"ხმები ზაპოროჟიეს აესის საფრთხის მიმართ გადაჭარბებულია, თუმცა..." - რას წერს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ხმები ზაპოროჟიეს აესის საფრთხის მიმართ გადაჭარბებულია, თუმცა..." - რას წერს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა

ბრიტანული გაზეთი "თაიმსი" (The Times) აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით - "ხმები ზაპოროჟიეს აესის საფრთხის მიმართ გადაჭარბებულია, თუმცა..." (ავტორი - ტომ უიპლი, სამეცნიერო რედაქტორი), რომელშიც განხილულია ატომური ელექტროსადგურის სრულმასშტაბიანი კატასტროფის შესაძლებლობა საარტილერიო ჭურვებით სროლისა და რაკეტებით დაბომბვის შედეგად. ჟურნალისტი აკეთებს დასკვნას, რომ ორივე მხარე - რუსეთიც და უკრაინაც - როგორც ჩანს, სიტუაციას განგებ ამძიმებს, საფრთხეს აზვიადებს, თუმცა, რასაკვირველია, არსებული მდგომარეობა არასასურველია.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის არმიის კონტროლქვეშ იმყოფება და პერიოდულად საარტილერიო სროლების ზონაში ხვდება. უკრაინა რუსეთს ბრალს უყენებს, რომ მოსკოვს აესი სამხედრო ბაზად აქვს გადაქცეული, კრემლი თვითონ ესვრის და ბომბავს ბირთვულ ობიექტს იმ მიზნით, რომ ინციდენტები გამოიწვიოს და სადგურის უკრაინის ენერგოსისტემიდან გათიშვას მიაღწიოს. ხუთშაბათს აესის უკრაინელმა თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს და მსოფლიო ბირთვული კატასტროფის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. თავის მხრივ, მოსკოვი სროლებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ატომური ელექტროსადგურები ციხე-სიმაგრესავით შენდება. რადგან ბირთვული ავარიის შედეგები ძალიან სერიოზულია, რეაქტორების კედლები ბეტონისა და ფოლადისაგან არის აგებული და ისეა დაპროექტებული, რომ გაუძლებს თვითმფრინავის პირდაპირ დაცემასაც კი. სწორედ იმიტომ, როცა პირველი ცნობები გავრცელდა აესის მიმართულებით განხორციელებული სროლების შესახებ, ბირთვული სპეციალისტები პანიკაში არ ჩავარდნილან.

მაგრამ რადგანაც სროლები გრძელდება, რადგანაც აესის ინფრასტრუქტურა გარკვეულწილად უკვე დაზიანდა, რადგანაც არის ინფორმაცია ტურბინების ნაკვეთურში საბრძოლო მასალების განთავსების თაობაზე, ცხადია, სიტუაცია მძიმდება და რეაგირებას ითხოვს.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ბირთვული მასალების ცენტრის ექსპერტის - მარკ ვენმანის თქმით, "მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ არც იმდენად, როგორც ამის წარმოსახვას ცდილობენ. ვფიქრობ, რომ რუსებიც და უკრაინელებიც რაღაც-რაღაცებს აზვიადებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად".

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ შესაძლოა, მოხდეს რეაქტორის გაცივების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, რასაც შემდეგ მისი დადნობა მოჰყვება. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო წარსულში ორი მასშტაბური კატასტროფის დროს: 1979 წელს ამერიკულ ტრიმაილ-აილენდის აესში და 1986 წელს - საბჭოთა ჩერნობილის აესში.

თუმცა ეს მაგალითები სწორედ იმას ადასტურებენ, თუ რატომ არ სჯერა მარკ ვენმანს რუსების განცხადებისა, რომ რადიოაქტიური ღრუბელი შეიძლება გაჩნდესო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შედარებით ახალია, მისი ბირთვული რეაქტორები, ისევე, როგორც ამერიკული ტრიმაილ-აილენდისა, ბეტონის სარკოფაგით არიან დაცულები. ამიტომ 1979 წელს, აშშ-ში მომხდარი ავარიის დროს, რეაქტორის გარეთ მხოლოდ რადიოაქტიური გაზი გავიდა. რაც შეეხება ჩერნობილის აესს, მისი რეაქტორი ავარიის წინ მსგავსი სარკოფაგით დაცული არ იყო (ეს მოგვიანებით გაკეთდა), ამიტომ აფეთქების შედეგად მისი სახურავი ჩაინგრა, რადიოაქტიური მასალის ნამსხვრევები გაიბნა და ჰაერში რადიოაქტიური ნაწილაკები დიდი რაოდენობით გავრცელდა.

"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ჯერ კიდევ უკრაინელი ინჟინრები მუშაობენ. ომის დაწყების შემდეგ ექვსი რეაქტორიდან რამდენიმე უკვე "ჩამქრალია", სხვები მხოლოდ მცირე სიმძლავრით მუშაობენ ანუ მათი გაკონტროლება სწრაფად და შედარებით იოლად მოხდება, თუ რამე პროცესი ისე არ წავა, როგორც სტანდარტული სიტუაცია მოითხოვს", - წერს ავტორი, - "თუმცა მაინც რჩება გარკვეული უნდობლობა იმისა, რომ ყველაზე კარგი დამცავი მექანიზმებიც კი არასაკმარისი აღმოჩნდება. ანუ შენარჩუნებულია ისეთი ინციდენტების შესაძლებლობა, რომლის მასშტაბი ჩერნობილზე ბევრად ნაკლები იქნება, მაგრამ ადგილობრივ დონეზე მაინც კატასტროფული აღმოჩნდება". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ