"საჭესთან ვიჯექი, მეილი რომ მომივიდა - პასუხი მიიღეთო, ოღონდ არ ვიცოდი, დადებითი იყო თუ უარყოფითი" - ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც სორბონში ისწავლის? - კვირის პალიტრა

"საჭესთან ვიჯექი, მეილი რომ მომივიდა - პასუხი მიიღეთო, ოღონდ არ ვიცოდი, დადებითი იყო თუ უარყოფითი" - ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც სორბონში ისწავლის?

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელები კიდევ ერთი გოგონას წარმატებამ აახმაურა. 25 წლის ანა მშვიდობაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სწავლას პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში გააგრძელებს. სულ ვამბობთ, რომ ადამიანები ოცნებებს რეალობად ვაქცევთ და მთელი გულით დასახულ მიზნებს დაუღალავი შრომის შემდეგ ვაღწევთ. დღეს ანა თავის ამბავს მოგვიყვება:

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ორი წელი ვიმუშავე ტურიზმის სფეროში, ფრანგულენოვან გიდად, ამ პერიოდში იმდენად შემიყვარდა საფრანგეთი, ფრანგი ხალხი და მათი კულტურა, რომ გადავწყვიტე, საფრანგეთში გამეგრძელებინა სწავლა. რა თქმა უნდა, საფრანგეთში უნივერსიტეტების არჩევისას სორბონით დავინტერესდი.

- ანა, მოგვიყევი სად ხარ ახლა და მანდ როგორ აღმოჩნდი?

- ახლა საფრანგეთში ვარ, "კამპუს ფრანსის" შუამავლობით ჩავაბარე გამოცდა, შევავსე დოსიე, სადაც ავტვირთე საბუთები და 8 დღეში მივიღე დადებითი პასუხი სორბონის უნივერსიტეტიდან. რაც შეეხება სწავლის საფასურს, მომწერეს, რომ გადასახდელი მქონდა მხოლოდ 170 ევრო - ბიბლიოთეკის საფასური. ახლა უკვე პარიზში ვარ, სულმოუთქმელად ველოდები 14 სექტემბერს და სწავლის დაწყებას.

- შენს თბილისურ ცხოვრებაზეც გვიამბე და შემდეგ ფრანგულ ამბებსაც გკითხავ…

- საქართველოში ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი, დედაჩემი ფრანგულის სპეციალისტია და ბავშვობიდან შემაყვარა ეს ენა და კულტურა. ადრეული ასაკიდან ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტში, ვთარგმნიდი სტატიებს და სიუჟეტებს ქართულიდან ფრანგულად. ვთვლი, რომ მიზანდასახული და მხიარული ვარ, ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს, შესაძლებლობები იქამდეა, სადამდეც ფანტაზია გაგწვდება, ასე რომ, ვინც ოცნებობს საზღვარგარეთ სწავლაზე, მინდა მათ ვუთხრა, რომ აუცილებლად მიაღწევენ, თუ მოინდომებენ.

sorbona-1660566468.jpg

- შენ როგორ მოხვდი ბევრისთვის საოცნებო უნივერსიტეტში?

- "კამპუს ფრანსი" და ფრანგული ინსტიტუტი სორბონის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, დავუკავშირდი მათ, ჩავაბარე ენის გამოცდა TCF, სკოლის ნიშნები და ეროვნული გამოცდების ქულები გავუგზავნე, სამოტივაციო წერილი დავწერე, შევაგროვე რეკომენდაციები ლექტორებისა და თვითონ ფრანგების, რაც ჩემმა ტურისტებმა დამიწერეს. ეს ყველაფერი ავტვირთე etudes en France-ზე და 8 დღეში მომივიდა დადებითი პასუხი სორბონიდან. სიხარულისგან ვტიროდი, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა! სორბონით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული, თუმცა მიზნად სწორედ მაშინ დავისახე, როდესაც 4 წლის წინ, პირველად ჩამოვედი საფრანგეთში, ენის კურსებზე.

- რა ფაკულტეტზე გააგრძელებ სწავლას?

- ენათმეცნიერების ფაკულტეტზე, ამ სფეროში ავიღებ ბაკალავრის ხარისხს.

- პირველი ემოციები, განცდები გაგვიზიარე…

- საჭესთან ვიჯექი, მეილი რომ მომივიდა - პასუხი მიიღეთო, ოღონდ არ ვიცოდი, დადებითი იყო თუ უარყოფითი. გავაჩერე ავტომობილი და დაახლოებით ნახევარი საათი ვერ ვხსნიდი. მერე შევედი და ვნახე, რომ მწვანედ ეწერა: “received”.

დიდხანს ვტიროდი და პირველად, ატირებულმა, დედაჩემს დავურეკე, მერე - დეიდაჩემს.

- გულწრფელად მითხარი, ელოდი დადებით პასუხს?

- გულის სიღრმეში ვიცოდი, როდესაც რაღაც ასე გინდა, მგონია, რომ ფიქრები მატერიალიზდება და გვიხდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეჭვებიც მქონდა. ეს ამბავიც მხოლოდ ოჯახმა და რამდენიმე უახლოესმა მეგობარმა იცოდა. ვიზა რომ ავიღე, მერე ვთქვი, იქამდე ჩემთვის ვინახავდი ჩაბარების სურვილს.

- ახლა საფრანგეთში ხარ და მოგვიყევი, როგორია შენი თვალით დანახული სიყვარულის ქალაქი?

- მიუხედავად იმისა, რომ პირველად არ ვარ, მაინც უდიდესი ემოციები განვიცადე, ალბათ, იმიტომ, რომ უკვე აქაურობის ნაწილად ვიგრძენი თავი, თუმცა პირველად რომ ჩამოვედი პარიზში, მაშინ ვთქვი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი აქ სასწავლებლად.

- რა მოგწონს პარიზში, რა აქვს ამ ქალაქს გამორჩეული?

- პარიზი გემოვნების, მოდის, კულტურის ქალაქია, თავისი განსაკუთრებული სტილით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ უბედური ვერ იქნები. ცოტა დანაგვიანებულია, რადგან ბევრი ხალხია და შეუძლებელია სულ აკონტროლონ, ვინ ყრის ნაგავს, თუმცა ქალაქს ყოველდღე უვლიან.

ana-1660566811.jpg

- როგორები არიან ფრანგები, ჩვენზე რას ამბობენ?

- ფრანგებზე ბევრი სტერეოტიპია, ამბობენ, რომ ძალიან ამპარტავანი, ქედმაღალი და ძუნწი ერია, პირადად მე, ჯერ არ მაქვს ცუდი გამოცდილება და როდესაც დამჭირდა, ყოველთვის დამეხმარნენ, თუნდაც ელემენტარულად - გზის გაგნებაში, სწორედ ფრანგების რეკომენდაციამ დიდი როლი ითამაშა ჩემს დოსიეში. ცოტათი ნდობის პრობლემა კი აქვთ.

- ახლა რა გეგმები გაქვს, რას აპირებ უახლოეს მომავალში?

- 14 სექტემბერს მეწყება სწავლა. როგორც ვიცი, ფრანგულის გარდა, კიდევ ორი ენა უნდა ვისწავლო, დანარჩენ განხრას შემდეგ ავარჩევ, პირველ რიგში, სწავლის დაწყებას ველოდები, დანარჩენზე ჯერ ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს.

- რა მოლოდინი გაქვს პარიზისგან და სორბონისგან, არის ეს ოცნების ქალაქი და ოცნების უნივერსიტეტი?

- კი, ჩემი ოცნების ქალაქი და უნივერსიტეტი იყო, მოლოდინები ნამდვილად არ გაუცრუებია ქალაქს, პირიქით, გადააჭარბა. მოლოდინი უნივერსიტეტისგან არის ის, რომ მივიღებ მაღალხარისხიან განათლებას და შევძლებ, ვიმუშაო ჩემი პროფესიით. იქამდე, ვაპირებ ნახევარ განაკვეთზე ვიპოვო სტუდენტური სამსახურიც.

- სანამ ინტერვიუს დავასრულებთ, გვითხარი, რა არის შენი მოტივაციის წყარო?

- მოტივაციის წყარო? ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველას უნდა თავისი კვალი დატოვოს და აღიარება მოიპოვოს, ზოგადად, ადამიანი ყოველთვის და ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს, რაღაც პატარ-პატარა გამოცდებს უნდა უწყობდეს თავს და მოპოვებული გამარჯვებებით იზრდებოდეს. ამ ყველაფრის გავლის შემდეგ თვითშეფასება და თვითდაჯერებულობაც იმატებს, ხვდები, რომ შეგიძლია გააკეთო ან გახდე ის, ვინც გინდა და მოიპოვო დამოუკიდებლობა, პატივისცემა. ყოველთვის მაქვს კითხვა საკუთარ თავთან, დღეს თუ ვარ უკეთესი ჩემს გუშინდელ მეზე? ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არ არსებობს ადამიანს რამე ძალიან უნდოდეს და არ გამოუვიდეს, ამის უამრავი მაგალითი ვიცით, უბრალოდ, საჭიროა, მიზნად დაისახო და დაუშვა გონებაში, რომ აუცილებლად ახდება შენი ოცნება.

- და ბოლოს, მიმართე ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ მიზნებისთვის ბრძოლას.

- იბრძოლონ თავიანთი მიზნებისთვის და აუცილებლად გამოუვათ ყველაფერი, რაც ოდესმე ჩაიფიქრეს.

(სპეციალურად საიტისთვის)