ანექსირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების აფეთქებები უკვე ტრადიციაში გადადის... - კვირის პალიტრა

ანექსირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების აფეთქებები უკვე ტრადიციაში გადადის...

16 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის, ჯანკოის რაიონის დასახლებულ პუნქტ მაისკში აფეთქებების სერია დაიწყო.

თვითმხილველთა მიერ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი აფეთქებების ძალა იმას მიუთითებს, რომ ხდება საბრძოლო მასალების პერიოდული დეტონაცია...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამჯერად შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინა და ოფიციალური განცხადება აფეთქებების დაწყებიდან რამდენიმე საათში გაავრცელა - ყირიმში, მაისკის რაიონში, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, საბრძოლო მასალების დროებითი შენახვის მოედანზე, მოხდა აალება, რამაც საბრძოლო საჭურვლის დეტონაცია გამოიწვია. მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციის გამომწვევი მიზეზების მოკვლევაო.

ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა აქსიონოვმა უფრო დააკონკრეტა - საბრძოლო მასალების დეტონაცია ჯერ კიდევ გრძელდება, დაშავებულია ორი სამოქალაქო პირი, ევაკუირებულია 2 ათასზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელიო...

2-apetkeba-1660640407.jpg
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს, ალბათ, ისევ „შეუგნებელი“ ჯარისკაცის მიერ სიგარეტის ნამწვის ჭურვების შუაგულში გადაგდებას დააბრალებს...

რა გამოდის?

ერთი კვირის განმავლობაში ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელსაც კრემლი რუსეთის ფედერაციის „განუყოფელ“ ნაწილად მიიჩნევს, ერთმანეთის მიყოლებით ორი რეზონანსული აფეთქება ხდება, ჯერ საკის სამხედრო აეროდრომზე, შემდეგ კი - ჯანკოის რაიონში, რუსული სამხედრო ნაწილის საბრძოლო მასალების დიდ საწყობში - შემთხვევითობაა ეს ყველაფერი თუ უკვე ტრადიციაში გადასული მოვლენა?

დასახლებულ პუნქტ მაისკოესთან დასაწყობებული საბრძოლო მასალების მოედანი „გუგლის“ შარშანდელ თანამგზავრულ ფოტოებზე კარგად მოჩანს და მისი გამოვლენა უკრაინის სამხედრო დაზვერვას არ გაუჭირდებოდა, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა - რა მეთოდითა და ტექნიკური საშუალებებით მოახერხეს უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი წარმატებული აფეთქების მოწყობა ანექსირებული ყირიმის იმ ნაწილში, რომელიც, ასევე, არანაკლებ 200 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან?

იყო ეს სარაკეტო დარტყმა, დრონის ფარული „გასეირნება“ თუ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მოქმედება?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აფეთქებების ადგილის დეტალური შესწავლის შემდეგ რუსი ოკუპანტების ექსპერტებს არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ რეალური პასუხის გასაჯაროებას ნაკლებად უნდა ველოდეთ და ყველაფერი ისევ შეიძლება „უხეიროდ“ გადაგდებულ სიგარეტის ნამწვს დაბრალდეს...

ამას თავისი ობიექტური ახსნა აქვს - თუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ საბრძოლო მასალების ეს საწყობი, ისევე, როგორც შვიდი დღის წინ საკის აეროდრომზე თვითმფრინავები, უკრაინელების სარაკეტო დარტყმებმა ან დრონებმა გაანადგურეს, მაშინ „ჩირქი მოეცხება“ ასე გაპიარებული რუსული საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო „ს-300“-ებისა თუ „ს-400“-ის იმიჯს...

თუკი რუსი ოკუპანტები აღიარებენ უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ასე თავისუფლად და წარმატებით „მუშაობას“ შუა ყირიმში, მაშინ შერცხვენილი რუსი სამხედრო კონტრმზვერავები და მთლიანად რუსული „ეფ-ეს-ბე“ დარჩება...

ამიტომაც, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ურჩევნია, ყველაფერი ისევ ყველაზე დაბალი დონის „მეისრეს“- „შეუგნებელ“ რუს ჯარისკაცს დააბრალოს, რომელმაც უკრაინელების გასახარად სიგარეტის ნამწვი ისევ დასაწყობებული საავიაციო ბომბებისა თუ ჭურვების შუაგულში მოისროლა...

თავად უკრაინის მხარეც, ლოგიკურია, არ აკონკრეტებს, თუ როგორ მოახერხა 17 დღეში (31 ივლისს სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ შტაბზე, დრონი-კამიკაძის შეტევის ჩათვლით) სამი ასეთი წარმატებული შეტევის განხორციელება რუსი ოკუპანტებისთვის ძალზე მგრძნობიარე ობიექტებზე, რადგან უკრაინელები უცილობლად გააგრძელებენ ყირიმში წერტილოვან „მუშაობას“კონკრეტული რუსული სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად.

3-apetkeba-1660640441.jpg
ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე მდგარ ამ რუსულ საბრძოლო „მი-28“-ს შეიძლება მალე იგივე ბედი ეწიოს, რაც საკის აეროდრომზე დაემართათ მის თანამოძმე „სუებს"...

პ.ს. საგულისხმოა, რომ დასახლებული პუნქტიდან მაისკოე, სადაც დღეს დილიდან რუსული საბრძოლო მასალების საწყობში დეტონაცია გრძელდება, მხოლოდ 15 კმ-ითაა დაშორებული ჯანკოის სამხედრო აეროდრომი.

ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიისთანავე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ აეროდრომზე განათავსა სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 სარდლობის 27-ე შერეული საავიაციო დივიზიის 39-ე საშვეულმფრენო პოლკი.

ეს შემთხვევით არ მომხდარა, რადგან ეს აეროდრომი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრიდან მხოლოდ 27 კმ-ითაა დაცილებული და კრემლი ჯერ კიდევ 2015 წლიდან ემზადებოდა ანექსირებული ყირიმიდან უკრაინის სამხრეთ ნაწილზე - მელიტოპოლის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით თავდასხმისთვის, რისთვისაც ამ აეროდრომზე დისლოცირებული „კა-52“, „მი-28“, „მი-35“ და „მი-8ამტშ“ საბრძოლო და სატრანსპორტო-საბრძოლო შვეულმფრენების სამი ესკადრილიის გამოყენებას აპირებდა...

2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას ყველაფერი თითქმის ამ სცენარით წარიმართა და რუსი ოკუპანტების შეტევა მანამდე ანექსირებული ყირიმიდან, ჩონგარისა და არმიანსკის გასასვლელებით, უკრაინის სამხრეთით, კიევისთვის სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა, რის მძიმე შედეგებს მთლიანად უკრაინა მეექვსე თვეა, ტრაგიკულად იმკის...

დიდი ალბათობით, ჯანკოის სამხედრო აეროდრომი, რომელზეც ამ მომენტისთვის რუს ოკუპანტებს სამ ათეულზე მეტი ძვირად ღირებული საბრძოლო და სატრანსპორტო შვეულმფრენი უყენიათ, უკრაინელების მორიგი წარმატებული თავდასხმის სამიზნე გახდეს, მით უმეტეს, რომ ყირიმის ქალაქებში, ღობეებზე ფარულად აკრავენ პლაკატებს, რომელზეც მითითებულია ჯანკოის სამხედრო აეროდრომის გეოგრაფიული კოორდინატები და ის მორიგ სამიზნედ არის გამოცხადებული...

პ.ს.ს. ცნობილი ხდება, რომ მაისკოესთან საბრძოლო მასალების საწყობის დეტონაციის გამო გადაიკეტა სიმფეროპოლისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზი და ამ გაგანია ტურისტულ სეზონზე ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალ მგზავრებს ფეოდოსიაში ჩამოსვამენ და შემდეგ - ავტობუსებით წაიყვანენ...