"როდესაც ჩემი შვილის გაყინულ თვალებში აზრის ნიშანწყალი არ იყო, იქ უკვე სიხარული დავინახე" - კვირის პალიტრა

"როდესაც ჩემი შვილის გაყინულ თვალებში აზრის ნიშანწყალი არ იყო, იქ უკვე სიხარული დავინახე"

წლებია, რაც მედიცინა ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის უნიკალურ შედეგებს დებს. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს დაავადებები, სადაც ღეროვან უჯრედებსაც უძლურად მიიჩნევენ, მათ შორის არის აუტიზმი. მსოფლიოს მედიკოსთა ნაწილი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნის ურთულეს პრობლემას ღეროვანი უჯრედებიც ვერ გადაჭრის. ამასობაში, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის - თურქეთმა, ღეროვანი უჯრედებით აუტიზმის მკურნალობაში პირველი ნაბიჯები გადადგა და პაციენტების მიზიდვა დაიწყო. მათ შორის - საქართველოდან, სადაც თურქეთში დაგეგმილი ოპერაციებისთვის, შესაძლოა, ზოგიერთს სახლ-კარის გაყიდვამაც მოუწიოს.

ასეთ დროს საქართველომ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობაში იმდენად უნიკალური შედეგები დადო, რომ პაციენტები უცხოეთიდანაც გამოჩნდნენ. რის შესახებაც, სამწუხაროდ, ჩვენში ცოტამ თუ იცის. დღეს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები, რომელთაც მკურნალობა ღეროვანი უჯრედებით ჩაუტარდათ, ახალ ნაბიჯებს დგამენ: ფსიქიკური მდგომარეობა უუმჯობესდებათ და უამრავ სიახლეს სწავლობენ.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ რომელიმე ამ პაციენტთაგანი მოგვეძებნა და გვესაუბრა შედეგებზე, რომელიც აუტიზმის სპექტრის ბავშვებში ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგად აქვთ.

მადლობა აუტიზმის სპექტრის მქონე 6 წლის ლუკას დედას, ნინო სულაქველიძეს, რომ ამ თემაზე საუბარზე დაგვთანხმდა.

- აუტიზმის მძიმე ფორმით უამრავი ბავშვია დაავადებული, რომელთა მშობლებს გამოსავალი ვერ უპოვიათ. ზოგიც კი უცხოეთში აპირებს ბავშვის სამკურნალოდ წაყვანას, სადაც, შესაძლოა, ქუჩაში დარჩეს. ამიტომ მოგძებნეთ, რომ გკითხოთ: როდის ჩაუტარდა ლუკას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და რა შედეგები მოჰყვა ამას?

- ჯერ კიდევ შარშან მეც ვიყავი იმ მშობელთა შორის, რომელმაც აღარ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა შვილის დასახმარებლად, როგორ უნდა ეცხოვრა ისეთ სიტუაციასთან შემგუებლობაში, როგორიც ლუკას ჰქონდა. ბავშვი ორ-წლამდე ჩვეულებრივად ვითარდებოდა, მაგრამ ორი წლის ასაკიდან, თითქოს, მთლიანად ამოტრიალდა მისი ჯანმრთელობა. სრულიად დაკარგა დამახსოვრებისა და ქცევების მართვის უნარი და იმ დონემდე მივიდა, რომ თვეების განმავლობაში სახლიდან ვერ გაგვყავდა - გარეთ ყოფნისას ისტერიკაში ვარდებოდა, ღამით კი არ ეძინა. შეეძლო, უძილოს, 24 საათი გადაბმულად გაეტარებინა და საკუთარი სხეული დაეჩქმიტა. ბავშვს ეს ნაჩქმეტები დღესაც ემჩნევა. ამიტომაც იყო, რომ როდესაც საქართველოში ღეროვანი უჯრედებით ჩატარებული ოპერაციების შესახებ გავიგე, მაშინვე გადავწყვიტე, იგივე გამეკეთებინა.

ოპერაცია ლუკას შარშან ჩავუტარეთ და წელს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. ოპერაციამდე ბავშვი ნეიროგანვითარების ცენტრშიც კი ვერ დაგვყავდა - ოთახის კართან ისტერიკა ემართებოდა, კიოდა და შიგნით ვეღარ შეგვყავდა. ქცევების შესამსუბუქებლად მედიკამენტები ჰქონდა დანიშნული, რომელიც, ჩემი აზრით, უარესსაც კი მართებდა. დღეს ეს ყველაფერი გაქრა. ლუკას თერაპევტი, რომელსაც ძველი ლუკა ახსოვს, გაოგნებულია იმ ლუკათი, რომელსაც ახლა ხედავს. ბავშვი მშვიდად ზის და აზრიანი თვალებით უსმენს, უამრავ სიტყვას და ქცევას მშვიდად იმახსოვრებს. როდესაც ჩემი შვილის გაყინულ თვალებში აზრის ნიშან-წყალი არ იყო, იქ უკვე სიხარული დავინახე. ასე რომ, მეც ვიცი, რასაც ნიშნავს მსგავს სიტუაციაში ყოფნა და იმიტომაც ვცდილობ, ყველას ვუთხრა, რომ გამოსავალი არსებობს. სოციალურ ქსელში არა ერთ მშობელს მივწერე ეს ამბები, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ვერ მივწვდები.

- სამაგიეროდ, თურქეთის კლინიკები მუშაობენ პაციენტთა მისაზიდად, სადაც აუტიზმის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა გრანდიოზული თანხები ჯდება. თქვენ როგორ გადაწყვიტეთ საქართველოში ოპერაციის ჩატარება. როგორც წესი, ექსპერიმენტული ოპერაციების ყველას ეშინია და მით უფრო, ქართველ ექიმებს არ ენდობიან. სასოწარკვეთის გამო?

- სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ როცა გაწირვაზეა საუბარი, შვილს ვერც მე გავწირავ. მაგრამ საქართველოში ქართველ ექიმებს ვენდე. ისინი მშვიდად მესაუბრნენ იმის შესახებ, რომ გადანერგვას არანაირი გართულება არ მოჰყვება. ისიც გულახდილად მითხრეს, რომ შედეგი სხვადასხვაა და, საერთოდ, 100%-იან შედეგი ვერ იქნება; სამაგიეროდ, რა შედეგებზეც მიამბეს, ისიც საოცრება აღმოჩნდა. მიამბეს, როგორ მოუწესრიგდათ ბავშვებს ქცევები ოპერაციის შემდეგ, როგორ ისწავლეს უამრავი სიტყვა, როგორ დადიან სკოლაში, როგორ წერენ და კითხულობენ და ა.შ. მეტიც, მითხრეს, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, კლასიკური სამედიცინო გაგებით, ოპერაციაც კი არ არის. ეს არის სამედიცინო პროცედურა, რა დროსაც ღეროვანი უჯრედები ზურგის ტვინში შეჰყავთ. თუმცა ამისთვის საჭიროა წინასწარი კვლევები და პროცედურის, დაახლოებით, 3-საათიანი დრო. ამ დროში ორგანიზმში შეყვანილი ღეროვანი უჯრედები ზუსტად ისე ამუშავდება, როგორც სხვა უჯრედები. ოღონდაც, ღეროვანი უჯრედები იმ დაავადებულ უჯრედებს ანაცვლებენ, რომელიც აუტიზმს იწვევს. აი, ასეთი მშვიდი განწყობით წავიყვანე ლუკა ქართველ ექიმებთან ღეროვანი უჯრედების გადასანერგად, რომლებთანაც შეხვედრა ნებისმიერი აუტიზმით დაავადებული ბავშვის მშობელს შეუძლია. საბედნიეროდ, ეს მარტივი პროცედურაა - სოციალურ ქსელში ადვილად მოიძებნება, სად კეთდება საქართველოში ეს ოპერაცია. ლუკას კი ღეროვანი უჯრედები საკუთარი ძვლის ტვინისაგან აუღეს. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ჭიპლარის უჯრედები, ამ მხრივ, კიდევ უფრო უნიკალურია.

- ოპერაციის შემდეგ რა მოხდა? ლუკას დადებითი შედეგი როდის შეატყვეთ?

- კლინიკიდან გამოყვანისთანავე, პირველსავე საათებში. უბრალოდ, თავიდან ნარკოზით იყო აჟიტირებული, თორემ სულ მალე ვიგრძენი, რომ ჩემი შვილის თვალებში სიხარული დაბრუნდა. სულ რამდენიმე დღეში თერაპიის ცენტრშიც მშვიდად მივიდა. ოპერაციის შემდეგ ეს თერაპია უკვე ძალიან დაეხმარა ყველა იმ ქცევის სწრაფად შეთვისებაში, რაც აკლდა და რასაც აქამდე ვერ ვაღწევდით. სიტყვების სწავლაც დაიწყო, მშვიდადაც სძინავს… მეტი რაღა ვთქვა?

- ის რომ, თქვენს ოჯახში სიხარული ისევ დაბრუნდა, როგორც ლუკას თვალებში.

- რა თქმა უნდა. სხვანაირად ხომ შეუძლებელია. არადა, მართლა აღარ ვიცოდით, როგორ გვეცხოვრა. სხვათა შორის, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურა ხუთჯერ არის შესაძლებელი და წელსვე უკვე მეორედ ვაპირებ ლუკას ეს ოპერაცია ჩავუტარო. ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი კიდევ უფრო უკეთ იქნება. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ჩვენი ექიმებისადმი, თუმცა ჩემი ეს მადლიერება ოდნავაც ვერ შეეფერება იმ შვებას, რაც მათ ჩემს ოჯახს მოუტანეს.

(სპეციალურად საიტისთვის)