უკრაინასთან ომში ღიად რომ არ ჩაერთოს, ლუკაშენკომ პუტინს იარაღის საწყობების კარი ფართოდ გაუღო... - კვირის პალიტრა

უკრაინასთან ომში ღიად რომ არ ჩაერთოს, ლუკაშენკომ პუტინს იარაღის საწყობების კარი ფართოდ გაუღო...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, თითქმის სენსაციური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსი დამპყრობლები ფრონტის ხაზის მთელ გაყოლებაზე დღე-ღამის განმავლობაში 40-დან 60 ათასამდე გასროლას ახორციელებენ...

ამ ციფრებში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიები, ეს რაოდენობა მოიცავს მცირე, საშუალო და მსხვილი კალიბრის ჭურვებს, სხვადასხვა დანიშნულების რაკეტებს, ასევე - ნაღმსატყორცნის ნაღმებს.

ასეთი ზეინტენსიური, ყოველდღიური სროლების შემდეგ კიდევ როგორ იცავენ თავდაცვით ზღუდეებს უკრაინელები, ნამდვილად გასაკვირია...

მართალია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს მემკვიდრეობით ერგო საარტილერიო და სარაკეტო საბრძოლო მასალების მრავალრიცხოვანი საწყობები, მაგრამ ულევი არაფერია, მით უმეტეს - ასეთი ინტენსიური სროლების შემდეგ.

გარდა ამისა, უკრაინელებმა ამერიკული "ჰაიმარსების" მართვადი რაკეტებით რუს ოკუპანტებს უკვე რამდენიმე ათეული საბრძოლო მასალის საწყობი აუფეთქეს, ხოლო, სადაც "ჰაიმარსების" რაკეტები ვერ სწვდებიან, იქ უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ, რაზეც გუშინდელი, 16 აგვისტოს მაგალითიც კმარა. სხვათა შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად აღიარა, რომ ყირიმში, ჯანკოისთან, მაისკის დასახლებაში, საბრძოლო მასალების საწყობზე მომხდარი მძლავრი აფეთქებების მიზეზი დივერსია გახლდათ...

საარტილერიო ცეცხლის წარმოების ასეთი მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად კი რუს ოკუპანტებს ჭურვებითა და რაკეტებით სავსე რამდენიმე სარკინიგზო ეშელონის დაცლა მაინც სჭირდებათ ყოველდღე.

საბრძოლო მასალების ძირითადი მარაგი, რაც ევროპულ ნაწილში ჰქონდა რუსეთის არმიას, თითქმის ნახევარწლიანი ომის შედეგად მნიშვნელოვნად შეუმცირდა, შორეულ აღმოსავლეთში მდებარე საწყობებში კი მათ შეგროვება და ჩამოტანა სჭირდება, რაც დროში გაწელილი პროცესია, ამიტომაც რუსეთმა... ბელარუსის არმიის საბრძოლო მასალების გამოზიდვა დაიწყო...

1-lukashenko-1660729789.jpg
ლუკაშენკო ნახევარი წელია, უჯანჯლებს პუტინს ბელარუსი სამხედროების მიხმარებას უკრაინასთან ომში...

ცოტა უცნაურად მოჩანს, რომ შენი შეიარაღება სხვას, თუნდაც მეგობარ ქვეყანას, დიდი რაოდენობით მისცე და თან იძახდე, ნატოსგან თავდასხმას ველოდებიო - ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო, თუმცა ეს მისთვის ერთგვარი გამოსავალია.

იმისთვის, რომ პუტინის რუსეთმა უკრაინასთან ომის ჭაობში ბელარუსიც ბოლომდე არ ჩაითრიოს და უკრაინის ფრონტზე ბელარუსი ჯარისკაცები და ოფიცრები არ ახოცინოს, ლუკაშენკომ პუტინს თავისი არმიის სამხედრო საწყობების კარები ფართოდ გაუღო...

აგვისტოს ბოლომდე ბელარუსის შეიარაღებული ძალების არსენალიდან რუსეთი 12 ათას ტონა საბრძოლო საჭურვლის გატანას აპირებს, რასაც დაემატა გომელის შენახვის ბაზიდან სხვადასხვა კალიბრისა და ტიპის ასობით თვითმავალი საარტილერიო დანადგარის "პრივატიზაციაც".

თუკი დრო გაგყავს და ჯარს არ მახმარ, მაშინ შეიარაღება და საბრძოლო მასალა მომაწოდეო, - ალბათ, ასეთია პუტინის მოთხოვნა ლუკაშენკოსადმი.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა პუტინს უკრაინაზე თავდასხმაში და ამისთვის ბელარუსის ტერიტორიაც კი დაუთმო, "ბაწკა" მაინც არც ისეთი მიამიტია, როგორც ერთი შეხედვით მოჩანს - ის ძალიან კარგად ხვდება, რომ პუტინის სისხლიანმა ავანტიურამ რუსი და უკრაინელი ხალხი ათწლეულებით ან შეიძლება ასწლეულითაც კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა ერთმანეთს და არ სურს, გაიმეოროს კრემლის ბინადრის ეს საშვილიშვილო დანაშაული - მეზობელ ბელარუსებსა და უკრაინელებს შორის სისხლის დაღვრისთვის ლუკაშენკოს მომავალი თაობები შეაჩვენებენ...

მაგრამ საბრძოლო მასალითა თუ შეიარაღებით პუტინის არმიის მხარდაჭერა ამით არ მთავრდება. ბელარუსის სამხრეთ ნაწილში, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან სულ რაღაც 23 კმ-ში მდებარე სამხედრო აეროდრომ ზიაბროვკაზე, გრძელდება რუსეთის არმიის შორსმოქმედი სარაკეტო სისტემების თავმოყრა, მათ შორის - საზენიტო-სარაკეტო "ს-400"-ებისა და ოპერატიულ-ტაქტიკური "ისკანდერ-მ"-ების, რომლებიც ადვილად მისწვდებიან 215 კმ-ით დაშორებულ უკრაინის დედაქალაქ კიევს.

კიევზე პუტინის არმიის ხელმეორე იერიშის მცდელობას ბოლომდე არ გამორიცხავენ არც უკრაინის და არც დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები - ის, რაც კრემლს ერთხელ არ გამოუვიდა ბლიცკრიგით, შეიძლება მეორედ უკვე კიევის ბარბაროსული დაბომბვით სცადოს...