უკრაინული კამიკაძე-დრონები ყირიმში რუს ოკუპანტებს "შეესივნენ“ - ერთი მათგანი რუსული ფლოტის შტაბზე "დაეშვა“ - კვირის პალიტრა

უკრაინული კამიკაძე-დრონები ყირიმში რუს ოკუპანტებს "შეესივნენ“ - ერთი მათგანი რუსული ფლოტის შტაბზე "დაეშვა“

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან 20 აგვისტოს დილიდან ერთი-მეორის მიყოლებით ვრცელდება ინფორმაციები, რომ თითქმის მთელი ნახევარკუნძულის მასშტაბით მიმდინარეობს უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმა რუსულ სამხედრო ობიექტებზე...

რუსები საზენიტო რაკეტებს არ იშურებენ თვალით უხილავი მფრინავი ობიექტების ჩამოსაგდებად, რაც ყირიმის პლაჟებზე გამოფენილ დამსვენებლებს დამატებით შიშის ზარს სცემს...

პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გახლდათ დღისით-მზისით სევასტოპოლის თავზე შედარებით დაბალ სიმაღლეზე მფრენი უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც ვიდეოკადრებში არაერთმა თვითმხილველმა დააფიქსირა, მაგრამ საინტერესო უფრო ის არის, რომ ამ დრონის მიმართულებით ათობით „კალაშნიკოვიდანაც“ ესროდნენ, მაგრამ უშედეგოდ-უკრაინულმა დრონმა წარმატებული „დაჯდომა“ განახორციელა...რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის სახურავზე და შავი ღრუბელიც „აუშვა“...

2-pantsir-1661002964.png

ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეორე თავდასხმაა, ისედაც საზღვაო ბრძოლებში შერცხვენილი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე (პირველი დარტყმა შედარებით მცირე ზომის კამიკაძე-დრონით ამ შტაბის ეზოში 31 ივლისს განხორციელდა), რომელსაც ცოტა ხნის წინ მალულად სარდალიც კი შეუცვალეს.

ამ შტაბზე საჰაერო იერიშის მიმტანი დრონის ვიდეოკადრების ნახვისას ჩნდება დე ჟავიუს შეგრძნება-ეს ხომ უკვე მინახავსო და მართლაც, 22 ივნისს რუსეთის როსტოვის ოლქის ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ ქარხანას ანალოგიური კამიკაძე-დრონი დაესხა თავს...

ამ ჩინური წარმოების დრონის ყიდვა „ალიექსპრესში“ 6,5 ათას დოლარად შეიძლება (ძრავის გარეშე) და მას 160 კმ-ზე 20 კგ-მდე ტვირთის წაღება შეუძლია,ხოლო ორი ათეული კგ ტროტილით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის სახურავზე „სტუმრობა“ მცირედით ნამდვილად არავის მოეჩვენებოდა...

უკრაინამ ბოლო სამი დღეა ფაქტობრივად დაიწყო კამიკაძე-დრონებით მასიური შეტევა იმ ანექსირებული ყირიმის რუსულ სამხედრო ობიექტებზე, სადაც რუსი ოკუპანტები ამაყად აცხადებდნენ, რომ მათ უნებართვოდ ჩიტიც კი ვერ გადაიფრენდა...

3-shtabi-1661002965.png

მიუხედავად იმისა, რომ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მთელს პერიმეტრზე რუსეთის სხვა რეგიონებიდან დამატებითაა გადმოსროლილი სხვადასხვა ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ისინი ბევრს ვერაფერს უხერხებენ უკრაინელების კამიკაძე-დრონებს, შეიძლება იმიტომაც, რომ ეს უკანასნელები არა უკრაინელების კონტროლირებული ტერიტორიიდან მოფრინავენ, არამედ თავად ოკუპირებული ყირიმიდან ფრინდებიან და მათ უკრაინული სადაზვერვო-დევერსიული ჯგუფების გამოცდილი ოპერატორები მართავენ.

როგორც ჩანს, რუსეთის არმია გარკვეულწილად მოუმზადებელი აღმოჩნდა უკრაინელების მიერ კამიკაძე-დრონების მასიურად გამოყენების წინაშე,არადა მათ შეეძლოთ ეს კარგად გაეთვალისწინებინათ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ყარაბაღის ბოლო ომის შედეგების მიხედვით, როდესაც აზერბაიჯანელებმა სწორედ კამიკაძე-დრონების მასიური გამოყენებით არა მარტო რამდენიმე ასეული ერთეული ტექნიკა აუფეთქეს სომხეთის არმიას, არამედ ფსიქოლოგიურადაც დიდი დარტყმა მიაყენეს მისი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთებას.

მაგრამ, მაშინ რუსი გენერლები იხტიბარს არ იტეხდნენ და აცხადებდნენ, რომ სომხებს არ ჰქონდათ თანამედროვე საზენიტო საშუალებები, ხოლო რაც ჰქონდათ, იმის პროფესიონალურ დონეზე გამოყენება არ იციანო. ჩვენ კი სანაქებო რუსული „პანცირებით“ ერთ დრონს არ გავაჭაჭანებთ ცაშიო...

როგორც იტყვიან, ფიცი გვწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებსო...