ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინასთან ომში მართლაც დაეხმარება? - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინასთან ომში მართლაც დაეხმარება?

ჩრდილოეთ კორეა 7 ათას კმ-ზე მეტადაა დაშორებული უკრაინიდან, მაგრამ არ არის გამორიცხული, კიმ ჩენ ინმა პუტინს დასახმარებლად 100 ათასი კორეელი სამხედრო გაუგზავნოს უკრაინელების წინააღმდეგ საბრძოლველადო...

ეს აზრი ორიდე კვირით ადრე ერთმა რუსმა სამხედრო პროპაგანდისტმა გააჟღერა რუსეთის ტელევიზიით, მაგრამ მალევე თავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ფეიკად შეაფასა, რაც ცოტა უცნაურად გამოჩნდა.

მაგრამ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე კიმ ჩენ ინმა ოფიციალური წერილები გაცვალეს, რომლებშიც მოსკოვიც და ფხენიანიც ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორობას ეფიცებიან და ყველა სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე თანხმდებიან...

შედის თუ არა ამ „ყველა სფეროში თანამშრომლობაში“ სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავება, არ არის მითითებული ამ ოფიციალურ წერილებში, მაგრამ ამის გარეშე რომ არ იქნებოდა, ძნელი მისახვედრი არ არის - აქამდეც, მიუხედავად მრავალწლიანი საერთაშორისო სანქციებისა ჩრდილოეთ კორეის მიმართ, რუსეთი, ჩინეთთან ერთად, ფარულად ეხმარება კომუნისტ კორეელებს არმიის სერიოზულად გადაიარაღებაში და ეტყობა, ბირთვული იარაღის შექმნაშიც კი...

ჩრდილოეთ კორეა, თავად რუსეთისა და სირიის შემდეგ, გაეროს წევრი მესამე ქვეყანა გახლდათ, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული „რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, რითაც პირველ რიგში კრემლის გული მოიგო.

მაგრამ ერთია მოსკოვისთვის პოლიტიკურად მხარის დაჭერა და მეორე - სხვა ქვეყნის ინტერესების გულისთვის შენი სამხედროების გაგზავნა სხვის ომში - შეიძლება თუ არა ფხენიანმა მართლაც გადადგას ასეთი სერიოზული ნაბიჯი და უკრაინის ფრონტზე რუსი ოკუპანტების გვერდით კორეელი „მოხალისეებიც“ ვიხილოთ?

ამის პრეცენდენტი ერთხელ უკვე იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის წითელ არმიაში, იმავე უკრაინის ტერიტორიაზე, გერმანელებს... 372 კორეელი ებრძოდა.

ეს ციფრი, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთიც არ არის, მაგრამ იაპონიის მიერ ოკუპირებული კორეიდან გამოქცეული ამ 372 კორეელიდან მხოლოდ 127 გადაურჩა ომს და, რაც მთავარია, მათ შორის იყო თვით კიმ ირ სენი, დღევანდელი ლიდერის - კიმ ჩენ ინის პაპა...

1945 წლის აგვისტოს პოსტდამის კონფერენციის შემდეგ კორეა 38-ე პარალელზე ორ ნაწილად გაიყო - ჩრდილოეთი საბჭოთა კავშირის, ხოლო სამხრეთ ნაწილი კი - აშშ-ის საოკუპაციო ზონებად გამოცხადდა.

1948 წელს სამხრეთ საოკუპაციო ზონაში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის შექმნის საპასუხოდ, ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის მეთაურად, უშუალოდ სტალინის ბრძანებით, 36 წლის კიმ ირ სენი დაინიშნა, რომელიც 1994 წლამდე, 46 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კორეას.

მის შვილიშვილს, კიმ ჩენ ინს, რა თქმა უნდა, ახსოვს პაპისა და მამის მჭიდრო კავშირები კრემლთან და უცილობლად წავა ყველა კონტაქტზე მოსკოვთან, რადგან ბევრიც არაფერი აქვს დასაკარგი - დასავლეთი ფხენიანს დამატებითი რამე სანქციებით ვეღარ შეაშინებს, ჩრდილო-კორეა ისედაც ათწლეულებია, ასეთი სანქციების ქვეშ ცხოვრობს და მაინც შექმნა ბირთვული იარაღი და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის - წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ნებისმიერ სტრატეგიულ ობიექტამდე მისწვდებიან...

მართალია, ეს ყველაფერი ჩრდილოეთ კორეის მილიონობით დამშეული მოქალაქის კისერზე გადადის, მაგრამ ეს არ და ვერ გახდება ათი ათასობით კორეელის უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნის დამაბრკოლებელი, თუკი თავად კიმ ჩენ ინი უბრძანებს მათ.

2-korea-1660556744.png
ფხენიანის გრანდიოზულ სამხედრო აღლუმებზე შთამბეჭდავი მარშით ჩავლა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ კიმ ჩენ ინის ჯარისკაცები უკრაინის ფრონტზე იდეალური მებრძოლები აღმოჩნდებიან...

ერთი ეგაა, რომ ევროპაში პირველად მოხვედრილი ჩრდილო-კორეელი „მოხალისეები“ შეიძლება, ბრძოლისუუნაროები აღმოჩნდნენ, როდესაც ამდენ საკვებს ერთდროულად ნახავენ, ყოველდღიური ბრინჯის მენიუს შემდეგ...

უფრო სერიოზულად რომ განვსაჯოთ, კომუნისტმა კორეელებმა 1950-53 წლების კორეის ომში მაღალი საბრძოლო სულისკვეთება აჩვენეს თანოძმეებთან და ამერიკელებთან ბრძოლაში, მაგრამ მას შემდეგ 70 წელი გავიდა და კომუნისტ კორეელებს არსად უომიათ, ხოლო ფხენიანის გრანდიოზულ სამხედრო აღლუმებზე შთამბეჭდავი მარშით ჩავლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ კიმ ჩენ ინის ჯარისკაცები უკრაინის ფრონტზე იდეალური მებრძოლები აღმოჩნდებიან.

საერთოდ, მაინც ცოტა ძნელად დასაჯერებელია, რომ ფხენიანმა ასი ათასი „მოხალისე“ დაახმაროს უკრაინასთან ომის ჭაობში ჩაძირულ პუტინის არმიას, სამი თვის წინ თითქოს სირიაც აპირებდა 20 ათასი მებრძოლით პუტინისთვის დახმარებას, მაგრამ მას შემდეგ მათზე არაფერი ისმის.

თუმცა, მეორე მხრივ, რაც უფრო გაუჭირდება რუსეთს ამ ომში, პუტინი მით უფრო არაორდინარული ნაბიჯების გადადგმაზე შეიძლება წავიდეს, რაზეც ირანიდან საბრძოლო დრონების დიდი რაოდენობით ყიდვის შესახებ გავრცელებული ხმებიც მეტყველებს...