"გიხაროდენ ჯუარო, სიმტკიცეო მეფეთაო"
ქრისტეს ჯვარცმის შემდეგაც კი უგუნურნი კვლავაც გამძაფრებით ებრძოდნენ უფალს და ცდილობდნენ, შიშით, დევნით, წამებითა და უფლის მიწიერ ცხოვრებათან დაკავშირებული წმიდა ადგილების შეურაცხყოფითა და შებილწვით ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ მაცხოვრის ცხოველსმყოფელი რწმენა. იმპერატორმა ადრიანემ მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი, მისი ბრძანებით, ამ ხელოვნურ ბორცვზე ქალღმერთ ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღმართეს.
რამდენიმე საუკუნის შემდეგ იმპერატორმა კონსტანტინემ იმპერიისათვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე დაინახა ჯვრის ნიში წარწერით "ამით სძლო!" ეს ხილვა კონსტანტინესთან ერთად მთელმა მისმა ლაშქარმა იხილა. ძალიან შეშინდნენ, რადგან რომის იმპერიაში ჯვარი სიკვდილმისჯილთა სამარცხვინო სიკვდილით დასჯის იარაღი იყო - უმრავლესობამ არ იცოდა, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ჯვარი სამყაროს ხსნის ძელიცხოველად ქცეულიყო. კონსტანტინეს ბრძანებით ოქროს, მარგალიტისა და ძვირფასი ქვებისაგან დაამზადეს ჯვარი, ხოლო მებრძოლებმა მუზარადებზე, ფარებსა და მახვილებზე ჯვრები გამოსახეს და... ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოიგეს.
კიდევ ორჯერ გამოეცხადა კონსტანტინეს ჯვრის მოელვარე ნიში ცაზე და კიდევ ორ ბრძოლაში გაიმარჯვა. იმპერატორმაც იწამა ქრისტე და დედასთან ერთად მოინათლა. შემდეგ კი დედოფალი აურაცხელი სიმდიდრით გაგზავნა იერუსალიმში, რათა მას ის ჯვარი ეპოვა, რომელზეც ქრისტე აწამეს.
იერუსალიმში ჩასულმა ელენე დედოფალმა უამრავი წმიდა ადგილი გაწმინდა კერპებისაგან, შემდეგ კი იუდეველები შეკრიბა და სთხოვა, ჯვრის დაფლვის ადგილი ეჩვენებინათ. მათ უპასუხეს, რომ მხოლოდ იუდამ, პატივცემული წინასწარმეტყველის შვილმა, იცოდა ჯვრის ადგილსამყოფელი. იუდამ ელენე ქვისა და მიწის ხელოვნურ ბორცვთან მიიყვანა. დედოფალმა მასზე აღმართული ტაძრისა და კერპის დანგრევა და ბორცვის გადათხრა ბრძანა. იერუსალიმის პატრიარქმა ლოცვა აღავლინა და "ჰაერშიც საოცარი სურნელება დატრიალდა. მაშინვე იპოვეს აღმოსავლეთის მხარეს ქრისტეს საფლავი და თხემის ადგილი, ხოლო შორიახლოს - მიწაში დაფლული სამი ჯვარი და სამსჭვალები, რომლებითაც ქრისტე იყო მიმსჭვალული ჯვარზე" (წმ. დიმიტრი როსტოველი). არავინ იცოდა, რომელი იყო ქრისტეს ჯვარი. უცებ გოდების ხმა გაისმა და დაინახეს პროცესია, რომლის წევრებიც მიცვალებულს მოასვენებდნენ. იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით, სამივე ჯვარი შეახეს მკვდარს. ძელიცხოველის შეხებისთანავე მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. დედოფალმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მოწიწებითა და სიხარულით სცეს თაყვანი ჯვარს, მაგრამ ბევრმა ეს ვერ შეძლო. ამიტომაც, ითხოვეს, შორიდან მაინც დაენახვებინათ იგი. პატრიარქის ბრძანებით, ჯვარი ამაღლებულ ადგილას აღმართეს. და სწორედ აქედან დაედო სათავე პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული მოჰყვა: მისი გარდასახვით განიკურნა მძიმე სნეული ქალი - ქრისტემ ჯვარზე აღსრულებით მარადიული სიცოცხლე უბოძა თავის მორწმუნეებს და სიკვდილი დაამარცხა. ამიტომაც ეწოდა ამ ჯვარს ძელი-ცხოველი ანუ ცოცხალი, ჭეშმარიტი სიცოცხლის მომნიჭებელი.
27 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლებას - ქრისტეს პატიოსანი ჯვრის პოვნისა და ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.
მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)