როდის დაიწყებს უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრშეტევას?!
„თურქეთში კარგად ესმით, რომ რუსეთის დაცემა თურქეთის, როგორც რეგიონული მოთამაშის, გაძლიერებასაც ნიშნავს“
გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიასა თუ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინელებმა არაერთი რუსული სამხედრო ობიექტის დაზიანება თუ განადგურება შეძლეს. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთიდან შესული სამხედრო დახმარება - თანამედროვე იარაღი მნიშვნელოვნად ცვლის ომის მიმდინარეობას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინაში კიდევ 800 მილიონამდე ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის გაგზავნას გეგმავს. სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთან, ჯიპას პროფესორ გიორგი კობერიძესთან:
- რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება რუსეთის დაბნეულობად შეფასდეს. საქმე ის არის, რომ კრემლში დარწმუნებული იყვნენ, რომ უკრაინა მინიმალურ წინააღმდეგობას გასწევდა. მით უფრო არ ელოდნენ, რომ რუსული ტექნიკა ისე და იმ მასშტაბით განადგურდებოდა, რასაც დღეს ვხედავთ. რუსები დაბნეული არიან იმითაც, რომ იარაღი, რომელსაც უკრაინა იყენებს, მათთვის სრულიად უცნობია. უკრაინის შეიარაღებაში აღმოჩნდა ისეთი ტექნიკა, რომელსაც შეუძლია 150 კმ-ის დაშორებით რადარების განადგურება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთისთვის კონცეფციამ "სტრატეგიული სიღრმე" აზრი დაკარგა. უკრაინელები მისწვდნენ ბელგოროდს, ყირიმს და ა.შ. ამ ყველაფერს რუსეთში არ ელოდნენ...
დღეს ვითარება კრიტიკულია. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ უკრაინელებმა ომის მსვლელობაში თავის სასარგებლოდ გარდატეხა უკვე შეიტანეს. ისინი კვლავ იმ სტრატეგიას მიჰყვებიან, რაც მტრის გამოფიტვასა და დასუსტებას გულისხმობს. ჩემი აზრით, გარკვეული პერიოდის მერე უკრაინელებს აუცილებლად მოუწევთ კონტრშეტევაზე მასშტაბურად გადასვლა. საქმე ის არის, რომ ზამთარში, თოვლისა და უამინდობისას, უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად მასობრივი შეტევის წამოწყება რთული იქნება. უკრაინელებს ექნებათ ცაში უპირატესობა, რადგან რუსულ ავიაციას სულ უფრო და უფრო უჭირს უკრაინის ცაში ფრენა, მაგრამ ამ პირობებშიც არ იქნება იოლი ზამთარში მასშტაბური შეტევა, ამიტომ, ჩემი აზრით, უკრაინელები ფიქრობენ, რომ დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებამდე წამოიწყონ კონტრშეტევა. ისინი არ დაკმაყოფილდებიან რომელიმე ერთი ქალაქის ან ოლქის გათავისუფლებით. ვფიქრობ, ამ შეტევას ექნება დომინოს ეფექტი. თუ ფრონტის ხაზი რუსების საზიანოდ ჩამოიშალა, ეს ძალიან სწრაფად მოხდება...
- ბოლო კვირის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე, სევასტოპოლში თავდასხმა მოხდა შავი ზღვის ფლოტის შტაბზე და ა.შ. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინელების ამ შეტევებს, სამხედროზე მეტად, პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს...
- დიახ, ნამდვილად ასეა. აქამდე რუსები ცდილობდნენ, სიტუაცია ისე წარმოეჩინათ, რომ ყირიმი იყო ხელშეუხებელი ტერიტორია, საკრალური ადგილი, რომელსაც ვერავინ მისწვდებოდა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ყირიმზე ზოგჯერ გაურკვეველი სახის შეტევები თითქმის ყოველდღიურობად იქცა. ეს უკვე ისეთივე ჩვეულებრივი რამ არის, როგორიც, მაგალითად, ბრძოლები ფრონტის ხაზზე ლუგანსკსა თუ დონეცკში...
იბომბება რუსეთის ტერიტორია, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული. ამის მერე ისმის კითხვა: სად გადის წითელი ხაზი? მოსკოვზე? თან ვხედავთ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ წყდება, განსაკუთრებით - აშშ-იდან და დიდი ბრიტანეთიდან. მოგეხსენებათ, ამ ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მოწოდების ახალ პაკეტს ამზადებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბრიტანელები მასშტაბურად წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს. ეს ყველაფერი ქმნის ამ ომში უკრაინის სასარგებლოდ მასშტაბური გარდატეხის საფუძველს. აი, ამ რეალობის წინაშე ვართ დღეს, ამიტომაც რუსეთს პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად უკვე აღარ აქვს იმის ძალა, რომ იმუქრებოდეს, ამას თუ გააკეთებთ, უარესით გიპასუხებთო... რაც კი გამოსაყენებელი ჰქონდათ, ამ ომში უკვე ყველაფერი გამოიყენეს, გარდა ბირთვული იარაღისა.
- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთს ცოცხალი ძალის პრობლემაც აქვს. ვინაიდან კრემლი დღემდე არ არქმევს უკრაინაში შეჭრას ომს, ვერც საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს... ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც რუსი მებრძოლები ჰყვებიან, რომ ისინი ქუჩაში გააჩერეს და აიძულეს, ფრონტზე წასულიყვნენ. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ რეგიონების მიხედვით იქმნება მოხალისეთა ჯგუფები...
- მობილიზაცია ეფექტიანი იქნებოდა, ჩვენ რომ მე-20 საუკუნეში ვცხოვრობდეთ, ან რუსეთისთვის ეს თავდაცვითი ომი იყოს, დღეს კი ვითარება სულ სხვაა. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ისე განვითარდა სამხედრო ტექნიკა, რომ არმიის მრავალრიცხოვნება გადამწყვეტი აღარ არის... მრავალრიცხოვან არმიას სჭირდება კვება და ლოჯისტიკური მომსახურება, რასაც, თავის მხრივ, დიდი რესურსი სჭირდება. გარდა ამისა, საყოველთაოდ მობილიზებული ჯარისკაცების წვრთნისა და აღჭურვის ხარისხი გაცილებით ნაკლებია ხოლმე, ვიდრე - რეგულარული არმიის. გარდა ამისა, თუ ეს ადამიანები მასობრივად ჩაცვივდებიან ტყვედ, არავინ იცის, როგორ მოიქცევიან. არ არის გამორიცხული, მათი ნაწილი უკრაინის მხარესაც გადავიდეს. ამის პრეცედენტები უკვე გაჩნდა - უკრაინაში "თავისუფალი რუსეთის ლეგიონი" რუსების წინააღმდეგ იბრძვის. რუსეთი ამ რეალობის გათვალისწინებითაც არ აცხადებს მობილიზაციას და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფართომასშტაბიან ომს სპეცოპერაციას ეძახის. მობილიზაციას ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, მით უფრო, როდესაც ავტოკრატიული სახელმწიფო ხარ და მობილიზებულ ჯარს სათანადოდ ვერ გაწვრთნი და ვერ მოამარაგებ. რატომ ვახსენე მე-20 საუკუნე? იმ დროს მობილიზებულ არმიას ძალიან ბევრი ფუნქცია ჰქონდა, მათ შორის - რიცხობრივი დაწოლა მოწინააღმდეგეზე და მისი ასე განადგურება. დღეს, როდესაც ტექნიკა ისეა განვითარებული, რომ დრონების საშუალებით, ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერით ვუყურებთ რუსი სამხედროების გადაადგილებას, ცოცხალი სამხედრო მასით დაწოლით წარმატების მიღწევის შესაძლებლობა სასაცილოდაც კი ჟღერს, რადგან ერთ ზუსტ საარტილერიო შეტევას ასობით ადამიანის ერთ წამში განადგურება შეუძლია.
- ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც აშკარად პრობლემები აქვს იმ იარაღს, რომელსაც ოკუპანტი იყენებს. როგორ ფიქრობთ, წარმოების ან უცხოეთიდან, მაგალითად, ჩინეთიდან და ირანიდან იარაღის შეტანის რა შესაძლებლობა აქვს რუსეთს?
- ჯერ ვთქვათ, რომ ჩინეთი იარაღით არავის დაეხმარება. შეიძლება მხოლოდ მიჰყიდოს, ირანმა კი რაღაცის სანაცვლოდ მიაწოდოს, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი შეკითხვაა. მაგალითად, ჩინელები აპირებენ კი საკუთარი მომავლის რუსეთთან დაკავშირებას? ამ ქვეყანას თავისი სტრატეგიული ამოცანები აქვს, მათ შორის - რუსეთის წინააღმდეგაც. გარდა ამისა, ერთია რუსეთში იარაღის შეტანა, მაგრამ მეორეა მისი ათვისება იმ არმიის მიერ, რომელიც დღეს რუსეთს ჰყავს. კრემლი არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ომში რუსეთის არმიის საუკეთესო ნაწილი გაწყდა. რუსეთს ჰქონდა და კვლავაც აქვს ნორმალური შეიარაღება, მაგრამ ამ ტექნიკის გამოყენება გათვლილია სწორ ტაქტიკაზე, რაც რუსების ყველაზე დიდი პრობლემაა...ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, ერთი დარტყმით განადგურდა შავი ზღვის ავიაციის ნახევარი, რაც უზარმაზარი ზარალია. მისი ანაზღაურება სწრაფად ვერ მოხერხდება - რუსეთში იარაღის წარმოება ასეთი ინტენსიური არ არის.
- ბოლო დროს გააქტიურებულია თურქეთი და მისი პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული ხომალდების გასვლას საკუთარ მიღწევად მიიჩნევს, თუმცა დასავლეთში ბევრი მის პოლიტიკას "ორმაგ და სარისკო თამაშად" აფასებს. ბრიტანულმა "ფაინენშელ თაიმსმა" ვრცელი სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გაანალიზებულია თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკა დასავლეთსა და რუსეთთან მიმართებით. "ერდოღანი ნამდვილად იმსახურებს ქება-დიდებას მოსკოვსა და კიევს შორის იმ შუამდგომლობის გამო, რომლის წყალობითაც უკრაინის შავიზღვისპირა ნავსადგურებიდან ხორბლის ექსპორტი დაიწყო, მაგრამ, იმავდროულად, იგი დაბეჯითებით ცდილობს რუსეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირის შენარჩუნებას... რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული "ძალზე მეგობრული" შეხვედრის შემდეგ დასავლეთის დედაქალაქები შეშფოთდნენ: ერთი მხრივ, ნატოს წევრი თურქეთი რუსეთთან კავშირს აღრმავებს, მეორე მხრივ კი თურქეთის ნატოელი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ. კრემლი ანკარის მეშვეობით დასავლეთის ემბარგოსთვის გვერდის ავლას ცდილობს. აშკარაა, რომ თურქეთის ლიდერი რთულ და რისკიან თამაშს თამაშობს". ისმის კითხვა: რა თამაშს შეიძლება თამაშობდეს თურქეთი სინამდვილეში?
- ერდოღანს გაცხადებული აქვს, რომ ის თავს მიიჩნევს დამოუკიდებელ მოთამაშედ და არავის პოლიტიკას არ მისდევს. სწორედ ამ ლოგიკით ცდილობს ის მოქმედებას. ერდოღანი ფიქრობს, როგორც მე მაწყობს, რაც ჩემს პოლიტიკურ წონას გაზრდის, ისე შემიძლია ვითამაშოო. ის ხან უკრაინას აწვდის იარაღს, ხანაც პუტინს ხვდება გულითადად და რუსეთთან ეკონომიკურ კავშირს ამყარებს. დარწმუნებული ვარ, ერდოღანს კარგად ესმის, რომ რუსეთი მისი მთავარი და დიდი ხნის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა, შესაბამისად, თუ ის რუსეთს რამით ეხმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ მიიღოს ეკონომიკური სარგებელი და, ამასთანავე, საკუთარი პოლიტიკური წონაც გაზარდოს, მაგრამ რეალურად, შეიარაღების მიწოდების თვალსაზრისით, ვხედავთ, რომ თურქეთი უკრაინის მხარდამჭერია - ამ იარაღმა რუსეთის არმიას დიდი ზარალი მიაყენა... მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თურქეთის ეს ცვალებადი პოლიტიკა არ ნიშნავს ანტიუკრაინულ პოზიციას. ეს უფრო საკუთარი პოლიტიკური გაძლიერების სურვილი და რეგიონში მთავარი მოთამაშის ადგილის დამკვიდრების ცდაა, თუმცა თურქეთში კარგად ესმით, რომ რუსეთის დაცემა თურქეთის, როგორც რეგიონული მოთამაშის, გაძლიერებასაც ნიშნავს.
- ერდოღანმა ზელენსკისა და პუტინს კიდევ ერთხელ შესთავაზა ანკარაში შეხვედრა. მოსალოდნელია, ისინი ამას დასთანხმდნენ? ან რა შედეგი შეიძლება ამან მოიტანოს?
- ცხადია, რომ ამ ეტაპზე ეს შედეგიანი ვერ იქნება. უკრაინელებისთვის ყველაფერი მარტივად არის - ისინი საკუთარი ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ, ისინი აღწევენ წარმატებებს ფრონტის ხაზზე, რუსული არმია წინ ვეღარ მიიწევს, ამიტომ ახლა წარმოუდგენელია, უკრაინელები რაიმე პირობას დასთანხმდნენ და რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცენ. უკრაინისთვის დღეს მოლაპარაკების თემა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ მისი ტერიტორიების დეოკუპაცია, რისი სურვილიც რუსეთს ნამდვილად არ აქვს, რომ გამართონ კიდეც შეხვედრა, რაზე უნდა ილაპარაკონ? მოლაპარაკების პროცესი დღეს ჩიხშია, ანუ როდესაც მომლაპარაკებელ მხარეებს არ აქვთ რამის დათმობის სურვილი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შეხვედრას?
- "ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის - ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება, არ მგონია, შეეძლოთ", - განაცხადა საქართველოში "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" ყოფილმა დირექტორმა და გერმანიის მარშალის ფონდის, "დემოკრატიის დაცვის ალიანსის", ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას...
- არა მხოლოდ უცხოელებს, საქართველოს მოქალაქეებსაც გვრჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოზიციას განიხილავს არა როგორც სახელმწიფოს მმართველი; ის ამას უყურებს, როგორც კორპორაციის ხელმძღვანელობას ან კონკრეტული ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის წარმომადგენლობას. ეს არ წააგავს მართვას სახელმწიფოსას, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ინტერესი, სტრატეგია. ჩვენი დასავლური ორიენტაცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გაძლიერების გზა. ეს სტრატეგია საქართველომ, 30 წელიწადია, აირჩია და ახლა ისე ჩანს, თითქოს ამის შეცვლას ცდილობენ, რათა ერთი ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის ვიწრო ინტერესები დააკმაყოფილონ. ეს არის ძალიან საზიანო საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვჭირდება, ვიცოდეთ, რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი ხელისუფლება. ჯერჯერობით მათ მოქმედებაში ჩანს მხოლოდ სურვილი, როგორმე დაიცვან საკუთარი ინტერესები, უმთავრესად კი - როგორმე შეინარჩუნონ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება... ეს ვითარება ძალიან საშიშია და არ ჰგავს სახელმწიფოს მართვას...
- ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანას რუსეთთან მიიყვანს...
- მთლად ასე ვერ ვიტყოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გზით ჩვენ მივდივართ მოკავშირის გარეშე დარჩენის საფრთხემდე... ამ ძალიან საშიშ რეგიონში ჩვენ, შესაძლოა, დავრჩეთ მარტო და აღმოვჩნდეთ მსხვერპლის როლში. თუ რომელიმე მტაცებელ სახელმწიფოს საქართველოს მიმართ აგრესიული და მკაცრი პოლიტიკის გატარება მოუნდება, საქართველოს შეიძლება აღარ შერჩეს მეგობარი, რომელსაც ამ დროს დახმარებისთვის მიმართავს...
- "ქართული ოცნებიდან" წასული ე.წ. ოთხეული არ ჩერდება. გასულ კვირას კიდევ ერთი ანტიდასავლური წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც კვლავაც აშშ-ის ელჩს დაესხნენ თავს...
- ჩემი აზრით, ჩვენს ყურს აჩვევენ ამ ყველაფერს... აქამდე საქართველოში გარკვეულწილად ტაბუ ედო დასავლეთის კრიტიკას, მით უფრო - უსაფუძვლოს, დღეს კი ამგვარი ჯგუფები ცდილობენ ამას შეგვაჩვიონ. წარმოგიდგენიათ? ამას "ალტ ინფო" კი არ ამბობს, არამედ "ქართული ოცნების" ვითომ ყოფილი დეპუტატები! ისინი მკვეთრად ანტიამერიკულ კამპანიას ეწევიან, რაც, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან აშშ ჩვენი დამოუკიდებლობისა და განვითარების მთავარი გარანტია. ჩვენ ვხედავთ პერსონიფიცირებულ თავდასხმას აშშ-ის ელჩზე...
მე არ ვამბობ, რომ თუ საფუძველი არსებობს, დასავლეთი არ უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თითიდან გამოწოვილ, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს აყენებენ! ასე დაიწყო რუსეთშიც 2001-2003 წლებში. სწორედ ასეთი თავდასხმები ხდებოდა დასავლეთზე, რასაც ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა მოჰყვა, შემდეგ - ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანების ქვეყნიდან გაყრა და ა.შ. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო და დღეს რაც ხდება რუსეთში, ვხედავთ... იგივე წამოიწყეს აქაც, საზოგადოება კი ამაზე სათანადოდ ვერ რეაგირებს. ხელისუფლება გვიცხადებს, რომ ისინი არაფერ შუაში არიან, რადგან ეს დეპუტატები მათგან წავიდნენ, ამასობაში კი გვაჩვევენ, რომ თურმე შესაძლებელია შენი მოკავშირე სრულიად უსაფუძვლოდ ლანძღო. ეს საშიში მოვლენაა. ამაზე სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა რეაგირებდნენ, რადგან ამ ოთხეულის რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ასე შეეჩვივნენ თავის დროზე გერმანიაში ნაცისტურ რიტორიკას და საბოლოდ ეს რიტორიკა მათთვის ბუნებრივი გახდა. ამიტომ არის სახიფათო ასეთი პერსონიფიცირებული, აგრესიული თავდასხმები... ეს არის გასული საუკუნის 30-იანი წლების ტოტალიტარული სახელმწიფოების მეთოდი, რაც საშიშია ჩვენი სახელმწიფოსთვის, თორემ ქალბატონ კელი დეგნანს ამით არაფერი დაუშავდება.