"ძალიან ბევრი იტირა და ამბობდა, ახლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. ყველანი სიხარულით ვტიროდით" - კვირის პალიტრა

"ძალიან ბევრი იტირა და ამბობდა, ახლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. ყველანი სიხარულით ვტიროდით"

8 წლის დათი ქოქრაშვილი უკვე რამდენიმე თვეა ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა, ექიმების წყალობითა და ხალხის თანადგომითა და მხარდაჭერით, დღითიდღე უმჯობესდება. მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა და შედეგი საგრძნობლად შესამჩნევია. როგორც დათის დედა - ქრისტინე მამუკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დათი ამჟამინდელ მდგომარეობას ვერ ეგუება, პროგრესი აქვს და უკვე ეტლში ჯდომაც შეუძლია.

„ემოციურად ახლა უფრო უჭირს. ოპერაციის შემდეგ როცა ღვიძავს, ტირილის შეკავება უჭირს, რადგან ძალიან სტკივა. ამბობდა, არ მჯერა, რომ ეს ხდება, არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეაო. განცდებშია - ეშინია, ვერ უყურებს თავის სხეულს. ფეხიდან კანის გადანერგვის შემდეგ ფეხზე დიდი ჭრილობა აქვს და ცდილობს, სულ დაფარული ჰქონდეს, არ შეხედოს... როგორც გვეუბნებიან, სექტემბრის დასაწყისში გამოგვწერენ.

კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს - დათიკომ ეტლზე ჯდომა შეძლო. ამ მომენტის ყველას ძალიან გვეშინოდა. გვეგონა, ამხელა ჭრილობით ვერ დაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, მაინც შეძლო. ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს. ტკივილები ეწყება, მაგრამ ესეც ბევრს ნიშნავს. უნდა გენახათ, როგორი ემოციური იყო ის მომენტი, როცა პირველად დაჯდა. ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. თვითონაც და ჩვენც ყველანი სიხარულით ვტიროდით“.

ქრისტინე ჟურნალ „თბილისელებს" უყვება, თუ რა გეგმები აქვს დათის მომავალში.

„ძალიან პოზიტიური ბიჭია. იმდენად მხიარულია, მნახველები რომ მოდიან, გაოცებულები არიან, მუსიკას ჩაგვართვევინებს და ცეკვავს.

ჩვენც ვეხმარებით, სულ ვცდილობთ, მხიარულად იყოს და მოწყენისა და ბევრი ფიქრის საშუალება არ მივცეთ. სკეიდბორდი და ველოსიპედი უყვარს ძალიან. დავპირდი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ველოსიპედს აუცილებლად გაატარებს. უნდა, რომ გაიზრდება, მსახიობი გახდეს. თავის მსახიობურ ნიჭს უკვე იყენებს და ხანდახან ექიმებს აშინებს. თვალებს გადაატრიალებს, ვითომ ცუდად გახდა და ექიმები დაფეთებულები უყურებენ. გვიმტკიცებს,რომ კარგი მსახიობია“, - ამბობს ქრისტინე მამუკაშვილი ,,თბილისელებთან“.

ანგარიშის ნომრები დათის მხარდასაჭერად:

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483