"ევროპელები, როგორც ჩანს, უკრაინელებს საბრძოლო მასალების დიეტაზე დასვამენ" - რას წერს გავლენიანი გერმანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ევროპელები, როგორც ჩანს, უკრაინელებს საბრძოლო მასალების დიეტაზე დასვამენ" - რას წერს გავლენიანი გერმანული გამოცემა

გერმანულ "დერ შპიგელში" (Der Spiegel) სათაურით "ევროპელები, როგორც ჩანს, უკრაინელებს საბრძოლო მასალების დიეტაზე დასვამენ", გამოქვეყნებულია ინტერვიუ ამერიკელ სამხედრო ექსპერტთან, მაიკლ კოფმანთან, რომელსაც ჟურნალისტი ფრიც შააპი ესაუბრება.

გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:

"უკრაინელები უკვე რამდენიმე თვეა, ლაპარაკობენ მასშტაბურ კონტრშეტევაზე ხერსონის მიმართულებით, თუმცა ის ფაქტი, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები ხერსონზე ლაპარაკს აგრძელებენ, არ ნიშნავს, რომ ისინი კონტრშეტევას ზუსტად იქ დაიწყებენ", - ამბობს მაიკლ კოფმანი. მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინის არმია ხერსონის ოლქზე მხოლოდ ლოკალურ შეტევებს ახორციელებს. დიახ, მათ უკრაინის ჯარმა ხერსონის ოლქში რამდენიმე პატარა ქალაქი მართლაც გაათავისუფლა რუსი ოკუპანტებისაგან, მაგრამ სამი თვის შეტევების შედეგები მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ არის.

მაიკლ კოფმანის ვარაუდით, უკრაინა სერიოზული პოლიტიკური დილემის წინაშე დგას. ქვეყნის ხელისუფლება, ალბათ, შეშფოთებულია იმით, რომ ვერ უზრუნველყოფს დასავლეთის მუდმივ მხარდაჭერას, თუ უახლოეს ხანში ბრძოლების დინამიკის ცვლილების დემონტრაციას არ მოახდენს.

ერთი მხრივ, ადრე დაწყებულ კონტრშეტევას გარკვეული წარმატება ექნებოდა, რადგან ამჟამად რუსეთის არმია გამოფიტულად და დაღლილად გამოიყურება, მაგრამ მეორე მხრივ, თუ უკრაინის არმია შეტევისთვის მზად არაა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ფართო შეტევის განხორციელების შესაძლებლობა აქვს: ისეთი ქვედანაყოფები, რომლებიც შეტევისთვის იქნება ვარგისი, ამჟამად უკრაინას ძალიან ცოტა ჰყავს.

"უკრაინის მასმედიაში თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება მასალები მოსალოდნელ კონტრშეტევაზე, შეიძლება ითქვას, რომ საინფორმაციო ფონი უკვე მომზადებულია, მაგრამ რეალურად სიტუაცია სულ სხვანაირია - არმია ჯერ მზად არ არის. ეს გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოებასა და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის კოორდინაციის დონე საკმაოდ დაბალია. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებას ვერ მივაღწევთ, ხალხი იფიქრებს, რომ აი, მხოლოდ ეს არის სულ, რისი გაკეთებაც უკრაინას შეუძლია დასავლეთის მხარდაჭერით". მაგრამ თუ შეტევას არ დაიწყებ, მაშინ ვერც გამარჯვებას ვერ მიაღწევს. შეუძლებელია მტერზე გამარჯვება, თუ მხოლოდ ლოდინის ტაქტიკას გამოიყენებ ანუ ე.წ. ღრმად ეშელონირებულ თავდაცვას.

"თუმცა, თუ უკრაინელები, უბრალოდ, ლოდინს გადაწყვეტენ, სიტუაცია შეიძლება ძალიან გაუარესდეს - რუსეთის არმია ხომ გულზე ხელებდაკრეფილი არ დგას: რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც მოასწრებენ პოზიციებზე გამაგრებას და მათ რომ უკან დაახევინო, მეტი ძალები იქნება საჭირო. გამოდის, რომ თუ უკრაინელები შეტევას დააგვიანებენ, რუსებს ადგილიდან ფეხს ვერ მოაცვლევინებენ. გარდა ამისა, პაუზა მოსკოვს შესაძლებლობას მისცემს, ზოგიერთი საკადრო საკითხიც მოაგვაროს. მოკლედ, კიევი ნამდვილი დილემის წინაშე დგას".

მაიკლ კოფმანი განაგრძობს: "თუ გამოვალთ იქიდან, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უსაზღვროა, მუდმივია და დახმარება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, მაშინ დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს... მაგრამ მე მგონია, რომ ყველა უკრაინელი ასე არ ფიქრობს. არავინ იცის, თუ რა იქნება ზამთარში". ალბათ, უკრაინელები ძალიან ხშირად ფიქრობენ, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება დასავლური დახმარება, პირველ რიგში, ევროპელებისაგან.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ხვდება - ევროპელებმა მათ იარაღის დიდი ნაწილი უკვე მიაწოდეს. არსებობს ეჭვი, რომ იარაღით დახმარების ინტენსივობა შემცირდება [ევროპელებისათვის თავიანთი არმიების უზრუნველყოფაც ხომ საჭიროა]. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინელებს "საბრძოლო მასალების დიეტაზე" გადასვლამაც მოუწიოთ. მე მგონი, კიევს ახლა ყველაზე მეტად ის აღელვებს, რომ თუ ვერაფერ წარმატებას ვერ მიაღწევენ ზამთრამდე, მაშინ მას დასავლეთი პატურ სიტუაციაზე დათანხმებას აიძულებს. და ეს უკრაინის დამარცხების ტოლფასი იქნებოდა. მთავარი კითხვა: როგორ დაუჭერს უკრაინას მხარს დასავლეთი? დაუჭერს თუ არა იმგვარად, რომ კიევმა ტერიტორიების დაბრუნება მოახერხოს? სხვაგვარად, სიტუაცია, უბრალოდ, ჩიხში შევა", - აცხადებს ინტერვიუს დასასრულს მაიკლ კოფმანი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ