აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დაარსებიდან 75 წელი  უსრულდება: რას მოგვითხრობენ  ამერიკის დაზვერვის საიდუმლო  ფაილები - კვირის პალიტრა

აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დაარსებიდან 75 წელი  უსრულდება: რას მოგვითხრობენ  ამერიკის დაზვერვის საიდუმლო  ფაილები

წელს, 18 სექტემბერს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაარსებიდან 75 წელს სრულდება. შექმნის პირველივე დღიდან მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სპეცოპერაციების ჩატარება წარმოადგენდა. საჭიროა იყო არა მარტო სამხედრო ხასიათის ინფორმაცია, არამედ საბჭოთა იმპერიის ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, რელიგიური, კულტურულ-ჰუმანიტარული და ა.შ. განვითარების ამსახველი მონაცემები. პატარა საქართველო დიდი იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ამიტომ აშშ-ის ცსს საქართველოს სსრ-ს შესახებაც აგროვებდა და აანალიზებდა სხვადასხვა სახის, ერთი შეხედვით უწყინარ ინფორმაციას. თუმცა ეს "უწყინარი" ინფორმაცია „ფსიქოლოგიური ომის" ან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩენილიყო.

ცსს-ს საიდუმლო ფაილებიდან ჩვენს განსკუთრებულს ყურადღებას ის საიდუმლო მოხსენება იწვევს, სადაც საქართველოს სსრ-ში არსებული რელიგიური მდგომარეობის მცირე ანალიზია მოცემული.

"ქვეყანა სსრკ

თემა რელიგია საქართველოს სსრ-ში

თარიღი ....... 1953 წელი, 23 ნოემბერი

1. საქართველოში 5 სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი არსებობს, ყველა მათგანი დამოუკიდებლად მოქმედებს. მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა მეექვსე ჯგუფიც - გერმანული ევანგელისტური ეკლესია, მაგრამ ყველა გერმანელის გადასახლების გამო ამ ჯგუფმა საქართველოში არსებობა შეწყვიტა.

ა. ყველაზე დიდი კონფესია, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰგავს ბევრ ასპექტში. [ამოღებულია] საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქზე უფრო აღმატებულია , როგორც ძალაუფლებით, აგრეთვე პრეცედენტით.

ბ. რუსული მართლმადიდებლური ეკლესია რუსულ მოსახლეობას ემსახურება, რომლის რაოდენობა თბილისში შეიძლება 100,000-ს აღემატებოდეს.

გ. სომხური გრიგორიანული ეკლესია ემსახურება საქართველოში მცხოვრებ სომხებს.

დ. თბილისში აგრეთვე იყო ერთი ებრაული სინაგოგა, თუმცა საქართველოში ათეულობით ათასი ებრაელი ცხოვრობს. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბევრი ებრაელი საქართველოში ჩამოვიდა და ომის შემდეგაც აქ დარჩა. საქართველოში ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არის დისკრიმინაცია ანტისემიტიზმის ან სხვა რაიმე საფუძვლის გამო.

ე. საქართველოში აგრეთვე არიან მუსულმანები, ძირითადად აზერბაიჯანელები. შეიძლება უფრო მეტი იყოს ჩრილოეთ კავკასიის რეგიონში [ამოღებულია]

2. საქართველოში სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მიერ პროზელიტიზმს, როგორც ჩანს, ადგილი არ აქვს. აგრეთვე არ არის არანაირი კოოპერაცია. მეორე მსოფლიო ომის დროს, რელიგიურმა ორგანიზაციებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ ქვეყნის დასახმარებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავდა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ მათი დევნის შეწყვეტას. მას შემდეგ რაც ნაცისტებმა თავიანთი ნამდვილი სახე გამოააშკარავეს, ბუნებრივია არ არსებობდა მიზეზი რელიგიური ჯგუფების მიერ მათი მხარდაჭერისა. ნებისმიერი გაწეული დახმარება, მაშასადამე, უნდა ჩაითვალოს ადამიანურ და პატრიოტულ საქციელად, მაგრამ არა პოლიტიკურად.

3. 1936 წლიდან საქართველოში ადგილი აქვს რელიგიის კვაზი-თავისუფლებას. სახელმწიფო და ეკლესია შეთანხმდნენ ორმხრივ ჩაურევლობაზე. სამღვდელოების რიგებში შეიძლება პარტიის აგენტებიც იყვნენ, მაგრამ ეს აშკარა არ არის. თუმცა, თვით რელიგიური ღონისძიებები შემოიფარგლება ყოველკვირეული წირვებით, დაკრძალვებითა და ქორწინებებით, აგრეთვე ნათლობებით. არ არსებობს ბავშვების რელიგიური აღზრდის სისტემა. ასეთი რამ შეიძლება აკრძალულიც კია. შედეგად ეკლესიაში დამსწრეთა რაოდენობამ თანდათანობით მოიკლო. ამ ტენდენციის გაგრძელებას სავარაუდოდ მივყვავართ საქართველოში ორგანიზებული რელიგიის გაქრობამდე.

sharia2-1660892881.jpg

4. საქართველოში რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფოსგან აბსოლუტურად არანაირ დახმარებას არ იღებენ. ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან დამსწრეთა შემოწირულობებზე. მოსკოვსა და მის გარეთ არსებობს რელიგიური სემინარები, რომლებიც ეკლესიებისათვის სამღვდელობას ამზადებენ.

5. ბუნებრივია, არც ერთ პარტიის წევრს არ აქვს უფლება, რაიმე რელიგიურ ღონისძიებას დაესწროს. უფრო მეტიც, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი რაიკომის გამოჩენილ წევრს შვილი მძიმედ ავად გაუხდა და ადგილობრივ ექიმებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. მალე ეს ბავშვი გარდაიცვალა. ეს იყო საკმაოდ დიდ დარტყმა მამისათვის, რომელმაც ამაზე გრძელი სტატიაც გამოაქვეყნა. მამა თავისი ტირადით ექიმებისა და საერთოდ მედიცინის წინააღმდეგ გამოვიდა, განაცხადა რომ მათი საქმიანობა უაზროა. შემდგომში ის თავისებური მისტიკოსი გახდა და მისი მისტიციზმი იმდენად ემსგავსებოდა რელიგიას, რომ პარტია საკმაოდ შეცბუნდა პარტიის რიგებში მისი ყოფნით. შედეგად იგი მალე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და პარტიიდანაც გარიცხეს".

shaaria-1660892881.jpg

პეტრე შარია

როგორც ვხედავთ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო მოხსენება საკმაოდ ზოგადი, ზედაპირული და უფრო მიმოხილვითია, ვიდრე ღრმა ანალიტიკური. ამასთან ერთად ირკვევა, რომ ისინი კარგად ვერ ერკვეოდნენ საბჭოთა კავშირის პარტიულ იერარქიაში. მოხსენებაში აღნიშნული ფაქტი ერთ-ერთი ცნობილი ქართველი პარტიული მუშაკის მისტიციზმით გატაცებასა და შემდგომ მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ, ეხება 1943-1948 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალური კომიტეტის მდივანს აგიტაცია-პროპაგანდის დარგში პეტრე შარიას (1902-1983). "ბოლშევიკების" პარტიის წევრი 1920 წლიდან პ.შარია 1922-1923 წწ. მსახურობდა საქართველოს „ჩეკა"-ში და მაშინ გაიცნო ლავრენტი ბერია. შემდეგ წლებში პ. შარია სამეცნიერო-პედაგოგიურ სამუშაოზეა მოსკოვში და თბილისში. 1934 წლიდან კი უკვე პარტიულ სამუშაოზეა ბერიას „ფრთის ქვეშ". პ.შარია 1936-1938 წლებში იყო საქართველოს კპ(ბ) ცკ სკოლებისა და მეცნიერების განყოფილების გამგე. მოსკოვში დაწინაურებულ ლავრენტი ბერიას ერთგული კადრი, პეტრე შარია, 1938 წლის სექტემბრიდან საბჭოთა "ნკვდ"-ს ცენტრალურ აპარატში გადაჰყავს. შარიას შემდგომი კარიერა ლ. ბერიას კარიერის პარალელურად ვითარდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერიას დავალებით პეტრე შარია მივლინებულ იქნა პარიზში ქართველი ემიგრანტების სამშობლოში რეემიგრაციის, ფაქტიურად კი ჩამოსატყუებელი სპეცოპერაციის შესასრულებლად. ომის შემდეგ, 1948 წლამდე პეტრე შარია საქართველოს კპ(ბ) ცკ-ს მდივანია. ცნობილია, რომ 1948 წელს მას გარდაეცვალა ვაჟი. ამ ტრაგედიით შეძრულმა პ. შარიამ მისტიკური პოემა დაწერა და 50 ეკზემპლარად დააბეჭდინა. შემდეგ კი პოემა ახლობლებს დაურიგა.ეს გახდა საფუძველი პეტრე შარიას მისტიციზმსა და "პარტიული ხაზიდან გადახვევაში" დადანაშაულებისთვის, ის თანმდებობიდან მოხსნეს და პარტიიდან გარიცხეს. ოთხი წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. პეტრე შარია 1952 წლის თებერვალში სტალინის პირადი განკარგულების საფუძველზე დააკავეს, როგორც ე.წ. "მეგრელთა საქმის" აქტიური მონაწილე. ის, როგორც ლავრენტი ბერიას ერთგული კადრი, რთული შიდაპარტიულ ინტრიგების გამო ციხეში მოხვდა. საბჭოთა დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ, მალევე, 1953 წლის 10 აპრილს, ბერიას ბრძანებით პეტრე შარია გაათავისუფლეს და ციხის საკნიდან გამოსული, პირდაპირ სსრკ მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის (ანუ ლავრენტი ბერიას) თანაშემწედ დაინიშნა. 1953 წლის 27 ივნისს, ბერიას დაპატიმრების (ან ლიკვიდაციის) მეორე დღესვე შარიაც აიყვანეს პატიმრობაში. 1954 წელს კი 10 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. 1963 წლიდან, ციხიდან გატავისუფლების შემდეგ, პეტრე შარია საქართველოში აგრძელებდა სამეცნიერ-პედაგოგიურ მოღვაწეობას. გარდაიცვალა 1983 წელს.

კიდევ ერხელ უნდა ავღნიშნო, რომ ამერიკის ცსს მაშინ განებივრებული არ იყო აგენტურული ინფორმაციით და ძირითადად ჭორებსა და ღია წყაროების (საგაზეთო პუბლიკაციების) ანალიზს ეყრდნობოდა. პეტრე შარიას შესახებ კი ბოლომდე რეალური ინფორმაცია ღია წყაროებიდანაც კი ვერ მოიპოვეს. ობიექტურეობისთვის უნდა ავღნიშნო, რომ აშშ ის მთავარი სადაზვერვო სტრუქტურა: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო,მხოლოდ 1947 წლის სექტემბერში შეიქმნა. ამიტომ 1950-იანი წლების დასაწყისში ის, საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან შედარებით "ნორჩი" და გამოუცდელიიყო: არ ჰყავდა საკმაო რაოდენობის კვალიფიციურიკ ადრები და აქედანგამომდინარე - უცხოეთში მოქმედი აგენტურაც. ამ ობიექტურ გარემოებას, თუ იმასაც დავუმატებთ, რომ სტალინის მიერ ჩამოშვებული "რკინის ფარდა" სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის ფაქტიურად შეუხწევადი იყო, მაშინ აშშ-ის დაზვერვის მიერ საბჭოთა კავშირში მოპოვებული ინფორმაციის დაბალი ხარისხი და ნაკლებ სანდოობა, გასაგები გახდება.

კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა „პერესტროიკის" პერიოდში და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ. აშშ-ის სპეცსამსახურები ძალზე გააქტიურდნენ: საქართველოთან მიმართებაში მათი სტრატეგიული ამოცანა იყო და არის ჩვენი სპეცსამსახურების დახმარება, განსაკუთრებით კონტრდაზვერვითი მიმართულებით. თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას: საქართველოს სპეცსამსახურებში ათწლეულობით არსებული მანკიერი საკადრო პოლიტიკა, რომელიც პარტიულ კუთვნილებას და პირად ერთგულებას (რომელთაც ამერიკელებიც კი ვერ მოერივნენ) და არა - პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმს ეფუძნება, არის იმის მიზეზი, რომ ჩვენს ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - ეროვნული კონტრდაზვერვის სამსახური, ფაქტიურად 1992-1993 წლების შემდეგ აღარ ჰყავს. ტროლების და ბოტების „აღშფოთებული ხმა" უკვე მესმის. თუმცა ყველას ვურჩევ გაიხსენოს საქართველოს უახლესი ისტორია 1988 წლიდან - დღემდე: როგორ ფიქრობთ ამდენი უბედურება რუსეთის აგენტურის გარეშე მოხდებოდა?

ამ პერიოდში საქართველოში მოხდა ისეთი მოტივაციის 30-ზე მეტი გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობა და თვითმკვლელობა(?), სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტების რამდენიმე აშკარა თუ ფარული მცდელობა, სადაც სპეცსამსახურების ხელწერა აშკარაა.

ეს დღეებია მასმედიის და პოლიტიკური სივრცის მთავარი მოქმედი გმირები კელი დეგნანი და „საპარლამენტო ოთხეული", ასევე სოსო გოგაშვილი და ვახტანგ გომელაურია. თითქოს კაფკასეულ „აბსურდის თეატრში" ვართ და არა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მსურველ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებს (საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აქ ყოფილები მართლაც არ არსებობენ) შორის „საქმეების გარჩევა" მხოლოდ ჩვენს მტრებს ახარებთ. გოგაშვილის ბრალდებებზე შსს მინისტრის განმარტება ბევრ საიდუმლოს ახდიდა ფარდას. თუმცა პასუხი, რაც უფრო გვიანდება, მით უფრო მეტი ახალი შეკითხვა იბადება. ეს თემა იმდენად მტკივნეულია, რომ ძალზე ზუსტ ფორმულირებასა და შეფასებებს საჭიროებს. ამიტომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

რაც შეეხება აშშ-ის საელჩოსა და ქალბატონ ელჩს: შეიძლება მხოლოდ მიამიტს ეგონოს, რომ საქართველოში ნებისმიერი ქვეყნის საელჩო ღია წყაროების ანალიზით შემოიფარგლება. მათ ინფორმაციის საკუთარი ფარული წყაროებიც აქვთ და მშვენივრად იციან, თუ რა ხდება ჩვენს სპეცსამსახურებში: ვინ იწევს „ჩრდილოეთისკენ" და ვინ „დასავლეთისკენ".

დასამალი არაა, რომ ამჟამად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ, როგორც კეთილმოსურნე სპეცსამსახურები (ანუ მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები), ასევე არაკეთილმოსურნე სპეცსამსახურები (ანუ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურები). ორივე ჯგუფი აგროვებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, ეკოლოგიურ და ა.შ. ინფორმაციას, აანალიზებს მას და საკუთარ ხელმძღვანელობას აწვდის მოვლენათა შესაძლო განვითარების მიმდინარე და პერსპექტიულ პროგნოზს. გარდა ამისა ახორციელებს ოპერატიულ-აგენტურულ ღონის-ძიებებსაც. ამ ჯგუფებს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველნი, საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოქმედებენ, ხოლო მეორენი საწინა-აღმდეგოდ. წლების მანძილზე საქართველოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი, ტექნიკური აღჭურვა და დაფინანსება ძალზე ჩამორჩებოდა განვითარებული ქვეყნების დონეს. ეს კი პირველ რიგში, ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. ეს გარე ძალების მიერ მართული, კარგად გათვლილი და ორგანიზებული პროცესი იყო და არის, რადგანაც უმარტივესი ფორმულაა: "სუსტი სპეცსამსახურები=სუსტ სახელმწიფოს".