"მას მერე, ნელიკოს ტური არ გაუცდენია. სწორედ ასე "მოვიტაცე" დანარჩენებიც და დავიწყე მათთან ერთად საქართველოს გარშემო მოგზაურობა" - კვირის პალიტრა

"მას მერე, ნელიკოს ტური არ გაუცდენია. სწორედ ასე "მოვიტაცე" დანარჩენებიც და დავიწყე მათთან ერთად საქართველოს გარშემო მოგზაურობა"

"ბებია-ბაბუების ტური" - ასე ჰქვია ჯგუფს, რომლის წევრებიც უკვე ხუთი წელია საქართველოს გარშემო მოგზაურობენ. ისინი უსაყვარლესი ბებიები და ბაბუები არიან, რომლებიც მიუხედავად დროის უქონლობისა, მაინც ახერხებენ მცირედი დრო საკუთარ თავს დაუთმონ და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.

ჯგუფის შექმნის იდეა წლების წინ ქალბატონ მაია ხაბურზანიას გაუჩნდა, რომელთანაც ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა და ბებიამ, მედეა ლორთქიფანიძემ დამაკავშირა. თავად მედეაც ამ დიდი ოჯახის წევრი გახლავთ. ჩემი და ბებია-ბაბუების ჯგუფის წევრების შეხვედრა კუს ტბაზე შედგა. ეს იყო მორიგი გასეირნება და არაჩვეულებრივი საღამო უსაყვარლეს ბებიებთან ერთად. სიამოვნებაა მათთან ერთად დროის გატარება. ასაკს არ უშინდებიან. მათთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი. „გული არ ბერდებაო“, რომ ამბობენ, თურმე მართალია. ამაში ამ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი. თითოეული ტური მათთვის უდიდესი ბედნიერებაა. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ გასართობი ტური, სადაც წახვალ და მოილხენ, ეს არის შემეცნებითი ტურიც. ქალბატონი მაია, დეტალურად აცნობს მათ ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობას. უყვება მათ იმ ადგილების წარმოშობისა და შექმნის ისტორიას, რაც ტურს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ასე გაგვაცნო იმ დღესაც კუს ტბა და გვიამბო მისი ისტორია. ჯგუფის წევრები სრული შემადგენლობით, სამწუხაროდ, არ იყვნენ, გარკვეული მიზეზების გამო. მე თითოეულ მათგანს გავესაუბრე, თუ როდის და როგორ მოხვდნენ ისინი ამ ჯგუფში...

მაია ხაბურზანია:

- რამდენიმე წლის წინ, ჩვენთან, საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა ჩემი შვილის იტალიელი მეგობარი მშობლებთან ერთად. სტუმრები საქართველოს გარშემო ვამოგზაურეთ და ჩვენი ქვეყანა გავაცანით. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ უცხოელებს უფრო მეტი აქვთ ნანახი საქართველოში, ვიდრე ჩვენ. ასევე, უცხოეთში მოგზაურობის დროს დავინახე, რომ ბებიები და ბაბუები არიან ჯგუფებად დაყოფილები და მოგზაურობენ. მინდა გითხრათ, რომ ეს იქ, უცხოეთში, ცხოვრების ჩვეულებრივი წესია. მას მერე სულ მაწუხებდა ეს შეკითხვა - რატომ ჩვენთან არა?! მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, ეს მხოლოდ შეკითხვის დონეზე რჩებოდა. შემდეგ უკვე, გადავწყვიტე და ჩემს თავს ვუთხარი - რატომ არ შეიძლებოდა ეს მე გამეკეთებინა?! პირველად ჩემი ახლობლები წავიყვანე კახეთში სამოგზაუროდ. მათი ემოციების შემდეგ მივხვდი, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ვინმე, ვინც ჩასჭიდებს ხელს და წაიყვანს. ყოველდღიურობა და ცხოვრების რიტმი იმდენადაა გამჯდარი მათში, რომ მისი ოდნავ შეცვლაც კი დისკომფორტს იწვევს. ყველა, ვისაც კი აქ ხედავთ, "მოტაცებული" მყავს. მაგალითად, ნელიკო - დამირეკა და მითხრა, მესამე შვილიშვილი შემეძინაო, სამშობიაროში იყო და მე ამ დროს ვეუბნები, ხვალ ტური მაქვს და აუცილებლად უნდა წამოხვიდე-მეთქი. გაოცებული მიყურებს ეკრანიდან და გულში ფიქრობს ალბათ, რა ტური, რა დროს ტურია... ეს გოგო ხომ არ გაგიჟდაო?!. ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა წამოვიდეს და უარს არ მივიღებ. მოკლედ, მეც არ ვიცი, როგორ დავითანხმე, არც თვითონ იცის, როგორ მოახერხა, მაგრამ მაინც წამოვიდა... ტელეფონით აგვარებდა ყველაფერს. მართალია, არ ვიცი, რამდენად ისიამოვნა, მაგრამ მას მერე ნელიკოს ტური არ გაუცდენია. სწორედ ასე მოვიტაცე დანარჩენებიც და დავიწყე მათთან ერთად საქართველოს გარშემო მოგზაურობა.

- ქალბატონ მედეა ლორთქიფანიძეზე რას გვეტყვით, როგორ გახდა მედიკო ბებო ამ ტურის წევრი?

- მინდა გითხრათ, რომ მედიკო ჩემი მუზაა. როდესაც ამ პროექტზე ვფიქრობდი, სერიალი "ჩცდ" გადიოდა, ვნახე მედიკო ბებო, იგივე მანანა ბებო, რომელიც სულ „ქოთქოთებს“ და მთელ ამბებშია და ლეო ანთაძის პერსონაჟი - ჯემალი, რომელიც სულ ტელევიზორთან ზის. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ჩვენი ბებიები და ბაბუები სწორედ ამ რეჟიმში ცხოვრობენ. ანუ, ბებიები, რომლებიც გადამკვდარნი არიან ოჯახზე, სამზარეულოში ფუსფუსებენ და შვილიშვილებზე ზრუნვაში ატარებენ დროს და ბაბუები, რომლებიც სულ ტელევიზორს უყურებენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მათ ვინმემ უთხრას ადექი, წადი სამოგზაუროდო?. პირველი რეაქცია, იცით, რა ექნებათ? გაგიჟდებიან, რადგან სახლი აქვთ დასალაგებელი, სადილი მოსამზადებელი და ა.შ. იმდენად არიან ამ ყველაფერში ჩართულები, რომ ვერ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, სიამოვნება მიიღონ. თვითონ ოჯახსაც სჭირდება ჯანმრთელი, მხიარული და ენერგიული ბებია. ჩვენთან კი ბებია იწვევს ასეთ ასოციაციას, ბებია არის მზრუნველი, საყვარელი, მაგრამ არა მოგზაური და საკუთარ თავზე გადაყოლილი. სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ მათთვის ყოველდღიური წესი შემეცვალა. თითოეული მათგანი ელჩია, ჯანმრთელი ცხოვრების. სახლში იმდენად ბედნიერები და სიცოცხლით სავსენი მიდიან, რომ აქეთ მთავაზობენ მომდევნო ტურის დაგეგმვას.

bebiebi-1661245799.jpg

მარინა უტიაშვილი:

- ბებია-ბაბუების ჯგუფის შესახებ ნელიკომ მიამბო. დაარსების დღიდან ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. თავდაპირველად, ჯგუფი მხოლოდ ახლობლებისგან შედგებოდა, თუმცა ახლა ახლობლების წრეს გასცდა და ერთ დიდ ოჯახად იქცა. მიუხედავად ჩემი აქტიური ცხოვრებისა, მაინც ვახერხებ დროის გამონახვას და ტურში წასვლას. მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვებთან ურთიერთობაში მაქვს გატარებული, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ტურებმა ძალიან გამახალისა, სიცოცხლის ხალისი შემმატა. ტურს ორგანიზებას მაია უწევს. ყველაფერზე ფიქრობს და ყველანაირ დეტალს ძალზედ დიდ ყურადღებას უთმობს. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის გართობაზე და სიამოვნებაზე ვფიქრობთ.

მე მათემატიკის მასწავლებელი გახლავართ, ძალიან აქტიური ცხოვრების რეჟიმი მაქვს და დატვირთული, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს იმაში, რომ ტურზე წავიდე და ვისიამოვნო ჩემს შეძენილ მეგობრებთან ერთად. ჩემი პროფესიიდანაც გამომდინარე, შემოვლილი მაქვს მთელი საქართველო, მაგრამ ეს ტურები სრულებით განსხვავდება სკოლის ექსკურსიებისგან. ბავშვებთან სულ სხვა და დიდი პასუხისმგებლობა გმართებს. აქ კი მთელი რიგი პასუხისმგებლობა მაიას აქვს აღებული და მე მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მაიას, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ შემოგვატარა მთელი საქართველო. რა თქმა უნდა, უნახავი ადგილებიც საკმაოდ დაგვრჩა, მაგრამ მოვინახულებთ აუცილებლად. ყოველთვის ვეხვეწები, მე პირადად, რომ შაბათ-კვირას დაგეგმოს ტური, რადგან ეს ორი დღე მაქვს თავისუფალი. არცერთს არ გვეზარება ტურზე წასვლა. პირიქით, იქით ვეხვეწებით მაიკოს ტური დაგეგმოს. ტურიდან ტურამდე უკვე ძალიან გვენატრება ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ხალხი ვართ შეკრებილები, მაინც ერთ აზრზე ვართ და ერთმანეთს ვუზიარებთ ყველაფერს.

ნელი ფირანიშვილი:

- ბებია-ბაბუების ტურში მე დაარსების დღიდან ვარ. მაიკო გახლავთ ჩემი ბიძაშვილი და შესაბამისად, ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. მაიკოს იდეა იყო ამ ტურის შექმნა, თუმცა ჩემთან შეთანხმებით და ერთობლივად დავგეგმეთ ყველაფერი. პირველი ტური იყო მაშინ, როდესაც მე შვილიშვილი შემეძინა და ჩემი რძალი გახლდათ სამშობიაროში. მირეკავს მაიკო და მეუბნება, რომ ტური დაგეგმა და იწყებენ მცხეთიდან. მე, რა თქმა უნდა, ძალიან გავიოცე, რადგან ბავშვი მყავდა გამოსაყვანი სამშობიაროდან და სახლში უამრავი საქმე გასაკეთებელი იყო. თუმცა მაიკომ ჩემი უარი არ მიიღო და მაინც დამითანხმა. პირველი ტური მცხეთაში გახლდათ. თავდაპირველად, ჯგუფში მხოლოდ შვიდი ადამიანი ვიყავით. სწორედ ამის მერე დაიწყო და დაიწყო. არცერთი ტური არ გამომიტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ მცხეთაში ძალიან ბევრჯერ ვიყავით ნამყოფი ტურის თითოეული წევრი, მაინც სულ სხვა ემოცია და შთაბეჭდილებები დაგვრჩა. სულ სხვა ხიბლი აქვს, როდესაც საყვარელ ადამიანებთან ერთად მიდიხარ სამოგზაუროდ. მიუხედავად იმისა, ნამყოფი ხარ თუ არა, მაიკო განსხვავებულად აღგვიწერს. ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენ ახალს და სულ სხვა თვალით ნახულობ უკვე ათასჯერ ნანახს. იმდენად საინტერესო იყო და სასიამოვნო, რომ აგერ უკვე ხუთი წელია, არცერთი ტური არ გამიცდენია, მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ და თან სამ შვილიშვილს ვუვლი. თითოეულ ტურს იმდენად დიდი და ზღვა ემოცია მოაქვს, რომ სიცოცხლის ხალისს გმატებს. ამ ადამიანებთან ერთად გატარებულ დროს ყველაფერი ერთად მოაქვს - სიყვარული, სიხარული, ბედნიერება. ახლა ჯგუფის წევრების რაოდენობა უკვე გაიზარდა. მე ჩემი ახლობელი წამოვიყვანე, ზოგმა თავისი მეგობარი წამოიყვანა და ასე გავმრავლდით. სწორედ ასე შეიკრიბა ახლო წრე ადამიანების, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

მანანა მაჭავარიანი:

- მე და მაიკო ერთმანეთს შევხვდით ჩვენი ერთ-ერთი ნათესავის ორმოცზე. სწორედ იქ წამოჭრა საკითხი მაიკომ, რომ სურდა შეექმნა ტური და შემომთავაზა ჯგუფის წევრობა. ასე მოვხვდი ბებია-ბაბუების ტურში. მეც დაარსების დღიდან გახლავართ ამ დიდი ოჯახის წევრი. მაიკოა ადამიანი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კომფორტზე და სიამოვნებაზე. ეს ადამიანი იხარჯება მაქსიმალურად. წინასწარ მიდის ადგილზე, იგებს ყველაფერს, ითვალისწინებს თითოეულ დეტალს, რათა ჩვენ არ დავიტვირთოთ და არ გავწვალდეთ. ამ ტურებმა ერთმანეთს დაგვაახლოვა. შეგვიყვარდა ერთმანეთი და გვიხარია თითოეული ტური. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ უკვე გვენატრება ერთმანეთი და მაიკოს იქით ვთავაზობთ ტურის გაკეთებას. პროფესიით ინჟინერი გახლავართ. იმის გამო, რომ 9 აპრილს მოვიწამლე და მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, არ ვმუშაობ. სწორედ ამიტომ, არ მიჭირს ტურისთვის დროის გამონახვა. ეს არის სულ სხვა სიამოვნება, რომელსაც ვიღებთ ამ ცხოვრებისგან.

დოდო ჭანტურია:

- ტურში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩემს ქალიშვილს მისმა დაქალმა უამბო ამის შესახებ, ძალიან დაინტერესდა და მაიკოს დაურეკა. მაიკომ, პირველ რიგში, ასაკი ჰკითხა. აინტერესებდა, რამდენი წლის ვიყავი. როდესაც ჩემმა გოგონამ უთხრა, რომ 76 წლის ვარ, მაიკო ცოტა შეყოვნდა - ძალიან ბევრია სასიარულო და დედათქვენი შეძლებსო?. ხომ შეიძლება, წამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოსო, - ჩემმა შვილმა უპუასუხა, მაიკო დაეთანხმა და სწორედ ასე მოვხვდი ბებია-ბაბუების ტურში.

მაიკომ რომ დამინახა, გაგიჟდა. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ ასაკი ძალიან მეტყობოდა...

ძალიან კმაყოფილი ვარ. მაიკო არის ჩვენი ცხოვრების გამხალისებელი. ყოველი ტურის დაგეგმვის წინ ჩვენ გვითანხმებს ყველაფერს, გვეკითხვება გვინდა და მოგვწონს თუ არა იდეა და ამის შემდეგ აწყობს უკვე ტურს. თითოეული ტური ეს არის ჩვენთვის ენერგიისა და სიცოცხლის არსის მომცემი. ყოველთვის ვეუბნები, რომ დაგეგმოს ტური, რადგან ამის გარეშე მე პირადად უკვე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. თითოეული ჯგუფის წევრი გახლავთ არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს - ამ ტურებმა შეგვმატოს მეტი სიცოცხლის უნარიანობა.

რუსუდან რეხვიაშვილი:

- მაიკო ჩემი ყოფილი მეზობელი გახლავთ. ერთ მშვენიერ დღეს, ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით. რა დროსაც მაიკომ მიამბო ამ ტურის შესახებ. როდესაც შემომთავაზა, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, რადგან სახლში დედამთილ-მამათილი მყავდა და მოვლა სჭირდებოდათ. თუმცა მიუხედავად ჩემი უარისა, მაია არ მომეშვა და დამიყოლია. ერთი მხრივ, ძალიან მინდოდა წასვლა, პროფესიით ისტორიკოსი გახლავართ და ისტორიული ადგილების მონახულება ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის. მართალია, ნაბიჯის გადადგმა რთულია და აქტიური ცხოვრების რეჟიმის გამო გამიჭირდა, მაგრამ ეს იყო ძალიან სასიამოვნო ნაბიჯი, მინდა გითხრათ, რომელსაც არ ვნანობ. სასიამოვნო იყო ამ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ძალიან საყვარლები და კარგები არიან. აგრეთვე, საინტერესო იყო ამ ისტორიული ადგილების მონახულება და ახლიდან გაცნობა. ყველაზე სასიამოვნოდ და საინტერესოდ მახსენდება ვარძიასთან ახლოს მდებარე სოფელი სახელად სარო. ეს იყო არაჩვეულებრივი ადგილი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. წინა ტური, სამწუხაროდ, გამოვტოვე, რადგან შვილიშვილი შემეძინა. ახლა კი ისე გამიხარდა აქ ყოფნა და ამ ადამიანების ნახვა, რომ დადებითად დავიმუხტე.

ასე მხიარულად და ლაღად ატარებენ დროს ბებია-ბაბუები, რომლებმაც იმ დღეს სიამოვნებითა და ენერგიით დამმუხტეს.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)