სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - კვირის პალიტრა

სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების გამო მეზობელი მამაკაცი დანით მოკლა.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ბრალდებულმა დაზარალებულს ურთიერთშელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.