"იმ ქორწინებაში ჩვენ სამნი ვიყავით" - პრინცესა დაიანას ეპატაჟური ქმედებები, რომლებზეც ახლაც საუბრობენ - კვირის პალიტრა

"იმ ქორწინებაში ჩვენ სამნი ვიყავით" - პრინცესა დაიანას ეპატაჟური ქმედებები, რომლებზეც ახლაც საუბრობენ

პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა, თუმცა როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ის ჯერ კიდევ სილამაზის სიმბოლოა. მის ეპატაჟურ ქმედებებს კი დღესაც განიხილავენ.

„კაბა შურისძიებისთვის“

1994 წელს, როცა ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჩარლზი ოფიციალურად აპირებდა გაცხადებას, რომ კამილა პარკერ-ბოულზთან აგრძელებდა ურთიერთობას, პრინცესა დაიანამ შურისძიება გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, გალერეა Serpentine-ში, სადაც ღონისძიება იმართებოდა, პრინცესა არ აპირებდა წასვლას, მაგრამ შემდეგ მაინც წავიდა. ღონისძიებაზე პრინცესამ Valentino-ს წინასწარ გამზადებული კაბა არ ჩაიცვა, რომელიც სამეფო ეტიკეტს შეეფერებოდა. ლედი დიმ ღონისძიებაზე შავი მოკლე კაბა ჩაიცვა, რომელიც დეკოლტე იყო და არც მხრები ჰქონდა დაფარული. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში და მოკლე კაბაში შემოსილი უმშვენიერესი პრინცესა ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა.

diana-revenge-1605273711-1660731400.jpg

ასეთი თამამი სამოსი სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს იმ პერიოდში ეკრძალებოდათ. ჟურნალისტებმა შავი სამოსი მაშინვე „შურისძიების კაბად“ მონათლეს. მაშინ, როცა ლედი დი ამ კაბით პოზირებდა, ტელეეთერებში პრინცი ჩარლზი სხვა რომანზე საუბრობდა.

ამ ქმედებით პრინცესა დაიანამ საზოგადოების ყურადღება ისევ მიიპყრო და პრინცის აღიარება დაჩრდილა.

„სკანდალური ინტერვიუ“

1995 წელს, იქამდე, სანამ ლედი დაიანა პრინც ჩარლზს ოფიციალურად დაშორდებოდა, BBC-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში პრინცესამ მეუღლის ღალატზე ისაუბრა და ისიც თქვა, რომ არც თავად იყო პრინცი ჩარლზის ერთგული. მან მთელი ქვეყნის წინაშე განაცხადა: „იმ ქორწინებაში ჩვენ სამნი ვიყავით“.

ინტერვიუმ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ეს ამბავი არც სამეფო ოჯახს მოეწონა.

ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, ყოფილმა მოსამართლემ ლორდ დაისონმა ჟურნალისტი მარტინ ბაშირი დაადანაშაულა, რომ სკანდალური ინტერვიუ პრინცესა დაიანას „გამოსძალა“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა ინტერვიუს მსვლელობისას პრინცესას გაყალბებული ქვითრები წარუდგინა და უთხრა, რომ ჟურნალისტები მას უთვალთვალებდნენ. ინტერვიუ იმდენად სკანდალური იყო, რომ BBC-მ დაფარა ფაქტი, როგორ აიძულა ჟურნალისტმა პრინცესა, ღია ინტერვიუ მიეცა.

თავად მარტინ ბაშირი ბრალდებებს არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ ლედი დაიანას არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა ინტერვიუს ჩაწერისას. პრინცესას სურდა სამეფო ოჯახი გაეფრთხილებინა ინტერვიუს გამოქვეყნების შესახებ, თუმცა რატომღაც ეს აღარ გააკეთა. ბაშირმა აღნიშნა, რომ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ისინი მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებდნენ.

სასიყვარულო ურთიერთობები

საზოგადოება პრინცესა დაიანას რამდენიმე რომანზე საუბრობდა, თუმცა 1995 წელს, ინტერვიუში მან მხოლოდ ერთი აღიარა.

ლედი დაიანამ აღიარა, როცა პრინცმა ჩარლზმა განაახლა საყვარელთან ურთიერთობა, ამის შემდეგ არც ის იყო მეუღლის ერთგული. მისი რჩეული ჯეიმს ჰიუიტი გახლდათ. ამ საკითხის განხილვისას იმასაც კი ამბობდნენ, რომ პრინცი ჰარი დაიანამ ჰიუიტისგან გააჩინა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან დაიანამ ჰიუიტთან ურთიერთობა პრინცი ჰარის გაჩენის შემდეგ დაიწყო.

ისინი 5 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა შემდეგ პრინცესამ განაცხადა, რომ ჰიუიტმა იმედი გაუცრუა, რადგან ის მათი რომანის „გაყიდვას“ ცდილობდა. როგორც მედია წერდა, პრინცესა დაიანას კიდევ რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, მათ შორის იყო ჯეიმს გილბი, უილ კარლინგი, ქირურგი ჰასნატ ჰანი და მილიარდერი დოდი ალ-ფაიდი, რომელთან ერთადაც პრინცესა ავარიაში მოხვდა.

ოპერის სცენაზე ცეკვა

shutterstock-editorial-251549bg-1606314294-1660731400.jpg

1985 წელს საზოგადოება პრინცესა დაიანას კიდევ ერთ ქმედებაზე ალაპარაკდა, რომელიც არც მის მეუღლეს - პრინც ჩარლზს მოეწონა. დაიანამ გადაწყვიტა, მეუღლისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და სამეფო საოპერო სცენაზე ეცეკვა. ლედი დაიანა წინასწარ შეუთანხმდა ბალეტის მოცეკვავეს და რეპეტიციებს ჩუმად ესწრებოდა.

ღონისძიებაზე, როცა ყველა სტუმარი შეიკრიბა, ბალეტის მოცეკვავესთან ერთად სცენაზე პრინცესა დაიანაც იდგა და ცეკვაც შეასრულა. ამ ქმედებით მან სამეფო რეგლამენტი დაარღვია და თან ისეთი სამოსიც ეცვა, რომელიც პრინცესას არ შეეფერებოდა. რამაც მისი მეუღლე ძალიან გააბრაზა.

კიბიდან ჩამოვარდნის ინსცენირება

პრინცესა დაიანას სკანდალებს შორისაა პირველი ფეხმძიმობის დროს მისი კიბეზე წაქცევის ინსცენირებაც. ის მაშინ 12 კვირის ფეხმძიმე იყო და მეუღლის ყურადღებას საჭიროებდა, რომელიც ძალიან აკლდა.

შემთხვევის შესახებ მსახურთუხუცესმა პოლ ბარელმა ისაუბრა. 1981 წლის ერთ დღეს მან დერეფანში ხმა გაიგო და რომ გაიხედა კიბესთან პრინცესა დაიანა დაინახა. ბარელმა ექიმსაც დაუძახა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრინცესა ძალიან ფრთხილი იყო და ცდილობდა, ბავშვისთვის რამე არ დაეზიანებინა. ეს კი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ პრინც ჩარლზს დაიანასთვის ყურადღება მიექცია. (წყარო)