EXCLUSIVE: "ამ ტრაგედიის შემდეგ, პირადად ვნახე ქმარი, კანკალებდა, ტიროდა, განადგურებული იყო" - რა ახალ დეტალებს ჰყვება მეზობელი შვილის მიერ მოკლულ ქალზე? - კვირის პალიტრა

EXCLUSIVE: "ამ ტრაგედიის შემდეგ, პირადად ვნახე ქმარი, კანკალებდა, ტიროდა, განადგურებული იყო" - რა ახალ დეტალებს ჰყვება მეზობელი შვილის მიერ მოკლულ ქალზე?

უმძიმესი დანაშაული 13 აგვისტოს, გამთენიას, ლილოს დასახლებაში მოხდა. 34 წლის ჟანა ხალილოვა საკუთარ სახლში სადისტურად მოკლეს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალს სხეულზე დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, სამწუხაროდ, იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ამ საზარელ დანაშაულში მოკლულის შვილი, 17 წლის ნოვრუზ ხალილოვი ამხილეს და დააკავეს კიდეც. მასთან ერთად დაკავებულია ნოვრუზის მეგობარიც.

ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

რატომ გაიმეტა საკუთარი დედა სასიკვდილოდ შვილმა, ეს ალბათ გამოძიებით გაირკვევა. ჯერჯერობით უცნობია, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მკვლელობის მოტივზე საუბარი ახლობლებს და მეზობლებს უჭირთ. ცნობილია ისიც, რომ ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ნოვრუზი გარდაბანში, თავიანთ სოფელში ჩავიდა და ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ უამბო. ამის შემდეგ დარეკეს პოლიციაში და დამნაშავე თავად ჩაბარდა.

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად ჩაწერა მოკლული ქალის მეგობარი, რომელმაც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, მკვლელობაში ბრალდებულები და მოკლული ჟანა ხალილოვა ერთად ნახა იმ სახლში. მოწმე გამოძიებას უკვე დაკითხული ჰყავს.

აი, რა გვიამბო მან:

- არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ჩემს ჭკუაზე არ ვარ, უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ჟანას ბინაში ვიყავი, ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგაა ეს შემზარავი ამბავი მომხდარი. არადა, კარგად იყვნენ ერთმანეთთან, არანაირი კონფლიქტი დედა-შვილს შორის იმ დღეს არ დამინახავს. რამე საეჭვო რომ შემემჩნია, აუცილებლად პოლიციას გამოვუძახებდი. პირიქით, ჟანა გახარებული და ბედნიერი იყო იმით, რომ შვილთან ურთიერთობა გაუმჯობესებული ჰქონდა. ვფიქრობ, გარდატეხის ასაკის გამო იყო კონფლიქტი ალბათ, მაგრამ სერიოზული რამე მათ შორის არაფერი ყოფილა.

ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე ჟანამ ეს სიტყვები მითხრა - ძალიან ბედნიერი ვარ, მე და ნოვრუზი ძალიან მეგობრულად რომ ვართო... ამ სიხარულს გამოხატავდა, ამას რომ მელაპარაკებოდა იმ საღამოს, ეს მის შვილსაც ესმოდა. ოთახში იჯდა, ხმა არ ამოუღია. მათ შორის ადრეც არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი, ხომ იცით, დედას ყოველთვის უნდა შვილი საუკეთესო იყოს.

იყო ასეთი ფაქტები, რომ მანქანა წაიყვანა ნოვრუზმა და გააფუჭა, ასეთ რამეზე ბრაზდებოდა დედა, თორემ სერიოზული კონფლიქტები არაფერი მსმენია. იმ დღეს მითხრა, ახლა უფრო კარგად მიჯერებსო და უხაროდა.

jana-1-1660507169.jpg

- გვიამბეთ ჟანას ოჯახზე, კიდევ ჰყავს შვილები?

- ჟანა ორი შვილის დედაა. ბიჭი და გოგო ჰყავს, გოგონა 15 წლის არის. არაჩვეულებრივი დედა იყო. ოჯახი ცხოვრობდა იქ. მისი ქმარი და გოგონა ამ დროს სოფელში იყვნენ, ხოლო დედა-შვილი თბილისში იყვნენ. ჟანა დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, მას დედა გარდაეცვალა წელს, მარტში ჰქონდა დედის ორმოცი, იქ ვიყავი და მას შემდეგ ფიზიკურად ნანახი არ მყავდა, არ გვისაუბრია, ამიტომ ამ ბოლო დროს რამე პრობლემა ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. მშობლები რუსთავში ცხოვრობდნენ, მამა შარშან დაეღუპა, წელს დედა და ამას ძალიან განიცდიდა. მშობლები არ მყავს და ხომ იცი, ჩემთვის ჩემი შვილები არიან ყველაზე მთავარიო, იმ საბედისწერო დღესაც ეს სიტყვები თქვა. ეს ყველაფერი ესმოდა ნოვრუზსაც.

გუშინ ღამით მოვიდა ჩემთან და მითხრა, ჩემთან წამოდი, რამდენი ხანია, არ მინახიხარ, რამდენი რამე მაქვს სალაპარაკო, ძალიან მომენატრე და ვისაუბროთო. წავედით მის ბინაში. იქ დამხვდა ნოვრუზი და მისი მეგობარი ბიჭი. არ ვიცი, გული უგრძნობდა ჟანას თუ რა იყო, ძალიან მიყვარხარო, რამდენჯერმე მითხრა. როცა ძალიან გამიჭირდება, მაშინაც შენ მახსენდები და როცა მიხარია, მაშინაც შენ მახსოვხარო. ამ სიყვარულს ყოველთვის გამოხატავდა, საოცარი გულის გოგო იყო. იმ დღესაც კარგ ხასიათზე იყო, არანაირი საეჭვო არ შემიმჩნევია. არც აღელვება, არც რაიმე საშიშროება. ჩუმად, წყნარად იყო ნოვრუზიც, თითქმის არც კი საუბრობდნენ, იმ მეგობარმა ბიჭმა რამდენიმე სიტყვა თქვა და გაჩუმდა.

ჟანა არაჩვეულებრივი გოგო იყო, განსაკუთრებული, ძალიან კარგი ადამიანი, ყველას გვერდში მდგომი. ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებოდა ადამიანს, არც ფინანსებს დაინანებდა შენთვის, თუ ხედავდა, რომ ეს შენ გჭირდებოდა, ამოიღებდა და მოგცემდა არა სესხად, ისე. ძალიან გულიანი იყო, ოღონდ შენთვის პატივი ეცა, თან გადაგყვებოდა. ძალიან სტუმართმოყვარეც იყო. გოგონებს დაპატიჟებდა და საოცარ საღამოს მოაწყობდა. კეთილი, მხიარული, პოზიტიური, სიცოცხლით სავსე... სახლში შემოსვლაც სხვანაირი იცოდა, სიცილით შემოვიდოდა, თითქოს კედლებსაც უხარიაო, სულ კარგი განწყობა მოჰქონდა, მშრომელი იყო. თავდაუზოგავად შრომობდა 15 წლიდან. თავისი მაღაზია ჰქონდა ლილოს ბაზრობაზე.

- დედის მკვლელობაში ბრალდებულს როგორ დაახასიათებთ?

- ნოვრუზი ჩემს თვალწინ გაიზარდა. ჩვეულებრივი ბავშვი იყო. ბოლო პერიოდში გახდა რაღაცნაირი, რომ თამამდებიან ბიჭები, ისეთი, მოუნდებოდა მანქანაზე დაჯდებოდა, წავიდოდა, თორემ რაიმე ჩხუბში, ხულიგნობაში გარეული არ ყოფილა. ან წამალი გაეკეთებინოს, ასეთი არ ვიცი. წარმოუდგენელია, რომ მან დედა მოკლა. 8 წელია მეზობლები ვართ, ერთ კორპუსში ვცხოვრობთ და ვმეგობრობთ. 9 წლიდან ვიცნობ ამ ბავშვს და ძალიან მიჭირს გააზრება იმის, რაც მოხდა. დიდხანს ვიყავი წუხელ მათთან სახლში, ვისაუბრეთ, მერე მე წამოვედი და დავტოვე ისინი. დილით, გამთენიას, 3-4 საათზეა მომხდარი ეს ტრაგედია. ნოვრუზმა რომ ეს ჩაიდინა, ამაზე ლაპარაკიც მიჭირს. ასეთი კარგი ადამიანი არ არის ამ ქვეყანაზე.

როგორც ვიცი, მასთან ერთად დაკავებული და ბრალდებული ბიჭი გარდაბნის რომელიღაც სოფლიდან ყოფილა, თავისი შვილის ტოლი იყო და რატომ იეჭვიანებდა რამეს, ან რატომ შეეშინდებოდა მისი? ბოლო თვეების ამბები არ ვიცი, როგორც აღვნიშნე, შვილთან რამე პრობლემები ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. საეჭვო არაფერი დამინახავს. დანით ჰყავთ მოკლული და ბევრი ჭრილობა აქვს ჟანას მიყენებული. ეს არის ჩემი დიდი გულისტკივილი და ვერ ამიხსნია, რატომ უნდა მოეკლათ იგი.

- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ვიღაც გამოთქვამს თავის აზრს, რომ შეიძლება ამ დანაშაულის უკან მისი ქმარი იდგეს. იმასაც ამბობს, ქმარს გაცილებული იყო და ქმარი ძალადობისთვის ციხეშიც იჯდაო.

- ეს მე წავიკითხე და გაოგნებული ვარ. რატომ დაწერეს ასეთი რამ, ვინ თქვა, არ ვიცი. ცოლ-ქმარი გაშორებულები არ იყვნენ, უბრალოდ ქმარი უფრო მეტად სოფელში იყო ხოლმე. ამ ტრაგედიის შემდეგ, პირადად ვნახე ქმარი, კანკალებდა, ტიროდა, განადგურებული იყო. გაგიჟებულია მომხდარით. უზომოდ განადგურებული იყო, კეთილი ადამიანია, ეს ბიჭი სოფელში მიდიოდა ხოლმე. სხვების ნათქვამზე მე არ ვაგებ პასუხს. ქმრის ოჯახს ვიცნობ და ისეთ დღეში არიან და ისე განიცდიან... ჟანა 20 წელი ცხოვრობდა იმ სახლში, 14 წლის ასაკში გათხოვდა. დედამთილი მოთქვამდა, შვილივით მყავდაო. განადგურებულები არიან. როგორც ვიცი, ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ წასულა გარდაბანში ნოვრუზი, იქიდან დაურეკავს პოლიციაში და იქ, გარდაბანში ჩაბარდა პოლიციას, იქიდან დარეკეს ლილოს პოლიციაში და შემთხვევის ადგილზე ისინი მოვიდნენ და ეს საშინელი სურათი დახვდათ. ყველანი შოკში ვართ. მეზობლებს გაუგიათ ყვირილის ხმაო, ამბობენ ჟურნალისტებთან ვიღაცები და არ ვიცი, ესეც არის თუ არა სიმართლე. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ შვილი და შვილის მეგობარი მოკლავდა... ერთადერთი ეს შემიძლია გითხრათ, იმ ბიჭს რომ შევხედე სახეზე, არ მომეწონა, შინაგანად ასეთი რეაქცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის ტოლია. რაღაც არ მესიამოვნა. ჩემს შესვლაზე რეაქცია არ ჰქონიათ.

jana-1660507196.jpg

- ჟანასთან რაზე საუბრობდით?

- დიდი ხანია არ მინახავხარ და ვისაუბროთო. საკმაოდ დიდხანს ვსაუბრობდით, უფრო მეგობრულ რაღაცებზე, ვიხსენებდით ძველ ამბებს. მითხრა, რაღაცების თქმა მინდა და უნდა მოგიყვე, რამდენი რამე მაქვს გულში და გიამბობო, მაგრამ იმ წუთში არ მოუყოლია, მეორე დღეს ვაპირებდით დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. შეიძლება სიტუაციიდან გამომდინარე ვერ თქვა, არ ვიცი, რისი თქმა უნდოდა ჩემთვის, ბოლო დროს მის გარშემო რა ხდება, ვინ აწყენინა, არ ვიცი. არც მთვრალი ყოფილა ნოვრუზი. შვილზე რომ საუბრობდა ეს ესმოდა ნოვრუზას. ხომ იცი, ჩემი შვილების გულისთვის რამდენი რამე გავაკეთე, ახლა არც დედა მყავს ცოცხალი არც მამა, შვილებისთვის ვაკეთებ ყველაფერსო. თითქოს უნდოდა, მეც რამე მეთქვა. მეც დავეთანხმე, შენ ბევრი გააკეთე შვილებისთვის და უნდა დაგაფასონ-მეთქი. ახლა იმას განვიცდი, რომ წინა დღეებში არ ვნახე. რისი თქმა უნდოდა... რომ ეთქვა, მე ყველაფერს გავაკეთებდი და დავეხმარებოდი.

ძალიან მხიარული იყო და იმაზეც კი ვისაუბრეთ, დაბადების დღე როგორ აღენიშნა. 14 სექტემბერს 34 წლის უნდა გამხდარიყო და რესტორანში აპირებდა გადახდას. ყვავილები უყვარდა ძალიან და პომპეზურად აღნიშნავდა დაბადების დღეს. ზეიმს აწყობდა ყველასთვის. საოცარი გოგო აღარ არის. ამ დრომდე სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიდიოდა. ექსპერტიზის შემდეგ სოფელში, გარდაბანში გადაასვენეს. დედამთილიც, მაზლიც განადგურებულები არიან. შვილივით გავზარდეთო, 20 წელია ჩვენთან ცხოვრობსო, მოთქვამდა დედამთილი. 14 წლის გათხოვდა და მას მერე იქ ცხოვრობდა. არ მჯერა, რომ არასდროს შემოიქროლებს ჩემთან თავისი კისკისა ხმით. იმდენად სულში შემოდიოდა, ალბათ ვინც მას იცნობს ყველა დამეთანხმება, რომ ყველა ადამიანის სულში დადებითად დარჩება. ვერ დაივიწყებ, მკვეთრი ფიგურა იყო ისე შემოიჭრებოდა შენს სულში.

ნოვრუზი დედას სულ ეფერებოდა, ეხუტებოდა. კონფლიქტი ყველაფრის გამო შეიძლება დაიწყო, მაგრამ არანაირი წინაპირობა ამის იქ არ იყო. მერე რა მოხდა, არ ვიცი. ინციდენტი სამზარეულოშია მომხდარი. ღმერთმა ყველას აშოროს ამხელა უბედურება. ვიზიარებ ყველას გულისტკივილს. ძალიან განვიცდი..

დიდხანს მუშაობდნენ პოლიცია და კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე, ამჟამად ბინა დალუქულია. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მალე სასამართლო იმსჯელებს დედის მკვლელობაში ბრალდებული შვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე და ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემს ის გამოძიებას.

(სპეციალურად საიტისთვის)