"რუსული ბენდები თბილისის ქუჩებში ჯერ შევჩუკის სიმღერებს მღერიან, მალე კირკოროვის სიმღერებსაც დაიწყებენ” - კვირის პალიტრა

"რუსული ბენდები თბილისის ქუჩებში ჯერ შევჩუკის სიმღერებს მღერიან, მალე კირკოროვის სიმღერებსაც დაიწყებენ”

ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან

- "ქართული ოცნების" პოლიტიკის პარალელურად, ვხედავთ რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოდის საქართველოში სრულიად უკონტროლოდ... ხელისუფლებას კი რაიმე შეზღუდვის დაწესების გაგონებაც არ სურს...

- ეს ძალიან სახიფათო პროცესია, ამ ხალხს მასობრივად შემოჰყვნენ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები, რადგან დაინახეს აქ ნოყიერი ნიადაგი მუშაობის გასააქტიურებლად. მათ სრული კომფორტი აქვთ შექმნილი... მეტიც, ქვეყანაში გაიშიფრა კრემლის პირდაპირი აგენტურა, ისინი უკვე ღიად ლაპარაკობენ და დამალვა აღარ სჭირდებათ... რისთვის დაიწყებს ომს რუსეთი საქართველოსთან, კრემლში ამაზე კარგ ხელისუფლებას ვერც ინატრებდნენ, ტანკებითაც რომ შემოვიდნენ, ღარიბაშვილზე კარგ პრემიერს ვერსად ნახავენ...

ეკონომიკაში რა ხდება? ფულადი გზავნილები გაათმაგებულია. ეს არის ფული, რომელიც, დიდი ალბათობით, სასანქციო პოლიტიკიდან გამომდინარე რუსეთის პრობლემების გადაწყვეტას ხმარდება.

ამდენი ხალხის შემოსვლა, რასაც ტურიზმს ეძახის ჩვენი ხელისუფლება, დიდწილად წარმოადგენს მიგრაციულ პროცესს. ხდება სრული ეკონომიკური ინტეგრაცია, ასიმილაციის ნიშნებიც კი ჩანს გარკვეულ რეგიონებში. არანაირი კონტროლი ამ პროცესს არა აქვს, მეტიც, ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, ქვეყნის ეკონომიკა და ხალხის კეთილდღეობა რუსეთზეა დამოკიდებული, ამიტომ კი არ უნდა შევზღუდოთ, უნდა გავაფართოოთო. სხვა კი არაფერია რბილი ძალით დაპყრობა. ეს არის ეკონომიკური, მიგრაციული, პოლიტიკური და კულტურული ექსპანსია. რუსული ბენდებიც გამოჩნდნენ თბილისის ქუჩებში, რომლებიც ჯერ შევჩუკის სიმღერებს მღერიან, მაგრამ მალე კირკოროვის სიმღერებსაც დაიწყებენ. თუ ქართველი ხალხის არჩევანი არის ცივილიზებული სამყარო, მაშინ ჩვენში უნდა გაჩნდეს პროტესტი იმისთვის, რომ დაბრუნდეს პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში, რადგან სწორედ კონსტიტუციით არის ჩვენი განვითარების ვექტორი გარანტირებული. დღეს ქვეყანაში გადატრიალებას ოპოზიცია კი არ აწყობს, რაზეც აპელირებს "ოცნება", გადატრიალებას აწყობს ხელისუფლება. სწორედ ეს არის გადატრიალება, როდესაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იწყებ მოქმედებას და გადიხარ იმ მანდატის ფარგლებიდან, რაც მოგცა ძალაუფლების წყარომ - ხალხმა. ხალხის ვალდებულებაა აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, დააბრუნოს ხელისუფლება მანდატის ფარგლებში... ნახეთ სრულად