"თავი არც აუწევია, მუშტი მაგიდას დაარტყა და რუსულად მითხრა, აქ მხოლოდ რუსულად ლაპარაკი შეიძლებაო!"
არქივი 2022-08-18
"იმ დროშას თავზე დავახევდი!" - რას ფიქრობენ ხელოვანები საქართველოში რუსების მომრავლებაზე?
"კონტროლი მთავრობამ უნდა აწარმოოს. ჩვენ, ხალხი, თუ ვინმე სტუმარს მივიღებთ, სტუმარი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც სტუმარს შეეფერება... სულ რომ ზურგი შევაქციოთ, ეგეც არ არის სწორი და ქართველების წესი! ასეთი ქვეყანა მეორე არ არსებობს, როგორიც საქართველოა და ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც რუსთაველის თეატრთან ერთად მთელი მსოფლიო მოვიარე...", - ამბობს ბევრისათვის საყვარელი მსახიობი - ჯემალ ღაღანიძე...
სხვადასხვა თაობის ცნობილი ქართველი ხელოვანები ჩვენთან საუბრისას საქართველოში შემოსული მრავალრიცხოვანი რუსი ტურისტის საკითხს ეხმაურებიან...
რას ჰყვებოდა რუსებზე ბატონი ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი:
- კარგი, კეთილი რუსიც არსებობს და - ცუდიც. საქართველოში რომელი შემოდის, ამას ხალხი ვერ გავარჩევთ, მთავრობა უნდა ზრუნავდეს...
მე იმის მეშინია, იგივე არ მოხდეს, რაც ბოლო წლებში აფხაზეთში ხდებოდა და იქ მხოლოდ რუსული ისმოდა... ამის მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან მოგიყვანთ: აფხაზეთში თეატრი გასტროლით ვიმყოფებოდით, სხვადასხვა რაიონში გასვლა გვინდოდა, სპექტაკლების წარმოდგენა და უკვე ძალიან გაჭირვების წლები იყო, ბენზინი აღარ იშოვებოდა... აფხაზეთის მთავრობა კარგად შეგვხვდა, სუფრაც გაიშალა და იქ თეატრის დირექტორმა მათ სთხოვა, იქნებ მოეხერხებინათ, თეატრის მანქანებისთვის საწვავი გამოეყოთ... საწვავს დაგვპირდნენ და გვითხრეს, მეორე დღეს ამ საკითხზე სასაუბროდ ერთ პიროვნებასთან მივსულიყავით. თეატრის დირექტორმა მე დამადო ხელი, ჯემალი მოვაო... წავედი იმ პიროვნებასთან, გავეცანი, მოვახსენე, რა საკითხზეც ვიყავი მისული. მას თავი არც აუწევია, მუშტი მაგიდას დაარტყა და რუსულად მითხრა, აქ მხოლოდ რუსულად ლაპარაკი შეიძლებაო!
აი, ასეთის ცოცხალი მოწმე ვარ და ასეთი აფხაზი რომ ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგას ვიტყვი! ყველამ უნდა იცოდეს, სად ცხოვრობს და რა როგორ არის! ასე დიდ გულზე თუ იქნებიან ეს შემოსული რუსებიც და მიიჩნევენ, რომ საქართველო მათი სამშობლოა, ამას ვერ ავიტანთ! თუ ჩვენს წეს-ჩვეულებებს დააფასებენ და აქ სტუმარივით მოიქცევიან, მაშინ - კი, ბატონო...
სიტუაცია არ გახლავთ "დავარცხნილი" და პირიქით, მგონი, ისეა ახლა აქ ყველაფერი არეული, რას გაარკვევ, ვინ კეთილი ზრახვით არის შემოსული და ვინ - ბოროტით... მთავრობამ უნდა დაიჭიროს ბალანსი, თორემ მაგათი ნდობა ყოვლად შეუძლებელია და მოხდება ის, რაც ზემოთ მოგიყევით...
რუსეთში ბევრი ქართველია და გაგიხარდებათ, მათ ცუდად რომ მოვექცეთო? - ეს ლოგიკა არასწორია! არც ისინი უნდა მოექცნენ ვინმეს ცუდად და არც ჩვენ, ვინც ქვეყნის ადათ-წესებს პატივს ვცემთ. აქ თუ უფროსობა და თავიანთი წესების შემოღება დაგვიწყეს, ამას ვერასოდეს შევეგუებით! ამის კონტროლი მთავრობამ უნდა აწარმოოს. ჩვენ, ხალხი, თუ ვინმე სტუმარს მივიღებთ, სტუმარი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც სტუმარს შეეფერება... სულ რომ ზურგი შევაქციოთ, ეგეც არ არის სწორი და ქართველების წესი! ასეთი ქვეყანა მეორე არ არსებობს, როგორიც საქართველოა და ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც რუსთაველის თეატრთან ერთად, მთელი მსოფლიო მოვიარე.
თათული დოლიძე, მსახიობი:
- საქართველოში როგორ უნდა მოვეპყროთ რუს ტურისტებს და ყველამ კარგად გადახედოს ვაჟა ფშაველას "სტუმარ-მასპინძელს"! ამაზე მეტს მე ნუღარ მალაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ... ვაჟა ფშაველას მხოლოდ "სტუმარ-მასპინძელი" კი არა, უამრავ ნაწარმოებში აქვს აღწერილი, თუ როგორ უნდა მოეპყრო სხვას... ასე რომ, ყველამ კარგად წავიკითხოთ ამ დიდი გენიოსის შემოქმედება!
ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:
- ახლა ბათუმში ვარ და ძალიან ბევრი ხალხია, ამდენი ხალხი აქ არასოდეს მინახავს... განსაკუთრებულად ბევრი რუსი ტურისტია და მგონი, მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომელ ქვეყანაში არიან.
ისინი არიან ქვეყანაში, რომლის 20% ოკუპირებული აქვს მათ სახელმწიფოს. რასაც მე შევსწრებივარ თბილისში თუ ბათუმში, ვერ ვიტყვი, რომ რიგით რუს ტურისტს ოდნავ მაინც ეტყობა უხერხულობა. საერთოდ არ აქვთ ის განწყობა, მათი ქვეყანა რომ დამნაშავეა.
უიშვიათესი გამონაკლისიც არის... ორი თვის წინ ბათუმში ახლობელმა რამდენიმე სტუმარი გამაცნო რუსეთიდან და ისინი კატეგორიულად აპროტესტებდნენ, რაც უკრაინაში და მანამდე ჩვენთანაც ხდებოდა. იმდენად მკაცრად გმობდნენ, გულწრფელად გითხრათ, გამიკვირდა კიდეც. ალბათ, იშვიათად შეხვდებით რუსეთიდან ასეთ სტუმარს, ვინც ასე ხელაღებით აღიარებს თავისი ქვეყნის მთავრობის დანაშაულს.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩაქვში, სახლის ეზოში აღმართული რუსული დროშა ჩანს...
- სიმართლე გითხრათ, ეგ ფოტო არ მინახავს, მაგრამ ახლა რაც გავიგე, ძალიან აღვშფოთდი და იქ, ადგილზე რომ მენახა, დროშას თავზე დავახევდი, ვინც დაკიდა...
საქართველოში სტუმართმოყვარეობა არავის გვეშლება, მაგრამ ნაკლებად სტუმარ-მასპინძლური განწყობა გვაქვს, როცა ისეთ რუსებს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენი ქვეყნის არანაირი ოკუპაცია არ მომხდარა.
ლატვიამ და ესტონეთმა რუსეთს საზღვარი საერთოდ დაუკეტა და ვფიქრობ, ეს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება იყო. მათ აქვთ განწყობა, რომ თავიანთი მოქალაქეები "დაიცვან". ამდენი რუსი რომ არის ქვეყანაში, მერე რუსის ჯარი შედის და ამბობენ, აქ ჩვენს მოსახლეობას ვიცავთო... ჩვენმა სახელმწიფომ თუ გადაწყვიტა, რომ რუსი ტურისტები უნდა შემოუშვას, კი, ბატონო, შემოუშვას, მაგრამ ვიზები, რაღაც შეზღუდვები დაუწესე! გარკვეული დროით იყავი სტუმრად და მერე, დატოვე ქვეყანა, წადი!
მე რაც მაღიზიანებს, რუსული მუსიკა და საუბარი რომ ისმის, მათი ასე უხეში გართობა და ამაყად სიარული ჩემს ქვეყანაში, სადაც რუსეთ-საქართველოს ისტორიის განმავლობაში ათასობით ადამიანი მომიკლეს... დამნაშავედ რომ გრძნობდნენ თავს და აღიარებდნენ, ბევრად თავაზიანები იყვნენ, კიდევ რაღაცას აიტანდი, მაგრამ ამ წუთას რაც ხდება, აღშფოთებასთან ერთად, ჩემში გაოცებასაც იწვევს. ბათუმში გარეთ რომ გადიხარ, ასიდან სამოცი ადამიანი მაინც რუსულად საუბრობს.
(სპეციალურად საიტისთვის)