„ვენახს 15 ივლისიდან ვკრეფ და მოსავალიც საუკეთესო მოდის“ - კვირის პალიტრა

„ვენახს 15 ივლისიდან ვკრეფ და მოსავალიც საუკეთესო მოდის“

ჩვენ, ქართველები, პირველი მეღვინეები ვართ. ეს ნიშნავს, რომ პირველი ვაზიც ჩვენ მოვძებნეთ, ვიპოვეთ და მოვუარეთ, რათა ყურძენი ღვინოდ გვექცია, მაგრამ შეიძლება ეს არც იყო მთავარი. მთავარი, ალბათ, ვაზზე ზრუნვა, შენარჩუნება და ჯიშთა გამრავალფეროვნება იყო. ამას დღესაც ისე ვაკეთებთ, როგორც ოდესღაც. ქართველი კაცი კარგი ჯიშის ვაზს რომ აღმოაჩენს, მანამდე ვერ მოისვენებს, სანამ შინ არ დაიგულებს და არ გაალაღებს.

როდესაც ბოდბისხეველი ფერმერის, ალექსანდრე გოზალიშვილის შესახებ გავიგე, სწორედ ეს გამახსენდა. კახეთში ვაზის ჯიშებს რა გამოლევს, ბატონ ალექსანდრესაც აქვს რქაწითლის ზვრები, მაგრამ როდესაც უხვმოსავლიანი "კარდინალი" ნახა, მისი გაშენება გადაწყვიტა. წამითაც არ უფიქრია, რამდენი შრომა და ენერგია სჭირდებოდა ახალი ვენახის ჩაყრას. მერე რა, რომ კახური რქაწითლის, საფერავის ან მანავის მწვანიდან დიდებული ღვინო იწურება, სუფრის კარგი ყურძენიც ისეთივე საამო და სასარგებლოა, როგორიც კარგი ღვინო!

- ქართველებს ვაზის სიყვარული გენეტიკით მოგვდევს. ალბათ, ამიტომაც ვის მიწაზეც უნდა მივიდეთ, ვაკვირდებით, სადმე ვაზი თუ აქვს და არის თუ არა ის ქართულ ვაზზე უკეთესი. ქართველმა კაცმა თუ სადმე უცხო და მოსაწონი ჯიში აღმოაჩინა, ნერგს წამოიღებს, გზაზე შვილივით მოუვლის და თავის ბაღში გაახარებს. მეც ასე ვიპოვე ერთ ჩვენებურ კაცთან შუა აზიიდან ჩამოტანილი "კარდინალი". არ ვიცი, იქ როგორ მოხვდა. როგორც ამბობენ, ამერიკული ჯიშია. იმ ჩვენებურ კაცს კი ისე მოეწონა, რომ ნერგი ამოდენა გზაზე წამოიღო და კახეთში გაახარა. როდესაც მოსავლიანი ვაზი ვნახე, თვალი ზედ დამრჩა. საუკეთესო სუფრის ყურძენია, სავსე, სისხლისფერი, გემრიელი მტევანი აქვს. მეპატრონემ, ეს ჯიში საუკეთესო მხოლოდ იმით კი არ არის, რომ გემრიელია, არამედ იმითაც, რომ ძალიან ადრე, ივლისში, მწიფდება, როდესაც ბევრი ჩვენებური ყურძენი კარგად შეთვალულიც არ არისო. ამით უფრო დამაინტერესა. თანაც ჩემს სოფელში, ბოდბისხევში, ისედაც სხვა კუთხეებზე ადრე მწიფდება ყურძენი და წესით, "კარდინალიც" უფრო ადრე უნდა დამწიფებულიყო.

ასეთი საადრეო სუფრის ყურძენი საქართველოში თითქმის არ გვაქვს, ჯერაც იმპორტირებული სუფრის ყურძენი იყიდება ბაზრებში. და განა ცუდია, ჩვენი, ქართული ყურძენი იმპორტს გვერდზე რომ მისწევს?

- რატომ არის ცუდი? პირიქით. ან რა გვიშლის ხელს, ვაზის ქვეყანაში საადრეო სუფრის ყურძენიც გვქონდეს და იმპორტის შემოტანა არ დაგვჭირდეს? ალბათ, ის, რომ არ მოვინდომეთ...

- ჰოდა, გავისარჯე, მოვინდომე, ჩვენებურ მწარეზე "კარდინალი" საკუთარი ხელით გამოვიყვანე და საკუთარი ხელითვე გავაშენე. დაახლოებით 6000 კვმ-ზე მაქვს ვაზი ჩაყრილი. წლეულს დარგვიდან მეექვსე წელიწადი ხდება და უკვე სრულ მოსავალს ვკრეფ. 10 ტონამდე მექნება. ვაზს თითქმის 30-სანტიმეტრიანი სავსე მტევნები ჰკიდია. რაც მთავარია, ვენახს 15 ივლისიდან ვკრეფ და მოსავალიც საუკეთესო მოდის. ვენახი ისეთ ადგილას გავაშენე, რომელიც ვერ ირწყვება, მაგრამ მოსავალი მაინც კარგი მოდის. თუმცა, როგორმე უნდა ვცადო წვეთოვანი სისტემის მოწყობა. როგორც ვიცი, სახელმწიფო ეხმარება ამ საქმეში ხალხს და იქნებ მეც ამომიდგნენ მხარში. მით უფრო, გამოჩნდა თუ არა ნაადრევი მოსავალი, იმპორტიორები მაშინვე დაინტერესდნენ. აზერბაიჯანელი კლიენტი მყავს, რომელიც აპირებს, "კარდინალს" გზა აზერბაიჯანისაკენ გაუკაფოს. გარდა ამისა, ნაადრევ მოსავალს ჩვენს მსხვილ მარკეტებში ვაბარებ. რა თქმა უნდა, მათაც ესიამოვნათ, როდესაც იმპორტირებული ყურძენი ახალი, ქართული ყურძნით ჩანაცვლდა. გულმოდგინედ მეხმარებიან რეალიზაციაში, რისთვისაც მადლობა მაქვს სათქმელი. მათთან ერთად სამაცივრო მეურნეობებიც უდიდეს საქმეს გვიკეთებს მევენახეებს. და განა მხოლოდ ნაადრევი ჯიშებისთვის! ქართული ყურძნის შემოსავალი დღეს სამაცივრო მეურნეობებზეა დამოკიდებული.

- როგორ ატყობთ, ადგილობრივ ვაზთან შედარებით, "კარდინალი" დაავადებებს როგორ უძლებს?

- ჩვეულებრივად, რაც ჩვენს ვაზს ემართება, ის ემართება "კარდინალსაც": ჭრაქი, სოკო, სიდამპლე. ამიტომაც ისეთივე შეწამვლა სჭირდება, როგორიც ჩვენებურ ჯიშებს. უხვი მოსავლისთვის ერთგულად უნდა მოუარო. ვაზი ჩვენს ზრუნვას იმსახურებს, მით უფრო, როდესაც ამხელა მოსავალს გაძლევს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი დაკვირვებით, "კარდინალი" თვეში თუნდაც ორჯერ რომ მორწყო, უფრო მეტი და უკეთესი მოსავალი გვექნება.

- ღვინოს თუ აყენებთ ამ ჯიშისგან?

- რატომაც არა, მაგრამ "კარდინალის" ღვინო რქაწითლისას ვერ შეედრება. ამ ყურძენს თავისი ადგილი აქვს და ექსპორტზეც გავა. ასეთ გემრიელ ქართულ ყურძენს საქართველოდან ვინ არ იყიდის?!

- მუშახელს როგორ შოულობთ? სამწუხაროდ, საქართველოში მუშახელის შოვნა გაჭირდა, არადა, ჩვენი მოსახლეობა უცხოეთში გარბის სამუშაოდ...

- მიჭირს ძალიან. ხვეწნაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ დილიდან 2 საათამდე შრომას 45 ლარად ვუნაზღაურებთ და ტრანსპორტითაც ვემსახურებით. ამ პრობლემას ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვაგვარებთ, თუმცა ვცდილობთ, ჩვენი შრომით უკეთესად ვიცხოვროთ.