"უკრაინა ზურგიდან დარტყმას უნდა ერიდოს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"უკრაინა ზურგიდან დარტყმას უნდა ერიდოს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "პუტინის საომარი მოქმედებები ევროპაში პანიკას თესავს. სავარაუდოდ, უკრაინა ზურგიდან დარტყმას უნდა ერიდოს", რომლის ავტორია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი და პუბლიცისტი საიმონ ტისდოლი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთის სტრატეგიული მიზანი უკრაინაში არის რუსეთის ჯარების უკუგდება, ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტის [და ტერიტორიული მთლიანობის] აღდგენა და "სიბნელის ძალებზე" დემოკრატიული ძალების გამარჯვება. ეს ყველაფერი მკაფიოდ გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ მარტში, ვარშავაში ყოფნის დროს, შემდეგ კი მოიწონეს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმაც.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ნატომ "გმირული უარი" განაცხადა ომში უშუალო და პირდაპირ ჩარევაზე, მაშინ უფრო ნაკლებად გასაგებია და გაურკვეველია ის, თუ რა საშუალებებით და როგორ შეიძლება დასახული მიზნების რეალიზება. იბადება, ცოტა არ იყოს, უხერხული და სამწუხარო კითხვა: ხომ არ დგება დრო, რომ უკრაინელები ზამთარში ზურგიდან დარტყმის შესაძლებლობისთვის მოემზადნონ?

საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ დასავლეთის რიტორიკასა და რეალურ საქმეებს შორის განსხვავება მატულობს - სულ უფრო მკაფიოდ ჩანს უკრაინისადმი მხარდაჭერის არასასურველი პერსპექტივა: დასავლური საზოგადოება ჯერ სამართლიანად აღშფოთდა, ახლა კი ამერიკელებისა და ევროპელების აღშფოთება საკუთარ მდგომარეობაზე შეშფოთებით იცვლება - ენერგომატარებლებზე ფასების მატების, კვების პროდუქტების გაძვირებისა და, საერთოდ, ცხოვრების დონის დაქვეითების გამო.

ეს ყველაფერი, თავის მხრივ, აჩენს ეჭვს დასავლეთის ისედაც მყიფე სიმტკიცის მიმართ - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საბოლოოდ გადაკეტავს გაზის ვენტილს?

ჯო ბაიდენი რუსეთ-უკრაინის ომს "კეთილსა და ბოროტს შორის ომის" ნაწილად მიიჩნევს. "ჩვენ მხარს გიჭერთ", - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელებს, - "რუსეთს კურსის შეცვლას მხოლოდ სწრაფი და ტკივილისმომგვრელი დარტყმები თუ აიძულებს".

მაგრამ ეს დათაფლული სიტყვები სინამდვილეში საკუთარი თვალების ახვევა გამოდგა: უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, რუსეთმა თავისი კურსი არ შეცვალა.

ბორის ჯონსონმაც, რომელმაც ჯო ბაიდენს მხარი აუბა, იმავე თვეში განაცხადა, რომ "პუტინის აგრესია უნდა ჩაიფუშოს და ამას ყველა დაინახავს". მან გრძელვადიან პერსპექტივაზე ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკით დიდი ბრიტანეთის როლი საკმაოდ გააზვიადა: "კრემლს არ უნდა მივცეთ დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიის მითვისება და ადამიანების ტანჯვა", - პათოსით აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ქვეყნის დაგლეჯვა და მოსახლეობის ტანჯვა დღემდე გრძელდება.

აპრილში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა კიდევ უფრო საოცარი მოთხოვნები გააჟღერა: პრემიერობის სავარძლის მსურველმა პოლიტიკოსმა რუსეთს ყირიმიდან გასვლა და 2014 წლის დროინდელ საზღვრებზე დაბრუნება მოსთხოვა. მტკიცე გენერალ-სიმუსივით, ქალბატონმა მინისტრმა დაიფიცა, რომ "ჩვენ სულ უფრო სწრაფად დავიწყებთ რუსეთის გაძევებას უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან". მაგრამ ვინ ჰყავდა მას მხედველობაში, როცა ამბობდა "ჩვენ"? ვისი არმიის მეშვეობით? მას, ალბათ, მხედველობაში ამერიკა და ევროკავშირი ჰყავდა.

ახლავე ვთქვათ: გასულ კვირას ამერიკამ უკრაინისადმი დახმარების მოცულობა კიდევ ერთი მილიარდი დოლარით გაზარდა და ამჟამად საერთო თანხამ 9,8 მილიარდ დოლარამდე მიაღწია. დიდმა ბრიტანეთმა 2,3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გამოჰყო. ევროკავშირის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს სამხედრო ტექნიკით და იარაღით დახმარება. მათი დახმარების გარეშე უკრაინა დღეს უკვე დამარცხებული იქნებოდა.

აქვე უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ჯო ბაიდენის ფრთხილი მოქმედებით - ამერიკის პრეზიდენტი თავს არიდებს რუსეთთან "შუბლით შეჯახებას" - კრემლი, ალბათ, რაღაცას იგებს, მაგრამ საეჭვოა, რომ მან საბოლოოდ მოიგოს. რუსეთ-უკრაინის ომი იმ წყლიან ქვაბს ჰგავს, რომელიც წესით, დიდი ხნის ადუღებული უნდა იყოს, მაგრამ მუდამ დუღილის წინა მდგომარეობაშია.

არადა, საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა, დასავლელ პოლიტიკოსებს რომ უფრო გაბედულად და თამამად ემოქმედათ, უფრო მტკიცედ რომ დამდგარიყვნენ უკრაინის გვერდით - ჯერ კიდევ ომის დაწყების დღიდან და ყოყმანი არ დაეწყოთ. როცა რუსეთის ჯარი ქაოსურად უტევდა და კიევთან ახლოს იმყოფებოდა, როცა ტანკების კოლონები კილომეტრებზე იყო გაჭიმული, სწორედ მაშინ უნდა მომხდარიყო მათი ჰაერიდან განადგურება. პენტაგონს უკრაინაშიც უნდა განეხორციელებინა ოპერაცია "შოკი და თრთოლვა" იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინს სწრაფი და იოლი გამარჯვების იმედი ჰქონდა.

ომს ოცნებებით ვერ მოიგებ. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით კიევისადმი დახმარების სხვა, ბევრი შესაძლებლობა, მათ შორის, უკრაინის ქალაქების დაცვა ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მეშვეობით და ლტოლვილებისათვის შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შეეძლოთ ხელის შეშლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისათვის, რომ უკრაინის ნავსადგურების სასურსათო ბლოკადა არ მომხდარიყო.

ახლა, ალბათ, უკვე ძალიან დაგვიანებულია ამ ფაქტებზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ უკრაინის დღევანდელ მდგომარეობაში ბრალი მხოლოდ ჯო ბაიდენს არ მიუძღვის. ბორის ჯონსონიც დამნაშავეა იმაში, რომ სიტყვით ხმამაღლა და ბევრს ლაპარაკობდა, საქმით კი ხშირად ვაშინგტონის ზურგს უკან იმალებოდა... მასთან ერთად კი - ემანუელ მაკრონიც და განსაკუთრებით - ოლაფ შოლცი.

მათი ერთნაირი მოქმედება აძლიერებს იმ ეჭვებს, რომ დასავლეთის ლიდერებს სულის სიღრმეში თვითონაც არ სჯერათ - ნამდვილად უნდათ თუ არა რუსეთის განადგურება და თუ უნდათ, დარწმუნებულნი არიან თუ არა მიზნის მიღწევაში.

თანაც იმ სიტუაციაში, როცა რუსეთზე პირდაპირი სამხედრო გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა, ვლადიმერ ზელენსკის სახარბიელო არჩევანი არ აქვს. მიუხედავად ხმამაღალი განცხადებისა, რომ მზადდება კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებით და რომ ყირიმში სამხედრო ავიაბაზა სწორედ უკრაინამ დაბომბა, კიევს (და დასავლეთს) წინ გამომფიტავი ომის მკაცრი პერსპექტივა ელოდება.

პარალელურად, გაძლიერდება ზეწოლა დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ან დროებითი ზავის დადების მიზნით - იმ, თითქოსდა, სწორი მოსაზრებით, რომ ევროპამ ცოტა ეკონომიკურად ამოისუნთქოს. მაგრამ ამით კარგად ისარგებლებენ მემარჯვენე პოპულისტები იტალიაში და სხვა ქვეყნებში. უპრემიერო დიდ ბრიტანეთსაც თავისი საშინაო საკითხები აქვს გადასაწყვეტი.

გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, გერმანელების 50% მხარს უჭერს რუსეთისათვის ტერიტორიულ დათმობებს. მკვეთრი კონტრასტი მათ შორის, ვისაც უკრაინისთვის "სამართლიანობა" სურს და ვისაც ომის შეწყვეტა და მშვიდობა უნდა, მთელ ევროპაში განხეთქილებას შეიტანს. ძალთა თანაფარდობა უკრაინის სასარგებლოდ არ იქნება.

ბედის ირონიით, ყველაზე საგანგაშო ერთადერთი დარჩენილი სცენარია: უკრაინის ე.წ. კატასტროფული წარმატება - ისეთი ფინალი, რომელიც ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოა და რომელიც რუსეთის მმართველი რეჟიმის კრახით გამოიხატება.

აი, სწორედ ეს აშინებთ დასავლელ პოლიტიკოსებს. აღნიშნული სცენარით, რომელიც გენერალმა რიჩარდ ბერონსმა გააჟღერა, გარდაუვალი დამარცხებით სასოწარკვეთილი ვლადიმერ პუტინი უკანასკნელ იარაღს მიმართავს - კრახის თავიდან აცილების მიზნით, უკრაინაში მცირე სიმძლავრის ტაქტიკურ თერმობირთვულ ბომბს ააფეთქებს. "ეს არ არის წარმოუდგენელი. ეს, უბრალოდ, არასასიამოვნოა", - ცივად ამბობს გენერალი, დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ძალების სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი.

როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს დასავლეთმა? შეიძლება თუ არა კრემლის ასეთმა ბოროტმოქმედებამ უკრაინის ნატოში გაწევრებამდე და, შესაბამისად, რუსეთთან პირდაპირ ომამდე მიგვიყვანოს? შესაძლოა, მართლები არიან ისინი, ვინც თვლიან, რომ დასავლეთმა თავისი ნახევარზომებით საკუთარ თავს კატაკლიზმი "გამოუწერა"? გენერალ რიჩარდ ბერონსს მზა პასუხი არ აქვს.

გავიხსენოთ, რომ ჯო ბაიდენმა ვარშავაში გამოსვლის დროს ვლადიმერ პუტინის მისამართით ასეთი ფრაზაც წარმოსთქვა - "ღვთის გულისთვის, ამ კაცის ხელისუფლებაში დარჩენა არ შეიძლება".

ჯო ბაიდენი მართალია. ვლადიმერ პუტინი საზიზღარი კანიბალია, სამხედრო დამნაშავე, გასული ეპოქის საშინელი გადმონაშთი. ის მმართველობისათვის დრომოჭმულ და უვარგის არსებას წარმოადგენს. რუსეთის ხელისუფლებიდან ვლადიმერ პუტინის წასვლით კრიზისი, რომელიც მან გამოიწვია, არ გაქრება, მაგრამ უფრო იოლად შეიძლება გადაწყდეს. ეს არის უკრაინელების (და რუსებისაც) ერთადერთი იმედი, რომ ომს მეტ-ნაკლებად ნორმალური დასასრული ჰქონდეს.

გამოიწვიეთ პუტინი და წააქციეთ; დაიჭირეთ და ჩაკეტეთ - ეს ის სტრატეგიული მიზანია, რომლის განხორციელებას ყველა ენერგიულად უნდა შეეცადოს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ