"ბატონი ეროსი მანჯგალაძე აუღებელი ციხესიმაგრე იყო... დამახრჩვე, ახლა, დამახრჩვე! დამაცადე, ემოციებში ვარო..." - კვირის პალიტრა

"ბატონი ეროსი მანჯგალაძე აუღებელი ციხესიმაგრე იყო... დამახრჩვე, ახლა, დამახრჩვე! დამაცადე, ემოციებში ვარო..."

საქართველოს რადიოს პირველი არხის (საზოგადოებრივი მაუწყებელი) ხმის რეჟისორი თინა ასამბაძე უზომოდ შეყვარებულია თავის საქმეზე. დიდია მისი წვლილი რადიოს ოქროს ფონდის ჩანაწერების შექმნაში. ქალბატონი თინა 17 წლისა მივიდა სამუშაოდ და დღემდე რადიოს ერთგულია. სკოლის დამთავრების შემდეგ კავშირგაბმულობის ინსტიტუტში საღამოს დასწრებულზე ჩააბარა, საჭირო იყო პროფილით (ტელევიზია-რადიო-ფოსტა-ტელეგრაფი) ემუშავა. ტელევიზიის თანამშრომელმა თინას მამას უთხრა: ბატონო გიორგი, ძალიან მინდა რადიოში მივიღოთ იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო სკოლა, ამის შემდეგ, გზა ყველგან გაეხსნებაო. ასეც მოხდა და მას მერე, უკვე 45 წელი გავიდა...

- პირველი დღე არაჩვეულებრივად მახსოვს. რადიოში მამა გამომყვა, სადაც დაგვხდა მისი მეგობარი ტელერეჟისორი ფაჩულია, რომელმაც დამათვალიერებინა ხმის ჩამწერი რადიოსტუდიები. ვაიმე, ეს სად მოვხვდი? - ვიფიქრე... კორიდორული სისტემა, ფანჯრებზე ლუმინატორები, სინათლე არსაიდან შემოდის, ყველაფერი ჩაკეტილია. ერთ-ერთ სტუდიაში ფანჯარა დავინახე და გამიხარდა, მთლად ჯურღმულში არ ვიქნები-მეთქი. მაშინ იდგა ლამის ჩემი სიმაღლის აპარატურა და რკინის მაგნიტოფონები. ჩემი პირველი პედაგოგები იყვნენ გამოცდილი თანამშრომლები: თუთია გაბუნია და მარინა დარბინიანი. პირველი, რაც მასწავლეს: სტუდიაში რომ შემოდიხარ, კედელზეა ჩამრთველი, იმის ჩართვა არ უნდა დაგავიწყდესო! მერვე სტუდიაში ახალგაზრდულ გადაცემებს წერდა ლაო - ასე ვეძახდით, ხმის რეჟისორებში ერთადერთ კულტურის დამსახურებულ მუშაკს ლავრენტი ჭელიძეს. აქ მოდიო, დამიძახებდა ხოლმე, მეც მის მუშაობას ვაკვირდებოდი. მესამე დღეა, პულტთან ჯერ არ მივსულვარ. ტექნიკა ყოველთვის მიყვარდა და რაღაცები გამეგებოდა, მაგრამ მარტო ყურება ხომ არაა საკმარისი? სტუდიაში შემოდის არაჩვეულებრივი ჟურნალისტი ილია კევლიშვილი, „საღამო მშვიდობისა“ მიჰყავდა... ამბობს, გადაცემა უნდა ჩავწეროთო. 6 საათი ხდება, ყველა წასულია, მეც სტუდიის დაკეტვას ვაპირებდი, ინსტიტუტში ლექციები შვიდის ნახევარზე მეწყება. ილია მეუბნება: ბოდიშს გიხდი (თან არ მიცნობს), დღეს უნდა ჩავწეროთ იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ არ ვიქნები, გადაცემა უკვე ჩასმულია პროგრამაშიო. სიცხემ ამიწია. ბატონო ილია, - ვიწყებ მორიდებით... ნუ გეშინიაო, - გამამხნევა. მან ჩამაწერინა პირველი გადაცემა, გზადაგზა მეუბნებოდა - რა ფონი უნდოდა, ტექსტის ნაწილის წაკითხვას რომ დაასრულებდა, მუსიკაც იმ დროს უნდა დამთავრებულიყო და ა.შ. ფონი არის 100%-იანი ჩანაწერი, იმანაც უნდა ილაპარაკოს, რანაირად გამოვა? ბოლო-ბოლო, ფონი დაბალ ხმაზე გავუშვი, ფირს ვდებ და თან ხელები მიკანკალებს... მოკლედ, ყველაფერი კარგად დამთავრდა...

თავიდან ხმის ოპერატორი ვიყავი. ჩვენი ხელმძღვანელი, ტექნიკური განყოფილების უფროსი მირიან კაკულია საყვარელი ადამიანი იყო. დადიოდა და ყველას გვაკვირდებოდა. პირველად რომ დამინახა, ახლაც ფაშფაშა ვარ და არც მაშინ ვიყავი გამხდარი, უთქვამს: ამან რა უნდა გამიკეთოსო?! მერე დაინახა, რომ სართულებზე ავრბოდ-ჩამოვრბოდი, მოძრავი ვიყავი და, - არა, ბატონო, შემშლია, გადასარევი გოგო გამოდგაო! იმდენ კოლეგასთან თუ არაკოლეგასთან ერთად, იმდენ რედაქციასთან მიმუშავია და ყველას შენთან რომ უნდა ურთიერთობა, ეს ჩემთვის უკვე კომპლიმენტია.

- პირდაპირი ეთერი ჩაწერასთან შედარებით, უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. პირველად რა გადაცემა განდეს?

- „პიკის საათზე“ დავჯექი პირდაპირ ეთერში, რომლის ხმის რეჟისორიც ჩვენი ლაო იყო. ცუდად გახდა და საავადმყოფოში იწვა. მას ცვლიდა იურა ნუცუბიძე, ეს ორნი მუშაობდნენ საეთეროში. იურა წელში გაწყდა, სამი თვე გაუძლო და მერე ხვეწნა დაიწყო, იქნებ ვინმემ შემცვალოსო. მეც მთხოვა, უარის თქმა დავაპირე, მაგრამ შემეცოდა, როგორია ყოველ დილას უთენია ადგომა... უკვე ხმის რეჟისორი ვიყავი. იურას ვუთხარი: პულტთან დავჯდები, ოღონდ ლავრენტი ჭელიძე როგორც კი გმირთა მოედანთან გამოჩნდება, ვდგები და გავდივარ, ის გააგრძელებს მუშაობას-მეთქი. მართლაც, რომ მოვიდა, გადავჯექი, თუმცა უკვე შეუძლოდ იყო და დიდხანს აღარ უმუშავია. სხვათა შორის, ერთი რამ მინდა ვთქვა, ლაო ცუდად იყო, სახლში იჯდა, რადიოს უსმენდა, მირეკავდა და ჩემთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. ერთხელ ვუთხარი, რომ მაქებ, რატომ იმას არ მეუბნები, ფონად სხვა მუსიკა რომ შევუშვი-მეთქი? - მაგას რა მნიშვნელობა აქვსო?..

ძალიან ახლოს ვიყავი შოვინა ქაცარავასთან, ლიტერატურულ-დრამატული რედაქციის რედაქტორი იყო. ეს ქალი ოჯახის წევრივით მყავდა და მისი წასვლით ძალიან კარგი მეგობარი დავკარგე. ჩვენ შორის ასაკობრივი განსხვავება არაფერს ნიშნავდა. შემიძლია ვთქვა, რომ დედაჩემსაც არ ვუზიარებდი იმდენს, რასაც შოვინას ვუყვებოდი. ისიც ძალიან იყო ჩემზე მოწებებული, სულ ერთად ვმუშაობდით ყველა გადაცემაზე.

- შოვინა ქაცარავამ შექმნა ნოვატორული გადაცემა „თეატრი მიკროფონთან“.

- ორასამდე სპექტაკლი ჩავწერეთ, ყველა - პირველიც და ბოლოც ჩემი ჩაწერილია. ჯერ წინასწარ ვნახულობდი სპექტაკლს, რომ მცოდნოდა, სად დამეყენებინა მიკროფონები. მერე ვწერდით, შემდეგ ვუსმენდი. თუ სპექტაკლი ისმინება, ე.ი. ის შედგა. ბოლოს ვამონტაჟებდი. მახსოვს, რობიკოს ოთხსაათიანი სპექტაკლი უნდა შემემცირებინა, საეთერო დრო სამი საათი გვქონდა. შოვინა ურეკავს: რობიკო, გეხვეწები, უნდა დავამონტაჟო და მომეცი უფლებაო. მათი მამები მეგობრობდნენ და ესენიც ახლობლობდნენ. რობიკომ უპასუხა: რას ერჩი, გოგო, ამ ჩემს სპექტაკლსო?! შოვინამ, - რა ვქნა? დრო არა მაქვსო! როცა რობიკომ გაიგო, რომ მე უნდა დამემონტაჟებინა, დათანხმდა.

თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა. კაკო ბაქრაძე მამაჩემის მეგობარი იყო და რუსთაველის თეატრში ლოჟა გვქონდა. დავდიოდით დედა, მამა, მე და ჩემი ძმა.

- შენიშვნები ან რჩევები მიგიღიათ?

- ჩაწერის დროს თუ ხმის დონის მაჩვენებელი დასაშვებ მაქსიმუმს 2-3-ჯერ გადასცილდება, მერე რადიოში გადის დამახინჯებული სიტყვები, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი, ნორმალური დონე შემენარჩუნებინა. მაგალითად, ბატონი ეროსი მანჯგალაძე აუღებელი ციხესიმაგრე იყო. მოგეხსენებათ, რა ხმაც ჰქონდა. ვთქვათ, რაღაცას კითხულობდა. როგორც კი ხელს გავაპარებდი, რომ ხმისთვის დამეწია, არ ვიცი, რანაირად ხვდებოდა, თავის ტექსტს მაშინვე მიაყოლებდა: დამახრჩვე, ახლა, დამახრჩვე! წამაკითხე, რა, დამაცადე, ემოციებში ვარო... ერთი-ორჯერ ბოდიში მოვუხადე. მერე ვუთხარი: ბატონო ეროსი, მეც ძალიან მომწონს თქვენი წაკითხული, მაგრამ ჩანაწერი ფუჭდება, დაიწუნებენ, პრემიას მომიხსნიან და დამსჯიან-მეთქი. ამას როგორ დაუშვებდა! ეს იყო და ეს, ჩაწერილი ნახევარსაათიანი გადაცემა ხელახლა ჩაგვიწერია. - დავიწყოთ, გეთაყვა, თავიდან, - ასე მეტყოდა ხოლმე.

ლიტერატურულ რედაქციაში ახალი მოსული იყო რედაქტორი მაია წერეთელი, რომელმაც ლიტერატურათმცოდნის ჩანაწერი მოიტანა, დამონტაჟება უნდოდა. მოვუსმინე და კაცს ენა ებმეbა, მეტყველების დეფექტი აქვს. მაიას ვეუბნები, ამის გაშვება არ შეიძლება-მეთქი. ვიგრძენი, ეგონა, რომ დამონტაჟება მეზარებოდა. რა მექნა? ძალიან ვიწვალე, 40-წუთიანი ჩანაწერიდან 12 წუთი უნდა გამეშვა, გავასუფთავე და სიუჟეტი ეთერში გავიდა. მეორე დღეს, ჩვენმა მკაცრმა დირექტორმა და საუცხოო პიროვნება პეტრე შამათავამ გამომიძახა. დამცეცხლა, ფეხები უკან მრჩება. მე და მაია შევედით კაბინეტში. გვეუბნება: ეს რა ქენით? იმ კაცმა დამირეკა და მითხრა, - ეტყობა, ჩემი ჩანაწერი წაეშალათ და სხვა ჩაწერესო. ხმას არ ვიღებ, მაიაც ჩუმადაა, ზის გაწითლებული და ჩემთან შერცხვენილი. წადით, ორივეს საყვედური გექნებათ პირად საქმეშიო, - ბრძანა ბატონმა პეტრემ. ჩამოვედი სტუდიაში და არ ვამბობ არაფერს. ზუსტად ნახევარ საათში რეკავს შამათავა: “ქალბატონო თინა (ბაბუად მეკუთვნის), ამობრძანდით, თუ შეიძლება!” მაია შებრუნებულა უკან და ყველაფერი აუხსნია. ბატონma პეტრემ, - რატომ არ მითხარი, რაც მოხდაო? - ახალი მოსულია, ბატონო პეტრე, გავაფრთხილე, მაგრამ არ დამიჯერა და მეც დავეხმარე-მეთქი.

- ალბათ აღმოჩენილხართ ფორსმაჟორულ სიტუაციაშიც.

- ადრე ელექტროენერგია ითიშებოდა, მაგრამ ახლა ჩვენი კვების წყარო გვაქვს და ნაკლებად არის შეფერხებები. ამას წინათ მთელი ტელევიზია გაითიშა ნახევარი საათით და რადიო მუშაობდა, ხალხი გაკვირვებული იყო. ერთხელ ფირი გაწყდა გადაცემის დაწყებისთანავე, ვერ მოვასწრებდი მის გადახვევას და მოკუზული, ხელით ვუშვებდი ჩამოშვებულ ფირს 45 წუთის მანძილზე. „პიკის საათის“ მუსიკალური რედაქტორი ცუდად გახდა პირდაპირ ეთერში, წამყვანებიც და დიქტორიც შეშინდნენ. მე გოგონას ლოყებზე ხელებს ვურტყამდი, თან მაგნიტოფონებს შორის დავრბოდი, რომ ერთი ფირი მეორiთ შემეცვალა და, - წყალი მაინც მოიტანეთ-მეთქი, - ამასღა ვიძახდი. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაწერის დროს ისეთი მუსიკა მიდიოდა, ლამის ჩამომეძინა და რადიომსმენელსაც არ მოეწონებოდა. გადაცემის ავტორს ვუთხარი ამის შესახებ, ოღონდ დელიკატურად და გაითვალისწინა. საერთოდ, უხეშობა არ მიყვარს. ჩვენთან ადამიანური ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, ერთი ოჯახი ვართ.

- მიამბეთ ურთიერთობაზე გადაცემის სტუმრებთან.

- იმისთანა ხალხთან მიმუშავია, ბევრს არ დაესიზმრება. ერთ ამბავს მოგიყვებით. საახალწლოდ ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა, ჩაწერა მიდის 31 დეკემბერს საღამოს 6 საათის შემდეგ. ჯერ ქალი მსახიობები ჩავწერე, 45 წუთი დავასრულე და ფირი საეთეროსთვის გავამზადე. მერე ვიწყებ მეორე ნაწილის ჩაწერას, სადაც მონაწილეობენ: ეროსი მანჯგალაძე, ედიშერ მაღალაშვილი, გურამ საღარაძე, ტარიელ საყვარელიძე და ირაკლი უჩანეიშვილი. გახდა ღამის 12 საათი და გადასცდა კიდეც... პირველი საახალწლო გადაცემა უკვე მიდის ეთერში. რეჟისორ ბადრი მიქაშავიძეს ვუთხარი, - წადი, დაისვენე-მეთქი. მარტო როგორ დაგტოვოო? რა მარტო, 5 კაცით ვარ გარშემორტყმული. მსახიობებმა უთხრეს, სახლში ჩვენ მივიყვანთო. ჩაწერა დავამთავრეთ და ყველანი ჩავიდნენ ქვემოთ. მეც გავემზადე, ჩავედი და რას ვხედავ - ხუთივე დგას თავის მანქანასთან და მელოდება. ბატონმა ეროსიმ მითხრა, - მოდი, გეთაყვა, დაჯექი ჩემს „ნივას“ თუ იკადრებ, იმათ უკეთესი მანქანები ჰყავთო. ჩავჯექი ბატონ ეროსისთან, წინ ორი და უკან ორი მანქანა მომყვება. ასე კორტეჟით მიმიყვანეს სახლამდე, პეკინის ქუჩაზე (მამაჩემი ფანჯარაში იყურებოდა) და სანამ სადარბაზოში არ შევედი და კარის ხმა არ გაიგoneს, ნამდვილი მამაკაცები არსად წასულან. მამაჩემი უმეტეს მათგანს იცნობდა, სამხედრო იყო, პირველი მაისის რაიონის კომისარი. მამამ, რა თქმა უნდა, სთხოვა, ამოსულიყვნენ ჩვენთან, მაგრამ ყველას ეჩქარებოდა.

- მუშაობის 45 წელი მოგილოცათ ხელმძღვანელობამ? როგორ აღნიშნავთ ხოლმე რადიოს დღეს?

- აი, ოქროს საშვი მაქვს (ბეიჯს მიჩვენებს. - ავტ.), აწერია 40+. მოგვცეს იმ ადამიანებს, ვისაც 40 წელზე მეტი ხნის სტაჟი გვაქვს და როგორც მითხრეს, მკვდარსაც შემიძლია, აქ შემოვიდე... ამ სახის ბეიჯის იდეა ბატონ ვასილ მაღლაკელიძეს ეკუთვნის. რადიოს დღეზე, არ ვიცი, რატომ ამომარჩიეს, ჩემზე სტაჟიანებიც არიან, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, მე ვჭრი საიუბილეო ტორტს. არადა, ტორტი არ მეჭმეbა...

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"