როგორ ავაყვავოთ მამული ჩიქოვანის რეცეპტით - კვირის პალიტრა

როგორ ავაყვავოთ მამული ჩიქოვანის რეცეპტით

გორდი ხონის რაიონში ცნობილი სოფელია. იგი სამი მხარის - იმერეთის, სამეგრელოსა და ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს. აქ არის დადიანების ცნობილი საზაფხულო რეზიდენცია და ტყე-პარკი. 1704 წლიდან სამეგრელოს მთავრის, დადიანის ტიტულს გორდელი აზნაურის, კაცია ჩიქოვანის შთამომავალი ფლობდა. იმერეთის სამეფოს ვეზირი ლევან III დადიანის დროს აღზევდა. გორდელ აზნაურს იმერეთის მეფე ბაგრატ IV-მ ვეზირობა, ლეჩხუმი და საინასარიძეო უბოძა. მალევე კაცია ჩიქოვანის შთამომავალი სამეგრელოს მთავარი გახდა. კაცია ჩიქოვანის შორეული შთამომავალი სოფელ გორდში დღეს უჩა ჩიქოვანია. ბატონი უჩა პროფესორია, წლების განმავლობაში ქუთაისის უნივერსიტეტში კათედრის გამგე იყო. მერე სისხლის ძახილმა არ მოასვენა, სოფელში დაბრუნდა და ჩიქოვანების მამული ააღორძინა.

უჩა ჩიქოვანი:

- მამული, სადაც ვცხოვრობ, ძალიან ცნობილია. აქედან არის კაცია ჩიქოვანი. ჩვენ მისი შთამომავლები ვართ, რაც დოკუმენტურადაც დადასტურებულია და გენეალოგიური ხეც არსებობს.

- როდის გადაწყვიტეთ, აქაურობისთვის ახალი სიცოცხლე მიგენიჭებინათ?

- აქაურობა ჩემმა ბებიამ შეინარჩუნა. მაგარი ქალბატონი იყო. წარმოშობით ბათუმიდან გახლდათ. ჰოდა, ამ ყოჩაღმა ქალმა აქ დიდი სახლი ააშენა. 98 წლისა გარდაიცვალა და ბოლომდე შრომისუნარიანი გახლდათ. საღი აზრი და არაჩვეულებრივი იუმორი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. როგორც თავად ამბობდა, ამდენი ხანი შრომამ გააძლებინა. სტუმრის მიღებას მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეჭირა, აAლბათ, იმიტომ, რომ სტუმრიანობა მისთვის თავისი შრომითი მიღწევების წარმოჩენა იყო. ბოლო წლებში სულ ამბობდა, სანამ ცოცხალი ვარ, კი მოდიხართ და რომ არ ვიქნები, დეივსება აქაურობაო... მისი გარდაცვალებიდან ხუთი წელი რომ გავიდა, მართლაც ეკალ-ბარდი წამოვიდა, თან ბევრი რამ ჩამოიშალა... რომ მოვდიოდი, ცუდად ვხდებოდი, მახსენდებოდა ბებიაჩემის სიტყვები. იმ მდგომარეობაში მამულის ხილვას ვეღარ გავუძელი, სახურავი გამოვუცვალე და საქმეც ნელ-ნელა წინ წავიდა.

- 2010 წელს დაგიწყიათ განახლება. რა იყო მაშინ თქვენი მიზანი?

- თავდაპირველად - სახლის აღდგენა, მერე კი მივხვდი, რომ აქაურობას მოვლა-პატრონობა უნდოდა. ბებიას დროს ყველა ოთახს სველი წერტილი ჰქონდა მიდგმული. ამან მიბიძგა, აქაურობა სასტუმროდ გადამეკეთებინა. პირველივე წელს ძალიან ბევრი სტუმარი მოვიდა და მერე ძველებური სტილის მეორე კორპუსიც ავაშენე, თუმცა კოვიდმა ცოტა უკან დაგვწია, ხალხი გააქცია...

chiqov2-1660805246.jpg

- საოცრად მოვლილი მამული გაქვთ.

- ვცდილობთ, არ ვჩერდებით... ამ ყველაფრის პარალელურად, ვენახსაც მივხედე. ძველი რაც იყო, იმის ნაწილი აღვადგინე და დავუმატე კიდეც. ლეჩხუმური ცოლიკაური, ოჯალეში, კაპისტონი, ციცქა - ეს ჯიშები მაქვს, ძირითადად. ვენახი საკარმიდამო ნაკვეთშიც გვაქვს და ცალკეც, ასე რომ, საკუთარ ღვინოსაც ვაყენებთ.

- მარანიც აღადგინეთ?

- კი, ღვინის ძველი მარანი აღვადგინეთ და გავაფართოვეთ. ქვევრებიც ჩავყარეთ. ვენახი და ღვინო განუზომელი შრომაა, ყოველდღე დილიდან საღამომდე ვერ ჩერდები... ამ ზაფხულს ცუდი ამინდები იყო, წვიმდა, ნესტი, ნისლი დიდხანს გაგრძელდა და ვენახი ბევრს გაუფუჭდა. მგონი, ჩვენ გადავრჩით. ღვინოს ქართული ტრადიციითაც ვაყენებთ და ევროპულადაც. ვის რა ესიამოვნება, ასარჩევად გვაქვს. ბოთლებში მცირე რაოდენობით ვასხამ. ბოთლში რომ ჩაასხა, უნდა გაფილტრო, რადგან ამის გარეშე ნალექს იკეთებს, ბოთლში ნალექი კი სასიამოვნო არ არის, თუმცა ღვინოს ნალექს თუ შევამჩნევ, მას ნატურალურად უფრო მივიჩნევ. სხვათა შორის, ევროპაში ახლა დაიწყეს სანახევროდ გაფილტრული ღვინოების ჩამოსხმა, სადაც ბოთლში ნალექია. კარგად თუ გაფილტრავ, ეს ღვინოს გემოს უკარგავს. ზოგიერთი პასტერიზაციასაც უკეთებს და ეს უარესია, მიუხედავად იმისა, რომ გაუფილტრავის შენახვა უფრო შრომატევადი საქმეა, რადგან ორ-სამ თვეში ახალ ჭურჭელში უნდა გადაიღო, მაგრამ ამ შრომად ღირს.

chiqov5-1660805247.jpg

- როგორც გავიგე, ერთი კარგი იდეაც გაქვთ - გინდათ, საქართველოში მასობრივად გაშენდეს ტყემლის ხეები...

- კი, ასეა. იაპონელებისთვის საკურას ყვავილობა დიდი დღესასწაულია, საქართველოში კი ტყემლის ყვავილობას არაფერი შეედრება, საოცრად ლამაზია. თან რა იქნება, ტყემლის ყვავილობა დღესასწაულად ვაქციოთ?! როცა ტყემალი ყვავის, მაშინ სხვა არაფერი ყვავილობს და ბუნების ამ მოვლენას ადამიანიც განსხვავებულად აღიქვამს. რამდენიმე ათასი ძირი ტყემალი უკვე ჩავყარე და წლეულს პირველი მოსავალიც მომცა. გარდა იმისა, რომ ლამაზი სანახაობაა, ეს კომერციულად მომგებიანია. ტყემლის ფასი ყურძნის ფასზე მეტია... მასზე დიდი მოთხოვნილებაა და არც განსაკუთრებული მოვლა უნდა. შეწამვლა არ სჭირდება, გამძლე მცენარეა. სოფელში თავისით ამოსული ტყემალიც ბევრია.

- კარგი ინიციატივაა... ეზოში საკალმახეც გაქვთ...

- ეზოში წყაროა, კალმახს კი სუფთა და ცივი წყალი უყვარს. გავაკეთე საკალმახე და დიდ სიამოვნებას იღებენ ტურისტები, თანაც - ჩვენი ასწლოვანი ხეებისა და ლამაზი ეზოს ფონზე. გვაქვს აუზიც, რომელიც მინდა გავაფართოო და შემდეგი სეზონისთვის პატარა აკვაპარკი გავაკეთო. ბოლო დროს ბუნებაში მოსწონთ სუფრის გაშლა და გადავწყვიტე, ვენახში გამჭვირვალე ტენტი გადავჭიმო. წვიმა რომ წამოვა, გადაიფარება, ისე კი ღია იქნება.

chiqov4-1660805247.jpg

- ნამდვილი სამოთხე გაქვთ მოწყობილი 2 ჰექტარზე... ბატონო პროფესორო, ორივენაირი შრომის ფასი იცით - გონებრივისაც და ფიზიკურისაც. რა განსხვავებაა მათ შორის?

- სამეცნიერო საქმიანობისას ძალიან დაძაბული გრაფიკი მქონდა, თუმცა ძალიან საინტერესო თემებზეც ვმუშაობდი. რაც სოფელში ჩამოვედი, დილიდან საღამომდე სულ საქმეში ვარ. ნებისმიერ საქმეს ინტერესით უნდა მიუდგე და ნებისმიერ საქმეში სიკეთის მარცვალი დაინახო. აქ მშენებლობა რომ მიმდინარეობდა, მუშებს ბეტონის სამუშაოებში მეც ვეხმარებოდი და ბიჭებს ყოველთვის ვეუბნებოდი, ბეტონის გადაზიდვა მძიმე სამუშაოა, მაგრამ მასშიც უნდა ნახოთ ინტერესი-მეთქი. სხვანაირად ყველა შრომა მონურია. შრომა თუ სიამოვნებას არ განიჭებს, ის ჯანმრთელობაზეც, ფსიქიკაზეც ცუდად აისახება.

- გორდში რამდენი კომლია?

- ადრე 600 კომლი იყო. ბევრი წავიდა, მაგრამ ისეთი გაუკაცრიელებულიც არ არის აქაურობა, როგორც საქართველოს სხვა სოფლებში... აქაურები მესაქონლეობას მისდევენ. მშრომელი, შემოსავლიანი და ძლიერი სოფელია. ოკაცეს კანიონსა და კინჩხის წყალვარდნილს ბევრი ტურისტი სტუმრობს და აქედან ხალხს შემოსავალიც გაუჩნდა. თან კარგი გზებიც გაკეთდა და სოფელთან დაკავშირება არ ჭირს. მართალია, ზამთარში დიდი თოვლი იცის, მაგრამ გზა რეგულარულად იწმინდება. მთები ჩრდილოეთის ცივი ქარებისგან გვიცავს. იმიტომაც არის, რომ ვენახი ხარობს. ქუთაისამდე სულ 45 კილომეტრია.

- ამ საქმეში შვილებიც გვერდით გიდგანან? გაიზიარეს თქვენი იდეები?

- ბიჭი მომავალი მეღვინეა და ისიც ჩართულია ამ საქმეში. შვილიშვილებიც ხშირად მოდიან, ძალიან უყვართ აქაურობა, ასე რომ, არ ვჩერდებით, ვმუშაობთ და გეგმებიც გვაქვს.