უკრაინამ რუსეთს საარმიო დონის საწყობი გაუნადგურა - კვირის პალიტრა

უკრაინამ რუსეთს საარმიო დონის საწყობი გაუნადგურა

18 აგვისტოს საღამოს, უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან 30-იოდე კმ-ში, რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოფელ ტიმონოვოს სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა, რასაც ძლიერი აფეთქებების სერია მოჰყვა, რომელიც 24 სთ-ის გასვლის შემდეგაც არ წყდება, ხოლო ხანძარი ახლომდებარე ტყესაც მოედო.

ბელგოროდში ასე ხშირად ეტყობა იმიტომ ხდება აფეთქებები (გაიხსენეთ ორი უკრაინული „მფრინავი ნიანგის“ ეკიპაჟების ღამისეული, ძალზე გაბედული საჰაერო იერიში უშუალოდ ქალაქ ბელგოროდში მდებარე ნავთობბაზაზე), რომ იქიდან ყველაზე ხშირად ესვრიან „ისკანდერის“ რაკეტებს უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილს და კერძოდ, ქალაქ ხარკოვს.

18 აგვისტოს დილასაც რუსულმა „ისკანდერმა“ ხარკოვში მორიგი ტრაგედია დაატრიალა და სმენადაქვეითებულების საერთო საცხოვრებელი მიწასთან გაასწორა, ნანგრევებში დაღუპულებს ახლაც პოულობენ...

ვერ გეტყვით, ეს უკრაინელების კონკრეტული შურისძიება იყო თუ არა, მაგრამ იმავე დღის საღამოსკენ უკვე რუსული სოფლის ტიმონოვოს სიახლოვეს აგიზგიზდა უზარმაზარი ხანძარი - ოღონდ რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებით, რომლებიც უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს გამიზნულად ბომბავენ, უკრაინელების პასუხი მკაცრად რუსეთის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგაა მიმართული - ტიმონოვის არცერთი მაცხოვრებელი არ დაშავებულა, მიუხედავად იმისა, რომ მათი სოფლიდან სულ რაღაც 1,5 კმ-ში უზარმაზარი ძალის აფეთქებები დაიწყო...

2-bel-1660916238.png

აფეთქებებმა ღამისეული ცა რამდენიმე ათეული კმ-ის რადიუსში გაანათეს...

და ეს არც იყო მოულოდნელი, რადგან აქ რუსეთის არმიას საარმიო დონის საბრძოლო მასალების გრანდიოზული საწყობი ჰქონდა აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც 36 ერთეულ 120 მ. სიგრძის ანგარს მოიცავდა.

ადვილი წარმოსადგენია, რა რაოდენობის ჭურვები, რაკეტები და ვაზნები ინახებოდა აქ, თუკი ის რუსეთის სახმელეთო ჯარების მე-20 გვარდიული საერთო საჯარისო არმიის მთავარ არსენალს წარმოადგენდა...

ძნელი სათქმელია, თუ როგორ აუფეთქეს უკრაინელებმა რუსებს ეს ძალზე მნიშვნელოვანი საწყობი, ის უკრაინელების პოზიციებიდან 100 კმ-ზე მეტადაა დაშორებული და „ჰაიმარსის“ რაკეტა ვერ მისწვდებოდა, უფრო რეალურია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ფარულად შესულმა უკრაინულმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა ახლო მოქმედების კამიკაძე-დრონი ან დრონები გამოიყენა, ისევე როგორც 16 აგვისტოს ოკუპირებული ყირიმის ჯანკოის აეროდრომის რაიონში რკინიგზის სადგურის პირას დახვავებული რუსული რაკეტებისა და „გრადების“ გასანადგურებლად.

ბელგოროდის ტიმონოვოს სიახლოვეს საარმიო დონის საბრძოლო მასალების საწყობში დაწყებული აფეთქებებისა და ხანძრის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები გუშინ ღამესვე გავრცელდა, მაგრამ შემდგომ სრულმა საინფორმაციო დუმილმა დაისადგურა - ადგილობრივმა თვითმხილველებმა თავიდან რაც მოასწრეს ის გადაიღეს, შემდგომ მათი ევაკუაცია განხორციელდა და რამდენიმე ათეული კმ-ის რადიუსში რუსეთის სპეცსამსახურებმა მისასვლელები გადაკეტეს და შესაბამისად აღარ არსებობს ახალი ვიდეოკადრები აფეთქებების ადგილიდან.

მართალია, ერთ-ორ დღეში ამ უზარმაზარი საწყობის ადგილზე გაჩენილ „მთვარის პეიზაჟს“ მაინც გადაიღებს და ინტერნეტით გაავრცელებს რომელიმე დასავლური კერძო კომპანიის თანამგზავრი, მაგრამ ამის დალოდებამდე ჩვენი ძალები მოვსინჯეთ, რომ დაგვედგინა, თუ რა ხდება აფეთქების ადგილზე 24 საათის შემდეგ, 19 აგვისტოს საღამოსკენ...

3-bel-1660916318.png

NASA FIRMS-ის ოფიციალური ინტერნეტ-რესურსი აჩვენებს, რომ აფეთქებების დაწყებიდან ერთი დღე-ღამის შემდეგაც შემთხვევის რაიონში 5-6 მძლავრი ხანძრის კერა მძვინვარებს...

ამაში კი NASA FIRMS-ის ოფიციალური ინტერნეტ-რესურსი დაგვეხმარა, რომელიც რეალური დროის მასშტაბში აჩვენებს, თუ სად მძვინვარებს სერიოზული ხანძარი მსოფლიოში.

და ამ ელექტრონულ რუკაზე ადვილად მოიძებნება, რომ აფეთქებებიდან ერთი დღე-ღამის გასვლის მიუხედავად, რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოფელ ტიმონოვოსთან არანაკლებ 5-6 ხანძრის მძლავრი კერა ჯერ კიდევ მძვინვარებს და თავად სოფელსაც გადაწვით ემუქრება...

ასეთი ხანძრების ჩაქრობა ურთულესია, რადგან გრძელდება საბრძოლო მასალის დეტონაცია და კერასთან მიახლოება მხოლოდ სახანძრო ტანკით თუ შეიძლება, ისიც დიდი სიფრთხილით, რადგან საბრძოლო მასალების საწყობში შენახული „გრადის“ რაკეტების რაკეტული ძრავების თვითამოქმედება ხდება მაღალი ტემპერატურის პირობებში და კაცმა არ იცის, საით აიღებენ სტარტს ეს რაკეტები...

მოკლედ, უკრაინელებმა სამაგიერო არა მარტო ხარკოვის, არამედ, ნიკოლაევისა და კიდევ ბევრი უკრაინული ქალაქის დაბომბვისთვის „გემრიელად“ გადაუხადეს რუსებს...