სიგანე კი საშუალოდ 70 კმ-ია, რაც იძლევა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ შესაძლებლობას, ფინელებისა და ესტონელების დაუკითხავად ვერც ერთმა რუსულმა სამხედრო ხომალდმა ვერ გაცუროს ფინეთის ყურეში ბალტიის ზღვიდან ჩრდილოეთ ზღვაში, შემდეგ კი ატლანტის ოკეანეში გასაღწევად.

რაც შეეხება რუსულ წყალქვეშა ნავებს, ბალტიის ფლოტში მხოლოდ ერთი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავია, რომელიც ამინდს ვერ ქმნის.

რუსული კორვეტები და სარაკეტო კატარღები ფინელებისა და ესტონელების ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო ბარიერს რომც დაუსხლტდნენ, მაინც არ გამოუვათ ჩრილოეთის ზღვის ტალღებში "განავარდება", რადგან თუკი ნატოს სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მართლაც გადაწყვიტა რუსეთის ბალტიის ზღვის სამხედრო ხომალდებისთვის საზღვაო გზის გადაკეტვა, მათ დანიის ვიწრო ფიორდების გადალახვის შანსი არ აქვთ.

უკრაინაში შეჭრამდე ერთი თვით ადრე რუსეთმა ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების ფლოტებიდან ექვსი დიდი სადესანტო ხომალდი ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით შავ ზღვა­ში გადმოისროლა ფარული მიზნით, რომ უკრაინაზე თავდასხმისთანავე ისინი შავი ზღვის ექვს ასეთივე ხომალდთან ერთად მრავალრიცხოვან საზღვაო დესანტს გადასხამდნენ ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროზე, დაიპყრობდნენ ოდესას და გზას გაჭრიდნენ მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთამდე. საბედნიეროდ, რუსეთს ეს ჩანაფიქრი ჩაეშალა და დღეს რუსული საზღვაო დესანტის ოდესასთან გადასხმის ალბათობა მინიმუმდე შემცირდა.

სამაგიეროდ, არსებობს საფრთხე, შავი ზღვის ფლოტის (რომელსაც უკრაინელებმა ხომალდებიც ჩაუძირეს და აეროდრომიც აუფეთქეს) გასაძლიერებლად რუსეთმა კვლავ სცადოს თავისი ჩრდილოეთისა და ბალტიის ფლოტებიდან მცირე სარაკეტო ხომალდების გადმოსროლა.ჩრდილოეთის ფლოტიდან გამოსული სამხედრო ესკადრის შეჩერებას ნატო, ალბათ, ან გიბრალტარის სრუტესთან შეძლებს, ან - ბოსფორთან, მაგრამ ბალტიის ფლოტის ხომალდების "ჩაკეტვა" ფინეთის ყურეშივე შეიძლება.