"ვინ არის საუდელი პრინცი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყებისას 500 მლნ დოლარის ფსონი რუსეთზე დადო" - FT - კვირის პალიტრა

"ვინ არის საუდელი პრინცი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყებისას 500 მლნ დოლარის ფსონი რუსეთზე დადო" - FT

Financial Times-ის ცნობით, საუდის არაბეთის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ რუსეთის ენერგოკომპანიებში 500 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა. მედიის ცნობით, ინვესტიცია უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და ომის დაწყების შემდეგაც განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, კომპანია Kingdom Holding-მა თანხა "გაზპრომში", "როსნეფტსა" და "ლუკოილში" დააბანდა.

კომპანია Kingdom Holding-ი საუდის არაბეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო კომპანიად ითვლება. კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პრინცი ალ-ვალიდ იბნ თალალია. როგორც ცნობილია, კომპანიას მაშინაც არ შეუწყვეტია რუსეთში ინვესტიციების განხორციელება, როცა დასავლური ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ.

500 მილიონი დოლარის ინვესტიციიდან, "გაზპრომმა" მიმდინარე წლის თებერვალში 363 მლნ დოლარი მიიღო, დანარჩენი თანხა "როსნეფტსა" და "ლუკოილში" თებერვალსა და მარტში ჩაიდო. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით კი უკრაინის ტერიტორიაზე "სპეცოპერაცია" რუსულმა არმიამ 24 თებერვალს დაიწყო.

როგორც უცხოური მედია წერს, 2017 წელს პრინცი ალ-ვალიდი ერ-რიადში, სასტუმრო Ritz-Carlton-ში სხვა მაგნატებთან და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად დააკავეს. მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, ეს იყო ანტიკორუფციული სპეცოპერაცია.

კრიტიკოსების აზრით, საუდის არაბეთის სამეფო დინასტიის ამომავალმა ვარსკვლავმა პრინცმა მუჰამედ იბნ სალმანმა ეს სიტუაცია პოზიციების გასამყარებლად გამოიყენა. იმ პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო აბრუნებდა 100 მილიარდი დოლარის ოდენობის სახსრებს, რომელიც არაპატიოსანი გზით იყო მოპოვებული.

პრინცი ალ-ვალიდი, რომლის ბაბუა საუდის არაბეთის სახელმწიფოს დამაარსებელია, შეთანხმებით გაათავისუფლეს.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ფონდში კი განაცხადეს, რომ მაისში, რუსეთში ინვესტირებიდან რამდენიმე თვეში, ალ ვალიდი ფონდ Kingdom Holding-ის აქციების 16,8%-ის მფლობელი გახდა.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რა ზეწოლას ახდენდა დასავლეთი მოსკოვზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთის უდიდესმა საინვესტიციო კომპანიამ რუსეთში თანხები ხელისუფლების თანხმობის გარეშე დააბანდა.

მედიის ცნობით, კომპანია Kingdom Holding-მა ბრიტანეთის საპენსიო და სადაზღვევო კომპანია Phoenix Group-ში 220 მლნ დოლარის, ხოლო კომპანია M&G-ში - 221 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

საუდის არაბეთის კომპანიამ დიდი ოდენობით ფულის ინვესტირება სხვა ცნობილ კომპანიებშიც მოახდინა, მათ შორისაა Uber, Lyft, Alibaba და BlackRock TCP Capital-ი.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთმა რუსეთთან ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაალაგა და ორი ქვეყანა OPEC+ -ის ფარგლებში ნავთობის მოპოვებაზე ერთად მუშაობს. ამავე დროს, საუდის არაბეთს ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას აცხადებდა, რომ საუდის არაბეთს ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობას არ აპატიებდა. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტის მკვლელობის უკან პრინცი მუჰამედი იდგა, თავად პრინცი კი ამ ბრალდებას უარყოფდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაიდენმა, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში გადაწყვეტილება შეცვალა. ივლისში ის საუდის არაბეთში იმყოფებოდა, პრინც მუჰამედს შეხვდა და ნავთობის მოწოდების გაზრდის თხოვნით მიმართა, რათა გაზრდილი ფასების კომპენსირება მოეხდინა. (წყარო)