"თავდაჯერებული ვარ. მაღალი სტანდარტები მაქვს: მე რომ ადამიანი მომეწონოს, ალბათ, იდეალური უნდა იყოს არა მხოლოდ თავად, არამედ - ჩემთან ურთიერთობაშიც" - კვირის პალიტრა

"თავდაჯერებული ვარ. მაღალი სტანდარტები მაქვს: მე რომ ადამიანი მომეწონოს, ალბათ, იდეალური უნდა იყოს არა მხოლოდ თავად, არამედ - ჩემთან ურთიერთობაშიც"

ლიზი ქონიაძის პირადი ცხოვრება

რეალითი შოუს - "პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთმა მონაწილემ, 20 წლის ლიზი ქონიაძემ განსაკუთრებულად ბევრი ადამიანის ინტერესი და სიყვარული დაიმსახურა. მონაწილის ამპლუაში პროექტის დატოვების შემდეგ, რეალითი შოუს წარმომადგენლებმა ლიზი პროექტში სტუმრის სტატუსით დააბრუნეს. როგორც გვითხრა, ამ შეთავაზებას ზუსტად იმიტომ დათანხმდა, რომ კამერები ძალიან მოენატრა...

liza-qoniadze-1660554002.jpg

"უნდა მიგვაჩნდეს, რომ ყველაზე მომხიბვლელები ვართ"

- ბავშვობიდანვე უნებურად, თავდაჯერებული ვარ. ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი თავი ძალიან უნდა გიყვარდეს, რათა სხვამაც შეგიყვაროს. თვითშეფასების პრობლემა, კომპლექსები არასოდეს მქონია. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საკუთარი თავი ისეთი უნდა მყვარებოდა, როგორიც ვარ. ცხადია, ნაკლი ყველას გაგვაჩნია, თუმცა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ - ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე, რომ ყველაზე მომხიბვლელები, მაგრები ვართ!..

- კომპლექსები მოზარდობის პერიოდშიც არ გქონიათ? თინეიჯერებს ხშირად, საკუთარი გარეგნობა არ მოსწონთ...

- ადამიანი ულამაზესიც რომ იყოს, რაღაც კომპლექსი მაინც ყველას აქვს. შეიძლება, მეც მაქვს - არ გამოვრიცხავ, მაგრამ არ შემინიშნავს. მაგალითად, ზოგს ჰგონია, რომ ცოტათი ზედმეტი წონა მაქვს და უნდა დავიკლო, თუმცა ამას ჩემზე არასოდეს უმოქმედია, არასოდეს "მიდიეტია". ხალხის აზრი მაინტერესებს, როგორ არა?! თუმცა, როცა ჩემში რაღაც მომწონს, მგონია, რომ სხვები რაღაცას ან არაობიექტურად მეუბნებიან, ან - სხვაგვარად ხედავენ...

liza-qoniadze-3-1660553800.jpg

"ბავშვობიდან პრანჭია ვარ"

- საერთოდ, თავის მოვლა ძალიან მიყვარს. მოწესრიგებულად ყოფნა, საკუთარ თავზე ზრუნვა ჩემთვის პრიორიტეტულია. ბავშვობიდანვე პრანჭია ვარ (იცინის). მიმაჩნია, რომ ეს თვისება ცუდი არ არის, პირიქით - ვფიქრობ, ყველა ადამიანი პრანჭია უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი გიყვარს. ბავშვობიდან ვცდილობ, ფორმაში ვიყო, კარგად გამოვიყურებოდე. რაკი პატარა ასაკიდან ვხატავ, ხელოვნება ძალიან მიყვარს, ყოველთვის ვცდილობდი, უცხო მაკიაჟი მომეფიქრებინა, შემექმნა... მცირე ასაკიდანვე თავის მოვლა დავიწყე ყველანაირი საშუალებით, რაც კი არსებობდა.

- სილამაზის სალონების ხშირი სტუმარი ხართ?

- სალონები მიყვარს, მაგრამ ძალიან ხშირად არ დავდივარ. ერთადერთი, იქ ფრჩხილებს "ვიკეთებ" და მოსაწესრიგებლად სხვადასხვა პროცედურას ვიტარებ. მაკიაჟის გაკეთებას თავად ვახერხებ: დიდი ხნის განმავლობაში, ექსპერიმენტებს ვიტარებდი, რა მიხდებოდა და რა - არა. საბოლოოდ, შევარჩიე მაკიაჟი, რომელიც ყველაზე მეტად მიხდება და სულ ასე ვიკეთებ...

ვარცხნილობა, თმის ფერი...

- თმა არასოდეს შემიღებავს, არც რადიკალურად განსხვავებული ვარცხნილობა მქონია. რა თქმა უნდა, თმას ვუვლი. სწორედ ამიტომ არ ვიღებავ, რომ მეშინია, არ დავაზიანო. ჩემი თმის ბუნებრივი ფერი, სტრუქტურა და სიგრძე ისე მიყვარს, რომ შეჭრაც ძალიან მენანება. გრძელი, ჯანსაღი თმა მომწონს. ასეთი რუტინა მაქვს: განსაზღვრულ დღეს ვიბან, ნიღბებს, ზეთებს ვიყენებ. ხელს ვუწყობ, რომ ჯანსაღი იყოს. თმის უთოს ხშირი გამოყენება არ შეიძლება. თუკი ვისწორებ, თერმოდამცავს ვისხამ...

lizi-3-1660553826.jpg

"საკუთარ თავს უარს ვერასოდეს ვეტყვი იმაზე, რაც მაბედნიერებს"

- ყოველთვის ვვარჯიშობ. ჯერ ცეკვით დავიწყე: თავდაპირველად, ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, შემდეგ - ლათინურამერიკულზე გადავედი, რომელიც ჩემი ცხოვრების სტილი გახდა. აბიტურიენტობისას ცეკვისთვის თავის დანებება მომიხდა, რომ სწავლისთვის მეტი დრო დამეთმო. ფიზიკურ დატვირთვას მიჩვეული ვიყავი. გადავწყვიტე, თუ ცეკვას ვერ ვახერხებდი, ფიტნესკლუბებში ვარჯიში დამეწყო. საკმაოდ კარგად შევისწავლე, კარგად გამომდიოდა... კვების რეჟიმს რაც შეეხება, ტკბილეული და საერთოდ, ჭამა ძალიან მიყვარს. საკუთარ თავს უარს ვერასოდეს ვეტყვი იმაზე, რაც მაბედნიერებს. ამიტომ, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე თავი არ შემიზღუდავს - არ დამიშვია ფაქტი, რომ საჭმელი მომეკლო. რა თქმა უნდა, ჯანსაღ საკვებს მივირთმევ. ვცდილობ, უსარგებლო "სნექები" არ ვჭამო. კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ჯანსაღ საკვებს მივირთმევ და თან, ვვარჯიშობ.

"უსამართლობა იქნება, თუ უარყოფით კომენტარებზე ვკონცენტრირდები"

- "პრაიმ ჰაუსში" ჩემი შესვლის მიზანი საკუთარი თავის განვითარება იყო. პირველ რიგში, პროექტში ყოფნისას უდიდესი გამოცდილება მივიღე: საკუთარი თავი სხვანაირად დავინახე. ისეთ სიტუაციებში აღმოვჩნდი, როგორშიც საერთოდ, ვერ წარმომედგინა, რომ ვიქნებოდი. უფრო კარგად გავიაზრე, ასეთ დროს როგორ მოვიქცეოდი. 3 თვე უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრებისას, საინტერესო ფიზიკური თუ მენტალური გამოწვევები მივიღე. მოკლედ, ჩემთვის დაძაბული, რთული, თუმცა მაგარი გამოცდილება იყო! საკუთარი თავის განვითარების გარდა, მინდოდა, ქართულ შოუბიზნესში პირველი ნაბიჯი შემედგა, ხალხს ვენახე, გულშემატკივრები მყოლოდა... დღესდღეობით, ბევრი ადამიანი მწერს, რომ ძალიან შევუყვარდი. ჩემთვის ეს დიდი ბედნიერებაა... კამერები შემიყვარდა. ტელეეკრანზე კიდევ მრავალჯერ, დიდი სიამოვნებით გამოვჩნდებოდი.

lizi-1660553859.jpg

- ჭორებს, უარყოფით კომენტარებს როგორ უმკლავდებით?

- კიბერბულინგის მსხვერპლიც ვყოფილვარ, თუმცა იმ ადამიანების აზრი დიდად არ მაინტერესებს, ვისაც ცუდი აქვს სათქმელი. გულშემატკივრებისგან კარგი მესიჯები მომდის, ჩემს გამხნევებას იმდენი ადამიანი ცდილობს, უსამართლობა იქნება, თუ უარყოფით კომენტარებზე ვკონცენტრირდები... თუ უპასუხოდ დატოვებ, უარყოფითი ტალღა თავისით განელდება. კრიტიკას რაც შეეხება, ჯანსაღს ვიღებ, არაჯანსაღს - ყურადღებას არ ვაქცევ.

"კაცის მიერ ქალზე ძალადობას პირველად შევესწარი"

- ბავშვობიდან მინდოდა, ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ამას ბავშვობიდან ვერ შევძლებდი, თუმცა მსურდა, გარკვეული შემოსავალი მქონოდა. დღემდე მშობლებზე ვარ დამოკიდებული, თუმცა პარალელურად, ყოველთვის მქონდა სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვსწავლობდი და სამსახურისთვის დიდად არ მეცალა, 12 წლიდან ტურიზმის მიმართულებით მუშაობა დავიწყე, რადგან ბათუმში ვცხოვრობდი, სადაც ტურიზმი ძალიან განვითარებულია. ამის წყალობით, უკვე 4 ენას ვფლობ: ქართულს, ინგლისურს, რუსულს და თურქულს. მიმუშავია სასტუმროს ადმინისტრატორად, როცა სულ რაღაც 14 წლის ვიყავი... მოკლედ, ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს. რეალითი შოუში შესვლამდე, რესტორანში "ჰოსტესად" ვმუშაობდი... ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ - სახელმწიფო გრანტით ჩავაბარე. მინდა, ჩემს პროფესიაში დიდ წარმატებას მივაღწიო, თუმცა არის მეორე სფეროც - ტელევიზია და აქ თუ ვიმუშავებ, ბედნიერი ვიქნები.

liza-qoni-1660553881.jpg

- იურისტის პროფესია როგორ აირჩიეთ?

- სკოლის მოსწავლე ვიყავი. დილის 8 საათზე სკოლაში მარტო მივდიოდი. ეზო ცარიელი იყო. ირგვლივ საცხოვრებელი კორპუსები იდგა. სტადიონთან წყვილი დავინახე: კაცი ქალს გამეტებით ურტყამდა. მანამდე მსგავსი არაფერი მინახავს - კაცის მიერ ქალზე ძალადობას პირველად შევესწარი. რა თქმა უნდა, მაშინვე პოლიციაში დავრეკე... ამ შემთხვევამ დიდი ტრავმა დამიტოვა. გავაცნობიერე, რომ ადამიანების დაცვა მინდოდა, განსაკუთრებით - უმცირესობების, რომელთა უფლებებიც ირღვევა, დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან. მივხვდი, რომ სამართლის სფერო "ჩემია" - ამ ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა. ნამდვილად არ ვიცი, იურიდიულ სფეროს და შოუბიზნესს ერთმანეთს როგორ შევუთავსებ, თუმცა, ორივე ისე მომწონს, რომ ვფიქრობ, თუ დამჭირდება, გავიჭირვებ და შეთავსებას მოვახერხებ.

"თავს არ ვდებ, რომ მაგარი ვოკალური მონაცემები მაქვს"

- დაახლოებით 1 წლის წინ, თურქული Sony Music-ის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და, როგორც მოცეკვავეს, მოდელს შემომთავაზეს კლიპებში გადაღება... როცა გასაუბრებაზე მივედი, მითხრეს: - ისეთი კარგი მარკეტინგული პროდუქტის შექმნა შეიძლება, რომ თუკი ცოტათი მაინც მუსიკალური სმენა აღმოგაჩნდება და ჩვენთვის სიმღერას შეძლებ, მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელსო... რა თქმა უნდა, ჩემი ხმის დასამუშავებლად ბევრი ვიშრომე. თავს არც ვდებ, რომ მაგარი ვოკალური მონაცემები მაქვს, თუმცა მაშინ რაც ვიმუშავე, კარგად გამომივიდა: სინგლი ჩავწერე, რომელიც წარმატებული გამოდგა - კლიპს ნახევარი მილიონი "ნახვა" აქვს. ჩემი სასცენო ფსევდონიმი "ლიზა კონი" გახლავთ. მომღერლის ამპლუაში მუშაობას არ ვაპირებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ჩემი მუსიკალური მონაცემებით მომღერლებს კონკურენციას გავუწევ.

liza-qoniadze-2-1660553926.jpg

"ვიღაც "ურთიერთობის დამანგრეველს" რომ მიწოდებს, სასიამოვნო არ არის"

- შეყვარებული არასოდეს მყოლია. მაღალი სტანდარტები მაქვს: მე რომ ადამიანი მომეწონოს, ალბათ, იდეალური უნდა იყოს არა მხოლოდ თავად, არამედ - ჩემთან ურთიერთობაშიც. თან, პატარა - 20 წლის ვარ. არა მგონია, რომ აუცილებლად შეყვარებული უნდა მყავდეს. ვფიქრობ, დრო ყველაფერს თავისთავად მოიტანს... თაყვანისმცემლები რეალითი შოუში მონაწილეობამდეც მყავდა და მას მერეც მყავს. ეს ფაქტი არ მაწუხებს: პატივს მცემენ. თავიანთი ადგილი იციან - თაყვანისმცემლებთან დისტანციას ვიცავ (იღიმის)... მეწყინა, რომ პროექტში ყოფნისას "ურთიერთობების დამანგრევლად" გამომიყვანეს, რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, რომ ვინმეს ურთიერთობაში ჩავრეულიყავი, თუმცა რატომღაც, რეალითი შოუში, ამ ვითომ "სასიყვარულო სამკუთხედებში" ჩავები მაშინ, როცა პროექტში შექმნილ წყვილებს ძალიან ვგულშემატკივრობდი, მიუხედავად იმისა, რეალური წყვილი იყო თუ არა: როცა ჩხუბობდნენ, ვცდილობდი, ყველა შემერიგებინა. თუმცა, რატომღაც "შუაში" აღმოვჩნდი, რადგან მამაკაცების სიმპათია დავიმსახურე. ჯერ ბავშვი ვარ და ვიღაც "ურთიერთობის დამანგრეველს" რომ მიწოდებს, ეს სასიამოვნო ფაქტი არ არის...

liizi-1660554114.jpg

"ვინატრე, რომ ეს ინტერვიუ ბებიას ენახა"

- მყავს ჩემზე დაახლოებით 1 წლით უფროსი და, რომელიც მიყვარს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ის ჩემი სოულმატე-ია. საერთო ინტერესები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საერთო კარიერული გზები არ აგვირჩევია: მაგალითად, ორივეს გვიყვარს მოგზაურობა, თხილამურებზე დგომა... ბავშვობიდან საერთო სამეგობრო წრე გვყავს. ძალიან მზრუნველი ადამიანია. სტუდენტობის პერიოდში, მე და ჩემი და თბილისში ვცხოვრობთ, მშობლები კი ბათუმში არიან. ყველაფერი მან მასწავლა, მაგალითად - კერძების მომზადება. ჩემზე ძალიან ზრუნავს... ჩვენი მშობლები სამედიცინო სფეროში მუშაობენ. გადაცემებს უყურებდნენ, მაგრამ მოუცლელობის გამო, "სტრიმზე" თვალ-ყურს ვერ მადევნებდნენ. საერთოდ, მშობლები და ჩემი და ცხოვრების ყველა ეტაპზე ძალიან მგულშემატკივრობენ... ასევე, გვყავს 13 წლის ძაღლი, ოქროსფერი ლაბრადორი - ლაქი, რომელიც 1 კვირის ლეკვი იყო, როცა მომიყვანეს. ერთად გავიზარდეთ. ძმად მივიჩნევ (იცინის). ლაქი ძალიან გვიყვარს. მასზე ისე ვზრუნავთ, როგორც ბავშვზე... რამდენიმე თვის წინ ბებია გარდამეცვალა. ფაქტობრივად, მან გამზარდა: როცა მშობლებს არ ეცალათ, მე და ჩემი და ბებიასთან ვიყავით. ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი იყო. ოჯახის წევრები გარეგნობით, ხასიათით მას მამსგავსებენ. ჩემი ბებია ჟურნალ "გზას" ყოველთვის კითხულობდა. როცა ინტერვიუსთვის დამირეკეთ, ამეტირა, რადგან ბებია ამაყი იქნებოდა, ამ ჟურნალში ჩემ შესახებ სტატია რომ წაეკითხა. ვინატრე, რომ ეს ინტერვიუ, რომელსაც დღეს ჩავწერდით, ენახა... ჩემთვის უახლოესი ადამიანი იყო. წლების შემდეგაც, მას ემოციების, ცრემლების გარეშე ვერ გავიხსენებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"