"თედოს ტოლი გოგო ჯერ ვერ შევარჩიე" - კვირის პალიტრა

"თედოს ტოლი გოგო ჯერ ვერ შევარჩიე"

საქართველოს ნაკრები რაგბიში ქომაგებს გამარჯვებებით ხშირად გვახარებს. იტალიის ნაკრებთან მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების სიხარულს, ძალიან მალე პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვებაც დაემატა. ამ თამაშებზე დიდი იყო 23 წლის მორაგბის, თედო აბჟანდაძის წვლილი. პორტუგალიასთან მატჩის დროს, ტრიბუნაზე იყო ერთი ქალბატონი, რომლის ფოტოსაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მალე თედო აბჟანდაძემ სოციალურ ქსელში ეს ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ეს ჩემი ბებოა". თედოს ბებო - ქალბატონი სულიკო აბჟანდაძე ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა, მაგრამ სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, ჩვენი დიალოგი ასე დაიწყო:

- სანამ ჩაწერას დაიწყებთ, მინდა, რაღაც გითხრათ, შეიძლება?

- დიახ, ბრძანეთ.

- ჟურნალი "გზა" მე და ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან გვიყვარს. წლებია, თქვენი ერთგული მკითხველი ვარ.

- ძალიან დიდი მადლობა, გამახარეთ, ეს სიტყვები სასიამოვნო მოსასმენია.

- კითხვა ძალიან მიყვარს, "გზასთან" ერთად კარგი ბიბლიოთეკაც შევიძინეთ. ახლა შეგიძლიათ კითხვები თქვენ დამისვათ.

- ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მკითხველს საინტერესო და განსხვავებული სტატიები შევთავაზოთ, თქვენც ამ მიზნით დაგიკავშირდით, სტადიონზე გადაღებული თქვენი ფოტო ვნახე. იცით, რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

- როგორ არ ვიცი, ჩემი შვილიშვილების ტელეფონები ლამის გადაიწვას.

- ასეთ გამოხმაურებას ელოდით?

- პირადად ჩემს თავზე - ნაკლებად, მაგრამ ჩემი შვილიშვილის თამაშს რომ გამოხმაურება მოჰყვებოდა, ვიცოდი.

- ფოტო რომ გავრცელდა, თქვენი ვინაობა არავინ იცოდა, სანამ თედომ სოციალურ ქსელში არ დაწერა: "ეს ჩემი ბებოა".

- საერთოდ, სპორტი ძალიან მიყვარს. თედოს მამა ფეხბურთელი იყო. ქუთაისში რა თამაშიც ტარდება, თითქმის ყველაზე დავდივარ. ადრე ჩემი შვილის თამაშებზე დავდიოდი, ახლა - თედოს თამაშებს ვესწრები. ცხოვრებაში მხოლოდ ორი რამ მაინტერესებს: სპორტი და კითხვა.

- თავად სპორტის რომელიმე სახეობაზე ხომ არ დადიოდით?

- არა.

- როდესაც სტადიონზე ხართ, უყურებთ თქვენი შვილიშვილი ლელოს როგორ დებს, გამიზიარეთ, ეს რა განცდაა?

- ძალიან ამაღელვებელი მომენტია, ამ დროს ერთიანად ვიყინები. თედო რომ ჩამოვიდა, მითხრა, ბებო, თამაშზე ხომ წამოხვალო? რა თქმა უნდა, წამოვალ, აბა, შინ რა გამაჩერებს-მეთქი? ვხედავ, როგორ მიყურებს მოედნიდან. იცის, რომ იქ ვარ.

- რას გეუბნებათ, ეს მისთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- უხარია. ამბობს, როცა ოჯახის წევრები სტადიონზე არიან, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულიაო.

- თამაშის შემდეგ ერთმანეთს ემოციებს უზიარებთ?

- რა თქმა უნდა, შენიშვნებსაც ვაძლევ, შემდეგში რომ გაითვალისწინოს და გამოასწოროს. იმასაც ვეუბნები, ძალიან კარგად რა დროს ითამაშა. თითქმის არც ერთმა მსაჯმა არ იცის ისე, როგორც მე შემიძლია თამაშის გარჩევა.

- რაგბის წესებში კარგად ერკვევით?

- ძალიან კარგად, ნემსის წვერისოდენა არაფერი გამომრჩება. თედო რაგბიზე რომ მივიყვანეთ, 9 წლის იყო, ვარჯიშზე სულ მე დამყავდა და სანამ არ დასრულდებოდა, იქ ვიყავი, ველოდებოდი. პატარა იყო და უყურადღებოდ წუთითაც კი ვერ ვტოვებდი.

- როგორ ვიცი, პარალელურად ფეხბურთზეც დადიოდა.

- დიახ, ორივეგან მე დამყავდა. რომ წამოიზარდა, შეუძლებელი იყო, რაგბიშიც ევარჯიშა და ფეხბურთშიც. თედომ რაგბი არჩია, არავის ზეგავლენა არ ყოფილა, თავად ისურვა ასე.

- მიამბეთ, როგორი ბავშვი იყო, ცელქობდა?

- ცელქიც იყო, მოუსვენარიც, ბეჯითიც, მიზანდასახულიც... სკოლაში კარგად სწავლობდა. ყოველთვის ვთხოვდი, გაკვეთილები ჩაებარებინა. თედოს მშობლები სულ მუშაობდნენ და ბავშვს ყურადღებას მე ვაქცევდი. სკოლაშიც კარგი მოსწავლე იყო, ოქროს მედალზე დაამთავრა.

- მიამბეთ, ახლა თედო როგორი ბიჭია, ბავშვობიდან ეს თვისებები გამოჰყვა?

- ძალიან თბილია და ტკბილად მოსაუბრე. გამორიცხულია, დღე ისე დაღამდეს, საფრანგეთიდან არ დაგვირეკოს, არ მოგვიკითხოს. ყურადღებიანი და პუნქტუალური რომ არ იყოს, ვერც ასეთი წარმატებული მოთამაშე იქნებოდა.

- რამდენი შვილიშვილი გყავთ?

- 4 შვილიშვილი მყავს და ყველა ჩემი გაზრდილია. 2 მედიცინის მუშაკია, ერთი სკოლის მოსწავლეა, ძალიან კარგად სწავლობს, თან რაგბიზე დადის.

- თედოს მორაგბე მეგობრებს იცნობთ?

- ყველას ძალიან კარგად ვიცნობ, ბიჭები თედოს ხშირად სტუმრობენ და როცა მორაგბეებთან ერთად ვარ, მავიწყდება, რომ 76 წლის გახლავართ. სხვათა შორის საზღვარგარეთის ქვეყნების ნაკრებები რომ ჩამოდიან, მათდამიც დიდი სიყვარული მაქვს, მათაც ხომ დიდი შრომა აქვთ ჩადებული ამ საქმეში. ეს სპორტული პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვანო კარკაძე ჩვენი მეზობელია. ბექა გიგაშვილი პორტუგალიასთან შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ტრიბუნიდან მივულოცე. ყველა ძალიან მიყვარს.

- მათ კიდევ ძალიან დიდხანს უნდა უქომაგოთ. თამაშებზე სხვა რომელიმე მორაგბის ბებიაც ხომ არ დადის?

- არა, მე არ შემხვედრია. არგენტინასთან თამაში რომ ჰქონდათ, მთელ ტრიბუნაზე ასაკოვანი მხოლოდ მე, ერთი ქალი ვიჯექი, დანარჩენი ყველანი ახალგაზრდები იყვნენ.

- თედოს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გოგო ჰყავს. თქვენთვის ხომ მნიშვნელოვანია, ვინ იქნება მისი რჩეული, ამ თემაზე ელაპარაკებით?

- ახლა ერთ რამეს გეტყვით, მერე თუ გინდათ, ამოჭერით და სტატიაში ნუ დაწერთ. რა ვქნა, თედოს ტოლი გოგო ჯერ ვერ შევარჩიე.

- ამ წინადადებას სათაურად გავიტან.

- რას ამბობთ (იცინის), ეს ჩემი გულწრფელი პასუხია. საკუთარ თავს იმდენ უფლებას არ მივცემ, რომ შვილიშვილის პირად ცხოვრებაში ჩავერიო, მაგრამ ჩემი თედო ისეთია, ძალიან მიჭირს, ვინმე შევარჩიო.

- როდესაც იგებენ, თედოს ბებია ხართ, რას გეუბნებიან?

- ყველამ იცის, რომ თედოს ბებია ვარ, ყველას უყვარს, მის შესახებ კითხვებს მისვამენ.

- რას გეკითხებიან?

- როგორ გახდა წარმატებული, რა გზა გაიარა?..

- ნებისმიერ სპორტსმენს კარიერაში აქვს რთული პერიოდები, წინააღმდეგობები... ამ დროს თედო როგორია, ბარიერებს როგორ ხვდება?

- ცხოვრება მხოლოდ აღმასვლა არაა, თედოსაც, რა თქმა უნდა, ჰქონდა ასეთი შემთხვევები, ცოტათი ნაღვლიანდებოდა, მაგრამ კარგად იცის, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევა, მონდომებით და შრომით არის შესაძლებელია.

- პატარა თედო რაგბიზე რომ დაგყავდათ, მწვრთნელები რას გეუბნებოდნენ?

- პირველი მწვრთნელი ალეკო ნიქაბაძე იყო. არ შემიძლია არ დავასახელო რამაზ სვანაძე, ქუთაისის კოლორიტი და წარმატებული მორაგბე, ის სულ ამბობდა, ეს ბიჭი დიდი მორაგბე დადგებაო. სიმართლე გითხრათ, მაშინ სპორტზე მეტად, თედოს სწავლა მაინტერესებდა. ისე მოხდა, რომ სპორტშიც მიაღწია წარმატებას და სკოლა რომ დაასრულა, პირველ წელსვე სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. ახლა აკადემიური აქვს აღებული. თედო სწავლას აუცილებლად გააგრძელებს, ჯერ 23 წლის არის.

- საფრანგეთში რომ წავიდა, ნერვიულობდით? განშორება გაგიჭირდათ?

- როგორ არ გაგვიჭირდა, მაგრამ რა უნდა გვექნა, ასე იყო საჭირო. ახლა ორი კვირა სახლში რომ იყო, შევეჩვიე და განშორება ისევ ძალიან გამიჭირდა.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის!

- მადლობა თქვენ, წარმატებას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"