იარაღის საწყობების აფეთქებებით გამწარებული რუსები, სამაგიეროდ, ხარკოვში სმენადაქვეითებულების საერთო საცხოვრებელს "ისკანდერით" მიწასთან ასწორებენ... - კვირის პალიტრა

იარაღის საწყობების აფეთქებებით გამწარებული რუსები, სამაგიეროდ, ხარკოვში სმენადაქვეითებულების საერთო საცხოვრებელს "ისკანდერით" მიწასთან ასწორებენ...

ქალაქი ხარკოვი, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, უფრო რუსულენოვნად აღიქმებოდა, ვიდრე უკრაინულად და, შესაბამისად, კრემლის გამძვინვარების მიზეზიც გასაგებია, როდესაც ხარკოვი რუს ოკუპანტებს არ დანებდა და, შესაბამისად, რუსი გენერლები ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის მეექვსე თვეა, ბომბებსა და რაკეტებს არ იშურებენ...

მაგრამ, ის რაც დღეს დილით,18 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო და ეხლაც, ამ სტატიის დაწერის მომენტისთვისაც გრძელდება, არანაირი ომის კანონებსა და წესებში არ ჯდება - რუსეთი მიზანმიმართულად სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებით ანადგურებს ხარკოვის საცხოვრებელ უბნებს...

მთავარი დარტყმა კი გამთენიისას უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან, ბელგოროდის ოლქიდან განხორციელდა - "ისკანდერ-მ"-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის გამოყენებით, რომლის აფეთქებამ მთელი ხარკოვის თავზე ცა გაანათა, ხოლო აფეთქების ტალღამ კი სამსართულიანი სახლი მიწასთან გაასწორა - დაიღუპა 7 მაცხოვრებელი, 20-ზე მეტი დაიჭრა...

ეს სახლი არავითარ სამხედრო ობიექტს არ წარმოადგენდა, პირიქით - სმენადაქვეითებულების საერთო საცხოვრებელი გახლდათ და რატომ გახდა ის რუსული აერობალისტიკური რაკეტის სამიზნე?

ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ რაკეტა სამიზნეს ცოტათი აცდაო, რადგან აფეთქებული საერთო საცხოვრებლის სიახლოვესაც არავითარი სამხედრო დანიშნულების ობიექტი არ მდებარებს. მაშინ რა უნდათ რუს გენერლებს, რაზე ხარჯავენ ძვირად ღირებულ რაკეტას სამხედრო თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობის მქონე საცხოვრებლი სახლის ასაფეთქებლად და მშვიდობიანი მოსახლეობის გასანადგურებლად? რაღაც ლოგიკა მაინც ხომ უნდა იყოს ამაში?

ვეცდები ჩემი მოსაზრებით ავხსნა, თუ რატომ ბომბავს და ანადგურებს რუსეთის საოკუპაციო არმია უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და დაჭრის თანდევით...

პირველი - ეს არის ერთგვარი შურისძიების ნაბიჯი იმ გამძვინვარებული რუსი გენერლებისგან, ვისაც ბოლო დღეებში უკრაინელებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმებითა თუ დივერსიებით წმინდა სამხედრო ობიექტები გაუნადგურეს - როგორც აეროდრომებზე საბრძოლო თვითმფრინავების, ისე - საბრძოლო მასალების საწყობებისა და შტაბების სახით.

რუსი ოკუპანტების საპასუხო ნაბიჯები შეიძლება ყოფილიყო უკრაინელების, მხოლოდ, ასევე, წმინდა სამხედრო ობიექტებზე შეტევები, რასაც რუსული არტილერია შეუჩერებლივ, 24 სთ-ის განმავლობაში ისედაც აკეთებს დონბასის ფრონტის ხაზზე, მაგრამ მიზანმიმართულად უკრაინული სამოქალაქო ობიექტების განადგურებას შეიძლება სხვა მიზეზიც ჰქონდეს...

მეორე - სხვა მიზეზი კი შეიძლება ისაა, რომ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სისტემატური დაბომბვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დახოცვით, რისი კონკრეტული ბრძანება რუსეთის გენშტაბს უშუალოდ კრემლიდან აქვს მიღებული, პუტინი იმედოვნებს: ქალაქების ნახევარწლიანი დაუნდობელი დაბომბვებით შეშინებული და დაზაფრული უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთთან დაზავების გზების გამოძებნას, თუნდაც უკრაინის სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ...

2-xarkovi-1660810839.jpg
პუტინის რა გზავნილს გადასცემს ლვოვში ერდოღანი ზელენსკის და რა პასუხი ექნება უკრაინას?

მესამე - ამ მიზეზმა კი, წესით, დღეს უნდა იმუშავოს, ყოველ შემთხვევაში, ეტყობა, სწორედ ამის იმედი აქვთ მოსკოვში და ამიტომაც სპეციალურად დაამთხვიეს 18 აგვისტოს ხარკოვისა და უკრაინის სხვა ქალაქების მასობრივი დაუნდობელი დაბომბვები ლვოვში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელსაც მოგვიანებით ლვოვში სპეციალურად ჩასული გაეროს გენერალური მდივანიც შეურთდება.

გაეროს გენერალური მდივანი, ისევე, როგორც მთლიანად გაერო, თავისი უშიშროების საბჭოთი, რომ ვერაფერს წყვეტს ამ ომთან მიმართებაში, მსოფლიო დიდი ხანია, დარწმუნდა, ამიტომაც მთავარი სწორედ ზელენსკისა და ერდოღანის პირისპირ შეხვედრა გახდება, სადაც ეს უკანასკნელი მას გადასცემს პუტინის გზავნილს, რაზეც რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ერთი კვირის წინ სოჭში ითათბირეს...

პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან სურს, ერთგვარი მომრიგებელი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომში და ამით, შესაბამისად, მაღალი პოლიტიკური ქულები დაიწეროს მსოფლიოს თვალში, მაგრამ როგორ შეიძლება დაეთანხმოს მას ზელენსკი, თუკი პუტინის გზავნილში, ძალიან დიდი ალბათობით, კიევისთვის მიუღებელი მოთხოვნები იქნება ოკუპირებული ყირიმის, დონბასისა თუ ხერსონ-მარიუპოლის სამხრეთ მონაკვეთის რუსეთის ფედერაციის კუთვნილებად აღიარების სახით?!

თუკი ზელენსკი უარყოფს ერდოღანის პირით გადაცემულ პუტინის მოთხოვნებს, შესაბამისად, რუსეთი გააგრძელებს უკრაინული ქალაქების მასობრივ დაბომბვას, მათ შორის - ფრონტის ხაზის ღრმა ზურგში. ასეთია კრემლის ნარატივი, რომლის შეჩერება მოლაპარაკებებით არ გამოდის, მას მხოლოდ შორს მანძილზე მოქმედი რაკეტები თუ ჩაახშობს, რომელთა გადაცემას პრეზიდენტ ბაიდენს თითქმის მთელი უკრაინა ევედრება, ბოლო დღეები კი, თავად ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები, ასევე - ცნობილი ყოფილი მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედროები უკვე დაჟინებით მოითხოვენ თეთრი სახლისგან...