"თუ ერდოღანი პუტინის ამ შეთავაზებას დათანხმდება, თურქეთი ისევე გახდება რუსეთის მძევალი, როგორც ახლა ზაპოროჟიეს სადგურია" - კვირის პალიტრა

"თუ ერდოღანი პუტინის ამ შეთავაზებას დათანხმდება, თურქეთი ისევე გახდება რუსეთის მძევალი, როგორც ახლა ზაპოროჟიეს სადგურია"

დასავლეთი ჩვენს რეგიონში განვითრებულ პროცესებს ეჭვის თვალით უყურებს. "ორმაგ თამაშად" აფასებენ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები თურქეთის მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს. ბრიტანულ და ფრანგულ პრესაში ხშირად შეხვდებით სტატიებს ასეთი სათაურებით: "დასავლეთის დედაქალაქებში, რუსეთ-თურქეთის კავშირების გაღრმავების გამო შეშფოთება მატულობს", "ევროკავშირში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ", "თურქეთი ორმაგად და სარისკოდ თამაშობს"...

ბრიტანულმა "ფაინენშელ თაიმსმა" საკმაოდ ვრცელი სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკაა გაანალიზებული დასავლეთთან და რუსეთთან მიმართებით. "რეჯეფ ერდოღანი ნამდვილად იმსახურებს ქება-დიდებას მოსკოვსა და კიევს შორის იმ შუამდგომლობის გამო, რომლის წყალობითაც უკრაინის შავიზღვისპირა ნავსადგურებიდან ხორბლის ექსპორტი დაიწყო. მაგრამ, იმავდროულად, იგი დაბეჯითებით ცდილობს რუსეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას... რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული "ძალზე მეგობრული" შეხვედრის შემდეგ, დასავლეთის დედაქალაქები შეშფოთდნენ: ერთი მხრივ, ნატოს წევრი თურქეთი რუსეთთან კავშირებს აღრმავებს, მეორე მხრივ, თურქეთის ნატოელი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ. კრემლი ანკარის მეშვეობით დასავლეთის ემბარგოს გვერდის ავლას ცდილობს. აშკარაა, რომ თურქეთის ლიდერი რთულ და რისკიან თამაშს ეწევა". რა თამაშს შეიძლება თამაშობდეს თურქეთი სინამდვილეში და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ ამ მოცემულობაში? - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება:

xatuna-lagazidze-696x464-1660913715.jpg

- თურქეთი უკრაინას არა მხოლოდ იარაღით ეხმარება, რუსებს ბოსფორიც ჩაუკეტა და მნიშვნელოვნად გაურთულა საქმე. რაც შეეხება რუსეთთან თანამშრომლობას, ამას პრეზიდენტი ერდოღანი იმით ხსნის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი ვიღაცამ უნდა შეასრულოს. ანკარა ამისთვის მზად არის, მაგრამ თუ დასავლურ სანქციებს ბოლომდე შეუერთდება, შუამავლის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. ამაში ნამდვილად არის ლოგიკა, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურქეთის ეკონომიკა და მათ შორის - თურქული ლირა ძალიან მძიმე დღეშია. როგორც ჩანს, თურქეთის ხელისუფლება შეეცდება, რუსეთის სანქცირებით ისარგებლოს და საკუთარ ეკონომიკაში დამატებითი შემოსავლები "ჩაასხას".

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სხვადასხვა ფორმაციის შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის გაფართოვდება ურთიერთობა ვაჭრობისა და ენერგეტიკის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, მრეწველობა, ფინანსები და მშენებლობა. შეთანხმება მოხდა იმის თაობაზეც, რომ თურქეთი რუსული გაზის ფასს ნაწილობრივ რუბლებით აანაზღაურებს. მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის ხუთი ბანკი რუსული "მირის" საგადასახადო პლასტიკურ ბარათებს მიიღებს და მოემსახურება. ეს დიდი პლუსია თურქეთში ჩასული რუსი ტურისტებისათვის, რადგან "ვიზამ" და "მასტერქარდმა" რუსეთში საქმიანობა შეწყვიტეს.

ვინაიდან თურქეთის საბანკო სისტემა დასავლეთის საფინანსო სისტემასთან ინტეგრირებულია, დასავლეთის დედაქალაქებში შეშფოთებულნი არიან იმით, რომ "მირის" გადახდის ბარათები სანქციების გვერდის ავლით იქნება გამოყენებული. ფაქტია, რომ ამ ამბავს უკვე მოჰყვა დასავლეთის საკმაოდ მძიმე რეაქცია და დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ შესაძლოა, დასავლური კომპანიების დიდმა ნაწილმა თურქეთში ინვესტიციების ჩადება შეწყვიტოს. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა - სანქციებში მოჰყვება ნატოს წევრი ქვეყანა.

ზოგადად, თურქეთისთვის სანქციები "უცხო ხილი" არ არის, - ვაშინგტონს ადრეც გამოუცხადებია ანკარისათვის ემბარგო, როდესაც ანკარამ რუსული სარაკეტო კომპლექსები - "ეს-400" შეიძინა. საქართველოს უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო არენაზე სწორი პოზიციონერობისთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ თურქეთი თანდათან ბრუნდება სამხრეთ კავაკსიაში, ისევე, როგორც 2 საუკუნის წინ. რასაკვირველია, მასშტაბები განსახვავებულია, მაგრამ ცხადია, ფეხის ჩადგმა უკვე მოახერხა. რაც შეეხება ფარდის უკან რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს, ამერიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ჯერ კიდევ ივნისში გააფრთხილა საბანკო სექტორი, რომ არ გამხდარიყო რუსეთის უკანონო ფულის გამტარი. მოკლედ, ანკარისთვის მოსკოვთან თანამშრობლობა მართლა ძალიან სარისკოა, ძნელი სათქმელია, მოახერხებს თუ არა თურქეთი ბეწვის ხიდზე გავლას. კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო: რუსეთმა თურქეთს მის ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურის აშენება და მომსახურება შესთავაზა. თუ ერდოღანი ამ შეთავაზებას დათანხმდება, თურქეთი ისევე გახდება რუსეთის მძევალი, როგორც ახლა ზაპოროჟიეს სადგურია. რუსეთისთვის ხომ ნებისმიერი ეკონომიკური პროფილი და საქმიანობა საბოლოოდ მაინც სამხედრო აგრესიაში ითარგნება.

- ფიქრობთ, ეს საფრთხე თურქეთს გაანალიზებელი არ აქვს?

- თურქეთს - არ ვიცი, მაგრამ დასავლეთი უკვე განიხილავს საფრთხედ რუსეთის მონაწილეობას თურქეთის ენერგეტიკაში, ატომური სადგურების მშენებლობის თვალსაზრისით.

- ასეთი მოცემულობის ფონზე, საქართველოს საგრეო პოლიტიკის მთავარი ხაზი როგორი უნდა იყოს?

- ამ მოცემულობაში საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთადერთი პირობა არის დასავლეთის უპრეცედენტო დაინტერესება. ამაზე უნდა ავაგოთ მთელი უსაფთხოების პოლიტიკა. ყველა სხვა გზა საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასია.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე